მარცვლოვანნი

(გადამისამართდა გვერდიდან მარცვლოვნები)

მარცვლოვანნი (ლათ. Poaceae, Gramineae) — ერთლებნიან მცენარეთა ოჯახი. ერთწლოვანი, ორწლოვანი და მრავალწლოვანი ბალახები, იშვიათად ბუჩქისებრი ან ხისმაგვარი მცენარეებია. მარცვლოვანთა ღერო ჩალისებრია, უმეტესად ცილინდრული სწორმდგომი, წამოწეული ან გართხმული; დაყოფილია მუხლებად და მუხლთშორისებად, ჩვეულებრივ ღრუიანია (ქარის დროს მარცვლოვანთა წვრილი ღრუ ღერო იღუნება და არ იმტვრევა), იშვიათად ამოვსებულია ფაშარი ქსოვილით. მათი სიმაღლე 1 სმ-იდან ათეულ მეტრს აღწევს, ზოგიერთისა კი (ბამბუკის გახევებული ღერო) — 40 მ. ფოთლები ღეროს მუხლიდან გამოდის: როგორც წესი, შედგება ღერომხვევი ხალთის (ვაგინის), ვიწროხაზური ფირფიტისა და ქერქლისებრი ენაკისაგან, რომელიც ამოზრდილია ფირფიტისა და ხალთის საზღვარზე. ფესვები ფუნჯაა. პირველადი ფესვები ადრევე სცილდება. ზოგ მარცვლოვანს ზედაპირული ფესვთა სისტემა აქვს, ზოგს — ღრმად ჩახრდილი ნიადაგში (1—1,5 მ და მეტი). მარცვლოვანთა ყვავილები პატარა, ორსქესინი, იშვიათად — ერთსქესიანი, შეკრებილია მარტივ ყვავილელებად — თავთუნებად, რომლებიც თავის მხრივ, თავმოყრილია რთულ ყვავილედებად (რთული თავთავი, საგველა, თავთავისებური საგველა, ცრუ თავთავი და სხვა).

მარცვლოვანნი
Anthoxanthum aristatum
Anthoxanthum aristatum
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  მცენარეები
განყოფილება:  ყვავილოვნები
კლასი:  ერთლებნიანები
რიგი:  Poales
ოჯახი:  მარცვლოვანნი
ლათინური სახელი
Poaceae

მარცვლოვანნი ჯვარედინმტვერია მცენარეებია. ზოგს თვითდამტვერვა ახასიათებს. ნაყოფი მარცვალა, იშვიათად კურკიანასებრი ან კენკრისებრი (ბამბუკისა). თესლი დიდი რაოდენობით შეიცავს ენდოსპერმს. მარცვლოვანთა უმეტესობას ღეროს ქვედა ნაწილში მუხლები ძლიერ მიახლოვებული აქვს და ე. წ. ბარტყობის მუხლს ქმნის, რომლის კვირტებიდანაც ამოიზრდება ხოლმე ახალი მიწისზედა ყლორტები. თავის მხრივ ესენიც ახალი ბარტყობის მუხლებს წარმოშობენ. აქედან გამოსული ყლორტები ან ამოხევენ ხალთას (ხალთის გარე ყლორტები), ან ხალთაშივე იზრდებიან (ხალთის შიგა ყლორტები). ყლორტების წარმოშობის მიხედვით მარცვლოვანნი იყოფიან გრძელფესურიან (ან ფესურიან), მეჩხერბუჩქოვან და მკვრივბუჩქოვან (მკვრივკორდოვან) მარცვლოვანებად.

მარცვლოვანნი ფარულთესლოვანთა ერთ-ერთი დიდი ოჯახია, ადრე განეკუთვნებოდა კილებსაფრიანების რიგს (Glumiflorae). შეიცავს 620-ზე მეტი გვარის 10000-მდე სახეობას, რომელიც გავრცელებულია მთელ მსოფლიოში არქტიკიდან ანტარქტიკამდე.

მარცვლოვანთ ხშირად ყოფენ 2 ან რამდენიმე (12-მდე) ქვეოჯახად. 25 (60-მდე) ტრიბად. საქართველოში მარცვლოვანთა 100-მდე გვარის 330 სახეობა გვხვდება. მარცვლოვანნი თითქმის ყველგან არიან გავრცელებული, სადაც კი მცენარეული საფარია. ხშირად დიდ ტერიტორიებს იკავებენ. განსაკუთრებით დიდი როლი მიეკუთვნებათ მდელოს, ველის (ტეპის), პრერიის, პამპისა და სავანის ბალახნარში. მარცვლოვანნი ეკონომიკის თვალსაზრისით მნიშვნელოვანი ოჯახია. მათ განეკუთვნება ისეთი კულტურული პურეული მცენარეები, როგორიცაა ხორბალი, ბრინჯი, სიმინდი, შვრია, ჭვავი, ქერი, ქვრიმა, ღომი, სორგო, აგრეთვე შაქრის ლერწამი და სხვა. ველური და კულტივირებული მარცვლოვანნი სასოფლო-სამეურნეო ცხოველთა ერთ-ერთი ძირითადი საკვებია.

ზოგიერთ მარცვლოვანს იყენებენ საჭმელად, სახამებლის, სპირტის, ქაღალდისა და არომატული ზეთების მისაღებად. ზოგს — საშენ მასალად, ლიქიორისა და არყის წარმოებაში, სამკურნალო და დეკორატიულ მცენარედ, ზოგს — ფხვიერი ნიადაგებისა და ქვიშების გასამაგრებლად. ამ მხრივ ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა ფესურიან მარცვლოვანთა (ჭანგა, გლერტა, თივაქასრა, ნამიკრეფია და სხვა) გამოყენება ეროზიის საწინააღმდეგოდ მათი ფესვთა სისტემის ძლიერად განვითარების გამო. იგივე მცენარეები კარგია აეროდრომის, იპოდრომის, სტადიონისა და გაზონის მოსაწყობად. ზოგი მარცვლოვანნი აბეზარა, ძნელად მოსასპობი სარეველაა. ასეთია: ვირჯინიული ურო, ლაკარტია, ჭანგა, გლერტა, შვრიუკა და სხვა.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ნახუცრიშვილი შ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, თბ., 1983. — გვ. 474.
  • Рожевиц Р. Ю., Злаки. Введение в изучение кормовых и хлебных злаков, М.—Л., 1937;
  • Цвелев Н. П., Злаки СССР, Л., 1976;

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება