ნიკო კეცხოველი

ქართველი ბოტანიკოსი და მწერალი

ნიკოლოზ (ნიკო) ნიკოლოზის ძე კეცხოველი (დ. 26 დეკემბერი, 1897, სოფ. ტყვიავი, ახლანდელი გორის მუნიციპალიტეტი — გ. 26 დეკემბერი, 1982, თბილისი) — ქართველი ბოტანიკოსი, მწერალი და საზოგადო მოღვაწე. ბოტანიკური სკოლის ერთ-ერთი დამაარსებელი საქართველოში. ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი (1937), პროფესორი (1937), საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ერთ-ერთი ფუძემდებელი და აკადემიკოსი (1941), საქართველოს მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე (1945), შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი.

ნიკო კეცხოველი
Niko Ketskhoveli Qartveli Akademikosebi (cropped).jpg
დაბ. თარიღი 26 დეკემბერი, 1897(1897-12-26)
დაბ. ადგილი ტყვიავი, ტფილისის გუბერნია, რუსეთის იმპერია
გარდ. თარიღი 26 დეკემბერი, 1982(1982-12-26) (85 წლის)
გარდ. ადგილი თბილისი
დასაფლავებულია დიდუბის პანთეონი
მოქალაქეობა Flag of Russia.svg რუსეთის იმპერია
Flag of the Soviet Union.svg სსრკ
Flag of Georgia.svg საქართველო
საქმიანობა ბოტანიკა
ალმა-მატერი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
სამეცნიერო ხარისხი ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი
ჯილდოები ლენინის ორდენი, შრომის წითელი დროშის ორდენი, საპატიო ნიშნის ორდენი, მედალი „1941-1945 წლების დიდ სამამულო ომში გმირული შრომისათვის“, საქართველოს სსრ-ის მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე, იაკობ გოგებაშვილის სახელობის პრემია, ივანე ჯავახიშვილის სახელობის პრემია და რუსთაველის პრემია

ბიოგრაფიარედაქტირება

1916 წელს დაამთავრა თბილისის ქართული სათავადაზნაურო გიმნაზია, ხოლო1926 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის (თსუ) პედაგოგიური ფაკულტეტის საბუნებისმეტყველო განყოფილება. 1923 წლიდან იყო თსუ-ის ბოტანიკის კათედრის პრეპარატორი, 1926-იდან ამავე კათედრის პედაგოგი, ხოლო 1929-იდან დოცენტი. 1933 წელს ირჩევენ ამ კათედრის გამგედ. კათედრას განაგებდა გარდაცვალებამდე. 1937 წელს მიენიჭა პროფესორის სამეცნიერო წოდება. იგი იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის სასოფლო-სამეურნეო განყოფილების თავმჯდომარე (1942–1957), ბიოლოგიის განყოფილების თავმჯდომარე (1957–1963), ვიცე-პრეზიდენტი (1943–1945), თსუ-ის რექტორი (1945–1952). 1963 წლიდან გარდაცვალებამდე საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ბოტანიკის ინსტიტუტის დირექტორი (დღეს ეს ინსტიტუტი მის სახელს ატარებს). საქართველოს ბოტანიკოსთა საზოგადოების დაარსების ერთ-ერთი ინიციატორი (1958) და უცვლელი თავმჯდომარე. ქსე-ის მთავარი სარედაქციო კოლეგიის წევრი. ძირითადი შრომები ეხება საქართველოს მცენარეული საფარის გეობოტანიკურ, ბოტანიკურ-გეოგრაფიულ და სისტემატურ გამოკვლევას, მის თანამედროვე მდგომარეობას, აღდგენისა და დაცვის პრობლემებს. აქვს მრავალი ლიტერატურული ნარკვევი, ნოველა და მოთხრობა („თოვლიან მთებში“, 1927; „ცხრათვალა მზის ქვეშ“, 1968; „მორბის არაგვი არაგვიანი“, 1971; „არსიანიდან მოვდივარ, მომიხარია“, 1974, რუსთაველის სახელობის პრემია, 1975; „მეცხრე მთაც გადავიარე“, 1976; „კიდევაც დაიზრდებიან“, 1978). თავის მხატვრულ ნაწარმოებებში კეკელიძე გვევლინება როგორც ბიოლოგი და მეცნიერების პოპულარიზატორი, ბუნების სიმდიდრეთა და მშობლიური მხარის ღირსშესანიშნაობათა დამცველი. მიღებული აქვს საკავშირო საზოგადოება „ცოდნის“ პრემია (1975), თსუ-ის პრემია (1975) და შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემია (1979). საქართველოს I-III მოწვევების უმაღლესი საბჭოს დეპუტატი. დაჯილდოებულია ი. გოგებაშვილის სახელობის (1960) და ი. ჯავახიშვილის სახელობის (1970) მედლებით, არაერთი სახელმწიფო ჯილდოთი.

ცალკე აღნიშვნის ღირსია ნიკო კეცხოველის დამსახურება ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის წინაშე. ჯერ კიდევ 1921 წლის თებერვალში იგი, როგორც საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ეროვნული არმიის ოფიცერი, აქტიურად მონაწილეობდა კოჯორ-ტაბახმელას ფრონტზე ბოლშევიკური რუსეთის მე-11 წითელი საოკუპაციო არმიის წინააღმდეგ ბრძოლაში. აღსანიშნავია, რომ ჯერ კიდევ 1919 წელს გამოჩენილი მხედრული მამაცობისათვის იგი დაჯილდოვდა „თეთრი გიორგის“ ჯვრით. 1917 წელს ესწრებოდა ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის დამფუძნებელ ყრილობას და 1924 წლის სექტემბრამდე იყო ამ პარტიის წევრი: შედიოდა მის მთავარ კომიტეტში და იყო პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაციის ერთ-ერთი ლიდერი. 1919 წელს საქართველოს დამფუძნებელი კრების არჩევნებში კენჭს იყრიდა ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის სიით, იყო სიის 94-ე ნომერი, თუმცა ვერ გახდა დამფუძნებელი კრების წევრი.[1]1922–1924 წლებში შედიოდა საქართველოს დამოუკიდებლობის ინტერპარტიული პარიტეტული კომიტეტის შემადგენლობაში. 1924 წელს, აგვისტოს აჯანყებამდე მცირე ხნით ადრე, დაპატიმრებულ იქნა საქართველოს სსრ ე.წ. „საგანგებო კომისიის“ (ე.წ. „ჩეკა“) მიერ. 1941–1942 წლებში, სხვა ცნობილ მოღვაწეებთან (ნ. მუსხელიშვილი, მ. ზანდუკელი, შ. ნუცუბიძე, დ. უზნაძე, გ. წერეთელი და სხვანი), თანაუგრძნობდა ფარულ პატრიოტულ ორგანიზაციას „სამანი“.

დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.

ჯილდოები და აღიარებარედაქტირება

ლიტერატურარედაქტირება

  • ზ. ბაბუნაშვილი, თ. ნოზაძე, „მამულიშვილთა სავანე“, გვ. 215, თბ., 1994
  • ნიკო კეცხოველი. ბიობიბლიოგრაფია, თბ., 1978;
  • ლორთქიფანიძე მ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 5, თბ., 1980. — გვ. 479-480.
  • ურუშაძე ლ., უცნობი ნიკო კეცხოველი.– ჟ. „ფუძე“, თბ., № 1, 2009

ბიბლიოგრაფიარედაქტირება

  • შეიყვარე და გაუფრთხილდი : საქართველოს ფლორა და ფაუნა. - თბილისი, 1989. - 17გვ.
  • კიდევაც დაიზრდებიან... : ქვემო ქართლში, თრიალეთში და ჯავახეთში მოგზაურობის შთაბეჭდილება. - თბილისი, ნაკადული, 1978. - 271გვ.
  • ადამიანი და ბუნება : წერილების კრებული. - თბილისი, განათლება, 1974. - 295გვ.
  • ფურცელშლა და ფურცელცვენა : ნორჩი ნატურალისტებისათვის. - თბილისი, ნაკადული, 1964. - 43გვ.
  • მცენარეული საფარი ერის საუნჯეა : ფოტოალბომი. - თბილისი, საქ. სსრ მეცნ. აკად. გამ-ბა, 1961. - 481გვ.
  • ბოტანიკა : მეთოდური მითითებანი საგნის დასამუშავებლად. - ტფილისი, პ/ტრ. სტ., 1932. - 30გვ.
  • ბუნება და სოფლის მეურნეობა. - ტფილისი, სახელგამი, 1931. - 282გვ.

სტატიებირედაქტირება

რესურსები ინტერნეტშირედაქტირება

სქოლიორედაქტირება