რაჟდენ ხუციშვილი

ქართველი ფიზიკოსი

რაჟდენ ბართლომეს ძე ხუციშვილი (დ. 17 იანვარი [ძვ. სტ. 5 იანვარი], 1887, კახი — გ. 20 ივლისი, 1942, თბილისი) — ქართველი ფიზიკოსი. საქართველოში ფიზიკური მეცნიერების განვითარების ერთ-ერთი პიონერი.

რაჟდენ ხუციშვილი
დაბ. თარიღი 17 იანვარი, 1887(1887-01-17)
დაბ. ადგილი კახი, შაქი-ზაქათალის რეგიონი, რუსეთის იმპერია
გარდ. თარიღი 20 ივლისი, 1942(1942-07-20) (55 წლის)
გარდ. ადგილი თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ
მოქალაქეობა რუსეთის იმპერია
 საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა
 სსრკ
საქმიანობა ფიზიკოსი
ალმა-მატერი ოდესის უნივერსიტეტი და ხარკოვის უნივერსიტეტი

ბიოგრაფია

რედაქტირება

რაჟდენ ხუციშვილი დაიაბადა 1887 წლის 17 იანვარს, სოფელ კახში, (დღევანდელ აზერბაიჯანში). პირველდაწყებითი განათლება რაჟდენმა კახში მიიღო, შემდეგ მშობლებმა თბილისში ჩამოიყვანეს, სადაც ვაჟთა მეორე გიმნაზიის მესამე კლასში ჩაირიცხა. ორი წლის შემდეგ კი, როგორც წარჩინებული მოსწავლე, სწავლის გასაგრძელებლად იგი სახელმწიფო ხარჯზე გაიგზავნა სტავროპოლში. 1908 წელს რაჟდენ ხუციშვილი უკვე მე-8 კლასის წარჩინებული მოსწავლეა. სკოლაში უსიამოვნების გამო იგი გარიცხეს, მაგრამ მან იმ წელსვე მოახერხა ნოვოროსიისკის გიმნაზიაში გადასვლა.

გიმნაზიის დამთავრების შემდეგ რაჟდენ ხუციშვილი შევიდა ოდესის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტზე, მაგრამ მალე გადავიდა იმავე უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტზე.

1912 წელს, როდესაც ხუციშვილი მე-4 კურსზე ირიცხებოდა, მან მონაწილეობა მიიღო სტუდენტთა არალეგალურ ორგანიზაციაში, როგორც სოციალისტური პარტიის წევრმა, რის გამოც გაირიცხა ოდესის უნივერსიტეტიდან. მაგრამ იმავე წელს ექსტერნის წესით ჩააბარა გამოცდები ხარკოვის უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტზე და მიიღო პირველი ხარისხის დიპლომი ფიზიკოსის სპეციალობით.

უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ იგი სამუშაოდ გაიგზავნა ყარსის რეალურ სასწავლებელში ფიზიკისა და მათმატიკის მასწავლებლად. 1914 წელს იგი სამუშაოდ გადაიყვანეს კისლოვოდსკის ქალთა გიმნაზიაში იმავე თანამდებობაზე; იქ მან ერთი წელი დაჰყო.

1915 წელს ხუციშვილი საქართველოში დაბრუნდა. იმავე წელს იგი დანიშნეს თბილისის ქართული გიმნაზიის მათემატიკის მასწავლებლად. 1918 წელს რაჟდენ ხუციშვილი მოიწვიეს თბილისის გეოფიზიკურ ობსერვატორიაში მაგნიტური განყოფილების გამგედ. 1919 წელს იგი ჩარიცხეს თბილისის უნივერსიტეტის ასპირანტად თეორიულ ფიზიკაში იმ ვარაუდით, რომ იგი საპროფესორო მომზადებას საქართველოს საზღვრებს გარეთ გაივლიდა. 1920 წლის შემოდგომაზე თბილისის უნივერსიტეტმა ასპირანტთა დიდი ჯგუფი მიავლინა გერმანიაში საპროფესორო წვრთნის გასავლელად. ესენი იყვნენ: რაჟდენ ხუციშვილი, ალექსანდრე ჯანელიძე, სიმონ ყაუხჩიშვილი, ნ. ქოიავა და სხვები.

ბერლინში რაჟდენ ხუციშვილმა 3 წელი დაჰყო და მსოფლიოს წამყვანი მეცნიერების ხელმძღვანელობით შესანიშავი სკოლა გაიარა. 1923 წლის ივნისში იგი თბილისში დაბრუნდა და მაშინვე დაინიშნა თბილისის გეოფიზიკური ობსერვატორიის დირექტორის მოადგილედ და ფიზიკის ლექტორად თბილისის უნივერსიტეტში. ერთი წლის შემდეგ კი უკვე ობსერვატორიის დირექტორი იყო.

1925 -1927 წლებში რაჟდენ ხუციშვილი უკრაინაშიმელიტოპოლში მუშაობდა ფიზიკისა და მათემატიკის მასწავლებლად, ხოლო 1927 წელს დაინიშნა ლენინგრადის მთავარი გეოფიზიკური ობსერვატორიის მაგნიტური განყოფილების გამგედ. ერთი წლის შემდეგ აღნიშნულ ობსერვატორიასთან დაარსდა „დედამიწის მაგნიტიზმისა და ატმოსფერული ელექტრობის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი“, რომლის პირველ დირექტორად რაჟდენ ხუციშვილი დანიშნეს. აქედან იგი ხელმძღვანელობას უწევდა არქტიკის ყველა მაგნიტურ ობსერვატორიას: ჩაატარა მთელი მოსამზადებელი მუშაობა მეორე საერთაშორისო პოლარული წლისათვის, მოამზადა კადრები, გამართა იარაღები და მთლი მოწყობილობა მაგნიტური ობსერვატორიისათვის ფრანც-იოსების მიწაზე და ულენში. ამასთან დაკავშირებით ყინულმჭრელი მალაგიმით ჩატარა საინსპექციო მოგზაურობა ფრანც-იოსების მიწაზე, რუდოლფის კუნძულზე და ახალ მიწაზე. ფრანც-იოსების მიწაზე რაჟდენ ხუციშვილმა შეარჩია ადგილი ახალი მაგნიტური ობსერვატორიის ასაშენებლად და მოახდინა ადგილის მაგნიტური აგეგმვა. ნოვაია-ზემლიაზე რაჟდენ ხუციშვილი გაეცნო იქ არსებული ობსერვატორიის მდგომარეობას და მიიღო სათანადო ზომები მისი მუშაობის გასაუმჯობესებლად. 1931 წლის დამლევს რაჟდენ ხუციშვილი ისევ თბილისის უნივერსიტეტში მოიწვიეს. მისი ინიციატივით უკვე ერთი წლის შემდეგ ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტთან გაიხსნა თეორიული ფიზიკის კათედრა, რომლის გამგე თავად იყო.

1932 წელს რაჟდენ ხუციშვილს პროფესორის წოდება მიენიჭა. ამ დროისათვის იგი ორ კათედრას განაგებდა: ზოგადისა და თეორიული ფიზიკის. 1934 წელს მისი ინიციატივით ფიზიკა-მათმატიკის ფაკულტეტთან პირველად იქნა დატოვებული 5 ასპირანტი-ფიზიკოსი თბილისში მოსამზადებლად. მანამდე უნივერსიტეტის წარჩინებით კურსდამთავრებულნი ასპირანტურის კურსის გასავლელად რუსეთის მსხვილ სამეცნიერო ცენტრებში იგზავნებოდა.

10 წლის განმავლობაში, სახელდობრ, 1931 წლის მიწურულიდან გარდაცვალებამდე, რაჟდენ ხუციშვილი უნივერსიტეტსა და სხვა უმაღლეს სასწავლებლებში კითხულობდა ზოგადი ფიზიკის კურსს, ვექტორულ და ტენზონურ აღრიცხვას, ელექტროდინამიკას, თეორიულ ოპტიკას და რელატივობის თეორიას.

1932 წელს მიიწვიეს თბილისის გეოფიზიკური ობსერვატორიის მეცნიერულ კონსულტანტად. 1935 წელს იგი აირჩიეს ფიზიკის კათედრის გამგედ ამიერკავკასიის კავშირგაბმულობის ინსტიტუტში, ხოლო 1938 წელს — ბათუმის რუსთაველის სახელობის პედაგოგიურ ინსტიტუტში. ორივე ინსტიტუტში მან ახლებურად მოაწყო ფიზიკის კაბინეტ-ლაბორატორიები.

სსრ კავშირზე გერმანიის თავდასხმის შემდეგ, რაჟდენ ხუციშვილი დააპატიმრეს და ბრალად დასდეს გერმანიის ჯაშუშობა. მისი ბინა დაარბიეს. ციხეში რაჟდენ ხუციშვილი მძიმედ დაავადდა. გარდაიცვალა პატიმრობაში, 1942 წელს, 55 წლის ასაკში[1][2].

პროფესორ რაჟდენ ხუციშვილის პირად არქივში აღმოჩნდა საბეჭდ მანქანაზე დაბეჭდილი 4 შრომა და მრავალი ხელნაწერი ფიზიკის სხვადასხვა საკითხებზე. როგორც ჩანს, მანქანაზე დაბეჭდილი შრომები გამოსაცემად იყო გამზადებული. ეს შრომებია: „ელექტრული მოვლენები“, „ელექტრული ველი ატმოსფეროში“, „ჰაერის გამტარებლობა“ და „Основы земного магнетизма“.

რაჟდენ ხუციშვილის ვაჟიშვილი იყო ფიზიკოსი, პროფესორი გივი ხუციშვილი (1921-1979), უმცროსი და-პირველი ქართველი კინორეჟისორი ქალი, ნუცა ხუციშვილი-ღოღობერიძე (1902-1966); დისწული-ქართველი მთარგმნელი, კინორეჟისორი და დიპლომატი ლანა ღოღობერიძე.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • პარკაძე ვ., პარკაძე მ., მსოფლიოს ფიზიკოსები, ტ. II, გვ., 446-454, თბ., 1973.

რესურსები ინტერენტში

რედაქტირება
  1. დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-12-12. ციტირების თარიღი: 2019-12-12.
  2. https://1tv.ge/video/naghvlisferi-sikharulis-qronika-pirveli-nawili/