მდგრადი განვითარების მიზნები
მდგრადი განვითარების მიზნები — საერთაშორისო თანამშრომლობის მიზნების ერთობლიობა, რომელმაც 2015 წლის ბოლოს შეცვალა ათასწლეულის განვითარების მიზნები. გაეროს მდგრადი განვითარების მიზნები გულისხმობს 17 მიზანს მსოფლიოს უკეთესი და მდგრადი მომავლის მისაღწევად.[1] გაეროს მდგრადი განვითარების მიზნები 2015 წელს განისაზღვრა გაეროს გენერალური ასამბლეის მიერ. გაეროს 70/1 რეზოლუციის თანახმად, აღნიშნული მიზნები 2030 წლისთვის უნდა იყოს მიღწეული.[2]
მდგრადი განვითარების მიზნებია:[3] (1) სიღარიბის აღმოფხვრა[⇨]; (2) ნულოვანი შიმშილი[⇨]; (3) ჯანსაღი ცხოვრება და კეთილდღეობა[⇨]; (4) ხარისხიანი განათლება[⇨]; (5) გენდერული თანასწორობა[⇨]; (6) სუფთა წყალი და სანიტარია[⇨]; (7) ხელმისაწვდომი და მდგრადი ენერგია[⇨]; (8) ღირსეული სამუშაო ეკონომიკური ზრდა[⇨]; (9) მრეწველობა, ინოვაცია და ინფრასტრუქტურა[⇨]; (10) შემცირებული უთანასწორობა[⇨]; (11) მდგრადი ქალაქები და დასახლებები[⇨]; (12) მდგრადი მოხმარება და წარმოება[⇨]; (13) კლიმატის ცვლილების საწინააღმდეგო ქმედებები[⇨]; (14) ოკეანისა და ზღვის რესურსები[⇨]; (15) დედამიწის ეკოსისტემები[⇨]; (16) მშვიდობა, სამართლიანობა, ძლიერი ინსტიტუციები[⇨]; (17) პარტნიორობა მიზნის მისაღწევად[⇨].
მდგრადი განვითარების მიზნებს აქვს განსაზღვრული ინდიკატორები, რომლის მიხედვითაც ფასდება პროგრესი. თითოეულს მიზანი საშუალოდ 5-დან 10 ინდიკატორამდე შედგება. საერთო ჯამში გაეროს მდგრადი განვითარების მიზნები წარმოადგენს 17 მიზნისა და 169 ინდიკატორის ნაკრებს.
ისტორია
რედაქტირება1972 წელს შვედეთის დედაქალაქ სტოკჰოლმში ორგანიზაციის წევრი სახელმწიფოებისთვის გაიმართა კონფერენცია, რომელზეც განიხილებოდა ოჯახთა უფლებათა, ჯანმრთელობასთან და ჯანსაღ გარემოსთან დაკავშირებული საკითხები.[4] 1983 წელს გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ შექმნა მსოფლიო კომისია ჯანსაღი გარემოსა და განვითარების საკითხებზე, მოგვიანებით მას ეწოდა ბრუნდტლანდის კომისია, რომლის მთავარ მიზანსაც წარმოადგენდა მდგრადი განვითარება.[5] აღნიშნული კომისიის მიერ 1992 წელს გაიმართა პირველი კონფერენცია ბრაზილიის ქალაქ რიო-დე-ჟანეიროში, რომლის ფარგლებშიც შეიმუშავეს სამოქმედო გეგმა ჯანსაღი გარემოსა და განვითარების საკითხებზე. პირველი სამოქმედო გეგმა ცნობილია, როგორც „აჯენდა 21“.
მომდევნო, რიგით მესამე საერთაშორისო კონფერენცია ჯანსაღი გარემოსა და განვითარების საკითხებზე გაიმართა 20 წლის შემდეგ 2012 წელს, კვლავ ბრაზილიის ქალაქ რიო-დე-ჟანეიოროში, აღნიშნული შეხვედრა ცნობილია, როგორც „რიო+20“. კონფერენციის შემაჯამებელ დოკუმენტში განისაზღვრა მდგრადი განვითარების 17 მიზანი. „რიო+20“-ის კონფერენციაზე წევრმა სახელმწიფოებმა მიიღეს რეზოლუცია ცნობილი, როგორც „მომავალი რომელიც ჩვენ გვსურს“. მნიშვნელოვანი თემები რაზეც მოხდა შეთანხმება კონფერენციის მსვლელობისას იყო სიღარიბის აღმოფხვრა, ენერგია, სუფთა წყალი და სანიტარული მდგომარეობა, ჯანმრთელობა და ადამიანთა დასახლება.[6]
2013 წლის იანვარში შეიქმნა გაეროს გენერალური ასამბლეის 30-კაციანი ღია სამუშაო ჯგუფი, რომელიც მუშაობდა მდგრადი განვითარების საკითხებზე. ჯგუფმა შეიმუშავა სპეციფიური მიზნები მდგრადი განვითარებისთვის. სამუშაო ჯგუფს დაევლა, რომ მოემზადებინა შეთავაზება მდგრადი განვითარების მიზნებზე 68-ე გენერალური ასამბლეის მსვლელობისას.[6] 2014 წლის 19 ივლისს ღია სამუშაო ჯგუფმა გადაუგზავნა შეთავაზება მდგრადი განვითარების მიზნების შესახებ ასამბლეას. 13 სესიის შემდეგ ღია სამუშაო ჯგუფმა წარადგინა შეთავაზება 8 მდგრადი განვითარების მიზნისა და 169 ამოცანის შესახებ გენერალური ასამბლეის 68-ე სესიაზე, რომელიც ჩატარდა 2014 წლის სექტემბერს. 2014 წლის 5 დეკემბერს, გაეროს გენერალურმა ასამბლეამ მიიღო გენერალური მდივნის დასკვნა, რომელშიც ნახსენებია რომ 2015 წლის სამოქმედო გეგმაზე მუშაობის პროცესი ღია სამუშაო ჯგუფის მიერ შემოთავაზებული მეთოდოლოგიის მიხედვით წარიმართებოდა.[7]
გაეროს მდგრადი განვითრების მიზნები შეიქმნა „ათასწლეულის განვითარების მიზნების“ (MDGs) წარმატების მისაღწევად. ათასწლეულის განვითარების მიზნები გულისხმობდა 8 საერთაშორისო განვითარების მიზანს, რომელიც გაეროს წევრმა სახელმწიფოებმა დაისახეს 2000 წლის სექტემბერში „ათასწლეული სამიტზე“ გაეროს სათაო ოფისში ამერიკის ქალაქ ნიუ-იორკში. მდგრადი განვითარების მიზნები სწორედ ათასწლეულის განვითარების შეუსრულებელი ამოცანების განხორციელებას ისახავს მიზნად და კიდევ უფრო ფართო და ამბიციურ მისწრაფებებს გვთავაზობს.
ათასწლეულის განვითარების მიზნების მიმართულების გაგრძელებასთან ერთად, მდგრადი განვითარების სამიზნე გახდა ეკონომიკური, სოციალური და გარემოსდაცვითი საკითხების ფართო სპექტრი მომავალში მშვიდობიანი და ინკლუზიური საზოგადოების მშენებლობისთვის.
2015 წლის შემდგომი განვითარების სამოქმედო გეგმის შესადგენად მოლაპარაკებების წარმოება 2015 წლის აგვისტოს დაიწყო და 2015 წლის იანვარში დასრულდა. პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობდა გაეროს სხდომები დაფინანსების საკითხზე განვითარების მიზნების იმპლემენტაციის მიზნით. მოლაპარაკების პროცესი 2015 წლის ივლისში დასრულდა „ადის-აბების სამოქმედო გეგმის“ შემუშავებით. დასკვნითი დოკუმენტი კი შემუშავებულ იქნა 2015 წლის სექტემბერში, ამერიკის დედაქალაქ ნიუ-იორკში, გაეროს მდგრადი განვითარების სამიტზე.[8]
2015 წლის სექტემბერში, გაეროს გენერალური ასამბლეის 193 წევრმა სახელმწიფომ მიიღო 2030 წლის მდგრადი განვითარების დოკუმენტი, სახელწოდებით: „მსოფლიოს ტრანსფორმაცია: 2030 წლის სამოქმედო გეგმა მდგრადი განვითარებისთვის“ აღნიშნული დოკუმენტი შედგება 92 პარაგრაფისაგან. 59-ე პარაგრაფში აღწერილია მდგრადი განვითარების 17 მიზანი 169 ამოცანასთან და 232 ინდიკატორთან ერთად.
ამოცანები და ინდიკატორები
რედაქტირებაგაეროს მდგრადი განვითარების 17 მიზანი 169 ამოცანისა და 232 ინდიკატორის ნაკრებს წარმოადგენს. მიღწეული პროგრესის გაზომვის მიზნით თითოეულ ამოცანაზე საშუალოდ 1-3 ინდიკატორს იყენებენ.[9]
მიზანი 1 — სიღარიბის აღმოფხვრა
რედაქტირებამსოფლიოს პირველ მიზანს წარმოადგენს უკიდურესი სიღარიბის დაძლევა 2030 წლისთვის. ამ მიზნის მისაღწევად აუცილებელია შემუშავდეს ეფექტური სოციალური დაცვის პროგრამები, იმისთვის რომ ყველას თანაბრად მიუწვდებოდეს ხელი საბაზისო სერვისებზე. აღნიშნული მიზნის პროგრესის შესამოწმებლად არსებობს 13 ინდიკატორი. სიღარიბის ინდექსი 1990 წლის შემდეგ განახევრდა. თუმცა, მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში ის კვლავ მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება. მსოფლიოში 10-დან 1 ადამიანის საშუალო ყოველდღიური მინიმუმი 1,25 აშშ დოლარს არ აღემატება. სიღარიბის განმაპირობებელი უმთავრესი ფაქტორებია ჯანდაცვის, უსაფრთხოებისა და განათლების სისტემებზე ხელმიუწვდომლობა. სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი ადამიანები განიცდიან აგრეთვე შიმშილსა და სოციალურ დისკრიმინაციას.
უკიდურეს სიღარიბეში მცხოვრებ ადამიანთა ნახევარზე მეტს ბავშვები წარმოადგენენ. 2013 წლის მონაცემებით 385 მილიონი ბავშვის საარსებო მინიმუმი ყოველდღიურად 1,90 აშშ დოლარს უტოლდებოდა. აღნიშნული პრობლემასთან ბრძოლის პროცესში, მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს არასრული მონაცემთა ბაზა. საშუალოდ წევრი ქვეყნების 97 %-ს არასაკმარისი სტატისტიკური მონაცემები აქვთ სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი ბავშვების მდგომარეობის დასადგენად. ქვეყნების 63 %-ს არანაირი სტატისტიკური მონაცემი აქვთ აღნიშნული პრობლემის შესახებ.
1 მიზნის მიღწევას აფერხებს მსოფლიოს უღარიბეს ქვეყნებში ეკონომიკური ზრდის დაბალი მაჩვენებელი, სოციალური უთანასწორობის მაღალი ხარისხი, სახელმწიფო პოლიტიკური ინსტიტუტებისადმი ნდობის დაბალი ხარისხი და კლიმატური ცვლილებები.[10]
მიზანი 2 — შიმშილის აღმოფხვრა
რედაქტირებააღნიშნული მიზანი გულისხმობს, რომ 2030 წლისთვის უნდა აღმოიფხვრას შიმშილის ყველანაირი ფორმა. ეს მიიღწევა სასოფლო-სამეურნეო პროდუქტიულობისა და მცირე მასშტაბის სურსათის მწარმოებლების (განსაკუთრებით ქალებისა და მკვიდრი მოსახლეობის) შემოსავლის გაორმაგებით, საკვები პროდუქტების წარმოების მდგრადი სისტემების უზრუნველყოფით და მიწისა და ნიადაგის ხარისხის გაუმჯობესებით. დასაქმების თვალსაზრისით სოფლის მეურნეობა ყველაზე მსხვილი სფეროა, რომელიც მოსახლეობის 40 % უზრუნველყოფს საარსებო საშუალებებით. ეს არის ყველაზე დიდი შემოსავლის წყარო ღარიბი სოფლის ოჯახებისთვის. ქალები შეადგენენ სოფლის მეურნეობის მშრომელთა დაახლოებით 43 %-ს განვითარებას ქვეყნებში, ხოლო 50 %-ზე მეტს აზიასა და აფრიკის რეგიონებში. ამასთანავე, ქალები მიწის მხოლოდ 20 %-ს ფლობენ. ყველას ჰქონდეს უსაფრთხო ნოყიერი და საკმარისი საკვები, განსაკუთრებით ბავშვებს, დედებს და დაუცველ ადამიანებს.
რაც შეეხება სხვა ამოცანებს, აღნიშნული მიზნის მისაღწევად აუცილებელია სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწაზე წვდომის გაფართოვება, თესლის გენეტიკური მრავალფეროვნების შენარჩუნება, სავაჭრო ბაზრებზე არსებული შეზღუდვების შემცირება, ფასის მდგრადობის უზრუნველყოფა და ორგანიზაცია „საერთაშორისო სურსათის ნარჩენების კოალიციის“ დახმარებით ნარჩენების სწორი მართვა.
გლობალურად 9 ადამიანიდან 1-ს არ აქვს საკმარისი საკვები საარსებოდ, მათი უმრავლესობა განვითარებად ქვეყნებში ცხოვრობს. კვებასთან დაკავშირებული მწვავე პრობლემების გამო წლიურად 3,1 მილიონი ბავშვიდან საშუალოდ 45 % იღუპება. კვებასთან დაკავშირებული ქრონიკული პრობლემები მსოფლიოში დაახლოებით 155 მილიონზე მეტ ბავშვს ეხება, რაც ხელს უშლის ბავშვთა ფიზიკურ და გონებრივ განვითარებას და ზრდის სიკვდილიანობის ხარისხს. 2017 წლის მონაცემებით, გაეროს წევრი 202 ქვეყნიდან მხოლოდ 26 არის მდგრადი განვითარების მიზნების სრულყოფის გზაზე, ხოლო 20 %-ს არანაირი პროგრესი განუცდია კვებასთან დაკავშირებული პრობლემების შემცირების კუთხით, თითქმის 70 %-ს კი არ აქვს საკმარისი მონაცემები მათი პროგრესის დასადგენად.[11]
მიზანი 3 — ჯანსაღი ცხოვრება და კეთილდღეობა
რედაქტირებააღნიშნულ მიზნის მისაღწევად აუცილებელია დედებისა და ახალშობილებისთვის მშობიარობა გახდეს უსაფრთხო. შემცირდეს ჩვილი და 5 წლამდე ასაკის ბავშვთა სიკვდილიანობა. ყველას ჰქონდეს ხარისხიანი სამედიცინო დახმარება. ხელმისაწვდომი მედიკამენტები და ვაქცინები.
2000-დან 2016 წლამდე სიცოცხლის ხანგრძლივობის გაზრდისა და ჩვილ ბავშვთა და დედათა სიკვდილიანობის შემცირების კუთხით მნიშვნელოვანი ნაბიჯები იქნა გადადგმული. აღნიშნულ პერიოდში 5 წლამდე ასაკის ბავშვთა სიკვდილიანობის მაჩვენებელი 47 %-ით შემცირდა. თუმცა, მაინც 5 წლამდე ასაკის ბავშვთა გარდაცვლილთა რიცხვი კვლავ უკიდურესად მაღალია. მხოლოდ 2016 წელს აღნიშნული მაჩვენებელი 5,6 მილიონს უტოლდება.
მდგრადი განვითარების მესამე მიზნის მთავარი ამოცანაა 5 წლამდე ასაკის ბავშვების სიკვდილიანობის შემცირება 1000 ცოცხალ დაბადებულზე მინიმუმ 25-მდე. მიმდინარე ტენდენციების გათვალისწინებით, თუ არ მოხდა დროული და მიზანშეწონილი ცვლილებები, 60 ქვეყანაზე მეტი აღნიშნულ მიზანს 2050 წლისთვისა ვერ მიაღწევს. მიზანი 3 ასევე გულისხმობს მშობიარობის პროცესში დედათა სიკვდილიანობის შემცირებას, 100 000 შემთხვევიდან 70-მდე. მიუხედავად იმისა, რომ დედათა სიკვდილიანობის მაჩვენებელი 2000 დან 2015 წლამდე 37 %-ით შემცირდა, 2015 წლის მონაცემებით დაახლოებით 303 000 დედა გარდაიცვალა, მიზანი 3 აგრეთვე მოიცავს მოზარდთა ორსულობის შემცირებას.
პროგრესი მიღწეულია აგრეთვე სუფთა წლისა და სანიტარული სისტემების ხელმისაწვდომობის თვალსაზრისით, მკვეთრად არის შემცირებული ტუბერკულოზის, მალარიისა და შიდსის გავრცელების შემთხვევები. 2000-2016 წლებში აივ ინფექციის გავრცელება შემცირებულია 66 %-ით 15 წლამდე ასაკის ბავშვების შემთხვევაში და 45 %-ით 15-19 წლის მოზარდების შემთხვევაში.[12]
მიზანი 4 — ხარისხიანი განათლება
რედაქტირებააღნიშნული მიზანი გულისხმობს, რომ ყველას თანაბრად შეეძლოს ხარისხიანი განათლების მიღება, აღმოიფხვრას უთანასწორობა საგანმანათლებლო სისტემაში, შეიქმნას უსაფრთხო ინკლუზიური და პოზიტიური გარემო სკოლებში. მონაცემებზე დაყრდნობით, უმთავრესი პროგრესი მიღწეულია განათლების ხელმისაწვდომობის კუთხით დაწყებითი სკოლის დონეზე, როგორც ბიჭებისთვის, ასევე გოგონებისთვის. სკოლის გარეთ მყოფ ბავშვთა რიცხვი თითქმის განახევრდა 1997 წლიდან 2014 წლამდე 112 მილიონიდან 60 მილიონამდე.
განათლების ხელმისაწვდომობა ყოველთვის არ გულისხმობს ხარისხიან განათლებას, მსოფლიოში დაახლოებით 103 მილიონი ახლაგაზრდა განიცდის საბაზისო ცოდნისა და უნარების დეფიციტს, რაც აუცილებელია მომავალში რეალიზაციისთვის, აქედან 60 % კი მდედრობითი სქესის წარმომადგენელია.
მიზანი 4-ის მთავარი ამოცანაა 2030 წლისთვის ყველა გოგოსთვის და ბიჭისთვის იყოს ხელმისაწვდომი ხარისხიანი საშუალო განათლება.[13]
მიზანი 5 — გენდერული თანასწორობა
რედაქტირებააღნიშნული მიზნის მთავარი ამოცანაა ქალებსა და გოგონებს ჰქონდეთ ისეთივე შესაძლებლობები როგორიც მამაკაცებსა და ბიჭებს. დასრულდეს ქალებისა და გოგონების მიმართ ყველა ფორმის ძალადობა და დისკრიმინაცია. აღმოიფხვრას მავნე პრაქტიკები და ტრადიციები, რომლებიც ხელს უშლის გოგონების განვითარებას.
გაეროს თანახმად „გენდერული თანასწორობა არა მხოლოდ ადამიანის ფუნდამენტური უფლებაა, არამედ აუცილებელი საფუძველია მშვიდობიანი და მდგრადი მსოფლიოსთვის.“ ქალებისა და გოგონებისთვის თანაბარი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა სოციალური, პოლიტიკური თუ ეკონომიკური გადაწყვეტილებების მიღების პროცესში ხელს შეუწყობს მდგრადი განვითარების მიზნების სრულყოფას.
2013 წლის მონაცემებით, გაეროს წევრი სახელმწიფოებიდან 143-ს კონსტიტუციურად აქვს დეკლარილებული გენდერული თანასწორობა ეროვნულ დონეზე, თუმცა ცალკეულ რეგიონებში კვლავ სერიოზულ გამოწვევად რჩება დისკრიმინაცია გენდერული ნიშნით.[14]
მიზანი 6 — სუფთა წყალი და სანიტარია
რედაქტირებამდგრადი განვითარების მეექვსე მიზანი შედგება 8 ამოცანისგან და 11 ინდიკატორისგან, რომლებიც გამოიყენება მიზნების მიღწევის პროცესის მონიტორინგისთვის. პირველი სამი ამოცანა ეხება სასმელი წყლის მიწოდებასა და სანიტარული ნორმების გაუმჯობესებას. ამ კუთხით მნიშვნელოვანია სანიტარული პირობები ყველასთვის თანაბრად იყოს მორგებული, რაც გულისხმობს ხანდაზმულებისა თუ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების სპეციფიკური საჭიროები გათვალისწინებას.
2017 წლის მონაცემებით მსოფლიოს 4,5 მილიარდ ადამიანს არ აქვს უსაფრთხო სანიტარული პირობები. 2030 წლისთვის გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების მისაღწევად წევრი ქვეყნების ერთმა მესამედმა უნდა დააჩქაროს პროგრესი ღია დეფეკაციის დასრულების მიზნით.
აგრეთვე აუცილებელია, მუდმივად მოწმდებოდეს წყლის ხარისხი დაბინძურების შესამცირებლად. მოსახლეობა უნდა იყოს მუდმივად ინფორმირებული ჰიგიენის საკითხებზე. აუცილებელია წყალთან დაკავშირებული ბუნებრივი რესურსების: მთების, ტყეების, მდინარეებისა და სხვა რესურსების დაცვა.[15]
მიზანი 7 — ხელმისაწვდომი და მდგრადი ენერგია
რედაქტირებააღნიშნული მიზანი გულისხმობს ყველასთვის საიმედო თანამედროვე და მდგრადი ენერგომომსახურების ხელმისაწვდომობას. მიზანი 7 აგრეთვე გულისხმობს განახლებადი ენერგიის წილისა და ენერგოეფექტურობის გაზრდას, ახალი ტექნოლოგიების განვითარების გზით. ამ კუთხით კი მნიშვნელოვანია ღია დამუშავებისა და სუფთა ენერგეტიკის ინფრასტრუქტურაში უფრო მეტი ინვესტიციის მობილიზება.[16]
მიზანი 8 — ღირსეული სამუშაო და ეკონომიკური ზრდა
რედაქტირებააღნიშნული მიზანი გულისხმობს ყველასთვის ღირსეული და უსაფრთხო სამუშაო პირობების შემქნას, ინკლუზიური და მდგრადი ეკონომიკური განვითარებისთვის. ყველაზე ნაკლებად განვითარებული ქვეყნებისთვის ეკონომიკური მიზანია მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ყოველწლიური მინიმუმ 7 %-იანი ზრდის მიღწევა. უმაღლესი პროდუქტიულობის მიღწევა მოითხოვს დივერსიფიკაციასა და განახლებულ ტექნოლოგიას, ინოვაციასთან, მეწარმეობასთან, მცირე და საშუალო ბიზნესის ზრდასთან ერთად. 2020 წლის მიზანია ახალგაზრდების უმუშევრობის შემცირება და დასაქმების გლობალური სტრატეგიის ამუშავება. 2030 წლისთვის კი დაგეგმილია ტურიზმის მდგრადი განვითარების პოლიტიკის აღსრულება, რაც შექმნის ახალ სამუშაო ადგილებს. მნიშვნელოვანი ყურადღება ეპყრობა აგრეთვე ადგილობრივი ფინანსური ინსტიტუტების გაძლიერებას, მდგრადი ეკონომიკური მიზნების მისაღწევად.
აღნიშნული მიზნის მისაღწევად აგრეთვე აუცილებელია მოხდეს, როგორც ფორმალური აგრეთვე პროფესიული განათლების პოპულარიზაცია და იძულებითი შრომის პრევენცია.[17]
მიზანი 9 — მრეწველობა, ინოვაცია და ინფრასტრუქტურა
რედაქტირებამიზანი 9 გულისხმობდა მდგრადი ინფრასტრუქტურის შექმნასა და ეკონომიკურ განვითარების მოსახლეობის კეთილდღეობისთვის. ამ მიზნის მისაღწევად აუცილებელია მოხდეს ინოვაციების ხელშეწყობა რაც უზრუნველყოფილი იქნება მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ ახალი ტექნოლოგიები და ინტერნეტი ყველასთვის ხელმისაწვდომი იქნება.[18]
მიზანი 10 — შემცირებული უთანასწორობა
რედაქტირებაუთანასწორობის შემცირებისთვის აუცილებელია ეკონომიკურად გაძლიერდნენ სიღარიბეში მცხოვრები ადამიანები. გარდა ეკონომიკური თანასწორობისა, მნიშვნელოვანია გაიზარდოს განსაკუთრებით დაუცველი ჯგუფების მხარდაჭერა საკანონმდებლო და პოლიტიკურ დონეზე.[19]
მიზანი 11 — მდგრადი ქალაქები და დასახლებები
რედაქტირებააღიშნული მიზანი გულისხმობს ხარისხიან, უსაფრთხო საცხოვრებელს აუცილებელი მომსახურებებით, რისთვისაც საჭიროა გაიზარდოს მზაობა სტიქიური უბედურებების მიმართ და ასევე შემუშავდეს უსაფრთხო და მოწესრიგებული სატრანსპორტო სისტემა.
აღნიშნული მიზნის მიღწევის ინდიკატორია ქალებში ე. წ. „ქოხებში“ მცხოვრები ადამიანების რაოდენობა. 2000-დან 2014 წლამდე პროცენტული მაჩვენებელი 39 % დან 30 %-მდე შემცირდა. თუმცა რიცხობრივი მაჩვენებელი კვლავ კრიტიკულია 2000 წელს - 792 მილიონ ადამიანს უტოლდებოდა, ხოლო 2014 წელს ეს რიცხვი 880-მდე გაიზარდა. 2014 წლიდან შესამჩნევია ქალაქიდან სოფლებში გადასვლის ტენდენცია, რაც მოსახლეობის მატებაზე და ალტერნატიული საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებაზე მეტყველებს.[20]
მიზანი 12 — მდგრადი მოხმარება და წარმოება
რედაქტირებააღნიშნული მიზანი გულისხმობს ნარჩენების გამოყენების ეფექტიანობის გაზრდას. ამ მიზნის მისაღწევად აუცილებელია აიკრძალოს მავნე ქიმიური ნივთიერებების გამოყენება. აგრეთვე, აუცილებელია მოხდეს ცნობიერების ამაღლება ბუნებასთან ჰარმონიული ცხოვრების შესახებ.[21]
მიზანი 13 — კლიმატის ცვლილებების საწინააღმდეგო ქმედებები
რედაქტირებააუცილებელია კლიმატის ცვლილებებისა და მისი უარყოფითი ზეგავლენის შესამცირებლად გატარდეს გადაუდებელი ზომები. იმისთვის, რომ აღნიშნული პრობლემა გადაიჭრას გლობალურ დონეზე, საჭიროა კლიმატის ცვლილებების წინააღმდეგ მიმართული ზომები ინტეგრირდეს ეროვნული პოლიტიკის სტრატეგიებსა და გეგმებში. გარდა ამისა, აუცილებელია ადამიანები უკეთ იყვნენ მომზადებულნი, რომ გაუმკლავდნენ კლიმატის ცვლილებებითა და ბუნებრივი კატასტროფებით გამოწვეულ ზიანს.[22]
მიზანი 14 — ოკეანისა და ზღვის რესურსები
რედაქტირებააღნიშნული მიზანი გულისხმობს ზღვისა და ოკეანეების დაბინძურების შემცირებას. აგრეთვე მოიცავს უკანონო თევზჭერის აღმოფხვრას და ოკეანისა და ზღვის რესურსების სწორ გამოყენებას მდგრადი განვითარებისთვის.
სანაპირო წყლების დაბინძურება გლობალურ პრობლემად იქცა, რაც უარყოფითად აისახება ოკეანეების ბიომრავალფეროვნებაზე. მომავალში კოორდინირებული ქმედებების გარეშე, მოსალოდნელია რომ ზღვის ევტროფიკაცია გაიზრდება 20 %-ით 2050 წლისთვის.[23]
მიზანი 15 — დედამიწის ეკოსისტემები
რედაქტირებააღნიშნული მიზანი გულისხმობს დედამიწის ეკოსისტემების დაცვას ბიომრავალფეროვნების შენარჩუნებისთვის. ამ მიზნის მისაღწევად აუცილებელია გადაშენების პირას მყოფი სახეობების დაცვა და ხეების მოჭრის შემცირება. ამ კუთხით მნიშვნელოვანია ახალი ხეების დარგვის პოპულარიზაციაც.[24]
მიზანი 16 — მშვიდობა, სამართლიანობა და ძლიერი ინსტიტუტები
რედაქტირებააღნიშნული მიზანი გულისხმობს ძალადობის ყველა ფორმის აღმოფხვრას, განსაკუთრებით ბავშვების მიმართ, მნიშვნელოვანია აგრეთვე სექსუალური ტრეფიკინგისა და იძულებითი შრომის აღკვეთა. ამ მიზნის მისაღწევად კი აუცილებელია შეიქმნას ეფექტიანი ეროვნული ინსტიტუციები და გაიზარდოს სანდოობის ხარისხი, ყველასთვის ხელმისაწვდომი იყოს მართლმსაჯულება და ყველას თავისუფლად მიუწვდებოდეს ხელი საჭირო ინფორმაციაზე. 2004-2014 წლებში შესამჩნევია პროგრესი სექსუალური ექსპლუატაციის შემცირების კუთხით, თუმცა იძულებითი შრომის ტენდენციები კვლავ მაღალია.[25]
მიზანი 17 — პარტნიორობა მიზნების მისაღწევად
რედაქტირებაქვეყნებს შორის თანამშრომლობითა და შესაბამისი რესურსების გამოყენებით, შესაძლებელი იქნება მდგრადი განვითარების 17 მიზნის მიღწევა. საერთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერებას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ზემოთ ხსენებული 16 მიზნის მისაღწევად. აუცილებელია განმტკიცდეს კავშირი როგორც წევრ სახელმწიფოებსა და დაინტერესებულ ორგანიზაციებს შორის, აგრეთვე საჯარო და კერძო სექტორს შორის. საერთო მიზნების მიღწევა შესაძლებელია მხოლოდ ცოდნის, გამოცდილებისა და ფინანსურის რესურსების გაზიარებით.
კოორდინირებული მოქმედებისთვის აუცილებელია, რომ მიზნები გათვალისწინებული იყოს ყველა ქვეყნის სტრატეგიებსა და სამოქმედო გეგმებში. გარდა ამისა, აუცილებელია ქვეყნებმა გააუმჯობესონ მონაცემები და სტატისტიკა, რათა შეძლონ გლობალური მიზნების განხორციელების პროგრესის შეფასება.[26]
იმპლემენტაცია
რედაქტირებამდგრადი განვითარების მისაღწევად აუცილებელია სამი სექტორის: ეკონომიკური, სოციო-პოლიტიკური და გარემოსდაცვითი სექტორის კოორდინირებული მუშაობა. აღნიშნული მოითხოვს სხვადასხვა სფეროში მულტიდისციპლინარული კვლევების წარმოებას რაც დიდ ძალისხმევას და სახელისუფლებო მხარდაჭერას საჭიროებს.
მდგრადი განვითარების მიზნების მისაღწევად, აუცილებელია ვალდებულება გარდაიქმნას ეფექტურ ქმედებად. ამასთანავე აუცილებელია, სტატისტიკური ციფრული მონაცემები და მოპოვებული ინფორმაცია თანაბრად ასახავდეს სხვადასხვა დაუცველ ჯგუფებს როგორც ბავშვებს, აგრეთვე შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს, ლტოლვილებს, ადგილობრივ მკვიდრ მოსახლეობას, მიგრანტებს თუ იძულებით გადაადგილებულ პირებს.[27]
გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების განხორციელება მთელს მსოფლიოში 2016 წელს დაიწყო. ამ პროცესს შესაძლოა ეწოდოს „ მდგრადი განვითარების მიზნების ლოკალიზაცია“, როდესაც მთელს პლანეტაზე არსებული ცალკეული ინდივიდები, სახელმწიფო ინსტიტუტები თუ ორგანიზაციები ერთად მუშაობენ საერთო მიზნების მისაღწევად.[28] ამისთვის აუცილებელია წევრმა სახელმწიფოებმა საერთო მიზნების გათვალისწინებით მოახდინონ საჭირო საკანონმდებლო ცვლილებები ეროვნულ დონეზე, შეიმუშაონ სამოქმედო გეგმა, გაწერონ ბიუჯეტი და მოიძიონ პარტნიორები თანამშრომლობისთვის. განვითარებადი ქვეყნებისთვის, ძლიერი სახელმწიფოების მხარდაჭერასა და კოორდინირებულ მოქმედებას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება.[29]
გამჭოლი საკითხები
რედაქტირებაქალთა და გენდერული თანასწორობა
რედაქტირებაარსებობს საერთო კონსენსუსი იმის თაობაზე, რომ მდგრადი განვითარების მიზნების პროგრესი შეჩერდება თუ ქალთა გაძლიერებისა და გენდერული თანასწორობის საკითხებს არ დაეთმობა სათანადო ყურადღება საჯარო მოხელეებისა და კერძო სექტორის წარმომადგენლების მხრიდან.[30]
სხვადასხვა ორგანიზაციის შემაჯამებელ ფინანსურ დოკუმენტებში, მაგალითისთვის როგორებიცაა ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაცია (OECD), გაეროს ქალთა ორგანიზაცია და მსოფლიო საპენსიო ფორუმი, აღწერილია, რომ ქალთა გაძლიერებისკენ მიმართული ინვესტიციები დადებით გავლენას ახდენს ეკონომიკაზე. საკმაოდ ხშირად განვითარებაზე ორიენტირებული ეროვნული თუ გლობალური საინვესტიციო ფონდები აღემატება მათ საწყის მასშტაბებს.[31]
განათლება
რედაქტირებაგაერთიანებული ერების განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაცია იუნესკო, მხარს უჭერს გლობალური მოქალაქეობრივი ცნობიერების ამაღლებას, აღნიშნული ინიციატივა მიმართულია სტუდენტთა აქტიურ ჩართულობაზე გლობალური ხასიათის სოციალური, პოლიტიკური, ეკონომიკური თუ კლიმატური ტიპის პრობლემების მოსაგვარებლად.[32] აღსანიშნავია განათლების როლიც დარჩენილი მდგრადი განვითარების 16 მიზნის სრულყოფისთვის. განათლების გავრცელებისა და მნიშვნელოვან საკითხებზე ცნობიერების ამაღლების გზით ინდივიდებს აქვთ შესაძლებლობა ხელი შეუწყონ საზოგადოებრივ, ეკონომიკურ და პოლიტიკურ ცვლილებებს მდგრადი განვითარებისთვის.[33]
განათლების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის მიზნით შეიქმნა ონლაინ პლატფორმა, რომელიც შესაძლებელს ხდის უმაღლესი განათლების მიწოდებას ფართო აუდიტორიისთვის. აღნიშნული პლატფორმა ემსახურება მეოთხე („ყველასთვის ხარისხიანი განათლების მიწოდება“ ) და მეხუთე („გენდერული თანასწორობა და თავისუფალი წვდომა განათლებაზე“) მიზნის სრულყოფას.[34]
პროგრესის გაზომვა
რედაქტირება2018 წლის ივნისიდან გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების პროგრესის შესამოწმებლად, ოქსფორდის კვლევითი ინსტიტუტის დახმარებით, ყველასთვის ხელმისაწვდომი გახდა ონლაინპუბლიკაციები ინდიკატორების შესახებ. აღნიშნული მონაცემთა ბაზა შესაძლებელს ხდის განვითარების პროცესი მაქსიმალურად ღიად და გამჭვირვალედ წარიმართოს.[35]
შექმნილი ვებგვერდი არის ერთგვარი ინსტრუმენტი იმისთვის, რომ წევრმა სახელმწიფოებმა იგრძნონ ანგარიშვალდებულება თავიანი საზოგადოების წინაშე და ჯეროვნად შეასრულონ ის ვალდებულებები, რაც მათ აკისრიათ საერთო მიზნების სრულყოფისთვის. 2020 წლის მონაცემებით მსოფლიო ძალიან შორს არის მდგრადი განვითარების მიღწევისაგან.
ყოველწლიურ ანგარიშებში ასახულია წევრი სახელმწიფოების პროგრესი და მთავარი ხელისშემშლელი ფაქტორები მდგრადი განვითარების მიზნების იმპლემენტაციის გზაზე.[36]
კომუნიკაცია
რედაქტირებაგაეროს განვითარების ჯგუფმა ცალკეული სააგენტოების დამხარებით ახორციელებს საინფორმაციო კამპანიებს ფართო აუდიტორიისთვის. აღნიშნული კამპანია, სახელწოდებით „პროექტი ყველა“ სარგებლობს სხვადასხვა ინსტიტუტებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების მხარდაჭერით. [37]
თავდაპირველად არსებობდა მოსაზრება იმის თაობაზე, რომ 17 მიზნის შემთხვევაში რთული იქნებოდა ფართო საზოგადოებრივი მხარდაჭერის მოპოვება, რაც ბადებდა სკეპტიციზმს 2030 წლისთვის აღნიშნული მიზნების მიღწევასთან დაკავშირებით. სწორედ ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ბრიტანელმა კინო-რეჟისორმა რიჩარდ კურტისმა დაიწყო საკომუნიკაციო კამპანია „პროექტ ყველა“-ზე მუშაობა. შვედ დიზაინერ იაკობ ტროლბექთან კოლაბორაციის შედეგად კი შეიქმნა თითოეული მიზნისთვის დევიზი, ილუსტრაცია და ლოგო, რამაც უფრო მარტივად აღქმადი გახადა გაეროს მდგრადი განვითარების მიზნები ფართო საზოგადოებისთვის.[38]
2018 წელს კი იაკობ ტროლბექმა კიდევ უფრო გააფართოვა საკომუნიკაციო სისტემა და მოიცვა 169 ამოცანა, რამაც უფრო თვალსაჩინო გახადა მიზნების მიღწევის პროცესი. საკომუნიკაციო კამპანიის ფარგლებში ყოველი წლის სექტემბერში აღინიშნება „გლობალური მიზნების კვირა“, რაც მიმართულია საზოგადოებრივი პასუხისმგებლობისა და ცნობიერების ამაღლებაზე. კვირეული პირველად 2016 წელს გაიმართა.
მნიშვნელოვანი და სენსიტიური საკითხების აქტუალიზაციის მიზნით, პარიზში ყოველწლიურად იმართება კინო ფესტივალი სახელწოდებით „Le Temps Presse“. აღნიშნული კინო ფესტივალის იდეა კავშირშია 2010 წლის კინო ფესტივალთან როდესაც 8 სხვადასხვა კინო რეჟისორმა წარადგინეს ფილმი სახელწოდებით „8“, რაც წარმოადგენდა 8 მოკლემეტრაჟიანი ფილმის ნაკრებს, რომელთაგანაც თითოეული ასახავდა ათასწლეულის განვითარების მიზნებიდან ერთ-ერთს. მას შემდეგ რაც აღნიშნულმა ფილმმა ფართო საზოგადოებრივი ინტერესი დაიმსახურა და ვებგვერდ „Youtube“-ზე 2,5 მილიონი ნახვა დააგროვა, გაჩნდა კინო ფესტივალის შექმნის იდეა. ყოველწლიური კინო ფესტივალი აქცენტს აკეთებს გაეროს მდგრადი განვითარების მიზნებსა და მის მთავარ წინაღობებზე.[39]
საზოგადოებრივი ჩართულობა
რედაქტირებაგაეროს მდგრადი განვითარების მიზნების სრულყოფისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საზოგადოებრივი ჩართულობა. სწორედ ამ გზით ცალკეულ შემთხვევებში, შესაძლებელი ხდება დაზარალებულმა მოსახლეობამ მონაწილეობა მიიღოს ისეთი გადაწყვეტილებების მიღების პროცესში, რაც გავლენას ახდენს მათ საარსებო პირობების, საცხოვრებელი ადგილსა თუ გარემოს ცვლილებაზე. ამ მიზნით 2001 წლიდან შეიქმნა „გარემოსდაცვით საკითხებთან დაკავშირებული ინფორმაციის ხელმისაწვდომობის, გადაწყვეტილების მიღების პროცესში საზოგადოების მონაწილეობისა და ამ სფეროში მართლმსაჯულების საკითხებზე ხელმისაწვდომობის შესახებ“ კონვენცია (ორჰუსის კონვენცია). აღნიშნული კონვენცია ხელს უწყობს ეფექტურ საზოგადოებრივ მონაწილეობას გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებების მიღების პროცესში.[40]
დაფინანსება
რედაქტირებაგაეროს მდგრადი განვითარების მიზნების მისაღწევად საჭირო ფონდების მოძიების მიზნით კოორდინირებულად მოქმედებენ გაეროს სააგენტოები, წევრი სახელმწიფოს მთავრობები, კერძო სექტორი, სამოქალაქო საზოგადოება და დაინტერესებული ფიზიკური პირები.
როკფელერების ფონდის მტკიცებით, მდგრადი განვითარების მიზნების სრულყოფისთვის აუცილებელია 200 ტრილიონ ამერიკულ დოლარზე მეტი ინვესტიციის მობილიზება, ამ კუთხით კერძო შემოწირულობებსა და ქველმოქმედებას გადამწყვეტი როლი ენიჭება.[41]
საინფორმაციო გამოცემა „ეკონომისტი“-ს შეფასებით, სიღარიბის შემცირებისა და სხვა მდგრადი განვითარების მიზნების მისაღწევად საჭიროა დაახლოებით 2-3 ტრილიონი აშშ დოლარი ყოველწლიურად მომდევნო 15 წლის განმავლობაში. მსოფლიოს ყველა კონტინენტზე სუფთა წლის მიწოდება და სანიტარული მდგომარეობის გაუმჯობესება კი ყოველწლიურად საშუალოდ 200 მილიარდ აშშ დოლარს საჭიროებს.[42]
მდგრადი განვითარების მიზნები და საქართველო
რედაქტირებასაქართველო იმ სახელმწიფოთა რიგში აღმოჩნდა, რომლებმაც მდგრადი განვითარების მიზნების შესახებ გაეროს რეზოლუციის დამტკიცებისთანავე, 2015 წელს გამოთქვეს მზადყოფნა ეროვნულ დონეზე მისი განხორციელების შესახებ. შედეგად მდგრადი განვითარების მიზნების ნაციონალიზაციის პროცესი 2015 წელს დაიწყო და დღემდე ამ მიმართულებით აგრძელებს მუშაობას. ამავე წელს, საქართველოს სამთავრობო ადმინისტრაცია მდგრადი განვითარების მიზნების განხორციელების მაკოორდინირებელ უწყებად განისაზღვრა, რის შემდგომაც დარგობრივი სამინისტროს ექსპერტებთან კომუნიკაციის გზით შეიქმნა ტექნიკური ჯგუფი საქართველოსთვის პრიორიტეტული მიზნებისა და ამოცანების განსაზღვრისთვის.
მიზნების მიღწევის პროცესის მონიტორინგისა და კოორდინაციისთვის შეიქმნა მდგრადი განვითარების მიზნები საბჭო ოთხ თემატურ სამუშაო ჯგუფთან ერთად: სოციალური ჩართულობის, ეკონომიკური განვითარების, დემოკრატიული მმართველობისა და მდგრადი ენერგეტიკისა და გარემოს დაცვის სამუშაო ჯგუფები. 2018 წლის მონაცემებით, საქართველოს ნაციონალიზებული ქონდა 17-ვე მიზანი, 99 ამოცანა და 200-ზე მეტი ინდიკატორი, თუმცა, საქართველოს მთავრობა გამოხატავს მზაობას რომ 2030 წლამდე ეტაპობრივად მოახდენ 169 სამიზნის ნაციონალიზაციას.[43]
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- Take Action for the Sustainable Development Goals
- UN Sustainable Development Knowledge Platform – The SDGs
- "Global Goals" Campaign Campaign on the SDGs published by Project Everyone
- The UN SDG Action Campaign
- Research Guide on the Sustainable Development Goals, by the United Nations Library at Geneva
- Global SDG Indicators Database of the United Nations
- SDG-Tracker.org – Visualized tracking of progress towards the SDGs
- SDG Pathfinder – Explore content on SDGs from six international organizations (powered by the OECD)
- Transforming our world: the 2030 Agenda for Sustainable Development – Resolution adopted by the General Assembly on 25 September 2015
სქოლიო
რედაქტირება- ↑ About the Sustainable Development Goals
- ↑ Resolution adopted by the General Assembly on 25 September 2015 (A/RES/70/1)
- ↑ Transforming our world: the 2030 Agenda for Sustainable Development
- ↑ The History of Sustainable Development in the United Nations. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-06-18. ციტირების თარიღი: 2012-06-18.
- ↑ Our Common Future, Chapter 2: Towards Sustainable Development - A/42/427 Annex, Chapter 2 - UN Documents: Gathering a body of global agreements
- ↑ 6.0 6.1 Future We Want - Outcome document
- ↑ United Nations Official Document
- ↑ World leaders adopt Sustainable Development Goals. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-02-27. ციტირების თარიღი: 2021-02-11.
- ↑ SDG Indicators Global indicator framework for the Sustainable Development Goals and targets of the 2030 Agenda for Sustainable Development
- ↑ Goal 1: No poverty
- ↑ Goal 2: Zero hunger
- ↑ Goal 3: Good health and well-being
- ↑ Goal 4: Quality education
- ↑ Goal 5: Gender equality
- ↑ Goal 6: Clean water and sanitation
- ↑ Goal 7: Affordable and clean energy
- ↑ Goal 8: Decent work and economic growth
- ↑ Goal 9: Industry, innovation and infrastructure
- ↑ Goal 10: Reduced inequalities
- ↑ Goal 11: Sustainable cities and communities
- ↑ Goal 12: Responsible consumption and production
- ↑ Goal 13: Climate action
- ↑ Goal 14: Life Below Water
- ↑ Goal 15: Life on land
- ↑ Goal 16: Peace, justice and strong institutions
- ↑ Goal 17: Partnerships for the goals
- ↑ Leaving no one behind — SDG Indicators
- ↑ WE ARE NOT A GENERATION OF BYSTANDERS WE ARE GLOBAL CITIZENS. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-07-02. ციტირების თარიღი: 2017-07-02.
- ↑ Global governance for SDGs
- ↑ 6th World Pensions Forum held in London: Greening, Governance and Asset Ownership. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2023-04-07. ციტირების თარიღი: 2021-02-13.
- ↑ Gender equality and women’s rights in the post-2015 agenda: A foundation for sustainable development
- ↑ Global citizenship education: topics and learning objectives
- ↑ Education for Sustainable Development Goals: Learning Objectives (PDF). Paris, UNESCO. p. 7. ISBN 978-92-3-100209-0
- ↑ Patru, Mariana; Balaji, Venkataraman. Making Sense of MOOCs: A Guide for Policy-Makers in Developing Countries (PDF). Paris, UNESCO. 2016, pp. 17–18. ISBN 978-92-3-100157-4.
- ↑ [https://web.archive.org/web/20201230063913/https://www.fondsnieuws.nl/nieuws/eerste-tracker-die-progressie-op-sdgs-land-volgt დაარქივებული 2020-12-30 საიტზე Wayback Machine. https://www.fondsnieuws.nl/nieuws/eerste-tracker-die-progressie-op-sdgs-land-volgt დაარქივებული 2020-12-30 საიტზე Wayback Machine.
- ↑ Sustainable Development Report 2020, The Sustainable Development Goals and Covid-19
- ↑ Project Everyone
- ↑ The "post 2015" = 17 Sustainable Development Goals or 17#GlobalGoals 2015-2020-2030. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-10-20. ციტირების თარიღი: 2021-02-13.
- ↑ Global Goals Week 2019
- ↑ Public Participation in Environmental Assessment and Decision Making, ISBN 978-0-309-12398-3.
- ↑ A New Role for Foundations in Financing the Global Goals
- ↑ The Costs of Meeting the 2030 Sustainable Development Goal Targets on Drinking Water, Sanitation, and Hygiene
- ↑ საქართველოს მდგრადი განვითარების მიზნები: მიღწეული წარმატება და არსებული გამოწვევები