კახაბერ ზარნაძე
კახაბერ ელგუჯას ძე ზარნაძე (დ. 23 ნოემბერი,1966, თბილისი — გ. 28 ივლისი, 2007, იქვე) — ქართველი მხატვარი, რესტავრატორი, ქართული ნაციონალური სპორტის და საბრძოლო სახეობების მკვლევარი და აღმდგენი, მესაჭურვლე (მჭედელი-მეიარაღე).
კახაბერ ზარნაძე | |
---|---|
დაიბადა | 23 ნოემბერი, 1966 |
დაბადების ადგილი | თბილისი |
გარდაიცვალა | 28 ივლისი, 2007 (40 წლის) |
გარდაცვალების ადგილი | თბილისი |
ბიოგრაფია
რედაქტირებამამა — ელგუჯა ზარნაძე, დედა — ნანა თაბუკაშვილი. 1973 წელს შევიდა თბილისის მე-7 საშუალო სკოლაში, რომლის ფრიადზე დამთავრების შემდეგ ჩააბარა ი. ნიკოლაძის სახელობის სამხატვრო სასწავლებელში, რომელიც 1986 წელს დაამთავრა ხატვა-ხაზვის სპეციალობით. იმავე წელს ჩაირიცხა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში, ხის ლითონის და სხვა მასალათა მხატვრული დამუშავების ფაკულტეტზე. 1987-1989 წლებში იმყოფებოდა ჯარში. 1991 წლიდან სწავლას აგრძელებს ფერწერის სპეციალობაზე. 1994 წელს დაამთავრა აკადემია და მიენიჭა თავისუფალი მხატვრის წოდება. 1984 წლიდან ორგანიზებული იყო კახაბერ ზარნაძის ათზე მეტი გამოფენა-გაყიდვა როგორც საგამოფენო დარბაზებში, ასევე თბილისის ისტორიულ მუზეუმში. ხოლო 2000 წლიდან, როგორც მესაჭურვლე მჭედელი ასევე არაერთ გამოფენაში იღებს მონაწილეობას.
1993 წელს ჩამოაყალიბა ქართული საბრძოლო ხელოვნების ფედერაცია „ხრიდოლი“.
1997 წელს ჩამოაყალიბა ქართული საბრძოლო ხელოვნების კვლევითი ცენტრი „ჯგირაგი“.
აღადგინა ქართული ცივი იარაღის სამჭედლო საქმე. მისი ნამუშევრები, დანები, ხანჯლები თუ ხმლები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის კოლექციებშია დაცული.
კახაბერ ზარნაძე მოულოდნელად გარდაიცვალა თბილისში 2007 წლის 28 ივლისს.
მოღვაწეობა
რედაქტირებაქართული საბრძოლო ხელოვნების კვლევის საქმე ჯერ კიდევ რუსეთის იმპერიის მიერ იყო აკრძალული და ტაბუირებული, მხოლოდ გასული საუკუნის 30-იან წლებში ცნობილი ფალავანის ვანო წამალაშვილის მეცადინეობით პირველად აღწერილ და სისტემატიზებულ იქნა ქართული ჭიდაობის ილეთები, მას მიეცა სპორტის სახე და დაინერგა როგორც ნაციონალური სპორტის სახეობა. თუმცა მთელი რიგი საბრძოლო სახეობებისა მივიწყებულ და განადგურებულ იქნა. ნაწილი შემორჩა საბავშვო თამაშობების სახით, ნაწილს კი კანტი-კუნტად სოფლებშიღა თუ შეხვდებოდით. მართალია მეცნიერებათა აკადემიის სხვადასხვა ინსტიტუტების მიერ არაერთი ექსპედიცია განხორციელდა, რომელთა მეშვეობით ეთნოგრაფიული ინტერესისასთვის შეგროვდა საქართველოს სხვადასხვა კუთხეებში არსებული ნაციონალური სპორტული სახეობები თუ მათთან დაკავშირებული ჩვეულებები, თუმცა ეს ბუნებრივია არ იყო საკმარისი, ვინაიდან მთელ რიგ მასალებს აშკარა საბრძოლო ხელოვნების ელფერი დაკრავდა და სპორტთანაც ნაკლებად იდგა ახლოს, აღნიშნული კი რუსეთის ხელისუფლებას ძალიან აფრთხობდა. ალექსანდრე რობაქიძის, ავთანდილ ციბაძის, ვასილ ელაშვილის თუ სხვათა თავდაუზოგავი შრომით ოფიციოზის ზეწოლის პირობებში მაინც მოხერხდა ქართული საბრძოლო ხელოვნების მთელი რიგი საკითხების გამოვლენა თუ კვლევა. თუმცა ეს საქმე მაინც არ იყო სათანადოდ დაფასებული და პოპულარიზებული, არც პრაქტიკულად აღდგენილი.
1986 წელს კახაბერ ზარნაძე ბორბალოს მთასთან შეხვდა ხევისბერს, ხატის კაცს სოხურაშვილს, რომელმაც შემდგომში განსაზღვრა მისი დაინტერესება ქართულ საბრძოლო ხელოვნებით. აღნიშნულმა პიროვნებამ შეახვედრა თავის მეგობრებს (მათ შორის სახელგანთქმულ „ხრიდოლი“ კრივის უბადლო მცოდნეს გიორგი გველუკაშვილს), რომლებმაც კახაბერ ზარნაძე აზიარეს მთაში შემორჩენილ საბრძოლო სახეობებს.
აღნიშნულის შემდეგ კახაბერ ზარნაძემ შემოიკრიბა ამ საქმის ენთუზიასტები, რომლებიც დააინტერესა ქართული საბრძოლო ხელოვნების კვლევის საქმით. თუმცა ქართული საბრძოლო ხელოვნების საქმის აღდგენის საქმეში მაშინდელი კაგებეს მძაფრ წინააღმდეგობას წააწყდა, რის გამოც არაერთხელ იყო შევიწროებული.
1989 წელს ეროვნული აღმავლობის პერიოდის დაწყებისთანავე, ჩამოაყალიბა პირველი სამუშაო ჯგუფი, რომელმაც უკვე ღიად დაიწყო აღნიშნული საკითხების კვლევა.
1990 წლიდან ექსპედიციებს ინტენსიური ხასიათი მიეცა, საქართველოს სხვადასხვა კუთხეში ხდებოდა ქართულ საბრძოლო ხელოვნების და ნაციონალური სპორტის შესახებ მასალების მოძიება და ფიქსაცია.
1991 წელს კახაბერ ზარნაძემ მოძიებული მასალების დამუშავების საფუძველზე შექმნა პირველი საექსპერიმენტო ჯგუფი, რომლებიც უკვე პრაქტიკულად ამუშავებდნენ საბრძოლო ილეთებს თუ სხვა საკითხებს.
1993 წელს სხვა, შემოკრებილ ენთუზიასტებთან ერთად, ჩამოაყალიბა ქართული საბრძოლო ხელოვნების ფედერაცია „ხრიდოლი“. თავდაპირველი პროექტით ფედერაციის „უხუცესთა საბჭოში“ , სხვა პირებთან ერთად უნდა შესულიყვნენ, ქართული კულტურით და სპორტით დაინტერესებული თუ ღვაწლმოსილი პირები: გივი კარტოზია, კოტე ჩოლოყაშვილი, ვასო ელაშვილი, ავთანდილ ციბაძე, ვახტანგ ბალავაძე, გივი კახაბრიშვილი, ლევან თედიაშვილი, მირიან ცალქალამანიძე, მანუჩარ მაჩაიძე, რომან რურუა, ნინო რამიშვილი და ა.შ. მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული პირები თანახმანი იყვნენ, ფედერაციის მოწყობა აღნიშნული ფორმით ვერ მოხერხდა.
1995 წელს საქართველოში ჩამოსულმა „იუნესკოს“ დელეგაციამ მოიწონა შეკრებილი მასალები და ხაზი გაუსვა ქართული საბრძოლო ხელოვნების ილეთთა სპეციფიკას და თავისთავადობას, თუმცა, ვინაიდან სახელმწიფოდან არანაირი ხელშეწყობა არ იყო, აღნიშნულ ორგანიზაციაში ქართული საბრძოლო ხელოვნების აღიარების პროცედურა წინ არ დაძრულა.
1995 წელს საქართველოს სპორტის დეპარტამენტის კოლეგიის 10 მარტის #11-2 დადგენილებით „ქართული საბრძოლო ხელოვნების ფედერაცია „ხრიდოლის“ მატერიალურ-ტექნიკური ბაზის განმტკიცებისა და მისთვის სხვადასხვა სახის დახმარების აღმოჩენის შესახებ“ მიზანშეწონილად ჩაითვალა, რათა საქართველოს სხვადასხვა ძალოვან სტრუქტურებში (შსს, თავდაცვის და სხვათა) დანერგილიყო ქართული საბრძოლო ხელოვნების სწავლება. თუმცა სხვადასხვა მიზეზთა გამო აღნიშნულ საქმეს შემდგომი განვითარება არ მოჰყვა, ვინაიდან ამ საქმეს მუდამ ჰყავდა მოწინააღმდეგეები, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ.
1996 წელს მოძიებული მასალების საფუძველზე მოეწყო ორი სამეცნიერო კონფერენცია ფიზკულტურის აკადემიასა და საქართველოს ფიზკულტურისა და სპორტის კვლევის ინსტიტუტში.
1997 წელს ჩამოაყალიბა ქართული საბრძოლო ხელოვნების კვლევითი ცენტრი „ჯგირაგი“, რათა ქართული საბრძოლო ხელოვნებისა და ნაციონალური სპორტის კვლევის საქმეს ჰყოლოდა ცალკე ბირთვი.
1998 წლისათვის კახაბერ ზარნაძის გუნდის მეცადინეობით, ფედერაცია „ხრიდოლი“ უკვე აერთიანებდა 200-ზე მეტ წევრს საქართველოს სხვადასხვა კუთხეში, ის აქტიურად ეწეოდა საქართველოში ისტორიულად არსებული ქართული საბრძოლო ხელოვნებისა და სპორტის სხვადასხვა სახეების არა მხოლოდ მოძიება-სისტემატიზაციას, არამედ პოპულარიზაციასაც. თუმცა პარალელურად არ წყდებოდა აღნიშნული საქმის წინააღმდეგ აქტიური მოქმედებები სხვადასხვა მეთოდების გამოყენებით.
1999 წელს გარე ძალებისგან შემოგდებული განხეთქილების გამო, ფედერაციაში სიტუაცია აირია, შეკრებილი მასალები დაიფანტა და შემდგომი კვლევის საქმე შეფერხდა, მთელ რიგ მიზეზთა გამო კახაბერ ზარნაძემ დატოვა „ხრიდოლის“ ფედერაცია, ამის შემდეგ მას ფედერაციასთან შეხება აღარ ჰქონია.
ფედერაციის დატოვების შემდეგ კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის ხელშეწყობით, კახაბერ ზარნაძემ გამართა საიარაღო სამჭედლო, რომელსაც „ზანი“ უწოდა და დაიწყო მივიწყებული ქართული საჭურვლის ტექნოლოგიებისა თუ ტრადიციების აღდგენა. იარაღის დამღად შეარჩია ძველი ქართული თბილისელი მესაჭურვლე ოსტატების სიმბოლო ლომი. ჭედდა დანებს, ხანჯლებსა და ხმლებს, ასევე რესტავრაციას უტარებდა ძველ ნიმუშებს. მონაწილეობას იღებდა გამოფენებში. მისი გაჭედილი იარაღების დიდი ნაწილი საზღვარგარეთ სხვადასხვა პირების კოლექციებშია დაცული (მათ შორის საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ილია მეორეს, ესპანეთის მეფის ხუან კარლოსის, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის, რუსეთის ყოფილი თავდაცვის მინისტრის იგორ ივანოვის, ჯონ მალხაზ შალიკაშვილის, ირანის რესპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარის და სხვათა კოლექციებში)
კახაბერ ზარნაძეს სამჭედლოს გახსნის შემდეგ ქართულ საბრძოლო ხელოვნებასა და ნაციონალურ სპორტზე მუშაობა არ შეუწყვეტია, ის იყო არა მხოლოდ ქართული საბრძოლო ხელოვნების და ნაციონალური სპორტის მეცნიერულად მკვლევარი, არამედ პრაქტიკოსი მებრძოლიც, აღნიშვნის ღირსია, რომ ის 10 წლის ასაკიდან ინტენსიურად ვარჯიშობდა სხვადასხვა საბრძოლო ხელოვნების დიციპლინებში. მან საბრძოლო ხელოვნება არა მხოლოდ თეორიულად, არამედ პრაქტიკულად იცოდა, შესაბამისად საქართველოს სხვადასხვა კუთხეებში მოპოვებული მასალების კვლევა გულისხმობდა მის თეორიულ (მოპოვებულის პასპორტიზაცია, ილეთთა თეორიული ბიომექანიკა, აღწერა) და პრაქტიკულ (ანუ რეალურ ბრძოლაში გამოცდა, დანერგვა) დამუშავებას. მის სამჭედლოში ხშირად ნახავდით, სტუმრად მოსულ უცხოელ საბრძოლო ხელოვნების ოსტატებსაც, რომლებიც კახაბერ ზარნაძეს დიდად აფასებდნენ და ეცნობოდნენ ქართული საბრძოლო ხელოვნების ისტორიას თუ პრაქტიკას, აღნიშნულის პოპულარიზაციას კი კახაბერ ზარნაძე დაუცხრომლად ცდილობდა.
გარე ძალებიდან მომდინარე ხელშეშლის მიუხედავად, მას განზრახული ჰქონდა მის მიერ დაარსებული კვლევითი ცენტრის „ჯგირაგის“ გაფართოება. მოპოვებული მასალების საფუძველზე კი გეგმავდა გამოეცა 12 ტომეული, რომლის თითოეული ტომი ქართული საბრძოლო ხელოვნების სხვადასხვა სახეს მიეძღვნებოდა (ჭიდაობა, კრივი, ფარიკაობა, მშვილდოსნობა, ცხენოსნობა და ა.შ.), ასევე ინტენსიურად მუშაობდა ქართულ და კავკასიურ ცივ იარაღზე, აგროვებდა ძველ ნიმუშებსა და ფოტოპირებს, რამდენიმე ათასი ეგზემპლარის შეგროვების შემდეგ გეგმავდა ქართული ცივი იარაღის (დანა, ხანჯალი, ხმალი) კატალოგის გამოცემას თავისი ანოტაციებით და კვლევით. თუმცა მისი უეცარი გარდაცვალების გამო ზემოთხსნებული იდეები განუხორციელებელი დარჩა.
ლიტერატურა
რედაქტირება- ჩვენ ტრადიციის აღდგენას ვცდილობთ, ინტერვიუ კ. ზარნაძესთან ; გაზ. რეზონანსი. - , 2001. - 7 დეკემბერი. - N337
- უკანასკნელი მოჰიკანი, რომელიც ხმლებს ჭედავს : ინტერვიუ კ. ზარნაძესთან ; გაზ. ჯორჯიან თაიმსი. 2004. - 22-29 იანვარი. - N54.
- ზნენი სამამაცონი, გაზ. ჯორჯიან თაიმსი. 2004. - 26 თებერვალი-4 მარტი. - N59.
- "ხრიდოლი" - საბრძოლო ხელოვნების ვარჯიშთა სისტემა, გაზ. საქართველოს რესპუბლიკა. 1994. - 4 ოქტომბერი. - N177(979).
- "სადაც იარაღი არ იჭედება, იქ მებრძოლი სულის მამაკაცები აღარ იბადებიან" ჟ. არსენალი : სამხედრო-ანალიტიკური ჟურნალი. 2005. - დეკემბერი. - N12(17).