მარკუს ვიფსანიუს აგრიპა

მარკუს ვიფსანიუს აგრიპა (ლათ. Marcus Vipsanius Agrippa; დ. ძვ. წ. 64/62 — გ. ძვ. წ. 12) — ძველი რომის სახელმწიფო მოღვაწე, მხედართმთავარი და პოლიტიკოსი,[6] იმპერატორ ოქტავიანე ავგუსტუსის ახლო მეგობარი, სიძე და თანაშემწე. აგრიპას სახელთანაა დაკავშირებული რომის ისტორიაში ზოგიერთი ყველაზე ღირსშესანიშნავი შენობის აგება და მნიშვნელოვანი სამხედრო გამარჯვებების მოპოვება, რომელთაგან აღსანიშნავია ძვ. წ. 31 წელს მარკუს ანტონიუსისა და კლეოპატრას ძალების წინააღმდეგ გამართული აქციუმის ბრძოლა. ამ გამარჯვებათა წყალობით, ოქტავიანე რომის პირველი იმპერატორი გახდა და ავგუსტუსის ტიტული მიიღო. აგრიპა დაეხმარა ავგუსსტუსს რომის მარმარილოს ქალაქად გადაქცევასა[7] და აკვედუკების განახლებაში, რათა ყველა რომაელისათვის, ყველა სოციალური კლასიდან, მიეცა უმაღლესი ხარისხის საჯარო მომსახურებაზე წვდომის საშუალება. მის სახელთანაა დაკავშირებული მრავალი აბანოს, პორტიკისა და ბაღის აგება-გაშენება და თავის დროზე ისიც კი ეგონათ, რომ რომის პანთეონის მშენებლობის დამკვეთი სწორედ ის იყო. აგრიპა იყო რომის მეორე იმპერატორის, ტიბერიუსის სიმამრი, კალიგულას პაპა დედის მხრიდან და ნერონის დიდი პაპა დედის მხრიდან.

მარკუს ვიფსანიუს აგრიპა
Marcus Vipsanius Agrippa
დაბადების თარიღი ძვ. წ. 63[1] [2] [3] [4]
დაბადების ადგილი დაუდგენელია, შესაძლოა, ისტრია ან ასიზი[5]
გარდაცვალების თარიღი ძვ. წ. 12[1] [2] [3] [4]
გარდაცვალების ადგილი კამპანია
კუთვნილება რომის რესპუბლიკა
რომის იმპერია
სამხედრო სამსახურის წლები ძვ. წ. 45-12 წწ.
წოდება გენერალი
ბრძოლები/ომები კეისრის სამოქალაქო ომი
მუნდის ბრძოლა
კეისრისშედგომი სამოქალაქო ომი
მუტინის ბრძოლა
ლიბერატორების სამოქალაქო ომი
ფილიპის ბრძოლა
რომის რესპუბლიკის საბოლოო ომი
აქციუმის ბრძოლა
ალექსანდრიის ალყა

ცხოვრების ადრეული წლები

რედაქტირება

აგრიპა დაიბადა ძვ. წ. 64-62 წლებს შორის,[8] დაბადების ადგილი დაუდგენელია.[5] მამამისს, შესაძლოა, ლუციუს ვიფსანიუს აგრიპა ერქვა.[9] მას ჰყავდა უფროსი ძმა, რომელსაც, აგრეთვე, ლუციუს ვიფსანიუს აგრიპა ერქვა და და — ვიფსანია პოლა. მისი ოჯახი რომის საჯარო ცხოვრებაში ცნობილი არ იყო,[10] თუმცა, აგრიპა დაახლოებით იმავე ასაკისა იყო, რამდენისაც ოქტავიანე (მომავალში იმპერატორი ავგუსტუსი), მათ განათლება ერთად მიიღეს და ახლო მეგობრები გახდნენ. მიუხედავად იმისა, რომ აგრიპა დაკავშირებული იყო იულიუს კეისრის ოჯახთან, მისმა ძმამ ძვ. წ. 40-იანი წლების სამოქალაქო ომში მოწინააღმდეგის მხარე დაიკავა და კატონის მეთაურობით აფრიკაში ებრძოდა კეისარს. კატონის ძალების განადგურების შემდეგ, აგრიპას ძმა ტყვედ წამოიყვანეს, თუმცა ოქტავიანეს შუამდგომლობით გაათავისუფლეს.[11]

უცნობია იბრძოდა თუ არა აგრიპა ძმის წინააღმდეგ აფრიკაში, თუმცა საფიქრებელია, რომ იგი მსახურობდა კეისრის ძვ. წ. 46-45 წლების კამპანიაში გნეუს პომპეუსის წინააღმდეგ, რის კულმინაციასაც მუნდის ბრძოლა წარმოადგენდა.[12] კეისარმა იგი სათანადოდ დააფასა, როდესაც ძვ. წ. 45 წელს ოქტავიანესთან ერთად აპოლონიაში (ილირიის სანაპიროზე), მაკედონიურ ლეგიონებთან გაგზავნა სასწავლებლად, თავად კი საკუთარ ძალას რომში მოუყარა თავი.[13] აპოლონიაში ყოფნის მეოთხე თვეს იულიუს კეისრის მკვლელობის ამბავმა მათამდეც მიაღწია. აგრიპამ და კიდევ ერთმა მეგობარმა, კვინტუს სალვიდენუს რუფუსმა, ოქტავიანეს მაკედონიის ჯარით რომზე წასვლა ურჩიეს, თუმცა ამ უკანასკნელმა მცირე ამალასთან ერთად იტალიაში გამგზავრება გადაწყვიტა. ჩასვლის შემდეგ, მან შეეიტყო, რომ იგი კეისარმა იშვილა როგორც კანონიერი მემკვიდრე.[14] ოქტავიანემ კეისრის სახელი მიიღო, თუმცა თანამედროვე ისტორიკოსები მას ამ პერიოდის განმავლობაში კვლავ „ოქტავიანეს“ უწოდებენ.

გზა ძალაუფლებისაკენ

რედაქტირება

ოქტავიანეს რომში დაბრუნების შემდეგ, მისმა მხარდამჭერებმა გააცნობიერეს, რომ მათ ლეგიონების მხარდაჭერა ესაჭიროებოდათ. აგრიპა მომავალ იმპერატორს კამპანიაში ჯარის შეკრებაში დაეხმარა.[15] როდესაც ოქტავიანეს უკვე ჰყავდა საკუთარი ლეგიონები, მან მარკუს ანტონიუსსა და მარკუს ემილიუს ლეპიდუსთან კავშირი შეკრა, რამაც კანონიერი სახე ძვ. წ. 43 წელს მიიღო, როგორც მეორე ტრიუმვირატმა. ოქტავიანე და მეორე კონსული, კვინტუს პედიუსი შეთანხმდნენ, რომ წესრიგში მოეყვანათ კეისრის მკვლელების სასამართლოს წესით დევნა მათ დაუსწრებლად და ეს საქმე, გაიუს კასიუს ლონგინუსის წინააღმდეგ აგრიპას ანდეს.[16] შესაძლოა, იმავე წელს დაეწყო აგრიპას თავისი პოლიტიკური კარიერა სახალხო ტრიბუნის თანამდებობის დაკავებით, რამაც მას სენატის კარი გაუღო.[17]

 
აგრიპას ბიუსტი, პუშკინის მუზეუმი

ძვ. წ. 42 წელს, აგრიპა, სავარაუდოდ, ოქტავიანესა და ანტონიუსთან ერთად იბრძოდა ფილიპის ბრძოლაში.[18] რომში დაბრუნების შემდეგ, იგი თამაშობდა მთავარ როლს ოქტავიანეს ომში ლუციუს ანტონიუსისა და ფულვია ანტონიას (მარკუს ანტონიუსის ძმა და ცოლი) წინააღმდეგ, რომელიც დაიწყო ძვ. წ. 41 წელს და დასრულდა პერუზიის აღებით ძვ. წ. 40 წელს, თუმცაღა, ამ პერიოდში, კვინტუს სალვიდიენუს რუფუსი კვლავ რჩებოდა ოქტავიანეს მთავარ გენერლად.[19] პერუზიის ომის შემდეგ, ოქტავიანე გალიაში გაემგზავრა. მან აგრიპა ქალაქის პრეტორად დატოვა რომში და დაავალა იტალია დაეცვა სექსტუს პომპეუსისაგან, ტრიუმვირატის ოპონენტისაგან, რომელსაც იმჟამად სიცილია ეკავა. ძვ. წ. 40 წლის ივლისში, როდესაც აგრიპა სადღესასწაულო თამაშებით იყო დაკავებული, რაც პრეტორის მოვალეობას შეადგენდა, სექსტუსმა სამხრეთ იტალიაზე თავდასხმა დაიწყო. აგრიპამ შეუტია პომპეუსს და უკან დახევა აიძულა.[20] მიუხედავად ამისა, ტრიუმვირატმა დაამტკიცა თავისი არასტაბილურობა და ძვ. წ. 40 წლის აგვისტოში როგორც სექსტუსი, აგრეთვე, ანტონიუსი იტალიაში შეიჭრნენ (თუმცა ეს დაგეგმილი კავშირი არ ყოფილა). აგრიპას წარმატებამ ანტონიუსისაგან სიპონტიუმის დაბრუნებაში ხელი შეუწყო კონფლიქტის დასრულებას.[21] აგრიპა ერთ-ერთი იყო იმ შუამავალთაგან, რომელთა წყალობითაც ანტონიუსი და ოქტავიანე კიდევ ერთხელ შეთანხმდენენ მშვიდობაზე. მოლაპარაკებებისას ოქტავიანემ შეიტყო, რომ სალვიდენიუსმა ანტონიუსს მისთვის ღალატი შესთავაზა, რის გამოც იგი ან სიკვდილით დასაჯეს ან მან თავი მოიკლა. ახლა უკვე აგრიპა ოქტავიანეს უმთავრეს გენერლად იქცა.[22]

 
აგრიპას გამოსახულება მშვიდობის საკურთხევლის რელიეფზე.

ძვ. წ. 39 ან 38 წელს, ოქტავიანემ აგრიპა ნარბონის გალიის გუბერნატორად დანიშნა, სადაც ძვ. წ. 38 წელს მან აკვიტანიელთა მოწოლა შეაჩერა. აგრიპამ, აგრეთვე, გერმანული ტომების წინააღმდეგაც იბრძოლა და გახდა პირველი რომაელი გენერალი (იულიუს კეისრის შემდეგ), რომელმაც რაინი გადალახა.[23] მოგვიანებით, ოქტავიანემ იგი უკან, რომში გამოიძახა კონსულის თანამდებობის დასაკავებლად ძვ. წ. 37 წლისათვის. იგი 43 წელზე, ტრადიციულ მინიმალურ ასაკზე ბევრად უმცროსი იყო, თუმცა ოქტავიანე სექსტუს პომპეუსისაგან ზღვაზე დამამცირებელ მარცხს განიცდიდა და ამიტომაც, სჭირდებოდა, რომ მის მეგობარს ზედამხედველობა გაეწია ომისათვის მოსამზადებელი სამუშაოებისათვის. აგრიპამ უარი თქვა მისთვის შეთავაზებულ ტრიუმფზე გალიაში ჩადენილი გმირობებისათვის, რადგანაც, როგორც დიონ კასიუსი გადმოგვცემს, იგი უადგილოდ მიიჩნევდა ზეიმს, მაშინ, როდესაც ოქტავიანე განსაცდელში იყო.[24] რადგანაც სექსტუსი ზღვაზე ბატონობდა, აგრიპას პირველი საზრუნავი თავისი გემების უსაფრთხო ნავსადგურით უზრუნველყოფა იყო. მან ეს პრობლემა ლუკრინის ტბის ზღვისაგან გამომყოფი ხმელეთის ზოლების გაჭრით მოაგვარა, რითაც შეიქმნა გარე ნავსადგური, ავერნუს ტბისა და ლუკრინუსის შეერთება კი შიდა ნავსადგურის ფუნქციას ასრულებდა.[25] ახალ ნავსადგურს ოქტავიანეს პატივსაცემად, პორტუს იულიუსი ეწოდა.[26] აგრიპას დამსახურება იყო, აგრეთვე, ტექნოლოგიური გაუმჯობესებები, უფრო დიდი ზომის გემებისა და საიერიშო კაუჭების გაუმჯობესებული ფორმის ჩათვლით.[27] დაახლოებით ამ დროისათვისვე, იგი დაქორწინდა ცეცილია პომპონია ატიკაზე, ციცერონის მეგობრის, ტიტუს პომპონიუს ატიკუსის ქალიშვილზე.[28]

ძვ. წ. 36 წელს ოქტავიანემ და აგრიპამ სექსტუს პომპეუსის წინააღმდეგ აფრები გაშალეს, თუმცა მათი ფლოტი მძიმედ დააზიანა შტორმმა და ამიტომაც, უკან დახევა მოუწიათ. აგრიპა მეორე ცდისათვის მოემზადა. მოწინავე ტექნოლოგიებისა და წვრთნის წყალობით, აგრიპამ და მისმა ხალხმა მილაცოსა და ნაულოქუსთან გადამწყვეტი გამარჯვებები მოიპოვეს, სექსტუსის გემები თითქმის მთლიანად გაანადგურეს, მხოლოდ ჩვიდმეტი გადარჩა, მისი ძალების უმეტესობას კი დანებება აიძულეს. ოქტავიანემ, თავისი გაზრდილი ძალაუფლებით, ლეპიდუსი, ტრიუმვირატის ერთ-ერთი წევრი, აიძულა სტატუსი დაეთმო და რომში ტრიუმფით შევიდა.[29] აგრიპამ უპრეცედენტო პატივი მიიღო საზღვაო ძალების მთავარსარდლის გვირგვინის (Corona navalis) სახით.[30] როგორც დიონ კასიუსი აღნიშნავს, ეს იყო „მორთულობა, რომელიც არც მანამდე და არც შემდეგ, არავისთვის უბოძებიათ.“[31]

საჯარო სამსახურში

რედაქტირება
 
ადრიანეს პანთეონი აგრიპას დროს აშენებული ტაძრის ჩასანაცვლებლად აიგო. იმპერატორმა შეინარჩუნა წარწერა M·AGRIPPA·L·F·COS·TERTIVM·FECIT, რაც ნიშნავს მარკუს აგრიპამ, ლუციუსის ძემ, კონსულად მესამედ მყოფმა ააგო ეს.

აგრიპა მონაწილეობდა მსგავს სამხედრო კამპანიებში ძვ. წ. 35 და 34 წლებში, თუმცა ძვ. წ. 34 წელს რომში დაბრუნება მოუწია.[32] იგი სწრაფად ჩაერთო საჯარო ინფრასტრუქტურის განახლება-გაუმჯობესების კამპანიაში, რომლის ფარგლებშიც რეკონსტრუქცია ჩაუტარდა აკვა მარციას სახელით ცნობილ რომაულ აკვედუკს და გაფართოვდა მისი მილების სისტემა, რათა მას ქალაქის უფრო დიდი ნაწილი დაეფარა. ძვ. წ. 33 წელს ერთ-ერთ ედილად (რომის შენობა-ნაგებობებისა და ზეიმებზე პასუხისმგებელი მოხელე) არჩევის შემდეგ მის მიერ გატარებული ღონისძიებების შედეგად, ქუჩები განახლდა და საკანალიზაციო მილები გაიწმინდა, ამავდროულად, იმართებოდა გულუხვი საჯარო სანახაობები.[33] თანამდებობაზე ყოფნა აგრიპამ ქალაქ რომის მნიშვნელოვანი გაუმჯობესებით აღნიშნა. აღადგინა და ააგო აკვედუკები, გააფართოვა და გაწმინდა კლოაკა მაქსიმა, ააშენა აბანოები და პორტიკები და გააშენა ბაღები. მან, აგრეთვე, სტიმული მისცა ხელოვნების ნამუშევრების საჯარო გამოფენებს. ყოფილი კონსულისათვის უფრო დაბალი ედილის თანამდებობის დაკავება უჩვეულო იყო,[34] თუმცა აგრიპას წარმატებამ ეს პრეცედენტი ტრადიციად აქცია. როგორც იმპერატორი, ავგუსტუსი მოგვიანებით იკვეხნიდა, რომ მან აგურის რომი ჩაიბარა და მარმარილოსი დატოვა, რაც, გარკვეულწილად, მისი მმართველობის პერიოდში აგრიპას მიერ უზრუნველყოფილი მომსახურების დამსახურება იყო.

ანტონიუსი და კლეოპატრა

რედაქტირება
 
აგრიპას ქანდაკება ვენეციის არქეოლოგიურ მუზეუმში.

აგრიპა კიდევ ერთხელ გამოიძახეს, რათა ანტონიუსსა და კლეოპატრასთან დაწყებულ ომში ფლოტისათვის ესარდლა. მან აიღო სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ქალაქი მეტონი სამხრეთ-დასავლეთ პელოპონესში, შემდეგ ჩრდილოეთისაკენ გაემართა, საბერძნეთის სანაპიროს გაჰყვა და დაიკავა კორკირა (თანამედროვე კერკირა). ამის შემდეგ, ოქტავიანემ თავისი ძალები აქ გადმოსხა და კუნძული საზღვაო ბაზად აქცია.[35] ანტონიუსმა თავისი გემები და ჯარი აქციუმთან განალაგა, სადაც ოქტავიანე მასთან შესახვედრად გაემართა. ამასობაში, აგრიპამ პატრის საზღვაო ბრძოლაში ანტონიუსის მხარდამჭერი, კვინტუს ნასიდიუსი დაამარცხა.[36] დიონ კასიუსი მოგვითხრობს, რომ როდესაც აგრიპა ოქტავიანესთან შესაერთებლად აქციუმისაკენ გაემართა, იგი შეეჯახა გაიუს სოზიუსს, ანტონიუსის ერთ-ერთ თანაშემწეს, რომელიც მოულოდნელ შეტევას ახორციელებდა ლუციუს ტარიუს რუფუსის ესკადრონზე, ოქტავიანეს მხარდამჭერზე. აგრიპას მოულოდნელი გამოჩენა ბრძოლაში გადაიზარდა.[37]

დიონ კასიუსის მიხედვით, როდესაც გადამწყვეტი ბრძოლა მოახლოვდა, ოქტავიანემ მიიღო ცნობები იმის შესახებ, რომ ანტონიუსი და კლეოპატრა მისი საზღვაო ბლოკადის გარღვევასა და გაქცევას გეგმავდნენ. თავდაპირველად, იგი ფლაგმანების გატარებას აპირბდა, რასაც იმით ასაბუთებდა, რომ მისი მსუბუქი ხომალდები მათ შემდეგაც დაეწეოდნენ, ხოლო მტრის დანარჩენი გემები დანებდნებოდნენ მას შემდეგ, რაც მათი ლიდერის სიმხდალეს იხილავდნენ. აგრიპა შეეწინააღმდეგა მას და განაცხადა, რომ დიდი ზომის მიუხედავად, ანტონიუსის გემებს მაინც შეეძლოთ გაესწროთ ოქტავიანეს ხომალდებისთვის თუ იალქნებს გაშლიდნენ და რომ ოქტავიანეს ახლავე უნდა ებრძოლა, რადგანაც ანტონიუსის ფლოტი სულ ახლახან იყო მოყოლილი შტორმში. ოქტავიანემ მეგობრის რჩევას დაუჯერა.[38]

ძვ. წ. 31 წლის 2 სექტემბერს გაიმართა აქციუმის ბრძოლა. ოქტავიანეს გამარჯვება, რამაც მას რომსა და იმპერიაზე ბატონობა მოუტანა, ძირითადად, სწორედ აგრიპას დამსახურება იყო.[39] პატივისცემის ნიშნად, ძვ. წ. 28 წელს ოქტავიანემ აგრიპა თავისი დისწულის, კლაუდია მარცელა უფროსის ხელით დააჯილდოვა. იმავე წელს, ოქტავიანესთან ერთად, იგი კონსულადაც მსახურობდა. ძვ. წ. 27 წელს იგი ოქტავიანესთან ერთად მესამედ გახდა კონსული. ამავე წელს, სენატმა ოქტავიანეს ავგუსტუსის საიმპერატორო ტიტული უბოძა.

აქციუმის ბრძოლის წლისთავის აღსანიშნავად, აგრიპამ ააშენა და მიუძღვნა შენობა, რომელიც ახ. წ. 80 წელს დანგრევამდე რომის პანთეონს წარმოადგენდა. იმპერატორმა ადრიანემ აგრიპას დიზაინი საკუთარი პანთეონის ასაშენებლად გამოიყენა, რომელიც დღემდე დგას რომში. გვიანდელი შენობა, რომელიც, დაახლოებით, ახ. წ. 125 წლისათვის აიგო, ინარჩუნებს აგრიპას დროინდელის წარწერას, რომელიც მისი მესამე საკონსულო ვადის პერიოდისაა. თავისი მესამე კონსულობის შემდეგი წლები აგრიპამ გალიაში გაატარა, სადაც მან მოახდინა ადმინისტრაციული და საგადასახადო სისტემების რეფორმირება, ააშენა ეფექტური საგზაო სისტემა და აკვედუკები.

ცხოვრების გვიანდელი წლები

რედაქტირება
 
მერიდის თეატრი ესპანეთში. აგებულია აგრიპას ხელშეწყობით ძვ. წ. 16-15 წლებში.

როგორც ჩანს, აგრიპას მეგობრობა ავგუსტუსთან ამ უკანასკნელის დისშვილის, მარკუს კლავდიუს მარცელუსის შურმა დაჩრდილა. შესაძლოა, მას ავგუსტუსის მესამე ცოლი, ლივია აქეზებდა, რომელსაც თავის ქმარზე აგრიპას გავლენის ეშინოდა.[40] ტრადიციულად, მიიჩნევა, რომ ამ შურის შედეგად, აგრიპამ რომი დატოვა, თითქოს აღმოსავლეთ პროვინციებზე მმართველობა მიიღო, თუმცა ეს ერთგვარი საპატიო დევნილობა იყო. მან თავისი ლეგატი მხოლოდ სირიაში გაგზავნა, ხოლო თავად კუნძულ ლესბოსზე რჩებოდა და მინდობილობით მართავდა,[40] მიუხედავად ამისა, გამორიცხული არაა, რომ იგი საიდუმლო მისიაზე ყოფილიყო რათა მოლაპარაკება ეწარმოებინა პართიელებთან რომის ლეგიონების იმ შტანდარტების დასაბრუნებლად, რომლებიც მათ ჰქონდათ მიტაცებული.[41] მარცელუსის გარდაცვალების შემდეგ, რაც მისი დევნილობის პირველივე წელს მოხდა, აგრიპა ავგუსტუსმა კიდევ ერთხელ გამოიძახა რომში, როდესაც გაიაზრა, რომ მის სამსახურზე უარის თქმა არ შეეძლო, თუმცა, თუ ყველა მოვლენას ძვ. წ. 23 წლის კრიზისის კონტექსტში განვიხილავთ, ნაკლებად სავარაუდოა, რომ მნიშვნელოვან წინააღმდეგობას შეჯახებულ ავგუსტუსს, რომელმაც პოლიტიკური დაღმასვლა განიცადა, განედევნა კაცი, რომელიც რომაული ჯარების უდიდეს ნაწილს მეთაურობდა. უფრო სავარაუდოა, რომ აგრიპას „განდევნა“ ფრთხილი პოლიტიკური განკარგულება იყო ერთგული თანაშემწისათვის, რათა მას ემეთაურა არმიის მნიშვნელოვანი ნაწილისათვის, რაც სათადარიგო გეგმას წარმოადგენდა იმ შემთხვევაში, თუ ძვ. წ. 23 წლის შეთანხმების გეგმები ჩაიშლებოდა და ავგუსტუსს სამხედრო მხარდაჭერა დასჭირდებოდა.[42] უფრო მეტიც, ძვ. წ. 23 წლის შემდეგ, იმის ფარგლებში, რაც ავგუსტუსის მეორე საკანონმდებლო შეთანხმების სახელით გახდა ცნობილი, აგრიპას სამართლებრივი ძალაუფლება გაიზარდა, რათა უზრუნველეყო ავგუსტუსის პრინციპატი დიდი სამართლებრივი სტაბილურობით პოლიტიკური მემკვიდრის ან ავგუსტუსის შემცვლელის არსებობით, იმ შემთხვევისათვის, თუ ეს უკანასკნელი თანდაყოლილი ავადმყოფობის შედეგად გარდაიცვლებოდა ან მკვლელობის მსხვერპლი გახდებოდა. ამავე წელს, აგრიპას, ავგუსტუსის ძალაუფლების მსგავსად, პროკონსულის ძალაუფლება მიენიჭა ხუთი წლით. ამ ნაბოძები ძალაუფლების ზუსტი ბუნება გაურკვეველია, თუმცა, სავარაუდოდ, იგი მოიცავდა ავგუსტუსის საიმპერატორო პროვინციებს, აღმოსავლეთსა და დასავლეთს, შესაძლოა, სენატის პროვინციებზე ავტორიტეტი აკლდა. ეს მოგვიანებით მოხდა, სახალხო ტრიბუნის ძალაუფლების მოპოვებით.[43] ასეთი დიდი უფლებამოსილებები, ჩვეულებრივ, ყოფილ დევნილს არ ენიჭებოდა ხოლმე.

როგორც ამბობენ, გაიუს მეცენატმა ავგუსტუსს ურჩია სიძედ ქცევით კიდევ უფრო დაეახლოვებინა აგრიპა.[44] ამ უკანასკნელმაც აგრიპა დაარწმუნა გაყროდა მარცელას და ძვ. წ. 21 წლისთვის ცოლად შეერთო ავგუსტუსის ასული იულია უფროსი, მარცელუსის ქვრივი,[45] თანაბრად შესანიშნავი, როგორც გარეგნობის, ისე ნიჭიერებისა და უსირცხვილო გარყვნილების მიხედვით. ძვ. წ. 19 წელს აგრიპას დაევალა ესპანეთში კანტაბრიელთა მოძალების შეჩერება (კანტაბრიული ომები).[40]

ძვ. წ. 18 წელს აგრიპას ძალაუფლება კიდევ უფრო გაიზარდა, იმდენად, რომ თითქმის გაუტოლდა ავგუსტუსისას. ამ წელს მისი პროკონსულის ძალაუფლება გაფართოვდა და მან სენატის პროვინციებიც მოიცვა. უფრო მეტიც, აგრიპამ, ბოლოსდაბოლოს, სახალხო ტრიბუნის ძალაუფლებაც მიიღო. ისევე, როგორც ავგუსტუსის შემთხვევაში, აგრიპასაც ისე მიენიჭა ტრიბუნალური ძალაუფლება, რომ მას, რეალურად, ეს თანამდებობა არ დაუკავებია.[46] ეს უფლებამოსილებები საკმაოდ საყურადღებო იყო, რამდენადაც აგრიპას სენატისა თუ სხვა მაგისტრატების, მათ შორის, სხვა ტრიბუნების ქმედებებზე ვეტოს გამოყენების უფლებას აძლევდა, აგრეთვე, მას ენიჭებოდა ძალაუფლება კანონები დასამტკიცებლად ხალხისათვის წარედგინა. თითქმის ასევე მნიშვნელოვანი იყო ისიც, რომ ტრიბუნი ხელშეუხებელი იყო, რაც იმას ნიშნავდა, რომ ნებისმიერი, ვინც მას ბოროტი განზრახვით შეეხებოდა ან ხელს შეუშლიდა მის ქმედებებს, პოლიტიკურის ჩათვლით, კანონის ძალით სიკვდილით დაისჯებოდა.[47] ამ ძალაუფლებათა მიღების შემდეგ, აგრიპა ქაღალდზე თითქმის ისეთივე ძლევამოსილი იყო, როგორიც ავგუსტუსი, თუმცა ამ უკანასკნელის პირველობა ეჭვგარეშე რჩებოდა.

ძვ. წ. 17 წელს აგრიპა მეორედ დაინიშნა აღმოსავლეთ პროვინციების გუბერნატორად, სადაც მისმა სამართლიანმა და კეთილგონივრულმა მმართველობამ მას პროვინციათა მოსახლეობის, განსაკუთრებით კი ებრაელების პატივისცემა და კეთილგანწყობა მოუპოვა.[40] გუბერნატორობის პერიოდში, აგრიპამ, აგრეთვე, აღადგინა რომაელთა ეფექტური კონტროლი ყირიმის ნახევარკუნძულზე.

აგრიპას უკანასკნელი საჯარო სამსახური ზემო დუნაის რეგიონის დაპყრობის დაწყება იყო, რომელიც ძვ. წ. 13 წელს რომის პანონიის პროვინცია გახდა.[48] იგი ძვ. წ. 12 წელს კამპანიაში 51 წლის ასაკში გარდაიცვალა. სიკვდილის შემდეგ დაბადებულ მის ვაჟს, მარკუს ვიფსანიუს აგრიპა პოსტუმუსს სახელი აგრიპას პატივსაცემად უწოდეს. ავგუსტუსმა მის ხსოვნას გრანდიოზული დაკრძალვითა და თვეზე მეტხნიანი გლოვით მიაგო პატივი. იმპერატორი პირადად ზრუნავდა აგრიპას ყველა შვილის განათლებაზე და მიუხედავად იმისა, რომ ამ უკანასკნელს უკვე ჰქონდა აგებული სამარხი დასაკრძალად, ავგუსტუსმა მისი ნეშტი საკუთარ მავზოლეუმში დააკრძალვინა.[49]

მემკვიდრეობა

რედაქტირება
 
მეზონ კარე ნიმში, თანამედროვე საფრანგეთში. აგებულია ძვ. წ. 19 წელს. აგრიპა მისი მფარველი იყო.

აგრიპა, აგრეთვე, ცნობილია, როგორც მწერალი, განსაკუთრებით, გეოგრაფიის თემაზე.[40][30] მისი ზედამხედველობის ქვეშ ასრულდა იულიუს კეისრის ოცნება — ჩატარებულიყო იმპერიის სრულყოფილი კვლევა. აგრიპასვე ეკუთვნის წრიული საზღვაო რუკა, რომელიც, მოგვიანებით, ავგუსტუსის ბრძანებით, მარმარილოზე ამოკვეთეს და მისი დის, პოლას მიერ აგებულ კოლონადაში განათავსეს.[40] მის ნაწერებს შორის აღსანიშნავია ამჟამად დაკარგული ავტობიოგრაფია.[40][30]

ტერმინი ვია აგრიპა გამოიყენება აგრიპას მიერ გალიაში აგებული საგზაო ქსელის ნებისმიერი მონაკვეთის აღსანიშნავად. ზოგიერთი მათგანი კვლავ არსებობს როგორც ბილიკები ან გზატკეცილებიც კი.

ქორწინებები და შვილები

რედაქტირება

აგრიპას სამი ქორწინებიდან რამდენიმე შვილი ჰყავდა:

შთამომავლები

რედაქტირება

თავისი უამრავი შვილის წყალობით, აგრიპა იულიუს-კლავდიუსების დინასტიის მრავალი შემდეგი წევრის წინაპრად იქცა.

(პომპონია ცეცილია ატიკასაგან)

1. ვიფსანია აგრიპინა, ძვ. წ. 36-ახ. წ. 20, ჰყავდა სულ ცოტა, 6 შვილი 2 ქმრისაგან (1 ტიბერიუსისაგან, სულ ცოტა 5 გაიუს ასინიუს გალუსისაგან)
ა. დრუზუს იულიუს კეისარი, ძვ. წ. 13-ახ. წ. 23, ჰყავდა სამი შვილი
I. იულია კეისარისი, ახ. წ. 5-43, ჰყავდა, სულ მცირე, 1 შვილი
ა. რუბელიუს პლავტუსი, ახ. წ. 33-62, შესაძლოა ჰყოლოდა რამდენიმე შვილი
II. ტიბერიუს იულიუს კეისარი (?ნერონი) გემელუსი, ახ. წ. 19-37/38, გარდაიცვალა უშვილოდ
III. გერმანიკუს იულიუს კეისარი (?ნერონი) გემელუსი, ახ. წ. 19-23, გარდაიცვალა მცირეწლოვანი
ბ. გაიუს ასინიუს პოლიო, გარდაიცვალა ახ. წ. 45 წელს, შვილი უცნობია
გ. მარკუს ასინიუს აგრიპა, გარდაიცვალა ახ. წ. 26 წელს
დ. (?გნეუს) ასინიუს სალონინუსი, გარდაიცვალა ახ. წ. 22 წელს[51]
ე. სერვიუს ასინიუს კელერი,[52][53] გარდაიცვალა 47 წლის შუამდე, ჰყავდა 1 შვილი
ა. ასინია აგრიპინა
ვ. (?ლუციუს) ასინიუს გალუსი[54]

(იულია უფროსისგან)

2. გაიუს იულიუს კეისარი, ძვ. წ. 20-ახ. წ. 4, გარდაიცვალა უშვილოდ
3. ვიფსანია იულია (იულია უმცროსი), ძვ. წ. 19-ახ. წ. 28, ჰყავდა ორი შვილი
ა. ემილია ლეპიდა, ძვ. წ. 4-ახ. წ. 53, ჰყავდა ხუთი შვილი
I. მარკუს იუნიუს სილანუს ტორკვატუსი, ახ. წ. 14-54, ჰყავდა ერთი შვილი
ა. ლუციუს იუნიუს სილანუს ტორკვატუსი უმცროსი, ახ. წ. 50-66, გარდაიცვალა ახალგაზრდა
II. იუნია კალვინა, ახ. წ. 15-79, გარდაიცვალა უშვილოდ
III. დეციმუს იუნიუს სილანუს ტორკვატუსი, გარდაიცვალა 64 წელს უშვილოდ
IV. ლუციუს იუნიუს ტორკვატუსი უფროსი, გარდაიცვალა 49 წელს უშვილოდ
V. იუნია ლეპიდა, 18-65, შვილები უცნობია
ბ. უსახელო უკანონო ვაჟი (დეციმუს იუნიუს სილანუსისაგან), გ. ახ. წ. 8 (ავგუსტუსის ბრძანებით მიატოვეს)
4. ლუციუს იულიუს კეისარი, ძვ. წ. 17-ახ. წ. 2, გარდაიცვალა უშვილოდ
5. აგრიპინა უფროსი, ძვ. წ. 14-ახ. წ. 33, ჰყავდა ცხრა შვილი, რომელთაგან სამი ახალგაზრდა გარდაიცვალა
ა. ნერონ იულიუს კეისარი, 6-30, გარდაიცვალა უშვილოდ
ბ. დრუზუს იულიუს კეისარი, 7-33, გარდაიცვალა უშვილოდ
გ. გაიუს იულიუს კეისარი, ახ. წ. 12-მდე-ახ. წ. 12-მდე[55]
დ. გაიუს იულიუს კეისარი (კალიგულა), 12-41, ჰყავდა ერთი შვილი
I. იულია დრუზილა, 39-41, გარდაიცვალა მცირეწლოვანი
ე. იულია აგრიპინა, 15-59, ჰყავდა ერთი შვილი
I. ნერონ კლავდიუს კეისარი, 37-68, შვილები არ ჰყოლია
ა. კლაუდია ავგუსტა, იან. 63 – აპრილი 63; გარდაიცვალა ჩვილი
ვ. იულია დრუზილა, 16-38, გარდაიცვალა უშვილოდ
ზ. იულია ლივილა, 18-42, გარდაიცვალა უშვილოდ
თ. ტიბერიუს იულიუს კეისარი, ? – ? (უნდა დაბადებულიყო ან ნერონ კეისრამდე, დრუზუს კეისარსა და კალიგულას შორის, ან კალიგულასა და იულია აგრიპინას შორის)[56]
?I. ვაჟი (სახელი უცნობია), ? – ?[57]
6. აგრიპა პოსტუმუსი, ძვ. წ. 12-ახ. წ. 14, გარდაიცვალა უშვილოდ

აგრიპა პოპ-კულტურაში

რედაქტირება
 
აუდიენცია აგრიპასთან, ლოურენს ალმა-ტადემა

აგრიპა არის უილიამ შექსპირის ტრაგედიის, ანტონიუსი და კლეოპატრას პერსონაჟი.

აგრიპას გამოგონილმა ვერსიამ მისი ცხოვრების ბოლო პერიოდში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა BBC-ის 1976 წლის სერიალში მე, კლავდიუსი. აგრიპა წარმოდგენილია ბევრად ხანდაზმულად, მიუხედავად იმისა, რომ პირველ ეპიზოდში (ძვ. წ. 24/23) იგი მხოლოდ 39 წლის უნდა ყოფილიყო. მის როლს ჯონ პოლი ასრულებს.

აგრიპა პოლ ნასჩის 1980 წლის ფილმის, Los cántabros-ის (კანტაბრიელები) მთავარი პერსონაჟია, მის როლს თავად ნასჩი ასრულებს. ფილმი წარმოადგენს კანტაბრიული ომების უაღრესად წარმოსახვით ვერსიას, რომელშიც აგრიპა კანტაბრიელთა ლიდერის, კოროკოტას დის შეყვარებულადაა წარმოსახული.

აგრიპა ჩნდება კლეოპატრას ცხოვრების შესახებ გადაღებულ რამდენიმე ფილმში. იგი, როგორც წესი, ახალგაზრდას ნაცვლად, მოხუცადაა წარმოჩენილი. მისი როლის შემსრულებლებს შორის არიან ფილიპ ლოკი, ალან როუი და ენდრიუ კეირი.

აგრიპა, აგრეთვე, არის ბრიტანულ-იტალიური ერთობლივი პროექტის, რომის იმპერია: ავგუსტუსის (2003 წ.) ერთ-ერთი უმთავრესი პერსონაჟი, სადაც წარმოჩენილია რეტროსპექციები ავგუსტუსსა და იულიას შორის აგრიპას შესახებ, რაც მას ახალგაზრდობაში კეისრის არმიაში მომსახურედ წარმოსახავს აქციუმის ბრძოლაში გამარჯვებასა და კლეოპატრას დამარცხებამდე. აქ მას კენ დუკენი განასახიერებს. 2005 წლის სერიალში იმპერია, ახალგაზრდა აგრიპა (მის როლს კრისტოფერ ეგანი ასრულებს) ოქტავიანეს მეგობარი ხდება მას შემდეგ, რაც ამ უკანასკნელ მოწამვლის მცდელობისაგან იხსნის.

მარკუს ვიფსანიუს აგრიპას ცხოვრების ადრეულ პერიოდზე დაყრდნობით შექმნილი უაღრესად წარმოსახვითი პერსონაჟი, მარკუს აგრიპა, გვხვდება BBC-HBO-RAI-ის სატელევიზიო სერიალ, რომში. აქ მას ალენ ლიჩი განასახიერებს. იგი საკუთარ თავს მონის შვილიშვილად აღწერს. სერიალი ქმნის რომანტიკულ ურთიერთობას აგრიპასა და ოქტავიანეს დას, ოქტავია უმცროსს შორის, რისი ისტორიული საფუძველიც არ არსებობს.

ლიტერატურა

რედაქტირება

აგრიპა არის რობერტ გრეივზის რომანის, მე, კლავდიუსის, პირველი ნაწილის მთავარი პერსონაჟი, აგრეთვე, კოლინ მაკკალოის ორი გვიანდელი რომანის მთავარი პერსონაჟიც სერიიდან რომის ბატონები. აგრიპა მნიშვნელობით გამორჩეული პერსონაჟია მაიკლ მორანის ისტორიული ფანტასტიკის ჟანრის რომანში კლეოპატრას ასული და ჯონ ედუარდ უილიამსის ისტორიულ რომანში ავგუსტუსი. ჰარი ტარტლდოვის Crosstime Traffic-ის სერიის პირველ ტომში, დენთის იმპერია, აგრიპა ახ. წ. 26 წლამდე ცოცხლობს, მთელ გერმანიას იპყრობს იმპერიისათვის და ახ. წ. 14 წელს ავგუსტუსის გარდაცვალების შემდეგ, მეორე იმპერატორი ხდება.

ვიდეო თამაშები

რედაქტირება

უაღრესად წარმოსახვითი აგრიპა ერთ-ერთი სათამაშო პერსონაჟია (თანაბრად წარმოსახვით ავგუსტუსთან ერთად) ვიდეო თამაშში რომის ჩრდილი, სადაც მამამისის იულიუს კეისრის მკვლელობისათვის არასწორად დასჯის შემდეგ, აგრიპას გლადიატორობა მიუსაჯეს. მისი მიზანია, როგორც გლადიატორმა, იცოცხლოს იმდენ ხანს, რამდენსაც შეძლებს, ხოლო ავგუსტუსი მოქმედებს, როგორც მზვერავი, რომელსაც ნელ-ნელა სააშკარაოზე გამოაქვს კეისრის წინააღმდეგ მოწყობილი შეთქმულება. საბოლოოდ, ავგუსტუსი ვიფსანიუსის უდანაშაულობის დამტკიცებას ახერხებს და ორივე მათგანს იწყალებენ. ამის შემდეგ, იწყება სამოქალაქო ომი, რადგანაც პირდაპირი მემკვიდრე შეურაცხყოფილია შეთქმულების გამომჟღავნებით. აგრიპა და ავგუსტუსი ანტონიუსის წინააღმდეგ იბრძვიან. აგრიპა, აგრეთვე, დიდი ადმირალის როლში ჩნდება კომპიუტერულ თამაშში Sid Meier's Civilization V.

ლიტერატურა

რედაქტირება
 
ვიკიწყაროში? არის ტექსტი 1911 Encyclopædia Britannica-ს სტატიებიდან თემაზე:
  • (2007) უნივერსალური ენციკლოპედიური ცნობარი ტ. 1. თბილისი: გამომცემლობა „აი ია”. ISBN 978-9941-0-0679-1. 
  • Badian, E. (1981). „Notes on the Laudatio of Agrippa“. Classical Journal. 76: 97–109.
  • Buchan, J. (1937). Augustus. Boston: Houghton Mifflin. 
  • Evans, H.B. (1982). „Agrippa's Water Plan“. American Journal of Archeology. 86 (3): 401–411. doi:10.2307/504429.
  • Firth, J.B. (1903). Augustus Caesar and the Organization of the Empire of Rome. New York: G. P. Putnam's Sons. 
  • Gray, E.W. (1970). „The Imperium of M. Agrippa: A Note on P. Colon. Inv. No. 4701“. Zeitschrift für Papyrologie und Epigraphik. 6: 227–238.
  • Lendering, Jona. Marcus Vipsanius Agrippa. Livius. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-05-14. ციტირების თარიღი: 2007-04-22.
  • McKechnie, P. (October 1981). „Cassius Dio's Speech of Agrippa: A Realistic Alternative to Imperial Government?“. Greece and Rome. 28 (02): 150–155. doi:10.1017/S0017383500033258.
  • Metello, Manuel Dejante Pinto de Magalhães Arnao; and João Carlos Metello de Nápoles (1998). Metellos de Portugal, Brasil e Roma (Portuguese). Lisboa: Edição Nova Arrancada. ISBN 972-8369-18-2. 
  • Reinhold, Meyer (1933). Marcus Agrippa: A Biography. Geneva: W. F. Humphrey Press. 
  • Roddaz, Jean-Michel (1934). Marcus Agrippa (French). Rome: École Française de Rome. 
  • Shipley, Frederick W. (1933). Agrippa's Building Activities in Rome. St. Louis: Washington University. 

რეკომენდებული საკითხავი

რედაქტირება

კომენტარები და სქოლიო

რედაქტირება
  1. 1.0 1.1 Bibliothèque nationale de France BnF authorities: პლატფორმა ღია მონაცემები — 2011.
  2. 2.0 2.1 Агриппа, Марк Випсаний // Энциклопедический словарь / под ред. И. Е. АндреевскийСПб: Брокгауз — Ефрон, 1890. — Т. I. — С. 152.
  3. 3.0 3.1 Любкер Ф. Agrippa // Реальный словарь классических древностей по Любкеру / под ред. Ф. Ф. Зелинский, А. И. Георгиевский, М. С. Куторга и др. — СПб: Общество классической филологии и педагогики, 1885. — С. 53–54.
  4. 4.0 4.1 Випсаний Агриппа, Марк // Вильом — Водемон — 1930. — Т. 11. — С. 189.
  5. 5.0 5.1 Reinhold, გვ. 9; Roddaz, გვ. 23.
  6. Plate, William (1867). Dictionary of Greek and Roman Biography and Mythology. Little, Brown and Company, გვ. 77–80. 
  7. დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2008-07-06. ციტირების თარიღი: 2016-04-25.
  8. დიონ კასიუსი 54.28.3 აგრიპას გარდაცვალების თარიღად ძვ. წ. 12 წლის მარტის ბოლოს ასახელებს, პლინიუს უფროსი 7.46 კი აცხადებს, რომ იგი თავისი სიცოცხლის 51-ე წელს გარდაიცვალა. ამ უკანასკნელზე დაყრდნობით, აგრიპა გარდაცვალებისას 50 ან 51 წლის ყოფილა, ეს კი მისი დაბადების თარიღს ძვ. წ. 64-62 წლების მარტების შუა პერიოდით განსაზღვრავს. ერთ-ერთი კვიპროსული ან სირიული კალენდარი შეიცავს აგრიპას სახელობის თვეს, რომელიც 1 ნოემბერს იწყება, რაც, შესაძლოა, მის დაბადების თვეს ასახავდეს. იხ. Reinhold, გვ. 2–4; Roddaz, გვ. 23–26.
  9. cf Pantheon inscription "M·AGRIPPA·L·F·COS·TERTIVM·FECIT" [1].
  10. ველეიუს პატერკულუსი 2.96, 127.
  11. ნიკოლოზ დამასკელი, ავგუსტუსის ცხოვრება 7.
  12. Reinhold, გვ. 13–14.
  13. სვეტონიუსი, ავგუსტუსის ცხოვრება 94.12.
  14. ნიკოლოზ დამასკელი, ავგუსტუსის ცხოვრება 16–17; ველეიუს პატერკულუსი 2.59.5.
  15. ნიკოლოზ დამასკელი, ავგუსტუსის ცხოვრება 31. დავის საგანს წარმოადგენს იყო თუ არა აგრიპა იმ შუამავლებს შორის, რომლებმაც ანტონიუსის მაკედონიური ლეგიონების ოქტავიანესათვის მიმხრობა მოახერხეს, თუმცა საამისოდ რაიმე პირდაპირი მტკიცებულება არ არსებობს; იხ. Reinhold, გვ. 16.
  16. ველეიუს პატერკულუსი 2.69.5; პლუტარქე, ბრუტუსის ცხოვრება 27.4.
  17. Mentioned only by Servius auctus on Virgil, Aeneid 8.682 დაარქივებული 2012-06-29 საიტზე Archive.isCategory:Webarchive template archiveis links, but a necessary preliminary to his position as urban praetor in 40 BC. Roddaz (გვ. 41) favours the 43 BC date.
  18. პლინიუს უფროსი 7.148 cites him as an authority for Octavian's illness on the occasion.
  19. Reinhold, გვ. 17–20.
  20. დიონ კასიუსი 48.20; Reinhold, გვ. 22.
  21. დიონ კასიუსი 48.28; Reinhold, გვ. 23.
  22. Reinhold, გვ. 23–24.
  23. დიონ კასიუსი 48.49
  24. დიონ კასიუსი 48.49; Reinhold, გვ. 25–29. აგრიპას ახალგაზრდობას იხსენიებს ლენდერინგი, "ფილიპიდან აქციუმამდე დაარქივებული 2011-05-14 საიტზე Wayback Machine. ".
  25. Reinhold, გვ. 29–32.
  26. სვეტონიუსი, ავგუსტუსის ცხოვრება 16.1.
  27. აპიანე, სამოქალაქო ომები 2.106, 118–119; Reinhold, გვ. 33–35.
  28. Reinhold, გვ. 35–37.
  29. Reinhold, გვ. 37–42.
  30. 30.0 30.1 30.2 უნივერსალური ენციკლოპედიური ცნობარი ტ. 1., 2007, გვ. 421
  31. დიონ კასიუსი 49.14.3.
  32. Reinhold, გვ. 45–47.
  33. Dio 49.42–43.
  34. Lendering, "From Philippi to Actium დაარქივებული 2011-05-14 საიტზე Wayback Machine. ".
  35. Orosius, History Against the Pagans 6.19.6–7; Dio 50.11.1–12.3; Reinhold, pp. 53–54.
  36. Dio 50.13.5.
  37. Dio 50.14.1–2; cf. Velleius Paterculus 2.84.2 („აგრიპამ... საბოლოო კონფლიქტამდე ორჯერ დაამარცხა მტრის ფლოტი“). დიონ კასიუსი შეცდომით ამბობს, რომ სოზიუსი მოკლეს, რადგანაც იგი იბრძოდა და გადარჩა კიდევაც აქციუმის ბრძოლაში (Reinhold, p. 54 n. 14; Roddaz, p. 163 n. 140).
  38. Dio 50.31.1–3.
  39. Reinhold, pp. 57–58; Roddaz, pp. 178–181.
  40. 40.0 40.1 40.2 40.3 40.4 40.5 40.6   1911 Encyclopædia Britannica, Agrippa, Marcus Vipsanius
  41. David Magie, The Mission of Agrippa to the Orient in 23 BC, Classical Philology, Vol. 3, No. 2(Apr., 1908), გვ. 145-152
  42. Syme (1939), 342.
  43. Syme (1939), 337-338.
  44. დიონ კასიუსი 54.6
  45. სვეტონიუსი, ავგუსტუსის ცხოვრება 63; დიონ კასიუსი, 6.5; Reinhold, Marcus Agrippa. A biography, გვ. 67-68, 86-87.
  46. დიონ კასიუსი, რომის ისტორია 54.12.4.
  47. Everett (2006), 217.
  48. დიონ კასიუსი, 28
  49. დიონ კასიუსი 54.28.5
  50. Kölner Papyrus I (1976), no. 10.
  51. May be the 'Gnaeus Asinius' mentioned in the records of the townsfolk of Puteoli, to whom that man was a patron
  52. Consul suffectus in AD 38
  53. სენეკა, The Pumpkinification of Claudius
  54. დიონ კასიუსი (60.27.5)
  55. CIL 06, 00889
  56. CIL 06, 00888
  57. CIL 06, 00890
პოლიტიკური თანამდებობები
წინამორბედი:
აპიუს კლავდიუს პულქერი და გაიუს ნორბანუს ფლაკუსი
რომის რესპუბლიკის კონსული
ლუციუს კანინიუს გალუსთან ერთად
ძვ. წ. 37
შემდეგი:
მარკუს კოქცეიუს ნერვა და ლუციუს გელიუს პუბლიკოლა
წინამორბედი:
ავგუსტუსი და სექსტუს აპულეიუსი
რომის იმპერიის კონსული
ავგუსტუსთან ერთად
ძვ. წ. 28-27
შემდეგი:
ავგუსტუსი და ტიტუს სტატილიუს ტაურუსი