სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ერი (მრავალმნიშვნელოვანი).

ერი — ძველი ქართული ტერმინი, ერთდროულად აღნიშნავდა ხალხსაც და ჯარსაც; წარმოშობილი უნდა იყოს სამხედრო დემოკრატიის ხანაში, როდესაც ხალხი და ჯარი ერთმანეთისაგან განუყრელი იყო. სტრაბონის მესამე გენოსის („მიწისმოქმედნი და მეომარნი“) ქართული სახელწოდება „ერი“ უნდა ყოფილიყო. სტრაბონისდროინდელი ერი იბერიის თავისუფალი მოსახლეობის უმრავლესობას შეადგენდა, მაგრამ განსხვავდებოდა ძველი ერისგან, მას აღარ გააჩნდა სუვერენობის ძირითადი ნიშნები (მმართველობის უმაღლესი ორგანოები, საბჭო და სახალხო კრება). ყოველი თავისუფალი მიწისმოქმედი მეომარიც იყო. იბერიის თავისუფალი მიწისმოქმედი საზოგადოება საჭირო შემთხვევაში ლაშქრობის ვალდებულიც იყო. შემდეგში შეიქმნა მეომართა ფენა, რომელიც მუდმივ სამხედრო სამსახურში იმყოფებოდა. მათგან გამოვიდნენ ანაურ-წარჩინებულებულთა და მხედართა სოციალური წინაპრები. შემდგომში, ფეოდალიზმის განვითარების შედეგად, ერის დაშლის პროცესი უფრო გაღრმავდა. ადრინდელი ფეოდალური ხანის ქართული წყაროებით წინანდელი თავისუფალი ერი უკვე სხვაზეა დამოკიდებული, ამიტომ, როდესაც ამა თუ იმ ფეოდალის სიძლიერეს აღნიშნავდნენ, იტყოდნენ, რომ ის ყველას აღემატებოდა „სიმრავლითა ერთა“ („სერაპიონ ზარზმელის ცხოვრება“). ამ ვითარების შედეგია, რომ ერის გვერდით ხმარობენ წვრილ ერსაც. ეს სახელწოდება პირველად დამოწმებულია ჯუანშერთან V საუკუნის ამბებთან დაკავშირებით. „წურილი ერი“ თავის თავს ერს ეძახდა და თავისი ძველი უფლებებისათვის ბრძოლას განაგრძობდა. ერის ნაშთები „ჰეროვანთა“ სახით მთაში, ხოლო „ერისაგანთა“ სახით ბარში განვითარებული ფეოდალიზმის ხანაშიც გვხვდება.

„ერისთაგანნი“ თავიანთ „უფალთა“ („პატრონთა“) „ყმებად“ ითვლებოდნენ ცალ-ცალკე თუ თემობით და ამის შესაბამისად ემსახურებოდნენ მათ. ისინი ამასთანავე ლაშქრობის მოვალენიც იყვნენ და ამის გამო, ტერმინი „ერისაგანი“, რომელიც სოციალურად „აზნაურს“ უპირისპირდებოდა, ჩვეულებრივ მოლაშქრის მნიშვნელობითაც იხმარებოდა. მას შემდეგ, რაც მატერიალურ დოვლათის მწარმოებელი საზოგადოება ჩვენში ძირითადად „გლეხთა“ კლასში გაერთიანდა, ზეპირი თუ მწიგნობრული ტრადიციით „ერი“ ხალხისა და ლაშქრის აღსანიშნავად დარჩა, მაგრამ დამოუკიდებელი სოციალური შინაარსით აღარ იხმარებოდა. XIX საუკუნის შეცვლილ პოლიტიკურ და სოციალურ-ეკონომიკურ ვითარებაში, როდესაც საქართველოში ჩამოყალიბდა ადამიანთა ახალი სოციალური-ისტორიული ერთობის ფორმა — ნაცია, ერი ამ ცნების აღმნიშვნელ სიტყვად იქცა.

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

ლიტერატურა

რედაქტირება
  • საქართველოს ისტორიის ნარკვევები, ტ. 2 თბ., 1973;
  • ჯანაშია ს., საქართველო ადრინდელი ფეოდალიზაციის გზაზე, შრომები, ტ. 1, თბ., 1949