ტრიპანოსომა
ტრიპანოსომა (ლათ. Trypanosoma) — უმარტივესების გვარი შოლტოსნების კლასისა, ადამიანისა და ცხოველების სისხლისა და ქსოვილის პარაზიტები. მათი თითისტარისებრი სხეულის ზომა 15—30 მკმ აღწევს, უფერულია. იკვებება დიფუზურად ორგანულიი ნივთიერებებით. სისხლში გამოყოფენ ერითროციტების დამშლელ შხამიან ნივთიერებებს. მრავლდებიან სიგრძივი გაყოფით.
ადამიანისა და ხერხემლიან ცხოველთა ორგანიზმში ხვდებიან გადამტანი მწერების მეშვეობით, რომელთაც ტრიპანოსომა ან მექანიკურად გადააქვთ მჩხვლეტავი პირის ნაწილებით, ან მათ ორგანიზმში მიმდინარეობს გამრავლება, რომელსაც თან ახლავს მორფოლოგიური ფორმათა (კრითიდიული და ლეპტომონადური) ცვლა. ადამიანისათვის პათოგენურია ლათ. Trypanosoma gambiense და ლათ. Trypanosoma rhodesiense (იწვევს ძილის დაავადებას). გავრცელებულია ცენტრალურ აფრიკაში, გადამტანია ბუზიცეცე. შინაურ მსხვილფეხა რქოსან საქონელში პარაზიტობს ლათ. Trypanosoma brucei (იწვევს დაავადება ნაგანას) ლათ. Trypanosoma evansi (იწვევს დაავადება სურას) და სხვა.
ლიტერატურა
რედაქტირება- გოგებაშვილი ი., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თბ., 1986. — გვ. 52.