პინკ ფლოიდი: კედელი

(გადამისამართდა გვერდიდან პინკ ფლოიდი (გამოგონილი პერსონაჟი))
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ კედელი (მრავალმნიშვნელოვანი).

პინკ ფლოიდი: კედელი“ (ინგლ. Pink Floyd — The Wall) — 1982 წლის ფილმი, რომელიც გადაღებულია რეჟისორ ალან პარკერის მიერ და ეფუძნება ჯგუფ პინკ ფლოიდის ალბომის The Wall სიუჟეტს. იგი გადაღებული იქნა პინკ ფლოიდის ვოკალისტისა და ბასისტის, როჯერ უოტერსის სცენარის მიხედვით.

„პინკ ფლოიდი: კედელი“
რეჟისორი ალან პარკერი
ჯერალდ სკარფი (ანიმაციური სეგმენტები)
პროდიუსერი ალან მარშალი
სცენარის ავტორი როჯერ უოტერსი, ალან პარკერი
ეფუძნება The Wall
— პინკ ფლოიდი
როლებში ბობ გელდოფი, ბობ ჰოსკინსი, ელეანორ დეივიდი, კრისტინ ჰერგრეივზი, ალექს მაკევოი
მუსიკა პინკ ფლოიდი
ბობ ეზრინი
მაიკლ კემენი
სიმღერის ტექსტის ავტორი როჯერ უოტერსი
ოპერატორი პიტერ ბიზიუ
მონტაჟი ჯერი ჰემბლინგი
მხატვარი ჯერალდ სკარფი
სტუდია Goldcrest Films International
Tin Blue
დისტრიბუტორი Metro-Goldwyn-Mayer (ორიგინალური)
Warner Bros. (ამჟამინდელი კინოთეატრების და სატელევიზიო დისტრიბუტორი, მხოლოდ აშშ)
Sony Music Entertainment (VHS/DVD, 2000)
გამოსვლის თარიღი
  • 23 მაისი, 1982 (1982-05-23) (კანი)
  • 14 ივლისი, 1982 (1982-07-14) (ბრიტანეთი)
ხანგრძლივობა 95 წთ
ქვეყანა ბრიტანეთი
ენა ინგლისური
ბიუჯეტი 12 მილიონი აშშ დოლარი[1]
შემოსავალი 22,244,207 აშშ დოლარი[2]

ფილმი სავსეა მეტაფორებით და მდიდარია ვიზუალურად და მუსიკალურად. მასში შეტანილი დიალოგების რაოდენობა საკმაოდ მცირეა, უფრო მეტად მოქმედება აგებულია პინკ ფლოიდის მუსიკაზე. მიუხედავად იმისა, რომ ფილმს აქვს საკუთარი სიუჟეტი, იგი უფრო მეტად განიხილება, როგორც მუსიკალური ვიდეო, ვიდრე მოქმედებითი ფილმი.

ფილმში მთლიანობაში შეტანილია ჯერალდ სკარფის, პოლიტიკური კარიკატურისტის მიერ შექმნილი ანიმაციური ეპიზოდების 15 წამი. მათი ნაწილი შეიცავს ისტორიას გერმანელების მიერ ინგლისში ყუმბარების ჩამოგდებაზე.

ყურადღება!  ქვემოთ მოყვანილია სიუჟეტის და/ან დასასრულის დეტალები.

ფილმში საუბარია მეტაფორული კედლის აგებასა და დანგრევაზე, ადამიანთა გაუცხოებაზე.

პინკი, ფილმის მთავარი პერსონაჟი, არის როკ-ვარსკვლავი, რომელსაც დეპრესიული განწყობა ახასიათებს. თავდაპირველად იგი ნაჩვენებია სასტუმროს დანგრეულ ნომერში. პირველ სცენებში ჩანს, რომ მისი მამა დაიღუპა მეორე მსოფლიო ომში.

წარმოშობა და გადაღება

რედაქტირება

1980-1981 წლების კონცერტების პერიოდში როჯერ უოტერსი ფიქრობდა ფილმის გადაღებაზე და აპირებდა ჯერალდ სკარფის ანიმაციური სეგმენტების გამოყენებას. ამ პოლიტიკურმა კარიკატურისტმა უკვე შექმნა The Wall-ის ვიზუალური მხარე. მაგრამ ალბომის წარმატების მიუხედავად, EMI თვლიდა, რომ ფილმი უკვე ზედმეტი ფუფუნება იქნებოდა. უდიდესი ზეწოლა საკითხზე „გადავიღოთ თუ არა“ მოახდინა რეჟისორ ალან პარკერის გამოჩენამ. იმ დროისთვის იგი უკვე განთქმული იყო ფილმებით „ბაგსი მელოუნი“ (1976) და „შუაღამის ექსპრესი“ (1978). ბობ მერსერმა EMI-დან მას გადასცა უოტერსის ტელეფონის ნომერი.

პარკერმა როჯერს შესთავაზა ეკრანიზაციის შექმნაში თანაპროდიუსერობა, ხოლო რეჟისორის სკამი ქორეოგრაფ მაიკლ სირეზინს დაუთმო, რასაც დაერთო სკარფის მონაწილეობაც. 1981 წლის თებერვალში პარკერმა და სირეზინმა ჯგუფის შოუ დორტმუნდში საკუთარი თვალით იხილეს და გაოგნებულები იყვნენ. ამან ხელი შეუწყო მათი წარმოდგენების ჩამოყალიბებას, იმის თაობაზე, თუ რა იყო უოტერსის ორიგინალური ჩანაფიქრი. ეს უკანასკნელი კი პარალელურად იჯდა და კითხულობდა მარტივ სახელმძღვანელოს სცენარების წერის შესახებ. სკარფთან ერთად უოტერსი განმარტოვდა სტუდიაში, იმუშავა 39 გვერდიანი საავტორო სცენარის ჩამოყალიბებასა და კადრირებაზე. ყველაფერი დაიბეჭდა სპეციალური წიგნის სახით, რათა მიეზიდა ინვესტორების ინტერესები.

სკარფმა თავის ილუსტრაციებზე პერსონაჟ პინკის ვიზუალური მხარის შემუშავებისას გაითვალისწინა ის, რომ ნაწარმოები საკმაოდ პირადული იყო და პინკიც გამოიყურებოდა, როგორც როჯერი. მაგრამ როგორც გადაღებების დროს აღმოჩნდა, უოტერსი ვერ ასრულებდა ამ როლს. ამიტომ აუცილებელი იყო სხვა და ბევრად უფრო ქარიზმატული ტიპაჟის შერჩევა. ამ ეტაპზე პარკერი შემთხვევით წააწყდა ბობ გელდოფისა და მისი ჯგუფის The Boomtown Rats გამოსვლების ჩანაწერებს. კოლექტივი იმ პერიოდში წარმატების პიკზე იმყოფებოდა და გელდოფმა რეჟისორი ყველანაირად მოხიბლა.

ისევე როგორც პანკისა და პოსტ-პანკის ტალღის თაობის ბევრი სხვა წარმომადგენელი, გელდოფიც პინკ ფლოიდს ზედმეტად „გაბერილ და ძველებურ“ კოლექტივად თვლიდა. ამიტომ „საკუთარ გონებაში ფაშისტად ქცეული როკ-ვარსკვლავის ამბავი“ მისთვის ოდნავ სასაცილოც იყო. მაგრამ თავდაპირველ წუწუნს მოჰყვა ის, რომ გელდოფმა თავი იგრძნო, როგორც საკუთარ სახლში და როლიც მოირგო.

პარალელურად გეგმებში იყო ჯგუფის ლონდონური კონცერტების გადაღებაც, რათა შემდგომში რაღაც ნაწყვეტები ფილმშიც გამოეყენებინათ. მაგრამ, მიუხედავად იმისა, რომ ერლს კორტის შოუები მართლაც დაფიქსირდა ფირებზე, საბოლოო მონტაჟში არც ერთი არ შესულა. ეს კონცერტები დღემდე ვრცელდება არალეგალური და საკმაოდ უხარისხო ჩანაწერების სახით.

სხვადასხვა მიზეზის და ფილმის საბოლოო ხანგრძლივობის გამო, სიმღერების რაღაც ნაწილი ამოიღეს. აგრეთვე შეიცვალა მათი თანმიმდევრობა, თუმცა, როგორც ეტყობა, უოტერსთან შეთანხმებულად - რათა მისი ნაშრომის მთლიანი სახე არ დარღვეულიყო. გადაღებისას არაერთ პრობლემას ჰქონდა ადგილი. კოლექტივი პირველმა სირეზინმა დატოვა, მას შემდეგ, რაც როლები გადანაწილდა, პროდიუსერის სახით პროექტს ალან მარშალი მოევლინა, ხოლო სკარფის როლი შემოიფარგლა დიზაინით. პარკერმა ყველაფერი საკუთარ ხელში აიღო, როგორც კი დაინახა, რომ უოტერსი წინააღმდეგობებით სავსე პიროვნება იყო.

პარკერის თქმით, ბრიტანულმა კინოსამყარომ მოსალოდნელი მოვლენა, „ნაწილებად დაშლილი ფილმის, ყოველგვარი დიალოგების გარეშე“ გამოჩენა ცივად მიიღო. EMI კვლავ წუწუნებდა, რომ ამ ფილმის დაფინანსების სურვილი არ გააჩნია. კვლავ გავარვარებულ ტაფაზე მჯდარმა პარკერმა მიმართა MGM-ს, თუმცა ცდილობდა, პროექტისთვის „ბრიტანული სახე“ შეენარჩუნებინა. თავად პინკ ფლოიდის მხარე ამ შემთხვევაში ფილმს 12 მილიონი აშშ დოლარით აფინანსებდა.

სულიერი და ფინანსური შესაძლებლობების ასეთი ხარჯვის შემდეგ უოტერსი ბუნებრივად, საკმაოდ ფრთხილად ექცეოდა ყველაფერს, რაც მას უკავშირდებოდა. მაგრამ რეჟისორის თქმით, მასთან საერთოდ ენის მოძებნა შეუძლებელი გახდა. ორივე შემოქმედი მიეჩვია დასახულის მიღწევას. ერთ-ერთ ეტაპზე როჯერმა, ალანის თხოვნით, ერთი კვირით დატოვა პროექტი.

გადაღებების პირველმა დღემ მშვიდად ჩაიარა, თუმცა მსხვერპლს მაინც ჰქონდა ადგილი - იმ სცენის დროს, როდესაც კატა გარბის და ვერ იჭერს მტრედს. საბოლოო შედეგის მისაღწევად ძალაუნებურად გაანადგურეს დაახლოებით 25 მტრედი. სხვა სეგმენტები გადაიღეს ცნობილ ლონდონურ სტუდიაში Pinewood. საგანგებოდ აშენდა სასტუმროს ოთახი, საცურაო აუზი ფეშენებელურ სასტუმროში, ხოლო სპეციალური მონტაჟით მოხდა ლოს-ანჯელესის ხედების ინტეგრირება.

მომზადდა გიგანტური კედელიც, რომელიც სპეციალურად აშენდა და უნდა გაენადგურებინათ ზარბაზნიდან, რომელიც ადრე ჯეიმზ ბონდის ფილმების სერიის ერთ-ერთ ნაწილში მოხვდა. გელდოფის აზრით, გარემო ისეთი იყო, რომ „საკუთარი ეგოთი დანაღმულ მინდორ-ველს მოგაგონებდათ“. ბობს რაც შეეხება, მან არ მიაქცია ყურადღება სკარფისა და უოტერსის კამათს და ენდობოდა მხოლოდ პარკერს. მაგრამ ხანდახან ეჭვით ივსებოდა - მაგალითად, იმ სცენის გადაღებისას, სადაც წყალი აუზში სისხლად იქცევა - და არა მხოლოდ იმიტომ, რომ გელდოფს სისხლის მიმართ ფობია ჰქონდა. პარკერი, უცნობი მიზეზით, ფიქრობდა, რომ მას ცურვა არ შეეძლო, ამიტომ სასწრაფოდ იპოვეს გამჭვირვალე კონტეინერი, რომელიც გამოიყენებოდა „სუპერმენის“ ფილმების გადაღებისას. საგულისხმოა, რომ ბობს ეს დამხმარე ატრიბუტი არ მოეწონა და იგი შეცვალეს იმავე ფილმის გმირის, სუპერ-გოგონას კონტეინერით. მასზე დაწოლილმა გელდოფმა განასახიერა უკიდურეს აგონიაში მყოფი პინკი.

ბევრისთვის ფილმის ერთ-ერთი ყველაზე შოკისმომგვრელი კადრია მოტელის ნომერში ავეჯის განადგურებისა და შემდეგ ფანჯრის რაფაზე ხელის გაჭრის სეგმენტი - ამ ეპიზოდზე გავლენა იქონია „One Of My Turns“-ის სიუჟეტმა და წლების წინ მომხდარმა ინციდენტმა - როდესაც როი ჰარპერმა გაბრაზებულმა დაანგრია ერთ-ერთი საკონცერტო ფურგონი (მაშინ მან აღმოაჩინა, რომ მისი სასცენო ჩაცმულობა სადღაც გაუჩინარდა). მაგრამ მოულოდნელად გელდოფმა უარი განაცხადა სამედიცინო დახმარებაზე - სანამ სცენა ხარისხიანად არ გადაიღეს.

დრო გადიოდა და ბობის დამოკიდებულება ამ სურათის მიმართ იცვლებოდა. ფილმმა, მისი თქმით, „აამაღლა ინტუიცია არნახულ დონემდე“ და მეტიც - ის გრძნობდა, „როგორ იქცეოდა თავად ამ გმირად“. ამ გაიგივების გამო მან უფრო შთამბეჭდავად ითამაშა სცენებში, რომლებიც სიდ ბარეტის პიროვნების შთაგონებით შეიქმნა. გადაღებაზე შემთხვევით მოხვდა ჯუნ ჩაილდი, მარკ ბოლანის ყოფილი მეუღლე და სიდის მეგობარი. ბობს იგი გაოგნებული უყურებდა: „იმდენად მაგონებდა სიდს, რომ ვერ ავიტანე. როდესაც მან ჩაიხედა სარკეში და გადაიპარსა თავი, ცრემლებს ვერ ვიკავებდი. ეს იმდენად ახლო იყო, ამ დროს სიდს შევყურებდი“.

მოგვიანებით გელდოფმა საკუთარ კონცერტებზე „Arnold Layne“-ის შესრულება სცდა, მაგრამ ფილმისთვის სიმღერების ჩაწერაზე უარს ამბობდა. ფილმის ორი პრაქტიკულად ცენტრალური ნომერია „In the Flesh“ და „In the Flesh?“, სადაც თხრობა მიმდინარეობს პინკის პოზიციიდან. ამ ნომრების ჩაწერა მიმდინარეობდა დევიდ გილმორის შინაურ სტუდიაში. გელდოფმა იმპროვიზაცია დაიწყო და ნეოფაშისტური მანიფესტისთვის ჩაიწერა გამოკვეთილი ირლანდიური აქცენტი. გილმორი და ჯეიმზ გათრი, რომლებიც ამ ჩაწერას ხელმძღვანელობდნენ, შეშინებულები უსმენდნენ, თუ როგორც განასახიერებდა იგი ტიპურ „ირლანდიელ სოფლელ ლოთს“. მაგრამ საბოლოოდ, იდეალური ვარიანტი შეარჩიეს და სწორედ იგი გამოიყენეს ფილმის ორივე სეგმენტში.

ფილმში ამ ნომერს ბობი ასრულებს რეალური სკინჰედების წინაშე - ეს იყო გაერთიანება Tilbury Skins, სამხრეთ ლონდონიდან. სკარფის მიერ შემუშავებული უნიფორმა, ჯვარედინად წარმოდგენილი ჩაქუჩებისგან შედგენილი ლოგოტიპით იმდენად მიმზიდველი აღმოჩნდა, რომ ნამდვილი ნეო-ფაშისტები არარეალური ფორმის ტარებას არც სხვა დროს ერიდებოდნენ. „Run Like Hell“-ის ეპიზოდის გადაღებას კინაღამ შეეწირა ერთ-ერთი ადამიანი. მაგრამ სცენა, როდესაც თავგაპარსულები უმკლავდებიან შავკანიან მოსახლეს, იმდენად რეალისტური აღმოჩნდა, რომ მონტაჟისას დიდი ნაწილი ამოჭრეს.

ამოიჭრა სხვა მასალაც. მონტაჟზე მუშაობდა ჯერი ჰემბლინგი. ამ ეტაპზე როჯერმა აქტიურ მუშაობას ზურგი შეაქცია და მთავარ შემქმნელებს შორის ურთიერთობები კვლავ დაიძაბა. პარკერის თქმით, მაშინ ფილმი უკვე „მის საკუთრებად იქცა, მაგრამ დაბრუნდა როჯერი, რომელსაც სურდა მისი თავიდან ბოლომდე მითვისება“. ალანი იძულებული გახდა, საკუთარი თავისთვის უარი ეთქვა, იმ მოტივაციით, რომ ეს თანამშრომლობა იყო.

უკანასკნელ ეტაპზე პინკ ფლოიდის მოქმედმა ნაწილმა, გილმორისა და უოტერსის სახით, მიიღო ფილმის ხმოვანი ნაწილის ჩანაწერი და იმუშავა მასზე საკუთარი სიმღერების დადებაზე. ორიგინალურ ალბომთან შედარებით, სიმღერების ნაწილი შეცვლილია, ნაწილი კი მთლიანად ამოღებულია.

ეკრანზე გამოსულმა ფილმმა EMI გაოგნებული დატოვა. ვიდეოკასეტაზე გამოცემულ ვარიანტს მოჰყვა პროექტში ჩადებული მთელი თანხის უკან დაბრუნება (პინკ ფლოიდისთვის).

23 მაისს ფილმის პრემიერა კანის კინოფესტივალზე გაიმართა. მსოფლიო კინოპრემიერა 1982 წლის 14 ივლისს, ლონდონში გაიმართა. ბილეთის ფასი 30-დან 50 გირვანქა სტერლინგამდე მერყეობდა (შემოსავალი საქველმოქმედო ფონდში გადაირიცხა). მოვლენას დაესწრნენ გელდოფი, პარკერი, სკარფი, როკ-შემსრულებლები, პიტ ტაუნსენდის და სტინგის სახით, ასევე პინკ ფლოიდის სამი მუსიკოსიც. რიჩარდ რაიტი ამ დროისთვის არსად ჩანდა და ნიკ მეისონი ჯგუფის სახელით თავს იმართლებდა, თითქოს იგი სადღაც ისვენებდა. სინამდვილეში, რაიტი მეუღლეს, ჯულიეტს გაშორდა და სადღაც როდოსის კუნძულზე ცხოვრობდა. იგი თითქმის არ მუშაობდა და ინგლისშიც იშვიათად ჩნდებოდა.

DVD-ზე გამოცემა

რედაქტირება

ოფიციალურად DVD-ზე ფილმი მხოლოდ ორჯერ არის გამოცემული.

პირველია (2000 წელს გამოცემული) DVD დისკი გარეკანით, რომელზეც სკარფის ანიმირებული გმირი მთელ სივრცეზეა გადაშლილი.

მეორე ვერსია 2005 წელს გამოჩნდა, საიუბილეო გამოცემაში, რომელიც ალბომის გამოსვლის 25 წლისთავს მიეძღვნა. ამ შემთხვევაში გაფორმების მთავარი ელემენტია თეთრი კედელი ცარიელი სივრცით, რომელშიც იგივე პერსონაჟი მოჩანს.

DVD დისკში შეტანილია როგორც დოკუმენტური მასალა ფილმის შექმნაზე, ასევე ფოტოგალერეებიც, ხოლო სპეციალურ გამოცემას დაემატა „Hey You“-ს ამოჭრილი ვიდეოც. ცნობილია, რომ მიმდინარეობს მუშაობა ფილმის Blu-Ray ფორმატში გამოცემაზე, თუმცა გამოსვლის თარიღი დაგეგმილი არ არის.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება