ხრიდოლი
ხრიდოლი — ქართული საბრძოლო ხელოვნების ერთ-ერთ სახეობა.
ხრიდოლი | |
---|---|
ხრიდოლის ფედერაციის გერბი | |
ძირითადი მონაცემები | |
საბრძოლო ხელოვნების სახელი | ხრიდოლი |
დაარსების თარიღი |
როგორც შერკინების წესი — შუა საუკუნეები ან ანტიკური პერიოდი როგორც საბრძოლო ხელოვნება — 1997 წელი |
წარმოშობის ქვეყანა | საქართველო |
ისტორია
რედაქტირებახრიდოლი, როგორც საბრძოლო ხელოვნება ძველ საქართველოში არ არსებობდა. იოსებ გრიშაშვილის გადმოცემით ხრიდოლი იყო, შერკინების წესი, ერთგვარი დუელი, სადაც გამომწვევი თავს იყენებდა დაჩაგრულ მდგომარეობაში და ცალი ხელით ებრძოდა ორი ხელით მოქმედ მეტოქეს. ხრიდოლში გამომწვევი დამარცხების შემთხვევაშიც კი არ არღვევდა ხრიდოლის წესებს და დაპირისპირების დასრულებამდე ცალხელგაკრული ერკინებოდა მოწინააღმდეგეს. ხრიდოლი ერთგვარი ოსტატობის გამოვლინება იყო. ერთი ვერსიით ცალი ხელით მებრძოლი საქართველოს განასახიერებდა, რომელსაც მუდამ თავის უპირატეს მტერთან უწევდა ბრძოლა.
იოსებ გრიშაშვილის „ქალაქურ ლექსიკონში“ ვკითხულობთ:
„ხრიდოლი, ხრიდონი – კრივი ცალი ხელით, ვარჯიში ერთი ხელით. ერთი ხელი ქამარში აქვთ გარჭობილი და მეორეთი ვარჯიშობენ – ჰკრივობენ.[1]“
|
1997 წელს, ქართული საბრძოლო სისტემის აღდგენისას, ქართული საბრძოლო ხელოვნების ფედერაცია ხრიდოლის ერთ-ერთმა ჯგუფმა („იბერიელი მგლები“), „ხრიდოლი“ გამოიყენა ქართული საბრძოლო სისტემის კრებით სახელწოდებად. ამ სახელის ქვეშ გაერთიანდა ქართული საბრძოლო ხელოვნების ოთხი უძველესი სახეობა: ჭიდაობა, რკენა, კრივი და ფარიკაობა.
ილეთები და წესები
რედაქტირებასაბრძოლო ხელოვნების აღდგენისას, მთავარი საფუძველი გახდა ქართული ჭიდაობა. ქართული ჭიდაობისა და მოძიებული ეთნოგრაფიული მასალების საფუძველზე, თავდაპირველად აღდგა ქართული ჭიდაობის უძველესი სახეობა „რკენა“. „რკენაში“ ქართული ჭიდაობისგან შეტევა ხორციელდება ქვედა კიდურებზეც. „რკენაში“ აგრეთვე დასაშვებია მტკივნეული და მახრჩობელა ილეთები. შერკინება გრძელდება ჩოქბჯენშიც. იმის გამო რომ ყველაზე მეტი ლიტერატურული და ეთნოგრაფიული მასალა, ჭდაობის ამ სახეობაზე, ხევსურეთის შესახებ არსებულ წყაროებში აღმოჩნდა, „რკენის“ მეორე სახელწოდებად, ხრიდოლის ფედერაციაში, ხევსურული ჭიდაობა იხმარება. „რკენის“ შემდეგ, მის საფუძველზე, აღდგა ქართული კრივი. „რკენას“ დაემატა დარტყმითი ტექნიკა ხელით და ფეხით. „რკენაში“ და კრივში ილეთების 90% ქართულია, მაგრამ ხრიდოლის ფედერაციამ აღნიშნულ სახეობებში შემოიტანა, საბრძოლო ხელოვნების საერთაშორისო სახეობებში არსებული ილეთები, რომლებიც არ ეწინააღმდეგება „რკენაში“ და კრივში არსებულ საასპარეზო წესებს. ხრიდოლის საბრძოლო სისტემაში, მეოთხე სახეობად შეიტანეს ხევსურული ფარიკაობა. თანამედროვე სპორტულ ხრიდოლში, ძველი საბრძოლო სახეობიდან ამოიღეს ის ილეთები, რომელთა შესრულება მეტოქის სიცოცხლისათვის საფრთხის შემცველია (კისრისა და კიდურების მეყსეული მოტეხვა, სხეულის დაუცველ ადგილებში შეტევა).
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- ქართული საბრძოლო ხელოვნების ეროვნული ფედერაცია - ხრიდოლი. www.yell.ge. ციტირების თარიღი: 29 ივლისი 2016.
- ხრიდოლი – ქართული ბრძოლის ხელოვნება. www.ambioni.ge (27.05.2010). ციტირების თარიღი: 29 ივლისი 2016.
- ხრიდოლის ფედერაცია. საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო (10 თებერვალი, 2010). ციტირების თარიღი: 29 ივლისი 2016.