ალექსანდრე ჩხეტია
ალექსანდრე (სანდრო) დავითის ძე ჩხეტია (დ. 1873, სოფ. კორცხელი, ახლანდ. ზუგდიდის მუნიციპალიტეტი, — გ. 23 სექტემბერი, 1949, ზუგდიდი) — ქართველი პედაგოგი, რევოლუციური მოძრაობის მონაწილე.
დაამთავრა ხონის საოსტატო სემინარია (1890). შემდეგ მასწავლებლობდა ზუგდიდის მაზრის სოფლებში, თუმცა ხელისუფლების წარმომადგენლების ზეწოლით იძულებული გახდა ქუთაისში გადასულიყო სამუშაოდ. 1902 წელს ქუთაისში გახსნა კერძო სასწავლებელი, სადაც მასწავლებლებად იმ დროის ცნობილ პედაგოგებს იწვევდა; 1903 წელს კი მისი ინიციატივით ზუგდიდში ქალთა კერძო პროგიმნაზია გაიხსნა. რუსეთის 1905 წლის რევოლუციის დროს იყო სოციალისტ-ფედერალისტების პარტიაში, აქტიურად მონაწილეობდა რევოლუციურ მოძრაობაში ზუგდიდის მაზრაში, რის გამოც მისი სკოლა დახურეს. 1908 წელს დააპატიმრეს, მაგრამ ქუთაისის ციხიდან გაიქცა. 1911 წელს კვლავ შეიპყრეს და ირკუტსკის გუბერნიაში სამუდამო გადასახლება მიუსაჯეს. 1917 წლის თებერვლის რევოლუციის შემდეგ სამშობლოში დაბრუნდა და 1940 წელს ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებამდე ზუგდიდის საშუალო სკოლებში განაგრძო მუშაობა. დაწერა და საქართველოს სახალხო განათლების სახელმწიფო მუზეუმს გადასცა თავისი ვრცელი მოგონებები, რომლებშიც ასახულია 1895-1920 წლებს შორის საქართველოს სინამდვილეში მომხდარი ამბები, აღწერილია სახალხო განათლების მაშინდელი მდგომარეობა და საზოგადოებრივი ცხოვრების ვითარება.
ლიტერატურა
რედაქტირება- ალექსანდრე ჩხეტია (1873-1949) / ცაიშვილი, ს. // სახალხო განათლების ქართველი მოღვაწეები და სახალხო მასწავლებლები : კრ. 1 / საქ. სსრ განათლ. სამ.. - თბ., 1953. - გვ.401-404.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- ალექსანდრე ჩხეტია — საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი
- ალექსანდრე ჩხეტია — საქართველოს პირველი რესპუბლიკის (1918-1921) პროსოპოგრაფიული ბაზა (ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი)