ავგუსტუსის მავზოლეუმი
ავგუსტუსის მავზოლეუმი (იტალ. Mausoleo di Augusto) — რომის იმპერატორ ავგუსტუსის მიერ ძვ. წ. 28 წელს მარსის ველზე აგებული გრანდიოზული სამარხი რომში, იტალია. მავზოლეუმი მდებარეობს აუგუსტო იმპერატორეს მოედანზე, ვია დი რიპეტას კუთხესთან, რომელიც ტიბრს მიუყვება. იგი ქალაქის რამდენიმე ბლოკის ტოლ ფართობს მოიცავს და სან-კარლო-ალ-კორსოს ეკლესიასა და მშვიდობის საკურთხევლის მუზეუმს შორის მდებარეობს. მავზოლეუმის ინტერიერი ტურისტებისათვის დახურულია.
აღწერილობა
რედაქტირებამავზოლეუმი ერთ-ერთი იმ პირველ პროექტთაგანი იყო, რომლების განხორციელებაც ავგუსტუსმა რომში ძვ. წ. 31 წელს აქციუმის ბრძოლაში გამარჯვების შემდეგ დაიწყო. გეგმაში ნაგებობას წრის ფორმა აქვს და შედგება მიწისა და აგურის რამდენიმე კონცენტრული რგოლისაგან. შენობა გადახურული იყო კონუსური სახურავით, რომელზეც კვიპაროზები იყო დარგული და გვირგვინდებოდა ავგუსტუსის ქანდაკებით. ჭერი კამარებს ეკავათ, მათ ქვეშ კი დასაკრძალავი სივრცე იშლებოდა. თაღოვანი შესასვლელის ორივე მხარეს ვარდისფერი გრანიტის ორი ობელისკი იყო აღმართული. ამჟამად, ერთი მათგანი ესკვილინის მოედანზე, მეორე კი კვირინალის შადრევანთანაა აღმართული. დასრულებული მავზოლეუმის დიამეტრი 90 მეტრს, სიმაღლე კი 42 მეტრს შეადგენდა.
კორიდორი შესასვლელს მავზოლეუმის გულთან აკავშირებდა, სადაც მდებარეობდა პალატი სამი ნიშით, რომლებშიც განთავსებული იყო ოქროს ურნები საიმპერატორო ოჯახის წევრების ფერფლითურთ.
კლასიკური პერიოდის შემდეგ
რედაქტირებაშუა საუკუნეებში ავგუსტუსის მავზოლეუმი, ადრიანეს მავზოლეუმის მსგავსად, გამაგრებული იყო და ციხესიმაგრის ფუნქციას ასრულებდა. მას კოლონას ოჯახი ფლობდა. 1167 წელს ტუსკულუმის გრაფის მიერ რომის კომუნის განადგურების შემდეგ, კოლონები ქალაქიდან გააძევეს, მათი ფორტიფიკაციები კი დაანგრიეს. მავზოლეუმი ნანგრევებად იქცა.
ეს 1930-იან წლებამდე გაგრძელდა, როდესაც ნაგებობა გაიხსნა, როგორც დაკონსერვებული არქეოლოგიური ღირსშესანიშნაობა ახლად გადატანილ და რეკონსტრუირებულ მშვიდობის საკურთხეველთან ერთად, რომელიც მის მახლობლად მდებარეობდა. ავგუსტუსის მავზოლეუმის აღდგენამ მნიშვნელოვანი ადგილი დაიკავა ბენიტო მუსოლინის ქალაქ რომის აღორძინების ამბიციურ გეგმაში, რომელიც ცდილობდა ერთმანეთთან დაეკავშირებინა იტალიური ფაშიზმის მისწრაფებები და რომის იმპერიის წარსული დიდება. მუსოლინი საკუთარ თავს, განსაკუთრებით, ავგუსტუსს უკავშირებდა. მას თავი „ხელახლა დაბადებულ ავგუსტუსად“ მიაჩნდა, რომელიც მზად იყო იტალიას მისი დომინირების ახალ ერაში გასძღოლოდა.
მავზოლეუმში დაკრძალულები
რედაქტირებამათ შორის, ვინც ავგუსტუსის სიკვდილამდე დაკრძალეს მავზოლეუმში არიან:
- მარკუს კლავდიუს მარცელუსი (პირველი აქ დაკრძალულთაგან, ძვ. წ. 23 წ.)
- მარკუს ვიფსანიუს აგრიპა (ძვ. წ. 12 წ.)
- ნერონ კლავდიუს დრუზუსი (ძვ. წ. 9 წ.)
- ოქტავია უმცროსი (ავგუსტუსის და, ძვ. წ. 9 ან 11 წელს)
- გაიუსი და ლუციუსი (ავგუსტუსის შვილიშვილები და მემკვიდრეები)
ავგუსტუსის გარდაცვალების შემდეგ, მავზოლეუმში განისვენებს შემდეგი პიროვნებების ფერფლი:
- ლივია (ავგუსტუსის ცოლი)
- გერმანიკუსი
- აგრიპინა უფროსი
- აგრიპინას ქალიშვილი იულია ლივილა
- ნერონ იულიუს კეისარი
- დრუზუს კეისარი (გერმანიკუსის ვაჟი)
- კალიგულა
- ტიბერიუსი
- დრუზუს იულიუს კეისარი (ტიბერიუსის ვაჟი)
- ანტონია უმცროსი (კლავდიუსის დედა)
- კლავდიუსი
- ბრიტანიკუსი (კლავდიუსის ვაჟი)
- პოპეა საბინას, ნერონის ცოლის დაბალზამებული ცხედარი
- იულია დომნა (მოგვიანებით გადაასვენეს ადრიანეს მავზოლეუმში)
- ნერვა (უკანასკნელი იმპერატორი, ვისთვისაც მავზოლეუმი გაიღო)
ლიტერატურა
რედაქტირება- (2008) უნივერსალური ენციკლოპედიური ცნობარი ტ. 2. თბილისი: გამომცემლობა „აი ია”. ISBN 978-9941-0-0679-1.
- Dal Maso, Leonardo B., Rome of the Caesars. Bonechi: Florence, 1974.
- Lanciani, Rodolfo, Pagan and Christian Rome, 1892. On-line
- Young, Norwood., P. Barrera (rev.). Rome and Its Story. J.M. Dent & Sons Ltd: London, 1951 (original edition, 1901).