ერი

(გადამისამართდა გვერდიდან ნაცია)
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ერი (მრავალმნიშვნელოვანი).
არ უნდა აგვერიოს შემდეგ მნიშვნელობა(ებ)ში: სახელმწიფო.

ერი ანუ ნაცია — ადამიანთა სოციალურ-ისტორიული ერთობის ფორმა, რომელიც ისტორიის პროცესში იცვლებოდა და ვითარდებოდა. ამასთან ერთად, თვით ამ სიტყვების მნიშვნელობაც იცვლებოდა დროსთან ერთად. ერის კონცეფცია უკავშირდება ეთნიკური თანასაზოგადოების ან ეთნიკური ჯგუფის ცნებას. ეთნიკურ ერთობას ძირითადად გააჩნია წარმოშობის მითი ან მითები, საერთო ისტორია, თვითმყოფადი კულტურის ელემენტები, საერთო ტერიტორიული კავშირურთიერთობები და ჯგუფური სოლიდარობის გრძნობა. ერი, თუ ამ ორ ტერმინს შევადარებთ, გაცილებით უფრო განზოგადოებული, აბსტრაქტული და ღიად პოლიტიკური ცნებაა, ვიდრე ეთნიკური ჯგუფი. ეს არის კულტურულ-პოლიტიკური ერთობა, რომლის წევრებსაც შეგნებული აქვთ თავიანთი ერთიანობა და საერთო ინტერესები.[1]

ბენედიქტ ანდერსონის მიერ ერი აღწერილი იქნა, როგორც „წარმოსახვითი თანასაზოგადოება“,[2] ხოლო პოლ ჯეიმზის მიერ, როგორც „აბსტრაქტული თანასაზოგადოება“.[3]

იგი წარმოადგენს ადამიანთა წარმოსახვით გაერთიანებას იმ აზრით, რომ მატერიალური პირობები არსებობს წარმოსახვით გავრცობილ და გაზიარებულ კავშირებთან მიმართებაში. იგი არის აბსტრაქტული გაერთიანება იმ მხრივ, რომ იგი ობიექტურად არაპერსონალურია, მიუხედავად იმისა, რომ მოცემული ერის თითოეული ინდივიდი თავის თავს სუბიექტურად მიიჩნევს ერთი დიდი წარმონაქმნის ნაწილად ან წევრად მრავალ სხვა ინდივიდთან ერთად. უმეტეს შემთხვევაში ერის „წევრები“ ანუ წარმომადგენლები ერთმანეთს არ იცნობენ და შეიძლება არც არასოდეს შეხვდნენ ერთმანეთს.[4]

ეტიმოლოგია და ტერმინოლოგია

რედაქტირება

სიტყვა ერი ძველი ქართული ტერმინია, ერთდროულად აღნიშნავდა ხალხსაც და ჯარსაც; წარმოშობილი უნდა იყოს სამხედრო დემოკრატიის ხანაში, როდესაც ხალხი და ჯარი ერთმანეთისაგან განუყრელი იყო. ეტიმოლოგიურად ეს სიტყვა შეიძლება ენათესავებოდეს საქართველოს ისტორიული კუთხის სახელწოდებას, ჰერეთს, აგრეთვე ანალოგიური მნიშვნელობის ბასკურ სიტყვასაც „ჰერი“. სულხან-საბა ორბელიანი „სიტყვის კონაში“ ერს განმარტავს, როგორც „მსოფლიო კაცნი“ ანუ, თანამედროვე ქართულით, საერო მოსახლეობა.

სიტყვა ნაცია კი მოდის ლათინური ენიდან, სადაც იგი natio (nātĭō) თავდაპირველად ნიშნავდა „დაბადებას“.[5]

უძველესი ერები

რედაქტირება

მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი მეცნიერი [6] ამტკიცებდა, რომ ერები თანამედროვე ფენომენია და საფრანგეთის რევოლუციის შემდგომი ეპოქიდან მომდინარეობს, სხვა მეცნიერები თვლიდნენ, რომ ერების ფენომენი ძველია, ან უძველესიც კი და წარმოადგენს პოლიტიკური ფორმაციის ერთ-ერთ ტიპს. პოლიტოლოგი აზარ გატი ამტკიცებს, რომ „ძველი ეგვიპტე იყო მსოფლიოს პირველი ერ-სახელმწიფო, რომელიც ჩამოყალიბდა საკმაოდ ადრეულ ეტაპებზე, როგორც უნიფიცირებული სახელმწიფო და რომელიც შეესაბამებოდა საერთო ეთნიკური წარმოშობის გარკვეულ ხალხს“.[7]

გატი აგრეთვე ამტკიცებს, რომ ეროვნული სახელმწიფოების შემდგომი ჯგუფი მდებარეობდა უძველეს ლევანტში, რის საბუთადაც მოჰყავს ციტატები სტივენ გროსბის წიგნიდან ბიბლიური იდეები და ეროვნება: უძველესი და თანამედროვე, როგორც ეფექტიანი მტკიცება ერების ჩამოყალიბებისა ისრაელში, ამონში, მოაბსა და ედომში. ერების ჩამოყალიბების ეს პროცესი პროვოცირებული იყო ასურეთის იმპერიის მხრიდან დაპყრობის შიშით.[8] გატს აგრეთვე მოჰყავს ციტატა ჰანს კონის წიგნიდან ნაციონალიზმის იდეა: მისი საწყისებისა და წინაპირობების შესწავლა, 1944, გვერდები 27–30, როგორც ადრეული მეცნიერული დასკვნა იმის თაობაზე, რომ „უძველესი ისრაელი იყო მაგალითი წინარე-თანამედროვე ერისა“.[9]

ზუსტად იგივე პერიოდში ჩაისახა ქართული ტომების სახელმწიფოებრიობაც. ქაშქებისა და მუშქების მეომარმა ტომებმა კოლხას და დიაოხის სახელმწიფოებად დაიწყეს გაერთიანება. ასურულ წყაროებში ნახსენებია სხვა დიდი გაერთიანებებიც, მაგალითად, ნაირი, რომელშიც სავარაუდოდ გაერთიანებული იყო კოლხებთან და მესხებთან ერთად აგრეთვე სხვა კავკასიური ტომებიც: ურარტუელები, ჩრდილო-კავკასიელები (ვაინახები, უდიები-ალბანელები და სხვანი).

თავის წიგნში ათენის ერ-სახელმწიფო ედვარდ ე. კოენი ამტკიცებს, რომ ძველი ათენის ქალაქი-სახელმწიფო აკმაყოფილებდა ერის თანამედროვე განმარტებების ყველა მოთხოვნას[10] და ავიელ როშვალდიც მსგავს მსჯელობას ავითარებს წიგნში ნაციონალიზმის გამძლეობა: უძველესი ფესვები და თანამედროვე დილემები.[11]

ერები შუა საუკუნეებში

რედაქტირება

თავის წიგნში სამეფონი და თანასაზოგადოებანი 900-1300 წლების დასავლეთ ევროპაში სიუზენ რეინოლდსი ამტკიცებს, რომ მრავალი ევროპული სამეფო შუა საუკუნეებში იყო ერი თანამედროვე აზრით, იმ განსხვავებით, რომ ნაციონალიზმში პოლიტიკური მონაწილეობის საშუალება ჰქონდათ მხოლოდ შედარებით უფრო წარმატებულ და წერა-კითხვის მცოდნე გაბატონებულ კლასს.[12]

ედრიენ ჰასთინგსი თავის წიგნში ერის მშენებლობა: ეთნიკურობა, რელიგია და ნაციონალიზმი გამოთქვამს აზრს, რომ ინგლისის ანგლო-საქსი მეფეები მასებში ნაციონალიზმს ავრცელებდნენ, რათა მოეხერხებინათ ვიკინგთა შემოსევების მოგერიება. ჰასთინგსი ამტკიცებს, რომ ალფრედ დიდი, მაგალითად, ეყრდნობოდა ბიბლიურ ნაციონალიზმს თავის კანონთა კრებულში და მისი მეფობის დროს ბიბლიის რჩეული წიგნები ნათარგმნი იქნა ძველ ინგლისურ ენაზე, რათა ინგლისელები წაექეზებინათ ვიკინგი დამპყრობლების წინააღმდეგ საბრძოლველად. ჰასთინგსი ფიქრობს, რომ ინგლისური ნაციონალიზმის მძლავრი აღორძინება (ნორმანთა მიერ დაპყრობის პერიოდში გაჩენილი ცარიელი სივრცის შემდეგ) დაემთხვა ვიკლიფის ბიბლიის თარგმანს 1380-იან წლებში. იგი ამტკიცებს, რომ ინგლისური ნაციონალიზმი მას შემდეგ უწყვეტად ვითარდებოდა.[13]

აზარ გატი იმ მეცნიერთა შორისაა, რომლებიც ამტკიცებენ, რომ ევროპის შუა საუკუნეების პერიოდში ჩინეთი, კორეა და იაპონია ერებს წარმოადგენდნენ.[14]

შუა საუკუნეების შუა პერიოდში ქართველმა ერმა თავისი პოლიტიკური ძლიერების მწვერვალს მიაღწია, რომელიც ოქროს ხანის სახელითაა ცნობილი ჩვენს ისტორიოგრაფიაში. ცენტრალიზებულმა მონარქიამ მეთორმეტე-მეცამეტე საუკუნეებში თავისი ძალაუფლების ქვეშ გააერთიანა მთელი კავკასია (როგორც ჩრდილოეთი, ისე სამხრეთი) და თავისი პოლიტიკური გავლენა კავკასიის რეგიონის მიღმაც შორს გაავრცელა მცირე აზიაში და მის გარეთაც. ყვაოდა ქართული კულტურა, დაარსდა აკადემიები და უნივერსიტეტები. ქართული ოქროს ხანა დამთავრდა ლაშა-გიორგის მეფობის პერიოდში, მონღოლთა იმპერიის დაპყრობითი ომების შედეგად.

ტერმინის nationes გამოყენება უნივერსიტეტებსა და შუა საუკუნეების დროინდელ სხვა დაწესებულებებში

რედაქტირება

შუა საუკუნეების უნივერსიტეტებში დაფიქსირებულია ტერმინი natio-ს გამოყენება.[15] პარიზის უნივერსიტეტში ამ ტერმინით მიანიშნებდნენ იმ კოლეგებზე ან იმ სტუდენტებზე, რომლებიც დაბადებულნი იყვნენ pays-ში (ფრანგ. ქვეყანა), საუბრობდნენ ერთსა და იმავე ენაზე და ექვემდებარებოდნენ ადგილობრივ კანონებს. 1383-84 წლებში, როდესაც პარიზში თეოლოგიას სწავლობდა, ჟან გერსონი ორჯერ იქნა არჩეული ფრანგი natio-ს ანუ ერის პროკურატორად. დაარსების წლიდანვე ანუ 1349 წლიდან პრაღის უნივერსიტეტში მიღებული იყო სტუდენტების დაყოფა nationes-ად, რომელთა შორის მოიხსენიებოდა ბოჰემიელი, ბავარიელი, საქსონელი და სილეზიელი ნაციები.

სწორედ ასევე, იერუსალიმის ჰოსპიტალერ რაინდებს როდოსზე ჰქონდათ სასტუმრო-ჰოსტელები, სადაც უცხოელებს შეეძლოთ ტრაპეზობა და ჰქონდათ თავიანთი შეხვედრის ადგილები, თითოეულ ნაციას სხვებისგან ცალკე, თითოეულ მათგანს მეურვეობდა რომელიმე რაინდი და აკმაყოფილებდა იქ მცხოვრებთა საჭიროებებს ამ უკანასკნელთა რელიგიური კუთვნილების შესაბამისად, როგორც აღნიშნავს ესპანელი მოგზაური პედრო ტაფური 1436 წელს.[16]

ერების ჩამოყალიბება თანამედროვე სახით

რედაქტირება

თავის სტატიაში „მოზაიკური მომენტი: ადრეული მოდერნისტული კრიტიკა ნაციონალიზმის მოდერნისტული თეორიისა“, ფილიპ ს. გორსკი ამტკიცებს, რომ პირველი თანამედროვე ერი გახდა ჰოლანდიის რესპუბლიკა, რომელიც შეიქმნა მთლიანად თანამედროვე პოლიტიკური ნაციონალიზმის საფუძველზე, რაც, თავის მხრივ, ბიბლიური ნაციონალიზმის მოდელის მიხედვით იქნა აგებული.[17]

2013 წლის სტატიაში „ბიბლიური ნაციონალიზმი და XVI საუკუნის სახელმწიფოები“, დიანა მუირ აპელბაუმი ავრცელებს გორსკის არგუმენტებს კიდევ რამდენიმე სხვა პროტესტანტულ სახელმწიფოზე.[18]

მსგავსი, ოღონდ უფრო ფართო არგუმენტაცია გამოყენებული იქნა ენთონი დ. სმითის მიერ თავის წიგნებში რჩეული ხალხები: ეროვნული იდენტობის წმინდა წყაროები და ერის მითები და მოგონებები.[19]

თავის წიგნში ნაციონალიზმი: ხუთი გზა თანამედროვეობისაკენ, ლია გრინფელდი ამტკიცებდა, რომ ნაციონალიზმი გამოგონებული იქნა ინგლისში 1600 წელს. გრინფელდის მიხედვით, ინგლისი იყო მსოფლიოში პირველი ერი.[20][21]

თანამედროვე ეპოქას ქართველი ერი უკვე კოლონიის სახით შეხვდა, დაპყრობილი რუსეთის იმპერიის მიერ. იმპერიის დასუსტების წლებში იმდროინდელი საქართველოს მოსახლეობამ რამდენიმეჯერ სცადა დამოუკიდებელი ერი-სახელმწიფოს სტატუსის მოპოვება, რაც წარმატებით დაგვირგვინდა 1919-1921 წლებში და 1991 წლიდან დღემდე.

სოციოლოგია

რედაქტირება

XX საუკუნის ბოლოს მრავალი სოციოლოგი გამოყოფდა ორი ტიპის ერებს, სამოქალაქო ერს, რომლის პრინციპული მაგალითიც იყო საფრანგეთი და ეთნიკურ ერს, რომლის მაგალითი იყო გერმანია. გერმანული კონცეფცია მოდის XIX საუკუნის დასაწყისის ფილოსოფოსებისაგან, მათგან ყველაზე უფრო აღსანიშნავია იოჰან გოტლიბ ფიხტე და ერად მიიჩნევს საერთო ენის, რელიგიის, კულტურის, ისტორიისა და ეთნიკური საწყისის მქონე ხალხს, რომლებიც აშკარად განსხვავდება სხვა ერების და ხალხებისაგან.[22]

მეორე მხრივ, სამოქალაქო ერის კონცეფციები სათავეს საფრანგეთის რევოლუციიდან, XVIII საუკუნის ფრანგ ფილოსოფოსებთან და განმანათლებლებთან იღებენ. ერის ცნებაში გადამწყვეტ ფაქტორად აქ ესმოდათ სურვილი „ერთად ცხოვრებისა“, რაც გვაძლევდა ერს მრავლობითი თანხმობის აქტების შედეგად.[23] ასეთი იყო, სხვებთან ერთად, ერნესტ რენანის პოზიციაც.[22]

ამჟამინდელი ანალიზები ეფუძნება ეროვნული იდენტობის ფსიქოტიპის ჩამოყალიბების სოციოლოგიურ და ისტორიულ კვლევებს, მეცნიერები ცდილობენ, რომ გამოყონ ინდივიდუალური და კოლექტიური მექანიზმები, როგორც ცნობიერი, ისე არაცნობიერი, ნებელობითი თუ უნებლიე. ზოგიერთი ეს კვლევები აჩვენებს, რომ სახელმწიფო ხშირად მნიშვნელოვან როლს თამაშობს ამ პროცესში, ისევე, როგორც კომუნიკაციები, განსაკუთრებით, ეკონომიკური შინაარსისა.[22]

შავი ნაციონალიზმი

რედაქტირება

XVIII საუკუნემ ცვლილება შეიტანა ტერმინი ნაციის გაგებაში, მისი მნიშვნელობა დავიწროვდა და დაუახლოვდა ერ-სახელმწიფოს ცნებას. ამიერიდან იგი გამოიყენება იმ ჯგუფების მიმართ, რომელთაც გააჩნიათ აღიარებული და სუვერენული მთავრობა და ფიზიკური საზღვრები.[24] ნაციებმა დაიწყო განვითარება XVIII საუკუნის ბოლოსკენ, როგორც ხელისუფლების (მთავრობისა) და სოციალური ორგანიზაციის წამყვანმა ფორმამ.[25]

მნიშვნელობის ამ ცვლილებაზე კატალიზატორული გავლენა მოახდინა აგრეთვე მსოფლიოს ზოგი ქვეყნის აფრიკულმა დიასპორამ და საკუთარმა დიასპორებმა სხვა სახელმწიფოებში. განსაკუთრებით ეს მართებულია ამერიკის შეერთებული შტატებისათვის. ეროვნული იდენტობის აღიარებამ მოიტანა ხმის მიცემის უფლება, არჩევნებში საკუთარი კანდიდატურის წამოყენების უფლება და დიასპორებით დასახლებული ტერიტორიების გათავისუფლება კოლონიური სისტემის მმართველობისაგან.[26]

XVIII საუკუნემდე ტერმინი ნაციის გამოყენება ძირითადად ტერმინი ეთნოსის სინონიმური იყო და გულისხმობდა ენით, წარმოშობის რეგიონითა და მსგავსი კულტურული გარემოთი გაერთიანებულ ხალხს ან მოსახლეობის ჯგუფს. ემანსიპაციის, მონებით ვაჭრობის აკრძალვის და აბოლიციონიზმის პროცესების გაღრმავებასთან ერთად ნაციის კონცეფციამ ცვლილება განიცადა. როდესაც ადრე დამონებულნი თავიანთი უფლებებისათვის იბრძოდნენ, მათ უნდა გაეცნობიერებინათ და განემარტათ, რა სახის უფლებები იყო ეს. მათ სულაც არ სურდათ უკვე კარგად დავიწყებულ აფრიკაში დაბრუნება, მათ მოისურვეს ამერიკის კონტინენტზე დარჩენა და თეთრი მოსახლეობის ტოლფასი უფლებებით სარგებლობა. აი ამ პროცესში ენამ და კულტურულმა მემკვიდრეობამ დაკარგა ერის მსაზღვრელების ფუნქცია და ძირითადი იდეური დატვირთვა გადავიდა საერთო მთავრობასა და ფიზიკურ საზღვრებზე.[27]

დიასპორებს შიგნით, განსაკუთრებით კი პოლიტიზებული ჯგუფების შიგნით ტერმინი ნაცია გამოიყენებოდა უკვე აბსტრაქტული მნიშვნელობით, ფიზიკური საზღვრებისა და ენობრივი განსხვავებების მიმართ ტრანსცენდენტური აზრით. ნაციის თუ ერის ამგვარი აღწერა-მნიშვნელობა რადიკალიზებული იქნა ამერიკის შეერთებულ შტატებში და მას შავი ნაციონალიზმი უწოდეს.

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. See, Anthony D. Smith, "Ethnie and Nation in the Modern World", Millennium, 14:2 (1983), 128-32; Peter Alter, Nationalism (London: Edward Arnold, 1989), 17.
  2. Anderson, Benedict (1983). Imagined Communities. London: Verso Publications. 
  3. James, Paul (1996). Nation Formation: Towards a Theory of Abstract Community. London: Sage Publications, გვ. 34 'A nation is at once an objectively abstract society of strangers, usually connected by a state, and a subjectively embodied community whose members experience themselves as an integrated group of compatriots.'. ISBN 0-7619-5072-9. 
  4. James, Paul (2006). Globalism, Nationalism, Tribalism: Bringing Theory Back In. London: Sage Publications. 
  5. Harper, Douglas. Nation. Online Etymology Dictionary. ციტირების თარიღი: 5 June 2011..
  6. Earnest Gellner, Nations and Nationalism, 1983.
  7. Nations: The Long History and Deep Roots of Political Ethnicity and Nationalism. Cambridge: Cambridge University Press. 2013, p. 85
  8. Nations: The Long History and Deep Roots of Political Ethnicity and Nationalism. Cambridge: Cambridge University Press. 2013, p. 89
  9. Nations: The Long History and Deep Roots of Political Ethnicity and Nationalism. Cambridge: Cambridge University Press. 2013, p. 90
  10. Edward E. Cohen, The Athenian Nation. Princeton: Princeton University Press, 2000
  11. The Endurance of Nationalism: Ancient Roots and Modern Dilemmas (Cambridge: Cambridge University Press, 2006).
  12. Susan Reynolds, Kingdoms and Communities in Western Europe 900-1300, Oxford, 1997.
  13. Adrian Hastings, The Construction of Nationhood: Ethnicity, Religion and Nationalism. Cambridge: Cambridge University Press, 1997
  14. Azar Gat, Nations: The Long History and Deep Roots of Political Ethnicity and Nationalism, Cambridge: Cambridge University Press. 2013, China, p. 93 Korea, p. 104 and Japan p., 105.
  15. see: nation (university)
  16. Pedro Tafur, Andanças e viajes.
  17. Philip S. Gorski, "The Mosaic Moment: An Early Modernist Critique of the Modernist Theory of Nationalism", American Journal of Sociology 105:5 (2000), pp. 1428–68.[1]
  18. Diana Muir Appelbaum, Biblical nationalism and the sixteenth-century states, National Identities, 2013, [2]
  19. Anthony D. Smith, Chosen Peoples: Sacred Sources of National Identity (Oxford University Press, 2003) and Myths and Memories of the Nation (Oxford University Press, 1999).
  20. Steven Guilbert, The Making of English National Identity, http://www.cercles.com/review/R12/kumar7.htm
  21. Liah Greenfeld, Nationalism: Five Roads to Modernity, Harvard University Press, 1992.
  22. 22.0 22.1 22.2 Noiriel, Gérard (1992). Population, immigration et identité national en France:XIX-XX Siècle.. Hachette. ISBN 2010166779. 
  23. Rogers Brubaker, Citizenship and nationhood in France and Germany, Harvard University Press, 1992, ISBN 978-0-674-13178-1
  24. Bauböck, Rainer, and Thomas Faist. Diaspora and Transnationalism: Concepts, Theories and Methods. Amsterdam: Amsterdam UP, 2010. Print.
  25. Manning, Patrick The African Diaspora: A History through Culture, Columbia studies in international and global history. Columbia University Press, გვ. np. ISBN 9780231513555. ციტირების თარიღი: 2014-01-02. „The nation began to emerge in the late 18th century as the leading form of government and social organization.“ 
  26. Manning, Patrick The African Diaspora: A History through Culture, Columbia studies in international and global history. Columbia University Press, გვ. np. ISBN 9780231513555. ციტირების თარიღი: 2014-01-02. „Haiti and Liberia stand out as early black nations; the United States and Brazil stand out as early, multicultural nations with large black populations. Nationhood came gradually to all black people. National identity brought rights to vote, to hold office, and independence for a growing number of black territories held under colonial rule.“ 
  27. Manning, Patrick. The African Diaspora: A History through Culture. New York: Columbia UP, 2009. Print.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=ერი&oldid=4371089“-დან