ივანე (მუშნი) კონსტანტინეს ძე დადიანი (დ. 4 ნოემბერი, 1875, სოფ. ჭკადუაში, ახლანდ. ზუგდიდის მუნიციპალიტეტი, — გ. 1 სექტემბერი, 1924, თბილისი) — ქართველი სამხედრო მოღვაწე, XX საუკუნის დასაწყისის ეროვნულ-გამათავისუფლებელი მოძრაობის მონაწილე.

ბიოგრაფია

რედაქტირება

თავად კონსტანტინე გიორგის ძე დადიანის (დ. 1852 — გ. 1903) და ელენე (და­უმ­ხან) ოთარის ასულ დადიშქელიანის (დ. 1855 — გ. 1894) შვილი; „დიდი ნიკო“ დადიანის შვილთაშვილი. სწავლობდა ქუთაისის გიმნაზიაში (არ დაუმთავრებია). 1898-1900 წლებში მოხალისედ მსახურობდა ნიჟეგოროდის მე-17 დრაგუნთა პოლკში, შემდეგ თადარიგში იყო. 1904 წლიდან იყო სოციალისტ-ფედერალისტების პარტიის წევრი. მონაწილეობდა რუსეთის 1905 წლის რევოლუციაში. 1905 წლის 30 მარტს ზუგდიდში გამართულ მაზრის თავადაზნაურთა კრებაზე რევოლუციის მიზეზად „დაძველებული და დახავსებული პოლიტიკური წესწყობილება“ დაასახელა და მოუწოდა მონაწილეებს შეერთებოდნენ სახალხო მოძრაობას, ასევე შეექმნათ „მოშუამდგომე კომისია“.[1] სპირიდონ კედიას და ალექსანდრე ჩხეტიასთან ერთად ხელმძღვანელობდა 1905 წელს ევროპიდან რევოლუციონერებისათვის გამოგზავნილი იარაღის შავი ზღვიდან ზუგდიდში გადატანას. „ზუგდიდის რესპუბლიკის“ საქმის გამო პასუხისგებაში მისცეს, გენერალ ალიხანოვ-ავარსკის სადამსჯელო რაზმმა 1906 წლის 3 თებერვალს დადიანის მამაპაპისეული სახლ-კარი და კარ-მიდამო გადაწვა, თავად მუშნი დადიანმა კი თავი სვანეთის გავლით, სპირიდონ კედიასა და 6 სვანის თანხლებით, ყარაჩაიში, დედამისის ნათესავებს შეაფარა (ეს რთული მოგზაურობა აღწერა მოგონებებში). სამშობლოში დაბრუნების შემდეგ მონაწილეობდა საზოგადოებრივ ცხოვრებაში. წერდა ლექსებს სამშობლოსა და თავისუფლებაზე „მებრძოლის“ ფსევდონიმით.

I მსოფლიო ომის დაწყების შემდეგ დაუბრუნდა სამხედრო სამსახურს. მიიღო პორუჩიკობა. მსახურობდა ე. წ. „ველური დივიზიის“ ყაბარდოს ცხენოსან პოლკში, შემდეგ ჩაჩნურ ცხენოსან პოლკში. იბრძოდა კარპატებში. 1917 წლის თებერვლის რევოლუციის შემდეგ იყო პეტროგრადში ქართველ მხედართა კავშირის წევრი. 1917 წლის აგვისტოში, გენერალ ლავრ კორნილოვის გამოსვლის პერიოდში, დადიანი მონაწილეობდა „მილლი შუროს“ (მუსულმანთა ეროვნული საბჭო) მიერ „ველურ დივიზიასთან“ წარგზავნილ დელეგაციაში. დაჯილდოებული იყო წმ. ანას IV ხარისხის ორდენითა და „გიორგის იარაღით“ (ორივე 1917).

1918 წლიდან მსახურობდა საქართველოს ჯარში, 1-ლი ცხენოსანთა პოლკის როტმისტრად. 1919 წლის სექტემბერში დაითხოვეს ცხენოსანი ჯარის თადარიგში.[2] 1921 წელს საბჭოთა ოკუპაციის შემდეგ დადიანი ერთხანს ქართული წითელი არმიის ცხენოსან დივიზიაში მსახურობდა. მონაწილეობდა ანტისაბჭოთა აჯანყების მომზადებაში. როგორც საქართველოს დამოუკიდებლობის კომიტეტის რწმუნებული, ფარულად ადგენდა შეიარაღებულ ჯგუფებს სამეგრელოსა და სამურზაყანოში, მისი უმცროსი ძმა ოთარ დადიანი კი ტყეში იყო გასული თავის პარტიზანულ რაზმთან ერთად. 1924 წლის აგვისტოს აჯანყების დამარცხების შემდეგ საქართველოს სსრ შინაგან საქმეთა სახალხო კომისარმა საშა გეგეჭკორმა შერიგების პირობით ძმები ტყიდან გამოიტყუა და დააპატიმრა სენაკის მაზრაში. მუშნი და ოთარ დადიანები მათ ნათესავთან, ნესტორ გარდაფხაძესთან, და სხვა მსჯავრდებულებთან ერთად თბილისში დახვრიტეს.

მუშნი დადიანს ცოლად ჰყავდა ეკატერინე ჯიჯიხია (დ. 1881 — გ. 1966). მათი შთამომავლები საქართველოში ცხოვრობენ.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი, 1801-1952: ტ. I ა-დ / იოსებ იმედაშვილი.-თბ.,2018.- გვ. 796;
  • ქართველთა და ყარაჩაელ-ბალყარელთა მეგობრობის ქრონიკები : წარჩინებულ გვართა ნათესაური კავშირები / ნიკო ჯავახიშვილი // ისტორიანი : ისტორიულ-შემეცნებითი ჟურნალი. - თბილისი, 2015. - ISSN 2233-3843. - თებერვალი. - N2(50). - გვ. 20-26;
  • ჯიქია ლ., 1924 წლის აჯანყება დასავლეთ საქართველოში, თბ.: უნივერსალი, 2012.
  • ცხოვრება გვანჯი ჩიქოვანისა ; მუშნი დადიანი. წერილები, დღიურები / ემზარ კვიტაიშვილი ; [რედ. როსტომ ჩხეიძე ; მხატვ. გოგი წერეთელი ; პროექტის ავტ.: გიორგი ყუფუნია, ოთარ ჭითანავა]. - თბ., 2011. - ISBN 978-9941-0-3803-7;
  • Союз горцев. Русская революция и народы Северного Кавказа, 1917 - март 1918 г. / Тимур Музаев. — М. : Патрия, 2007. - გვ. 475;
  • Новые материалы из Грузии / Бегеулов Р.М. // Известия КНИИ им. А.И. Батчаева. Вып. 12. - Черкесск, 2017. - С. 4-21.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება