მარტვილის კანიონი
მარტვილის კანიონი — კანიონი საქართველოში, მარტვილის მუნიციპალიტეტში.[1] მდებარეობს სოფელ გაჭედილთან, მდინარე აბაშის ხეობაში, მარტვილი-ჩხოროწყუს ცენტრალური საავტომობილო გზის პირას, ზღვის დონიდან 210 მ სიმაღლეზე.[2]
მარტვილის კანიონი | |
---|---|
IUCN კატეგორია III (ბუნების ძეგლი)
| |
მდებარეობა | მარტვილის მუნიციპალიტეტი |
ქვეყანა | საქართველო |
უახლოესი ქალაქი | მარტვილი |
კოორდინატები | 41°36′32″ ჩ. გ. 44°32′21″ ა. გ. / 41.60889° ჩ. გ. 44.53917° ა. გ. |
ფართობი | 0,1349 |
დაარსდა | 2016 წელს |
მმართველი ორგანო | დაცული ტერიტორიების სააგენტო |
წარმოადგენს მდინარე აბაშის მიერ აბდათის კირქვული ქანებით აგებულ ანტიკლინში, კანიონისებურად გაჭრილ ხეობას. კანიონის სიგრძე 2400 მ-ია, ჩაჭრის სიღრმე 20–30 მ, ხოლო სიგანე 5–10 მ. კანიონში ორ ადგილას არის შენახული კირქვის ბუნებრივი ხიდები, რაც იმის მანიშნებელია, რომ აქ ოდესღაც კარსტული მღვიმე ჩამოიშალა.[2]
გარდა ამისა, კანიონის შუა წელში წარმოიშობა 12–15 მ სიმაღლის ვარდნის მცირე ჩანჩქერები. ერთი მონაკვეთი გამოირჩევა განსაკუთრებული სილამაზით. ეს არის ოფუცხოლე, რომელიც ცნობილია „დადიანების საბანაოს“ სახელით. აქ ჩასასვლელად ბილიკი კირქვის დიდი კვადრებისგან აშენებულ კიბეს ჩაუყვება. მიმდებარე კირქვოვან კლდეებზე განვითარებულია კოლხური ტყისთვის დამახასიათებელი ფლორა, თავისი უნიკალური წარმომადგენლებით, აქ გვხვდება: დათვისთხილა, კოლხური ბზა, უთხოვარი და სხვა. მრავლადაა სხვადასხვა სახეობის ხავსი, გვიმრანაირები.[2]
მარტვილის კანიონი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული დაცული ტერიტორიაა. მარტვილის კანიონის ვიზიტორთა ცენტრი სოფელ დიდ ინჩხურში, კანიონის შესასვლელთანაა განთავსებული. ქვით მოკირწყლული 700 მ-ის სიგრძის წრიული საფეხმავლო ბილიკი ვიზიტორთა ცენტრიდან იწყება და გაივლის დადიანების ისტორიულ ბილიკს. ბილიკზე განლაგებულია 2 ხიდი, 3 გადასახედი პლატფორმა, კირქვის დიდი ლოდებისგან აშენებული 30-საფეხურიანი ისტორიული კიბე.[3]
კანიონის განვითარების პროექტის ფარგლებში მოეწყო ტურისტული ბილიკები, გადასახედები, ხიდები, ანგარი, ნავმისადგომი და ვიზიტორთა მოსაცდელი. რესტავრაცია ჩაუტარდა ქვაში ნაკვეთ დადიანების ისტორიულ კიბესა და წყლის წისქვილს. ინფრასტრუქტურულ სამუშაოებზე 1 223 907 ლარი დაიხარჯა.[4] 2017 წელს მარტვილის კანიონს 147374 ვიზიტორი ეწვია.[5] კანიონის უმაღლესი ადგილი, მდინარე ტეხურის სათავეა, რომელიც ზღვის დონიდან 3003 მ სიმაღლეზე მდებარეობს.[6]
ყველაზე ახლომდებარე მსხვილი დასახლებული პუნქტია ქალაქი მარტვილი. ბუნების ძეგლია.[2] მარტვილის კანიონი ცნობილია აგრეთვე აბაშის კანიონის, გაჭედილის კანიონისა და გოჭკადილის კანიონის სახელწოდებით.
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ საქართველოს კანონი ბუნების ძეგლების შექმნისა და მართვის შესახებ
- ↑ 2.0 2.1 2.2 2.3 დაცული ტერიტორიების სააგენტო | მარტვილის კანიონის ბუნების ძეგლი
- ↑ საქართველოს ეროვნული პარკები | მარტვილის კანიონი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-09-10. ციტირების თარიღი: 2021-09-10.
- ↑ მარტვილის კანიონის ბუნების ძეგლზე მედიატური გაიმართა
- ↑ მარტვილის კანიონი ვიზიტორების სიმრავლით დაცულ ტერიტორიებს შორის მესამე ადგილზეა
- ↑ გიგლა აგულაშვილი გოჭკადილის კანიონის ვიზიტორთა ცენტრის პროექტს გაეცნო