შოლტოსნები
შოლტოსნები — ერთუჯრედიანი და მრავალუჯრედიანი ორგანიზმები, რომლებიც შოლტებით მოძრაობენ.
შოლტოსნები ბოტანიკაში
რედაქტირებაბოტანიკაში შოლტოსნები (ლათ. Flagellatae) განიხილებოდა ტიპად, რომელიც შედგებოდა რამდენიმე კლასისგან; მათგან ზოგიერთს (ლათ. Pantostomatinae, Protomastiginae და Distomatinae) ამჟამად მცენარეულ ორგანიზმებად არ მიიჩნევენ. დანარჩენი შოლტოსნების ნაწილი ბიოქიმიური და მორფოლოგიური განსხვავების საფუძველზე გამოყოფილია ცალკე განყენებად (ევგლენასნაირი წყალმცენარეები), ნაწილი კი- მწვანე და ოქროსფერი წყალმცენარეების განყენების კლასებად (ვოლვოქსისნაირი წყალმცენარეები და ქრიზომონადები).
შოლტოსნები ზოოლოგიაში
რედაქტირებაზოოლოგიაში შოლტოსნები (ლათ. Mastigophora) არის უმარტივესების კლასი. შედგება ორი ქვეკლასისგან (ლათ. Phytomastigophora და Zoomastigina), რომლებშიც 3000-მდე სახეობაა. სხეულის წინა ბოლოზე 1-8, ზოგჯერ მეტი შოლტი აქვთ, რომელთაგან ერთ-ერთი უკანაა მიმართული, ზოგჯერ სხეულს ეკვრის და ქმნის ტალღისებურად მოძრავ აპკს (ტრიპანოსომებში). მათი სხეული დაფარულია თხელი გარსით - პელიკულით, ხშირად მთლიანი ქიტინოვანი ჯავშნით ან გარსით, რომელიც შედგება უჯრედისის ფირფიტებისგან. ბირთვი ჩვეულებრივ ერთია, ზოგჯერ - რამდენიმე ათეული. ოსმოსური წნევის რეგულაცია და უვარგის ნივთიერებათა გამოყოფა ხდება ვაკუოლებით. ზოგ შოლტოსანს აქვს სტიგმა (სინათლის შემგრძნობი ორგანოიდი), რომელიც შოლტის ძირში მდებარეობს. ასეთ შოლტოსნებს ახასიათებთ დადებითი ფოტოტაქსისი. უფრო ხშირად მრავლდებიან უსქესოდ, გასწვრივ გაყოფით. ზოგი გამრავლებისას გარდაიქმნება მკვრივგარსიან ცისტად და შემდეგ ერთხელ, ან რამდენჯერმე იყოფა. ზოგი შოლტოსნის გაყოფის შემდეგ წარმოქმნილი ინდივიდები ერთმანეთს არ სცილდებიან და ქმნიან კოლონიებს. სქესობრივად იშვიათად მრავლდებიან. ზიგოტისაგან ვითარდება ერთი, ან რამდენიმე ახალი ინდივიდი, ზოგჯერ - კოლონია. თავისუფლად მცხოვრები შოლტოსნები ბინადრობენ მტკნარ წყლებსა და ზღვებში; პარაზიტები - ცხოველებისა და ადამიანის სხეულში. ზოგი შოლტოსანი (ტრიპანოსოსმები, ლეიშმანიები, ლამბლიები და სხვა) ადამიანისა და შინაური ცხოველების დაავადებების გამომწვევია.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 18.