ნიკოლა ზურაბიშვილი

ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

ნიკოლა ზურაბიშვილი (დ. 27 ოქტომბერი, 1936, პარიზი) — ქართველი კომპოზიტორი.

ნიკოლა ზურაბიშვილი
ბიოგრაფია
დაბ. თარიღი 27 ოქტომბერი, 1936
დაბ. ადგილი პარიზი
საქმიანობა კომპოზიტორი

ბიოგრაფია

რედაქტირება

წარმოშობით ქართველი, ფრანგი კომპოზიტორი ნიკოლა ზურაბიშვილი დაიბადა პარიზში, 1936 წლის 27 ოქტომბერს, გიორგი ზურაბიშვილისა და ნატალი ფონ პელკენის ოჯახში. იგი პუბლიცისტის, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწის, ივანე ზურაბიშვილისა და ნიკო ნიკოლაძის ქალიშვილის ნინო ნიკოლაძე — მაკაროვას შვილიშვილია. მათი ოჯახი 1921 წლიდან ემიგრაციაშია. ივანე საფრანგეთშიც აგრძელებდა აქტიურ პოლიტიკურ მოღვაწეობას. მისი სამივე ვაჟიც — არჩილი, გიორგი და ლევანი — ქართული ემიგრაციის ცნობილი წარმომადგენლები გახდნენ. ლევანის ქალიშვილია პოლიტიკური მოღვაწე სალომე ზურაბიშვილი, ნიკოლა ზურაბიშვილის უფროსი და კი, ცნობილი სოვეტოლოგი ელენ კარერ–დანკოსი, 1990 წელს საფრანგეთის აკადემიის წევრად აირჩიეს, ხოლო 1999 წელს — მუდმივ მდივნად, რის შედეგადაც საფრანგეთის აკადემიას, მისი ხანგრძლივი არსებობის მანძილზე პირველად, სათავეში ქალი მოექცა.

მომავალი კომპოზიტორი 1946-1948 წლებში სწავლობდა ქალაქი ბორდოს კონსერვატორიაში (ფორტეპიანო, თეორია, ჰარმონია). შემდეგ გადავიდა პარიზში, სადაც საშუალო განათლება დაასრულა იეზუიტთა კოლეჯში. ნიკოლამ ბაკალავრის წოდებით დაამთავრა ჟანსონ-დე-საილის ლიცეუმი (Lycee Janson-de Sailly). 1956-1963 წლებში კი რუსისტიკის განყოფილებაზე სწავლობდა სორბონის უნივერსიტეტში, სადაც მიენიჭა მაგისტრის ხარისხი. პარალელურად 1959-1962 წლებში ეუფლებოდა კომპოზიციას ნადია ბულანჟესთან (ჰარმონია, კონტრაპუნქტი), ხოლო 1962-1964 წლებში — მაქს დეუჩთან (დოდეკაფონური სისტემა). 1970-1997 წლებში ნიკოლა ზურაბიშვილი ასწავლიდა რუსულ ენას დისტანციური სწავლების ეროვნულ ცენტრში (C. N. E. D.). 1986-1988 წლებში იყო პარიზის რახმანინოვის სახელობის რუსული კონსერვატორიის დირექტორი. მას კომპოზიტორ ფრენსის ბაიერთან ერთად ნათარგმნი აქვს მუსორგსკის მთელი კორესპონდენცია (2001, პარიზი). 1988 წელს კომპოზიტორი იმყოფებოდა თბილისში, შეხვდა ქართველ მუსიკოსებს, გაიმართა მისი კონცერტი კონსერვატორიის დიდ დარბაზში, შესრულდა სიმფონიური პოემა „მცხეთა“ (დირიჟორი ვახტანგ მაჭავარიანი).

ნიკოლა ზურაბიშვილს ეკუთვნის სხვადასხვა ჟანრის მუსიკალური ნაწარმოებები: სიმფონიური — „შვიდი დღე“ (1973. პირვ. შესრ. რუაიანას ფესტივ. საფრანგეთი), „მცხეთა" (1976. პირვ. შესრ. მეტცის გრანდ–თეატრ. საფრ. 1977). კამერული — «Aus ödem Traumland», და „სუზდალი“. ინსტრუმენტული კონცერტები — 2 საფორტეპიანო (1957). კამერულ-ინსტრუმენტული ნაწარმოებები — 3 სიმებიანი კვარტეტი (1982, 1989, 1994), კვინტეტი ჰობოის, კლარნეტისა და სიმებიანი ტრიოსათვის, ვაჟიშვილისადმი მიძღვნილი „ალექსანდრეს კვინტეტი“ ფლეიტის, ჰობოის, კლარნეტის, ვალტორნისა და ფაგოტისათვის (1980). მესა (1976). ჯაზმენის, კომპოზიტორ ტელონიუს მონკისადმი მიძღვნილი საფორტეპიანო სონატა (1983). სოლო ვიოლინოსთვის «La Fuite» (1987). პიესა ორგანისათვის „არგოსი“ (1987). ასევე კამერულ–ვოკალური ნაწარმოებები.

ნიკოლა ზურაბიშვილი წერს კინომუსიკასაც. მის მიერაა შექმნილი მუსიკა რეჟისორ ოთარ იოსელიანის მხატვრული ფილმებისათვის — „მთვარის ფავორიტები“ (1984), „პატარა მონასტერი ტოსკანაში“ (1988), „ნადირობა პეპლებზე“ (1992), „ყაჩაღები, თავი VII“ (1996), „მშვიდობით მშობლიურო მიწავ“ (1999), „ორშაბათი დილა“ (2002), „შემოდგომის ბაღები“ (2006). „ზამთრის სიმღერა“ (2015). იგი კომპოზიტორია, აგრეთვე, მისი დისშვილის, მწერალ ემანუელ კარერის რეჟისორობით გადაღებული ფილმისა — „დაბრუნება კოტელნიჩში“ (2004). პერიოდულად ქმნის მუსიკას დოკუმენტური ფილმებისთვისაც.

1984 წელს ვენეციის კინოფესტივალზე ოთარ იოსელიანის ფილმმა „მთვარის ფავორიტები“ ჟიურის სპეციალური პრიზი მოიპოვა. ამავე წლის სექტემბერში ჩაწერილ ინტერვიუში რეჟისორი ასე ახასიათებს ფილმისთვის დაწერილ მუსიკას: „მე მინდოდა გამომეყენებინა ძველი ფრანგული სიმღერები, რომანტიკული სიმღერები 1920–ანიდან და როსინის კვარტეტები. კომპოზიტორი ნიკოლა ზურაბიშვილი ძალიან ნიჭიერია და მან დაწერა სამი თუ ოთხი ნაწილი ჩემთვის, მათ შორის ვალსიც. ის მიხვდა რასაც ვეძებდი, ჩვენ გავუგეთ ერთმანეთს. რეჟისორსა და კომპოზიტორს შორის ურთიერთობა ძალიან მნიშვნელოვანია. არ მიყვარს როდესაც ხედავთ მუსიკალური ნოტების დამუშავებას. მუსიკა რომლის გამოყენებაც მინდა უკვე დაწერილია. მე ვიყენებ მუსიკას რომელიც მეხმარება გამოვხატო ჩემი თავი კულტურულად. მუსიკა არ უნდა იყოს რთული. ფოლკლორულმა მუსიკამ საუკუნეებს გაუძლო, ანუ ის საიმედოა და მას ვიყენებ. ზურაბიშვილი მიხვდა ამას და არ დასჭირვებია მუსიკალური სცენარი ორიგინალურობისთვის, მასაც ურჩევნია პოპულარული მუსიკა“. ნიკოლა ზურაბიშვილს ორჯერ, 1970 და 1975 წლებში მიენიჭა ლილი ბულანჟეს , ხოლო, 1986 წელს — არტურ ონეგერის პრემია. 1977 წელს კი ქალბატონი ნანტის ჯილდო.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი, თბ., 2015, გვ. 188

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება