ვიფსანია აგრიპინა, უმეტესად ცნობილია, როგორც აგრიპინა უფროსი (ლათ. AGRIPPINA•GERMANICI ,[2] დ. ძვ. წ. 14 — გ. 17/18 ოქტომბერი, 33) — წარჩინებული რომაელი ქალბატონი, იმპერატორ ავგუსტუსის შვილიშვილი,[3] რომაელი სამხედრო და პოლიტიკური მოღვაწის, გერმანიკუსის ცოლი, კალიგულას დედა და ნერონის ბებია დედის მხრიდან.

აგრიპინა უფროსი
დაბადების თარიღი ძვ. წ. 14
ათენი
გარდაცვალების თარიღი 17/18 ოქტომბერი, 33 (47 წლის)[1]
პანდატარია
დაკრძალულია პანდატორიაში. 37 წელს გადაასვენეს ავგუსტუსის მავზოლეუმში.
მეუღლე(ები) გერმანიკუსი
შვილ(ებ)ი ნერონ იულიუს კეისარი
დრუზუს კეისარი
კალიგულა
აგრიპინა უმცროსი
იულია დრუზილა
იულია ლივილა
მშობლები მამა: მარკუს ვიფსანიუს აგრიპა
დედა: იულია უფროსი

ოჯახი და ცხოვრების ადრეული წლები

რედაქტირება

აგრიპინა იყო რომაელი სახელმწიფო მოღვაწისა და იმპერატორ ავგუსტუსის მეგობრის, მარკუს ვიფსანიუს აგრიპასა და იულია უფროსის მეორე ქალიშვილი და მეოთხე შვილი. დედამისი, იულია, ავგუსტუსის ერთადერთი ბუნებრივი შვილი იყო თავისი მეორე ქორწინებიდან სკრიბონიასთან.

იულია აგრიპას მესამე ცოლი იყო. მამამისის წინა ორი ქორწინებიდან აგრიპინას სულ ცოტა ორი ნახევარდა მაინც ჰყავდა: ვიფსანია აგრიპინა და ვიფსანია მარცელა (თუმცა სვეტონიუსი თავის ღვთაებრივ ავგუსტუსში (63) მეტს გულისხმობს). ვიფსანია აგრიპინა აგრიპას მეორე შვილი იყო მისი პირველი ქორწინებიდან პომპონია ცეცილია ატიკასგან. იგი ტიბერიუსის პირველი ცოლი და ამ უკანასკნელის ბუნებრივი შვილის, დრუზუს იულიუს კეისრის დედა გახდა.

ვიფსანია აგრიპინა მეორედ სენატორსა და კონსულზე, გაიუს ასინიუს გალუს სალონინუსზე დაქორწინდა, მას შემდეგ, რაც ტიბერიუსი იძულებული გახდა გაყროდა მას და დაქორწინებულიყო იულია უფროსზე. უფრო ნაკლებადაა ცნობილი აგრიპას უფროსი ქალიშვილი — ვიფსანია მარცელა. იგი პუბლიუს კვინტილიუს ვარუსის პირველი ცოლი იყო. სავარაუდოდ, აგრიპას სხვა შვილებიც ჰყავდა თავისი მეორე ქორწინებიდან ავგუსტუსის დისშვილის, კლავდია მარცელა უფროსისაგან, რომელთაგან ზოგიერთი ვერ გადარჩა.

აგრიპინას დედისთვის აგრიპა მეორე ქმარი იყო. იულიას პირველი ქმარი მისივე მამიდაშვილი, მარკუს კლავდიუს მარცელუსი იყო. მათი ქორწინებიდან მალევე მარცელუსი გარდაიცვალა. წყვილს შვილები არ ჰყოლია. თავისი მშობლების ქორწინებიდან, აგრიპინას ოთხი დედმამიშვილი ჰყავდა: და — იულია უფროსი და სამი ძმა — გაიუს კეისარი, ლუციუს კეისარი და აგრიპა პოსტუმუსი. თავად აგრიპინა ათენში დაიბადა, რადგანაც ამ წელს აგრიპა ქალაქში, ავგუსტუსის სახელით, ოფიციალურ მოვალეობებს ასრულებდა. დედამისი და და-ძმები აგრიპასთან ერთად მოგზაურობდნენ. მოგვიანებით, აგრიპინას ოჯახი რომში დაბრუნდა.

ძვ. წ. 12 წელს გარდაიცვალა აგრიპინას მამა. ავგუსტუსმა აიძულა თავისი გერი, ტიბერიუსი, წერტილი დაესვა თავისი ბედნიერი პირველი ქორწინებისათვის ვიფსანია აგრიპინასთან და დაქორწინებულიყო იულია უფროსზე. ტიბერიუსისა და იულიას ქორწინება ბედნიერი ნამდვილად არ ყოფილა. ძვ. წ. 2 წელს ავგუსტუსმა აგრიპინას დედა მრუშობის მოტივით გადაასახლა, რამაც დიდი სკანდალი გამოიწვია. იულია თავისი დარჩენილი ცხოვრების განმავლობაში გაძევებულად რჩებოდა და აგრიპინას დედა აღარასოდეს უნახავს. ძვ. წ. 6 წლისათვის ტიბერიუსმა რომი დატოვა და ბერძნულ კუნძულ როდოსზე გადასახლდა. მის არყოფნაში ავგუსტუსმა იულიასა და ტიბერიუსის ქორწინება გააუქმა და ამის შესახებ როდოსში გაგზავნა ცნობა.

და-ძმებთან ერთად, აგრიპინა რომში აღზარდა პაპამ, ავგუსტუსმა და მისმა ცოლმა ლივია დრუზილამ. ამ უკანასკნელს თავისი პირველი ქორწინებიდან ორი ვაჟი ჰყავდა: მომავალი იმპერატორი ტიბერიუსი და მხედართმთავარი ნერონ კლავდიუს დრუზუსი.

სვეტონიუსის მიხედვით, როგორც საიმპერატორო ოჯახის წევრისგან, აგრიპინასგან მოელოდნენ, რომ ეჩვენებინა ზომიერება, უმანკოება და ოჯახური მყუდროება, რომაელი ქალის ყველა ტრადიციული ღირსება. აგრიპინასა და ავგუსტუსს ახლო ურთიერთობა ჰქონდათ.

ცხოვრება გერმანიკუსთან ერთად

რედაქტირება

ძვ. წ. 5-1 წლებს შორის, აგრიპინა დაქორწინდა გერმანიკუსზე,[3] ანტონია უმცროსისა და ნერონ კლავდიუს დრუზუსის უფროს ვაჟზე. დედამისი, ანტონია, ოქტავია უმცროსისა და ტრიუმვირ მარკუს ანტონიუსის ასული იყო და ამდენად, ავგუსტუსის დისწულიც. გერმანიკუსი პოპულარული მხედართმთავარი და პოლიტიკოსი იყო. ავგუსტუსმა ტიბერიუსს იმის განკარგულებაც კი მისცა, რომ იგი თავის შვილად და მემკვიდრედ გამოეცხადებინა.[3] რომის პირველი იმპერატორი ყოველთვის მფარველობდა თავისი დის შვილიშვილს და იმედოვნებდა, რომ იგი შეცვლიდა ტიბერიუსს, რომელიც ავგუსტუსმა იშვილა და თავის მემკვიდრედ და შემცვლელადაც აქცია. გერმანიკუსი და აგრიპინა ერთმანეთისათვის თავდადებული ცოლ-ქმარი იყვნენ. ეს უკანასკნელი ერთგული, მოსიყვარულე ცოლი იყო, რომელიც მხარს უჭერდა ქმარს. რომაელი ისტორიკოსი ტაციტუსი აცხადებს, რომ აგრიპინა შეფასებული იყო, როგორც შესანიშნავი ცოლი და დედა.

აგრიპინასა და გერმანიკუსს ცხრა შვილი ეყოლათ, რომელთაგან სამი მცირეწლოვანი გარდაიცვალა. ზრდასრულობის ასაკს მიაღწია მათმა სამმმა ვაჟმა (ნერონ იულიუს კეისარი, დრუზუს კეისარი და კალიგულა [გაიუს იულიუს კეისარი გერმანიკუსი]) და სამმა ქალიშვილმა (აგრიპინა უმცროსი (იულია აგრიპინა), იულია დრუზილა და იულია ლივილა). კალიგულა, შემდგომში, იმპერატორიც გახდა. აგრიპინა უმცროსი კი კიდევ ერთი იმპერატორის, ნერონის დედა იყო. აგრიპინასა და გერმანიკუსის შვილები მთელი იმპერიის მასშტაბით მრავალ სხვადასხვა ადგილას დაიბადნენ. აღსანიშნავია, რომ აგრიპინამ წარმატებული მშობიარობებისათვის სამართლიანად გაითქვა სახელი. იგი ამაყობდა თავისი დიდი ოჯახით და ეს რომის მოქალაქეთა შორის მისი პოპულარობის ერთ-ერთი მიზეზიც იყო.

გერმანიკუსი, სამომავლოდ, იმპერატორობის კანდიდატად განიხილებოდა, ამდენად, მას გერმანიასა და გალიაში წარმატებული სამხედრო კამპანიებით სახელი უნდა მოეხვეჭა. სამხედრო კამპანიების დროს, აგრიპინა შვილებთან ერთად თან ახლდა ქმარს. მისი ქმედებები შეფასებული იყო, როგორც უჩვეულო რომაელი ცოლისათვის, რამდენადაც ამ უკანასკნელს შინ დარჩენა მოეთხოვებოდა. აგრიპინამ მოიპოვა ჰეროიკული ქალისა და ცოლის სახელი. გერმანიაში ყოფნის დროს, მან ეფექტიანი დიპლომატის ამპლუაშიც გამოიჩინა თავი. ზოგიერთ შემთხვევაში, აგრიპინა გერმანიკუსს მის ავგუსტუსთან კავშირსაც ახსენებდა.

14 წელს, ავგუსტუსის გარდაცვალებამდე რამდენიმე თვით ადრე, იმპერატორმა აგრიპინას გაუგზავნა წერილი, რომელშიც იხსენიებს ბავშვს, რომელიც მომავალი იმპერატორი კალიგულა უნდა იყოს, რადგანაც იმ დროისათვის არც ერთ სხვა ბავშვს ეს სახელი არ ჰქონია.

წერილში ნათქვამია:

გუშინ ტალარიუსსა და ასილიუსთან საქმეები მოვაგვარე, რათა მათ 18 მაისს შენი ვაჟი, გაიუსი, შენთან მოიყვანონ თუ ღმერთები ინებებენ. აგრეთვე, მასთან ერთად გიგზავნი ერთ-ერთ ჩემ მონას, იმ ექიმს, რომლის შესახებაც გერმანიკუსს წერილში ვუთხარი. თუ თქვენთვის რაიმე სარგებლის მომტანი იქნება, მისი უკან დაბრუნება საჭირო არაა. ნახვამდის ჩემო ძვირფასო აგრიპინა. კარგად იყავი შენ გერმანიკუთან ერთად.

 
აგრიპინა გადმოდის ბრუნდიზიუმში გერმანიკუსის ფერფლით, (1768, ბენჯამინ ვესტი, ტილო, ზეთი).
ხელოვნებაში აგრიპინა ცოლქმრული თავდადებისა და ერთგულების სიმბოლოდ იქცა.[4]

19 წელს აგრიპინა და გერმანიკუსი ახლო აღმოსავლეთში მოგზაურობდნენ, რითაც ტიბერიუსის უკმაყოფილება გამოიწვიეს. გერმანიკუსს უთანხმოება მოუვიდა სირიის გუბერნატორ გნეუს კალპურნიუს პიზონთან და ანტიოქიაში გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა. ფართოდ გავრცელდა ჭორები იმის შესახებ, რომ გერმანიკუსი მოწამლეს, შესაძლოა, ტიბერიუსის ბრძანებითაც. ისიც აღსანიშნავია, რომ აგრიპინაც მიიჩნევდა, რომ მისი ქმარი მოკლეს.[3] მისმა სიკვდილმა აგრიპინა ძალიან დაამწუხრა. იგი შვილებსა და გერმანიკუსის ფერფლთან ერთად იტალიაში დაბრუნდა. რომის მოქალაქეები მისი და მისი ოჯახის მიმართ დიდი სიმპათიით იყვნენ განწყობილნი. იგი რომში დაბრუნდა, რათა შური ეძია ქმრის სიკვდილის გამო და გაბედულად დასდო ბრალი პიზონს გერმანიკუსის მკვლელობაში. ტაციტუსის მიხედვით (ანალები 3.14.1), ამ უკანასკნელს, სასამართლომ მოწამვლის ბრალდება ვერ დაუმტკიცა, თუმცა სხვა ბრალდებებმა, რომლებიც ღალატს ეხებოდა, როგორც ჩანს იგი ჩიხში შეიყვანეს და პიზონმა თავი მოიკლა.

დაპირისპირება ტიბერიუსთან

რედაქტირება

19-დან 29 წლამდე აგრიპინა რომში, პალატინის ბორცვზე ცხოვრობდა. მისი დარჩენილი შვილები აღზარდეს თავად მან, ლივია დრუზილამ და გერმანიკუსის დედამ, ანტონია უმცროსმა. აგრიპინა მარტოსულ, ტანჯულ, ფიზიკურად დაავადებულ ქალად იქცა, რომელმაც მრავალი ახლობელი და ნათესავი დაკარგა. მას ფიცხი და არასასიამოვნო ურთიერთობა ჰქონდა ტიბერიუსთან და შესაძლოა, დედამის ლივიასთანაც. იგი ტიბერიუსის საიმპერატორო სასამართლოს პოლიტიკაში აღმოჩნდა ჩათრეული და იქცა თავისი შვილების, როგორც ტიბერიუსის შემცვლელების ადვოკატად და გამოვიდა ამ უკანასკნელის ბუნებრივი შვილისა და შვილიშვილის, როგორც იმპერატორის მემკვიდრეების წინააღმდეგ.

აგრიპინა არაკეთილგონივრულად მოიქცა როდესაც გერმანიკუსის სიკვდილთან ტიბერიუსის დაკავშირება დაიწყო. იგი მოხვდა რომის სენატორთა ჯგუფში, რომელიც პრეტორიანელთა გვარდიის ცუდი სახელის მქონე პრეფექტის, ლუციუს ელიუს სეიანუსის მზარდ ძალაუფლებას აღუდგა წინ. ტიბერიუსმა მას უნდობლობა გამოუცხადა. 26 წელს აგრიპინამ სთხოვა უფლება მიეცა დაქორწინებულიყო რომაელ სენატორზე, გაიუს ასინიუს გალუს სალონიუსზე, თუმცა იმპერატორმა ნება არ დართო იმ პოლიტიკური მნიშვნელობის გამო, რაც ამ ქორწინებას შეიძლება ჰქონოდა.

ტიბერიუსმა ფრთხილად დადგა აგრიპინას სადილზე მიპატიჟების სცენა საიმპერატორო სასახლეში. სადილზე მან ამ უკანასკნელს ვაშლი შესთავაზა,[3] როგორც მისდამი აგრიპინას დამოკიდებულების ტესტი. აგრიპინამ იეჭვა, რომ ვაშლი შეიძლებოდა მოწამლული ყოფილიყო და მის დაგემოვნებაზე უარი თქვა.[3] ეს უკანასკნელი შემთხვევა იყო, როდესაც ტიბერიუსმა აგრიპინა სასადილოდ მაგიდასთან მიიწვია.[3] მოგვიანებით აგრიპინა ამტკიცებდა, რომ ტიბერიუსმა მისი მოწამვლა სცადა.

გადასახლება და გარდაცვალება

რედაქტირება
 
აგრიპინას ურნა ტაბულარიუმში

29 წელს, ტიბერიუსის ბრძანებით, აგრიპინა და მისი ვაჟები, ნერონი და დრუზუსი დააპატიმრეს. ტიბერიუსმა აგრიპინას დააბრალა, რომ იგი გეგმავდა ავგუსტუსის გამოსახულებასთან ან საზღვარგარეთ, რომის არმიაში თავშესაფრის მიღებას. ის და მისი შვილები რომის სენატმა გაასამართლა. იმპერატორის ბრძანებით, აგრიპინა კამპანიის სანაპიროსთან, ტირენიის ზღვაში მდებარე კუნძულ პანდატარიაზე (დღეს ვენტოტენეს უწოდებენ) გადაასახლეს, სწორედ იმ კუნძულზე, რომელზეც დედამისი იყო გაძევებული.

პანდატორიის ციხეში აგრიპინა სასტიკ პროტესტს გამოხატავდა. ერთ შემთხვევაში ტიბერიუსმა დაცვას მისი გამათრახებაც კი უბრძანა, რის დროსაც მას თვალი უნდა დაეკარგა.[3] ჭამაზე უარის თქმის შემდეგ აგრიპინას ძალით კვებავდნენ, თუმცა, მოგვიანებით, მან მაინც შიმშილით მოიკლა თავი.[3] აღსანიშნავია, რომ ტაციტუსი არც იმ შესაძლებლობას გამორიცხავს, რომ იგი ციხეში მოკლებული იყო საკვებს და რომ მისი სიკვდილი ნებაყოფლობითი არ იყო.[1] როგორც არ უნდა ყოფილიყო, იგი 33 წლის 17 ოქტომბერს გარდაიცვალა.[1] აგრიპინას ვაჟი, დრუზუსი შიმშილით მოკვდა რომში პატიმრობისას, ნერონმა კი სასამართლოს შემდეგ მალევე თავი მოიკლა.[3] სეიანუსი 31 წელს მოკლეს ტიბერიუსის ბრძანებით, რადგანაც ეს უკანასკნელი ეჭვობდა, რომ იგი მის დამხობას გეგმავდა.

აგრიპინას გარდაცვალების შემდეგ, ტიბერიუსმა შეურაცხყო მისი სახელი და მისი დაბადების დღე სენატს ცუდ ომენად გამოაცხადებინა.[3]

სიკვდილის შემდგომი პატივი

რედაქტირება
 
რომაული ბრინჯაოს მონეტა
 
კალიგულა დედისა და ძმის ფერფლს თავისი წინაპრების სამარხში ათავსებს, ესტაშ ლიოსიუიორი, 1647

37 წლის მარტში ტიბერიუსი გარდაიცვალა და იმპერატორის ტახტი აგრიპინას გადარჩენილმა შვილმა, კალიგულამ დაიკავა. გარდაცვლილისათვის სახოტბო სიტყვის მიძღვნის შემდეგ, იგი პანდატარიაში გაემგზავრა და დედისა და ძმის, ნერონის ფერფლით დაბრუნდა. კალიგულას პირადად ეჭირა ხელში ფერფლით სავსე ურნები.

თავისი ოჯახის ერთგულების მტკიცებულებად, კალიგულამ მოამზადა ყველაზე სახელგანთქმული ჯარისკაცები, რათა ეზრუნათ დედისა და ორი ძმის ურნებზე, რომლებიც რომის ქუჩებში შუადღისას, ყველაზე გადატვირთულ პერიოდში ჩაატარეს და ავგუსტუსის მავზოლეუმში წაასვენეს. ბრიტანეთის მუზეუმში დაცულ ბრინჯაოს მონეტაზე გამოსახულია კალიგულას მიერ უკან, რომში დაბრუნებული აგრიპინას ფერფლი.

ახალმა იმპერატორმა დედის პატივსაცემად ბრინჯაოს მონეტაც მოაჭრევინა, რომლის ავრსზეც გამოსახულია აგრიპინას ბიუსტის მარჯვენა პროფილი, რევერსზე კი — დახურული ეტლი.

კალიგულამ ყოველ წელს აღსანიშნავი სპეციალური დღეც დააწესა, როდესაც ხალხს საკუთარი გარდაცვლილი ნათესავების პატივსაცემად მსხვერპლი უნდა შეეწირათ. დედის ხსოვნის პატივსაცემად, მან საცირკო თამაშებიც გამართა. იმავე დღეს მან აგრიპინას გამოსახულებიანი ქანდაკებაც დაამზადებინა, რომელიც თამაშებზე დახურული ეტლით ჩაატარეს.

ცირკის თამაშების შემდეგ, კალიგულამ ბრძანა ტიბერიუსის ღალატის სასამართლოების წერილობითი საბუთები ფორუმზე გამოეტანათ დასაწვავად, რომელთაგან პირველი აგრიპინასა და მისი ორი ვაჟის საქმეები იყო.

წინაპრები

რედაქტირება

ლიტერატურა

რედაქტირება

ანტიკური წყაროები

რედაქტირება
  • სვეტონიუსი, De vita Casearum (კეისრების ცხოვრება) ავგუსტუსი, ტიბერიუსი iii.52.3, 53 და კალიგულა iv.23.1
  • ტაციტუსი, რომის იმპერიის ანალები

მეორეული წყაროები

რედაქტირება
  • Robin Seager, Tiberius, London (Eyre Methuen) 1972
  • E. Klebs, H. Dessau, P. Von Rohden (ed.), Prosopographia Imperii Romani, 3 vol., Berlin, 1897–1898. (PIR1)
  • Microsoft Encarta Encyclopaedia 2002
  • Roman-emperors.org

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
  1. 1.0 1.1 1.2 ტაციტუსი, ანალები 6.25
  2. E. Groag, A. Stein, L. Petersen - e.a. (edd.), Prosopographia Imperii Romani saeculi I, II et III (PIR), Berlin, 1933 - V 463
  3. 3.00 3.01 3.02 3.03 3.04 3.05 3.06 3.07 3.08 3.09 3.10 Joyce E. Salisbury (2001). Women in the ancient world. ABC-CLIO, გვ. 3. ISBN 978-1-57607-092-5. ციტირების თარიღი: 3 January 2012. 
  4. Hall, James (1979). Dictionary of Subjects and Symbols in Art. Boulder, CO: Westview Press, გვ. 11. ISBN 978-0-06-430100-8. ციტირების თარიღი: 5 October 2011.