პაულ ერლიხი (გერმ. Paul Ehrlich; დ. 14 მარტი, 1854, შტრელენი, პრუსია, ახლანდ. სტშელინი, პოლონეთი, — გ. 20 აგვისტო, 1915, ბად-ჰომბურგ-ფორ-დერ-ჰოე, გერმანია) — გერმანელი ექიმი და მეცნიერი, თანამედროვე ჰემატოლოგიის, იმუნოლოგიისა და ფარმაკოთერაპიის ერთ-ერთი ფუძემდებელი. ცნობილია სიფილისის პირველი ეფექტიანი სამკურნალო საშუალების აღმოჩენით; ნობელის პრემიის ლაურეატი ფიზიოლოგიასა და მედიცინაში (ილია მეჩნიკოვთან ერთად, 1908).

პაულ ერლიხი
გერმ. Paul Ehrlich

დაბ. თარიღი 14 მარტი, 1854(1854-03-14)[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] [8] [9] [10] [11] [12] [13]
დაბ. ადგილი Strzelin, პრუსიის სამეფო[10]
გარდ. თარიღი 20 აგვისტო, 1915(1915-08-20)[1] [2] [3] [4] [5] [7] [8] [9] [10] [11] [12] [13] (61 წლის)
გარდ. ადგილი Bad Homburg vor der Höhe, გერმანიის იმპერია[14] [10]
დასაფლავებულია Old Jewish Cemetery
მოქალაქეობა  პრუსიის სამეფო
 გერმანიის იმპერია
საქმიანობა ბიოლოგი, იმუნოლოგი, გამომგონებელი, ექიმი, უნივერსიტეტის პროფესორი, ქიმიკოსი და ფარმაკოლოგი
მუშაობის ადგილი ფრიდრიხ ვილჰელმის უნივერსიტეტი, ფრანკფურტის გოეთეს უნივერსიტეტი, გეტინგენის უნივერსიტეტი და შარიტე
ალმა-მატერი Maria-Magdalenen-Gymnasium, როსტოკის უნივერსიტეტი, ლაიფციგის უნივერსიტეტი, ვროცლავის უნივერსიტეტი, სტრასბურის უნივერსიტეტი და ფრაიბურგის უნივერსიტეტი
სამეცნიერო ხარისხი დოქტორის ხარისხი[14]
მეუღლე Hedwig Pinkus
ჯილდოები ნობელის პრემია ფიზიოლოგიასა და მედიცინაში[15] [16] , ბავარიის მაქსიმიალიანის ორდენი სამეცნიერო და სახელოვნებო მიღწევებისათვის, ლიბიხის მედალი, კრუნის სახელობის პრემია, სამეფო საზოგადოების უცხოელი წევრი[17] და Cameron Prize of the University of Edinburgh
ხელმოწერა

ბიოგრაფია რედაქტირება

ერლიხი დაიბადა ებრაელ მეწარმეთა ოჯახში 1854 წელს. 1872-1877 წლებში სამედიცინო განათლება ბრესლაუს, სტრასბურგის, ფრაიბურგისა და ლაიფციგის უნივერსიტეტებში მიიღო. ადრევე დაინტერესდა უჯრედების შეღებვის მეთოდებით, რომელიც ნათესავმა, პათოლოგმა კარლ ვაიგერტმა გაააცნო. სტუდენტობის პერიოდში გაუჩნდა აზრი, რომ საღებავების მიერ უჯრედის შეღებვა უჯრედს შიგნით მიმდინარე გარკვეული ქიმიური რეაქციის შედეგი იყო და იმავე პრინციპით შეიძლებოდა სხვადასხვა ქიმიურ ნივთიერებას დაავადებულ უჯრედზე ზემოქმედება მოეხდინა. 1878 წელს ექიმად მუშაობა ბერლინში, შარიტეს ჰოსპიტალში დაიწყო. აქ მან შეიმუშავა ტუბერკულოზის ბაცილის ქიმიური შეღებვის მეთოდი. მან ასევე აღწერა სისხლის უჯრედების სხვადასხვა ტიპი და ამით თანამედროვე ჰემატოლოგიას ჩაუყარა საფუძველი. ბიოლოგიური ქსოვილების შეღებვის ახალი მეთოდების ძიების პროცესში ერლიხმა დაასკვნა, რომ მეთილენის ლურჯის გამოყენება შესაძლებელი იყო ნერვული სისტემის დაავადებების სამკურნალოდ. მან ასევე შეიმუშავა ტიფით დაავადებულ პაციენტებში შარდის სპეციფიკური ანალიზის მეთოდი, მუშაობდა ცხელების საწინააღმდეგო სხვადასხვა სამკურნალწამლო საშუალების შექმნაზე და თვალის დაავადებების მკურნალობის მეთოდებზე. 1885 წელს გამოქვეყნებულ ნაშრომში ერლიხმა აღწერა მისი დაკვირვება, რომ სხვადახვა ქსოვილი ჟანგბადს სხვადასხვა მოცულობით მოიხმარს და ეს განსხვავება უჯრედის სასიცოცხლო პროცესის ცხოველმყოფელობის მახასიათებელია.

ტუბერკულოზით დაავადებული ერლიხი იძულებული გახდა მუშაობა დროებით შეეწყვიტა და ეგვიპტეში გამგზავრებულიყო. 1889 წელს, ბერლინში დაბრუნების შემდეგ, მუშაობა პატარა კერძო ლაბორატორიაში განაგრძო, შემდეგ კი რობერტ კოხის ინფექციური დაავადებების ინსტიტუტს შეუერთდა და იმუნიტეტის პრობლემებს მიაპყრო ყურადღება. იმუნოლოგიური ფენომენების ასახსნელად ე. წ. გვერდითი ჯაჭვების თეორია შექმნა, რომელიც აღწერდა იმუნური სისტემის მიერ წარმოქმნილი ცილოვანი ნივთიერებების, ანტისხეულების ურთიერთქმედებას სხვა ნივთიერებებთან. კოლეგებს ერლიხმა მისი ჰიპოთეზა 1900 წელს სამეფო საზოგადოების სხდომაზე წარუდგინა. ამ თეორიამ, მიუხედავად მისი ბევრი შემადგენლის მცდარობისა, დიდი გავლენა იქონია ერლიხის შემდგომდროინდელ მოღვაწეობასა და მის მემკვიდრეებზე. ერლიხის მიერ იმუნოლოგიაში წარმოებულმა ლაბორატორიულმა ექსპერიმენტებმა მეტი მნიშვნელობა შეიძინა მას შემდეგ, რაც იგი 1890 წელს ემილ ბერინგს შეხვდა. ამ უკანასკნელმა ერლიხის მეთოდოლოგიით დიფტერიის საწინააღმდეგო ეფექტიანი შრატის შექმნა შეძლო. 1892 წელს ერლიხმა ასევე დაადასტურა, რომ ანტისხეულები დედის რძით ახალშობილს გადაეცემოდა.

1896 წელს ერლიხი ბერლინის შრატის კვლევის ინსტიტუტის ხელმძღვანელად, 1899 წელს კი ფრანკფურტის ექსპერიმენტული თერაპიის ინსტიტუტის დირექტორად დაინიშნა. ამ დაწესებულებებში ერლიხს საკუთარი გამოკვლევებისთვის შეუზღუდავი პირობები მიეცა, თუმცა ბერინგი ცდილობდა კოლეგა დაერწმუნებინა, რომ მხოლოდ იმუნოლოგიასა და სეროთერაპიაში ემუშავა. ამან ორ მეცნიერს შორის ურთიერთობის დაძაბვა გამოიწვია. ამ დროისათვის ერლიხი დარწმუნდა, რომ სეროთერაპიის შესაძლებლობები შეზღუდული იყო და არაეფექტიანი იყო არაბაქტერიული, მაგალითად, პროტოზოული ინფექციების სამკურნალოდ. ერლიხმა ახალი ექსპერიმენტები დაიწყო ისეთი ნივთიერებების გამოვლენისა და სინთეზის მიზნით, რომელიც ეფექტიანი იქნებოდა დაავადებების გამომწვევების გასანადგურებლად ან მათი ზრდის შესაჩერებლად მასპინძელი ორგანიზმის დაზიანების გარეშე. ამით მან თანამედროვე ქიმიოთერაპიის პრინციპებს ჩაუყარა საფუძველი. ტრიპანოსომოზის წინააღმდეგ ქვანახშირის ფისის პრეპარატების შექმნის უშედეგო მცდელობის შემდეგ ერლიხმა თავისი მცდელობები სიფილისის გამომწვევზე — მკრთალ ტრეპონემაზე განაგრძო. თავისი გამოკვლევებისთვის ერლიხმა საკმაოდ დიდი ფინანსური რესურსები მიიზიდა და მის გარშემო თანამშრომელთა კომპეტენტური გუნდი შემოიკრიბა. მათ შორის იყო იაპონელი ჰატა საჰაჩირო, რომელმაც სამუშაოს წარმატებაში დიდი როლი ითამაშა. 1909 წელს მან ერლიხის ხელმძღვანელობით ალფრედ ბერთჰაიმის მიერ შექმნილი დარიშხანის შემცველი ნივთიერება „606“-ის (შემდგომში — სალვარსანი, არსფენამინი) ანტისიფილისური თვისებები აღმოაჩინა. ლაბორატორიულ პირობებში წარმატებით გამოცდის შემდეგ, 1910 წელს კომპანია Farbwerke-Hoechst-თან თანამშრომლობით ერლიხმა პრეპარატის 65 000 ერთეული უფასოდ გადასცა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის მედიკოსებს. წარმატებამ ერლიხს ბევრი მოშურნე და ცილისმწამებელი შესძინა. მომდევნო წლებში მიმდინარე „სალვარსანის ომმა“, რომლის დროსაც ერლიხს პირადი გამორჩენის მიზნით პრეპარატის არაკეთილსინდისიერ გავრცელებაშიც კი ადანაშაულებდნენ, მეცნიერის ჯანმრთელობას დაღი დაასვა. ის ინსულტით გარდაიცვალა 1915 წელს, 61 წლის ასაკში.

ერლიხი ბევრი საპატიო წოდებისა და ჯილდოს მფლობელი იყო. 1908 წელს მან იმუნოლოგიის კიდევ ერთ პიონერთან, ილია მეჩნიკოვთან ერთად ნობელის პრემია მიიღო. პრუსიის მთავრობისგან მინიჭებული ჰქონდა „საიდუმლო მრჩევლის“ უმაღლესი სამოქალაქო საპატიო წოდება. ერლიხი იყო ოქსფორდის, ჩიკაგოსა და ათენის უნივერსიტეტების საპატიო დოქტორი, მაინის ფრანკფურტის საპატიო მოქალაქე და სხვ.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

  • პაულ ერლიხი — სტატია ენციკლოპედია ბრიტანიკიდან (ინგლისური)
  • Paul Ehrlich – Biographical. NobelPrize.org. Nobel Media AB 2020. ციტირების თარიღი: 17 ივნისი, 2020.
  • Valent, Peter; Groner, Bernd; Schumacher, Udo; Superti-Furga, Giulio; Busslinger, Meinrad; Kralovics, Robert; Zielinski, Christoph; Penninger, Josef M.; Kerjaschki, Dontscho; Stingl, Georg; Smolen, Josef S.; Valenta, Rudolf; Lassmann, Hans; Kovar, Heinrich; Jäger, Ulrich; Kornek, Gabriela; Müller, Markus; Sörgel, Fritz (2016). „Paul Ehrlich (1854-1915) and His Contributions to the Foundation and Birth of Translational Medicine“. Journal of Innate Immunity. 8 (2): 111–120. doi:10.1159/000443526.

სქოლიო რედაქტირება

  1. 1.0 1.1 Satter H. Encyclopædia Britannica
  2. 2.0 2.1 SNAC — 2010.
  3. 3.0 3.1 Who Named It?
  4. 4.0 4.1 Frankfurter Personenlexikon — 2014.
  5. 5.0 5.1 ბროკჰაუზის ენციკლოპედია
  6. Czech National Authority Database
  7. 7.0 7.1 Bibliothèque nationale de France BnF authorities: პლატფორმა ღია მონაცემები — 2011.
  8. 8.0 8.1 Gran Enciclopèdia CatalanaGrup Enciclopèdia, 1968.
  9. 9.0 9.1 Roglo — 1997. — 9000000 ეგზ.
  10. 10.0 10.1 10.2 10.3 www.accademiadellescienze.it
  11. 11.0 11.1 Proleksis enciklopedija, Opća i nacionalna enciklopedija — 2009.
  12. 12.0 12.1 Académie nationale de médecine
  13. 13.0 13.1 Base biographique
  14. 14.0 14.1 Deutsche Nationalbibliothek Record #118529358 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.
  15. The Nobel Prize in Physiology or Medicine 1908Nobel Foundation.
  16. Table showing prize amountsNobel Foundation, 2019.
  17. List of Royal Society Fellows 1660-2007ლონდონის სამეფო საზოგადოება. — გვ. 109.