ტრეფიკინგი (ინგლ. trafficking) — ინგლისური სიტყვა, რომელიც ნიშნავს აკრძალული საქონლით ვაჭრობას. ეს ნიშნავს კონტრაბანდისტების ან სხვა დამნაშავე პირების მიერ ადამიანებით ვაჭრობას, ყველაზე უფრო ხშირად სექსუალური დამონების, იძულებითი შრომის ან კომერციული მიზნებისთვის იძულებითი პროსტიტუციის მიზნით.[1][2] იგი ასევე მოიცავს იძულებით ქორწინებას,[3][4][5] ან სხეულიდან სხვადასხვა ორგანოების ამოღებას.[6][7]

ადამიანით ვაჭრობა (ტრეფიკინგი)

რედაქტირება

XX საუკუნის ბოლოს მსოფლიოს კრიმინალურ ბიზნესს იარაღითა და ნარკოტიკით ვაჭრობის გვერდით დაემატა ახალი სახე — ადამიანით ვაჭრობა (ტრეფიკინგი). იგი ტყვეთა შესყიდვის სახელწოდებით ცნობილი იყო XIV-XVIII საუკუნეების საქართველოში და მას ძირითადად მუსლიმური ქვეყნების წარმომადგენლები ჩადიოდნენ ქართველ დიდგვაროვანთა დახმარებით. ეს არის ადამიანის უფლებების უხეში დარღვევა, რომელიც მსხვერპლს დიდ სულიერ და ფიზიკურ ზიანს აყენებს. ზიანი ხშირად ისეთი მძიმეა, რომ სამედიცინო ჩარევის შემთხვევაშიც კი ვერ ხდება მსხვერპლის სულიერი და ფიზიკური ჯანმრთელობის აღდგენა.

კაცობრიობის განვითარებასთან ერთად ვითარდება ტრეფიკინგის განხორციელების მასშტაბებიც, იზრდება მისი სისასტიკე და მოთხოვნილებები. ეს იმითაა გამოწვეული, რომ იგი ყველაზე დიდი არალეგალური ბიზნესია იარაღითა და ნარკოტიკებით ვაჭრობის შემდეგ. მონობის წინააღმდეგ კონვენცია მოქმედებს 1926 წლიდან. 1996 წელს ძალაში შევიდა დამატებითი კონვენცია მონობის გაუქმების, ადამიანებით ვაჭრობის შესახებ. 1990 წლიდან ამ პრობლემას შეისწავლიან საერთაშორისო ორგანიზაციები, სამთავრობო და არასამთავრობო სექტორები.

ტრეფიკინგის დანაშაული სხვადასხვა ეტაპებისგან შედგება:

  • 1 გადაბირება - მოტყუების გზით;
  • 2 გადაყვანა - კანონიერად ან უკანონოდ საზღვრების კვეთა;
  • 3 ექსპლუატაცია - ადამიანის მოვაჭრის მიერ მსხვერპლის გამოყენება ან გაყიდვა ფინანსური სარგებლის მიღების მიზნით.

შვედეთი იყო პირველი ქვეყანა, სადაც მიიღეს კანონი ტრეფიკინგის წინააღმდეგ. 2000 წელს აშშ-ში ძალაში შევიდა ტრეფიკინგის მსხვერპლთა დაცვის აქტი. საქართველოს „ადამიანით ვაჭრობის“ (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ (2006 წლის 28 აპრილი) კანონში ტრეფიკინგი ადამიანის ვაჭრობასთანაა გაიგივებული. ამ კანონის მე-3 მუხლში განმარტებულია ტერმინები, მათ შორის ტრეფიკინგი, როგორც ადამიანებით ვაჭრობა. სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე (პრიმა) მუხლის თანახმად ტრეფიკინგი შეიძლება გამოვლინდეს უპირველეს ყოვლისა ადამიანის ყიდვა-გაყიდვაში. არსებობს მთელი რიგი დოკუმენტებისა, რომლებშიც სხვადასხვა კუთხითაა განხილული ტრეფიკინგის გამოვლინებანი და მათთან ბრძოლის ღონისძიებანი. ასეთია მაგალითად საქართველოს პარლამენტის მიერ რატიფიცირებული ბავშვის უფლებების კონვენციის დამატებითი ოქმი (2002 წლის 27 სექტემბერი), ევროპის საბჭოს კონვენცია ადამიანებით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ (2006 წლის 22 დეკემბერი) და სხვა. 2000 წლამდე არ არსებობდა ტრეფიკინგის იურიდიული დეფინიცია, რომელიც საყოველთაოდ იქნებოდა მიღებული.

ტრეფიკინგი საქართველოში

რედაქტირება

ტრანსპლანტაციისა და ბავშვების პროსტიტუციის შემთხვევები

რედაქტირება

საქართველოს 20 ქვეყანასთან აქვს გაფორმებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლისა და პოლიციის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის საერთაშორისო შეთანხმებები, რომლებიც მოიცავენ თანამშრომლობას ადამიანით ვაჭრობასთან ბრძოლის სფეროშიც. ტრეფიკინგის წინააღმდეგ აღმკვეთი ღონისძიებების გატარების მიზნით, შესაბამისი ოქმი ხელმოწერილია თურქეთის რესპუბლიკასთან.

ადამიანთა ტრეფიკინგი რთული, მრავალმხრივი დანაშაულია. ის შეიძლება ჩადენილი იქნეს ადამიანის ყიდვა-გაყიდვის ფორმით, მაგრამ არაა გამორიცხული მისი ჩადენა ამ აქტების გარეშეც, ერთი პირის მიერაც. მაგალითად დაქირავებული პირის შრომითი ექსპლუატაცია, დანაშაულში თანამონაწილეობის ფორმით, მათ შორის მყარად ორგანიზებული ჯგუფის მიერაც; შეიძლება ერთი ქვეყნის ადმინისტრაციული საზღვრის ფარგლებშიც მოხდეს და სხვადასხვა ქვეყნის ტერიტორიაზეც ჰქონდეს ერთი დასრულებული ხასიათი. შინაგან საქმეთა სამინისტროს (შსს-ს) ინფორმაციით ყოველ წელიწადს მსოფლიოში, საშუალოდ, ორიდან ოთხ მილიონამდე ადამიანი ხდება ტრეფიკინგის მსხვერპლი, მათგან 70 % ქალები და ბავშვები არიან. ხშირ შემთხვევაში, ისინი საზოგადოების ყველაზე დაუცველ ფენას წარმოადგენენ.

ტრეფიკინგის სახეობები საქართველოში

რედაქტირება

არასამთავრობო ორგანიზაცია „მიგრაციის ცენტრის“ აღმასრულებელი დირექტორი ამბობს, რომ საქართველოში ყველაზე მეტად გავრცელებულია ორი ტიპის ტრეფიკინგი: სექსუალური და შრომითი ექსპლუატაცია. სხვა გამოვლენილი ჯერ არ ყოფილა. ყველაზე რისკიან რეგიონად კი აჭარას ასახელებს, სადაც მისმა ორგანიზაციამ ტრეფიკინგის წინააღმდეგ კამპანია აწარმოა. ძირითადად, მაინც აჭარა გვევლინება ტრეფიკინგის რეგიონად. პროსტიტუციის დანაშაულში ჩაბმულები არიან, არა საქართველოს, არამედ უცხო ქვეყნის მოქალაქეები. ბოლოს ტაჯიკეთის მოქალაქე დააკავეს. დამნაშავეს 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

ტრეფიკინგთან ბრძოლა საქართველოში

რედაქტირება

არსებობს სპეციალური უწყებათა საბჭო, რომელიც ამ საკითხზე მუშაობს. ამ თემასთან დაკავშირებით არსებობს სამოქალაქო გეგმა, რომელშიც გაწერილია, რა უნდა გააკეთოს თითოეულმა სამთავრობო უწყებამ იმისათვის, რომ ადამიანებით ვაჭრობა, ანუ ტრეფიკინგი აღარ იყოს. საქართველოში არსებობს ტრეფიკინგთან ბრძოლის ფონდი. „ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ კანონის მიზანია: უზრუნველყოს ადამიანით ვაჭრობის თავიდან აცილება, მის წინააღმდეგ ბრძოლის ხელშეწყობა, ტრეფიკინგის მსხვერპლთა უფლებების დაცვით. ასევე უზრუნველყოს მათი რეაბილიტაცია. განსაზღვროს ადამიანით ვაჭრობის დანაშაულზე სისხლის სამართლებრივი დევნის განხორციელების თავისებურებები. ამჟამად, ყველაზე დიდი ორგანიზაცია, რომელიც საქართველოში მუშაობს ტრეფიკინგთან ბრძოლასთან დაკავშირებით არის IOM. IOM საქართველოში მოიპოვებს და ანახლებს ინფორმაციას, როგორც კი ასეთი ინფორმაცია ხელმისაწვდომი გახდება და გარკვეული ორგანიზაციები სთავაზობენ ხალხს ვიზებს და საზღვარგარეთ დასაქმებას. შეგვიძლია ერთმანეთისაგან განვასხვაოთ კანონიერი ორგანიზაციები და ის ორგანიზაციები, რომლებიც ტრეფიკინგს ეწევიან. ის ორგანიზაციები, რომლებიც ცნობილი ხდებიან, როგორც ტრეფიკინგში ჩართული ორგანიზაციები, ხშირად იცვლიან სახელებს და მისამართებს, რაც ართულებს მათი პოტენციური კლიენტების გაფრთხილებას მოსალოდნელი საშიშროების შესახებ. მოქმედებს ცხელი ხაზი, რომელიც სხვადასხვა სახის მომსახურებას სთავაზობს პირებს, რომლებიც რეკავენ ამ ხაზზე, მათ შორის აწვდიან ინფორმაციას კონკრეტული დამსაქმებელი ორაგანიზაციის შესახებ, თუ, რა თქმა უნდა, ასეთი ინფორმაცია მათთვის ხელმისაწვდომია.

ბავშვთა ტრეფიკინგი

რედაქტირება

ბავშვები უფრო ადვილად ებმებიან ტრეფიკიორთა მახეში, ვიდრე ზრდასრულები. ტრეფიკინგის მსხვერპლი ძირითადად ის ბავშვები არიან, რომლებიც მოკლებულნი არიან მშობელთა თუ სხვა მზრუნველ პირთა ყურადღებას; თუმცა არის ისეთი შემთხვევებიც, როცა მშობლები თვითონ ყიდიან შვილებს. ხშირად ქუჩაში მცხოვრები ბავშვები მონურ მდგომარეობაში არიან — მშობლები ან სხვა პირები აიძულებენ შრომას, მათხოვრობას და ფულს თვითონ ართმევენ. 1,2 მილიონი ბავშვი ხდება ყოველწლიურად ტრეფიკინგის მსხვერპლი. ესაა მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე უფრო სწრაფად მზარდი დანაშაულებრივი ქმედება. ბავშვთა ტრეფიკინგი თანამედროვე მსოფლიოს ერთ-ერთი უმწვავესი პრობლემაა.

საქართველოს ისტორიაში მარად სამარცხვინო ლაქად დარჩება ქართველი ბავშვების მოტაცებისა და უცხო ქვეყნებში გაყიდვის უამრავი ფაქტი, სადაც ვაჟებს მეომარ მამელუქებად, გოგონებს კი ჰარამხანებისათვის ზრდიდნენ და ამ უღირს საქმიანობაში აქტიურად იყვნენ ჩართული არა მარტო „გადამთიელები“, არამედ თვითონ ქართველები.

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის დასკვნით, მსოფლიოში ექსპლუატაციის შედეგად დაზარალებული ყოველი მეხუთე არასრულწლოვანია. ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მონაცემებით, იმ ქვეყნებს შორის, სადაც მონური შრომა და ადამიანების სასტიკი ექსპლუატაცია ყვავის, რუსეთის ფედერაცია ლიდერობს. ამავე მონაცემებით, რუსეთში მოქმედი დანაშაულებრივი დაჯგუფებები არა მარტო სხვა ქვეყნებში ახდენენ ადამიანთა ექსპორტს, არამედ, ამ ტიპის „იმპორტის შემოტანით“ საკუთარი ქვეყნის ტერიტორიაზეც არიან დაკავებულები.

2009 წლის 7 აგვისტოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საერთაშორისო ორგანიზაცია - „ვორლდ ვიჟენის“ (ინგლ. World Vision International) საქართველოში წარმომადგენლობას შორის ხელი მოეწერა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს, რომლის თანახმადაც მიღწეული იქნა შეთანხმება ითანამშრომლონ პროექტის ფარგლებში — „ტრეფიკინგის მსხვერპლი ბავშვების უფლებების დაცვა საქართველოში“.

ევროპის საბჭოს კონვენცია ადამიანებით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ (პრეამბულა)

რედაქტირება

ევროპის საბჭოს წევრი სახელმწიფოები და წინამდებარე კონვენციის ხელმომწერი სახელმწიფოები მიიჩნევენ, რომ ადამიანებით უკანონო ვაჭრობას შესაძლოა შედეგად მოჰყვეს ამ ვაჭრობის მსხვერპლთა მონურ მდგომარეობამდე მიყვანა; კონვენცია მოიცავს ადამიანებით ვაჭრობის ყველა ფორმას (იქნება ეს ნაციონალური თუ ტრანსნაციონალური, ორგანიზებულ დანაშაულთან დაკავშირებული თუ არა) და ვრცელდება ტრეფიკინგის ყველა მსხვერპლზე (ქალებზე, მამაკაცებსა და ბავშვებზე), აგრეთვე მოიცავს ექსპლუატაციის ყველა ფორმას. გარდა ამისა, კონვენციაში წარმოდგენილია ის ღონისძიებები, რომლებიც მიზნად ისახავს სამოქალაქო საზოგადოებასთან პარტნიორობისა და საერთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერებას. კონვენციის ერთ-ერთ უმთავრეს ღირებულებას წარმოადგენს ის ფაქტი, რომ კონვენციაში აქცენტი გაკეთებულია ადამიანის უფლებებსა და მსხვერპლთა დაცვაზე. კონვენციაში ტრეფიკინგი განსაზღვრულია, როგორც ადამიანის უფლებების დარღვევა და ადამიანის ღირსების შეურაცმყოფელი ქმედება. ეს იმას ნიშნავს, რომ ქვეყნის ხელისუფლების ორგანოებს პასუხი მოეთხოვებათ თუ ისინი შესაბამის ზომებს არ მიიღებენ ტრეფიკინგის თავიდან ასაცილებლად, ტრეფიკინგის მსხვერპლთა დასაცავად და ტრეფიკინგის შემთხვევების ეფექტიანად გამოსაძიებლად. ადამიანებით ვაჭრობა (ტრეფიკინგი) მთელს მსოფლიოში გავრცელებული მოვლენაა, რომელსაც არ გააჩნია საზღვრები. სწორედ ამიტომ, კონვენცია აქტუალურია მსოფლიოს ნებისმიერი ქვეყნისათვის და ნებისმიერ ქვეყანას შეუძლია მასთან შეერთება.

რა არის GRETA?

რედაქტირება

ადამიანებით უკანონო ვაჭრობის წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით შექმნილი ექსპერტთა ჯგუფი (შემდგომში GRETA) პასუხისმგებელია, რომ შეაფასოს ასრულებენ თუ არა კონვენციაზე ხელმომწერი ქვეყნები (ის ქვეყნები, რომლებმაც კონვენციის რატიფიცირება მოახდინეს) კონვენციის მოთხოვნებს. GRETA შედგება 15 დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი ექსპერტისაგან, რომლებიც კონვენციის ხელმომწერ ქვეყნებს წარმოადგენენ. ეს ექსპერტები სხვადასხვა პროფესიის ადამიანები არიან (იურისტები, სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლები, ფსიქოლოგები, ექიმები, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები და ა. შ.) და მათი შერჩევა ხდება კონვენციით გათვალისწინებულ სფეროებში მათი პროფესიული გამოცდილების მიხედვით. ქსპერტთა ჯგუფის წევრი ინიშნება 4 წლის ვადით და შეიძლება ჯგუფში მუშაობა კიდევ დამატებითი 4 წლით გააგრძელოს.

ევროპაში დონორთა ორგანოების შავი ბაზარი ყვავის

რედაქტირება

ევროკავშირის სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენელთა განცხადებით, 2012 წლის მაისის დასასრულს ისრაელის პოლიციამ დააკავა საერთაშორისო დამნაშავეობრივი ორგანიზაციის 10 წევრი, რომლებიც ევროპაში ადამიანის ორგანოებით ვაჭრობისთვის არიან ბრალდებულნი. ორგანიზაციის მსხვერპლნი გახდნენ მოლდოვის, ყაზახეთის, რუსეთის, უკრაინისა და ბელარუსის ღატაკი მოქალაქეები. ევროკავშირის პროკურორი ჯონათან რეტელი აცხადებს, რომ დონორული ორგანოებით ვაჭრობა ახლა იზრდება. რეტელი აწარმოებდა საქმეს შვიდი ადამიანის წინააღმდეგ, რომლებიც თურქეთისა და ყოფილი კომუნისტური ქვეყნების მოსახლეობას უბიძგებდნენ, გაეყიდათ თირკმელები და თითო ორგანოში 20 ათას დოლარს ჰპირდებოდნენ, მაგრამ შემდეგ დაპირებას არ ასრულებდნენ. პროკურორი ამბობს, რომ ორგანიზებული დამნაშავეობრივი ჯგუფები მდიდრდებიან ადამიანთა უბედურებაზე, მათზეც, ვინც ქრონიკული სიღატაკით იტანჯება და იმედდაკარგულ მდიდარ პაციენტებზეც, რომლებიც მზად არიან, ყველაფერი გაიღონ სიცოცხლის შესანარჩუნებლად. ყველაზე ხშირად დონორთა ორგანოები ჩინეთიდან, ინდოეთიდან, ბრაზილიიდან და ფილიპინებიდან. სერბეთში ადამიანის ორგანოებით ვაჭრობა უკანონობაა და 10 წლამდე პატიმრობით ისჯება, მაგრამ ეს ვერ აკავებს 19-ათასიანი მოსახლეობის ქალაქ დოლჟევაცას, რომელიც სერბეთის სამხრეთში მდებარეობს და რომლის ხელისუფლებამაც უარი უთხრა მოსახლეობას, დაერეგისტრირებიათ ორგანოებისა და სისხლის საზღვარგარეთ გაყიდვის ადგილობრივი სააგენტო.

ევროკავშირის ქვეყნებში არალეგალურად ცხოვრება უამრავ სირთულესთანაა დაკავშირებული. შესაბამისი საბუთების არქონის გამო რთულია სამსახურის მოძებნა, საცხოვრებელი ბინის დაქირავება, განათლების მიღება და ჯანდაცვის სერვისებით სარგებლობა. ადგილობრივი სამართალდამცავი ორგანოების მიერ დაკავების შემთხვევაში არალეგალურად მყოფ პირებს ეძლევათ გარკვეული ვადა სამშობლოში დასაბრუნებლად. გარდა ამისა, ევროკავშირის წევრ ქვეყნებში მიგრაციის საკითხებზე პასუხისმგებელი უწყებები არალეგალური ყოფნის ფაქტებზე გამოვლენილ ინფორმაციას ათავსებენ ე. წ. „შენგენის ზონის“ ერთიან საინფორმაციო სისტემაში (EURODAC), ვიზების საინფორმაციო სისტემა (VIS), შენგენის საინფორმაციო სისტემა (SIS) და სხვა, რაც მომავალში ევროკავშირის წევრ (და რიგ არაწევრ) სახელმწიფოებში არშეშვების მიზეზი შეიძლება გახდეს. როგორც წესი, არალეგალური მიგრანტების საცხოვრებელი პირობები სავალალოა. ხშირად მათთვის შეუძლებელია ნორმალური ბინის დაქირავება; ხოლო ისინი, ვინც მზად არიან უზრუნველყონ არალეგალი მიგრანტები საცხოვრებლით, ძირითადად სთავაზობენ საშიშ ადგილებს არადამაკმაყოფილებელი პირობებითა და დაუცველობის დიდი რისკით.

ლიტერატურა

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. UNODC on human trafficking and migrant smuggling. United Nations Office on Drugs and Crime (2011). ციტირების თარიღი: 22 March 2011.
  2. Amnesty International - People smuggling. Amnesty.org.au (23 March 2009). დაარქივებულია ორიგინალიდან — 9 მარტი 2011. ციტირების თარიღი: 22 March 2011.
  3. Child Trafficking for Forced Marriage. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-07-18. ციტირების თარიღი: 2017-01-31.
  4. Slovakian 'slave' trafficked to Burnley for marriage. BBC News.
  5. MARRIAGE IN FORM, TRAFFICKING IN CONTENT: Non - consensual Bride Kidnapping in Contemporary Kyrgyzstan. დაარქივებულია ორიგინალიდან — 15 აპრილი 2014. ციტირების თარიღი: 2 November 2016.
  6. Trafficking in organs, tissues and cells and trafficking in human beings for the purpose of the removal of organs (PDF). United Nations (2009). ციტირების თარიღი: 18 January 2014.
  7. Human trafficking for organs/tissue removal. Fightslaverynow.org. ციტირების თარიღი: 30 December 2012.