ბაკალავრიატი — აკადემიური უმაღლესი განათლების პირველი საფეხური, სასწავლო პროგრამების ერთობლიობა, რომელიც, ძირითადად, ითვალისწინებს შესაბამისი სპეციალობების თეორიული საფუძვლების სწავლებას, რაც აუცილებელია პირის მაგისტრატურაში შემდგომი სწავლისათვის, ან მიღებული კვალიფიკაციით მუშაობისათვის.

საქართველოში უმაღლესი განათლება სამი საფეხურისგან შედგება: ბაკალავრიატი, მაგისტრატურა და დოქტორანტურა.

უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ერთი სასწავლო წლის განმავლობაში საგანმანათლებლო პროგრამა მოიცავს საშუალოდ 60 კრედიტს. სწავლების პირველი საფეხურის (ბაკალავრიატი) საგანმანათლებლო პროგრამა შედგება არანაკლებ 240 კრედიტისგან. უმაღლესი განათლების პირველი საფეხური შეიძლება მოიცავდეს სპეციალისტის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამას. ბაკალავრიატში სწავლის უფლება აქვს მხოლოდ სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო სერტიფიკატის მფლობელს ან მასთან გათანაბრებულ პირს.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება