ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

ჟოსლინ ხუეირი (არაბ. جوسلين خويري; დ. 15 აგვისტო, 1955, ბეირუთი —31 ივლისი, 2020, ბიბლოსი, მთიანი ლიბანი)— ლიბანელი ფალანგისტი, სამოქალაქო ომის მონაწილე. მემარჯვენე ქრისტიანული პარტია ქათაიბის  ქალთა შეიარაღებული ფორმირების მეთაური. ცნობილი გახდა 1976 წლის 6 მაისს ბეირუთის ბრძოლის შემდეგ. 1986 წელს მან თანამდებობა დატოვა და შეიარაღებული ძალებიდან წავიდა. იგი ეწეოდა საზოგადოებრივ და რელიგიურ საქმიანობას. იგი გახლდათ ლიბანის კათოლიკური ეკლესიების ექსპერტი, პაპის სამშვიდობო საქმეთა საბჭოს წევრი.[1][2]

ჟოსლინ ხუეირი
جوسلين خويري
დაბადების თარიღი 15 აგვისტო, 1955
ბეირუთი, ლიბანი
გარდაცვალების თარიღი 31 ივლისი, 2020 (64 წლის)
ბიბლი, ლიბანი
მოქალაქეობა ლიბანის დროშა ლიბანი
საქმიანობა აქტივისტი, საზოგადო მოღვაწე, ლიბანის სამოქალაქო ომის მონაწილე, ქათაიბის ქალთა შეიარაღებული დაჯგუფების ხელმძღვანელი.

ადრეული წლები

რედაქტირება

ჟოსლინ ხუეირი დაიბადა ბეირუთში, მარონიტების ქრისტიანულ ოჯახში. სწავლობდა ბეირუთის არაბულ უნივერსიტეტში იურიდიულ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე.

ბავშვობიდან ჟოსლინ ხუეირი გამოირჩეოდა თავისუფლების სიყვარულით, მოქმედებდა საყოველთაოდ მიღებული ნორმების საწინააღმდეგოდ: ატარებდა შარვალს, კაბის ნაცვლად. ამავე დროს, რაც ეხებოდა „საერთო საქმეს“ იგი მიდრეკილი იყო დისციპლინის მკაცრი დაცვისა და იმ ავტორიტეტებისადმი უპირობო მორჩილებისკენ, რომლებსაც თვითონ ირჩევდა.  

1970-იან წლებში ფართოდ გავრცელებული მემარცხენე იდეების მიუხედავად, ჟოსელინ ხუეირი ახალგაზრდობიდან იცავდა რადიკალურ მემარჯვენე ფალანგისტურ შეხედულებებს. იყო  შეუპოვარი  ლიბანელი ნაციონალისტი და ანტიკომუნისტი. 1972 წელს შევიდა პარტია ქათაიბში.[3]

სამოქალაქო ომის მონაწილე

რედაქტირება

1975 წელს ლიბანში სამოქალაქო ომი დაიწყო. ჟოსლინ ხუეირი შეუერთდა ფალანგისტურ მილიციას. ირიცხებოდა 12 გოგონასგან დაკომპლექტებულ საბრძოლო ჯგუფში. მართალია, ბავშვობაში და მოზარდობის ხანაში არ  იყო რელიგიური წეს-ჩვეულებების მიმდევარი, მაგრამ ომის პირველივე დღეებიდან ქრისტიანული რწმენით განიმსჭვალა.  როგორც თვითონ აღნიშნავდა, მისი რაზმის განლაგების ადგილას ღვთისმშობლის გამოსახულება გამოჩნდა ანთებული სანთლით.

1976 წლის 6 მაისის ღამეს, ჟოსლნი ექვს გოგონასთან (უმცროსი 14 წლის იყო) ერთად  იბრძოდა ექვსი საათის განმავლობაში  ბეირუთის ცენტრში სამასი პგო-ს ბოევიკის წინააღმდეგ. ფალანგისტებმა თავიანთი პოზიცია დაიკავეს. ხუეირის მოგონებების თანახმად, ეს იყო მისი "პირველი ლოცვის" დღე. ბრძოლის შედეგი გადაწყვიტა ჟოსლინმა, როდესაც სახურავიდან ყუმბარა ისროლა. ამ მოვლენას მოგვიანებით უწოდეს "შეხვედრა ქრისტესთან".[4]

ჟოსლინ ხუეირი  აპირებდა წასვლას კარმელიტების მონასტერში. თუმცა, ბაშირ ჯემაიელის მოწოდების თანახმად, შეუერთდა ლიბანის ძალებს და ქალთა მემარჯვენე ქრისტიანული წარმონაქმნის მეთაური გახდა. 1983 წლისთვის მის ქვეგანაყოფში  1500  მებრძოლი ქალი ირიცხებოდა. ხუეირი  სამსახურს  რელიგიურ მისიად მიიჩნევდა, ატარებდა ქრისტიანულ ქადაგებებს ჯარისკაცებთან ერთად. იგი   მტკიცე და მკაცრი  პიროვნების რეპუტაციით სარგებლობდა და საკუთარ თანამებრძოლებშიც კი  გარკვეული შიშის გრძნობას იწვევდა.[5]

1982 წელს ბაშირ ჯემაიელი აირჩიეს ლიბანის პრეზიდენტად, მაგრამ  ვიდრე ოფიციალურად შეუდგა მოვალეობის შესრულებას,  მოკლეს ტერაქტის შედეგად. საპასუხოდ ფალანგისტებმა საბრასა და შატილაში სისხლიანი ანგარიშსწორება მოაწყვეს. ჟოსლინი  შოკში იყო ჯემაიელის სიკვდილით, რომელსაც იგი უდავო ლიდერად თვლიდა, მაგრამ ამავე დროს მკაცრად გმობდა პალესტინელი ლტოლვილების ხოცვა-ჟლეტას.

1986 წელს "ლიბანის ძალებში" მოხდა განხეთქილება —ელი ჰობეიკა და სამირ ჯააჯა დაუპირისპირდნენ ფუად აბუ ნადერს, შემდეგ კი  მათ შორის შეტაკება მოხდა. ჟოსლინ ხუეირმა სამოქალაქო დაპირისპირებაში მონაწილეობის მიღებაზე უარი განაცხადა . მან  შეწყვიტა შეიარაღებული ბრძოლა და დატოვა "ლიბანის ძალები".

ჯოსლინ ხუეირიმ ყურადღება გაამახვილა საზოგადოებრივ და კონფესიურ საქმიანობაზე. მან დააარსა  ქალთა  ორი სოციალური და საქველმოქმედო ორგანიზაცია და იოანე პავლე II-ის ცენტრი. იგი იყო ლიბანის კათოლიკე იერარქთა ასამბლეის საეპისკოპოსო კომისიის წევრი. რამდენჯერმე გამოვიდა ბეირუთსა და ვატიკანში. მისი საქმიანობის ძირითადი მიმართულებები იყო კათოლიციზმის ტრადიციული ოჯახური ღირებულებების დაცვა (კერძოდ, აბორტის აკრძალვა), კულტურული იდენტობის შენარჩუნება, ლიბანსა და ახლო აღმოსავლეთში რელიგიათშორისი დიალოგის წარმართვა. 2014 წლიდან ჟოსლინ ხუეირი მსახურობდა პაპის სამშვიდობო საქმეთა  საბჭოში.[6][7]

ჟოსლინ ხუეირი არ მონაწილეობდა პოლიტიკაში. მან მჭიდრო მეგობრული ურთიერთობა შეინარჩუნა ქათაიბის გამოჩენილ ფიგურებთან, მემარჯვენე ქრისტიანული მოძრაობის ვეტერანებთან, განსაკუთრებით ფუად აბუ ნადერთან. პოლიტიკურ თემებზე საუბრისას ხუეირი მოუწოდებდა ლიბანელ ქრისტიანებს გაეძლიერებინათ პატრიოტული პოზიციები.

გარდაცვალება და ხსოვნა

რედაქტირება

ჟოსლინ ხუეირი გარდაიცვალა ხანგრძლივი ავადმყოფობის შედეგად 64 წლის ასაკში" ნოტ დამი დე სეკურის" ჯებეილის საავადმყოფოში.პარტია ქათაიბის სპეციალურ განცხადებაში მას უწოდებდნენ "წინააღმდეგობის ხატს, ბრძოლისა და ღირსების განსახიერებას". პარტიის ლიდერმა სამი ჯემაიელმა ისაუბრა ჟოსელინ ხუეირის დამსახურებაზე პარტიის წინაშე.[8]

ჯერ კიდევ მისი სიცოცხლის პერიოდში, 2015 წელს, ჟურნალისტებმა ნატალი დიუპლანმა და ვალერი როლენმა გამოაქვეყნეს  დეტალური ბიოგრაფია Jocelyne Khoueiry l’indomptable—დაუმორჩილებელი ჟოსლინ ხუეირი. 1988 წელს ლიბანელმა რეჟისორებმა მის შესახებ ფილმი გადაიღეს.[9]

ჟოსლინ ხუეირის  უწოდებდნენ "კედრების ქვეყნის" ჟანა დარკს.

  1. "Khoueiry, Jocelyne (1955-....)". BnF Catalogue général (ფრანგ.)
  2. الموت يغيب جوسلين خويري عن عمر ناهز الـ65 عاماً — 2020. (არაბ.)
  3. جوسلين خويري بعيدة عن السلاح (არაბ.)
  4. "Du front à l'annonce de l'Evangile de la vie". Zenit (ფრანგ.) 8 March 2012.
  5. "Jocelyne Khoueiry : l'Indomptable". Famille Chrétienne ( ფრანგ). 4 March 2015.
  6. "Invité du dimanche : Jocelyn Khoueiry". Radio Vatican (ფრანგ.) 22 November 2014.
  7. "Jocelyn Khoueiry: du Liban au synode, une expertise de terrain". Zenit (ფრანგ.) 10 October 2014.
  8. "La première combattante Kataëb, en 1975, Jocelyne Khoueiry est décédée à l'âge de 64 ans". L'Orient le Jour (ფრანგ.) 31 July 2020.
  9. "Films / أفلام<" დაარქივებული 2021-11-17 საიტზე Wayback Machine. . Association des amis de Jocelyne Saab.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ჟოსლინ_ხუეირი“-დან