ქართული ჭიდაობა
ქართული ჭიდაობა — ჭიდაობის ქართული ეროვნული სახეობა.
ისტორია
რედაქტირებაქართული ჭიდაობის წარმოშობა უძველეს ხანას უნდა უკავშირდებოდეს და უპირველეს ყოვლისა ის საბრძოლო დანიშნულების იყო. ტერმინი „რკენა“ ნახსენებია მე-9 საუკუნის ჰაგიოგრაფიულ ნაწარმოებში „ცხოვრება სვიმონ მესუეტისა“, ფალავნობის სხვადასხვა ამბებია მოთხრობილი მე-12 საუკუნის „ამირანდარეჯანიანსა“ თუ „აბდულმესიანში“. ასევე საინტერესოა ფრანცისკანელი ბერის პლანო კარპინის (1182-1252 ) ნაამბობი. მესხურ ქრონიკებში მოიპოვება ცნობა, იმის შესახებ, რომ სამცხე-საათაბაგოს თავკაცს ყვარყვარეს ხონთქრის ფალავანი დაუმარცხებია, რის გამოც ქრისტიანად დაბრუნებულა სტამბოლიდან:
„პატრონი ყვარყვარე ღუთის წინაც შეურცხუენელი და კაცთანაცა, ფალავანი დასცა ხუანთქართანა და ქართველობით გამოეშუა მისის საბატონოს წყალობა ექმნა.“
|
XV საუკუნის (1479-80 წწ.) მატიანეებმა შემოგვინახეს მზეჭაბუკ ათაბაგის შერკინების ამბავი თათრების ფალავან ძალანთან, სადაც მზეჭაბუკს გაუმარჯვია:
არჩილ მეორე ,,საქართველოს ზნეობანში” სხვა საბრძოლო-სპორტულ სახეებთან ერთად ახსენებს ჭიდაობასაც :
„ხტომა, ქვის გდება, რკინობა, მოგვერდი, ფანდი რამ არი.“
|
მე-19 საუკუნის პერიოდიკაში საკმაოდ დეტალურად და უხვადაა წარმოდგენილი ჭიდაობასთან დაკავშირებული მოვლენები. იმ პერიოდის ჟურნალ-გაზეთები ("ივერია" "დროება" და სხვ.) ყურადღებას უთმობდნენ ქართულ ჭიდაობას. ცნობილი საზოგადო მოღვაწეები ილია ჭავჭავაძე, აკაკი წერეთელი, სერგეი მესხი, დანიელ ჭონქაძე და ა.შ. ჭიდაობის დიდი გულშემატკივრები იყვნენ.
მე-19 საუკუნეში ქართული ჭიდაობის ცენტრად იქცა თბილისი, სადაც თავს იყრიდნენ საქართველოს სხვადასხვა კუთხის ნაცადი ფალავნები. სპეციალურად ამ მიზნით საჭიდაო მოედნებიც კი არსებობდა (ე.წ. ,,კრუგები”). თავიდან ასეთი საჭიდაო მოედანი ყოფილა მთაწმინდაზე, რომელიც მოგვიანებით დიდუბის ერთ-ერთ ბაღში გადაუტანიათ, ამას გარდა საჭიდაო მოედნები არსებობდა ვერაზე ,,ფიქრის გორაზე”, მაშინდელ ელისაბედის ქუჩაზე (ახლა წინამძღვრიშვილის ქუჩა), ავლაბაში, ნაძალადევში (ხუდადოვის ტყის მახლობლად), ელიას ზევით- მახათაზე, ცნობილმა მოჭიდავემ ნესტორ ესებუამაც გამართა საკუთარი ,,კრუგი”, რომელსაც სამეგრელო დაარქვა და ა.შ. ჭიდაობა იმართებოდა უმეტესად უქმე დღეებში, მსაჯებად ინიშნებოდნენ და ჭიდაობას წარმართავდნენ პატივსაცემი პირები, რომლებიც ხალხში დიდი სახელით სარგებლობდნენ, მაგალითად მე-20 საუკუნის დასაწყისში ვერაზე ,,ფიქრის გორაზე” ჭიდაობის ჩატარებას ხელმძღვანელობდა ცნობილი ყარაჩოღელი გიორგი (გოლა) ლეჟავა, მეტსახელად ,,ბაბაჭუა”, ასევე იმ პერიოდში მსაჯებად ყოფილან სახელგანთქმული მომღერალი ვანო სარაჯიშვილი, პოეტი ბეჩარა, არბიტრი ვანო ჩიბალოვი, ცნობილი იურისტი შალვა მესხიშვილი და ა.შ; წრეში წესრიგის დასამყარებლად საგანგებოდ ირჩევდნენ მარდ ჭაბუკებს, რომლებიც სახრით ხელში გარს უვლიდნენ საჭიდაო წრეს და აზარტში შესულ, გადმოწეულ მაყურებელს უკან ახევინებდნენ. ხალხს თავისი საყვარელი ფალავნები ჰყავდა, რომლებიც დიდი პატივისცემით სარგებლობდნენ, მათ შორის: დათა ხიზამბარელი, იაკობ ეგნატაშვილი, ივანე ყირიმელაშვილი (კულა გლდანელი), ნესტორ ესებუა, ლუკა დადიანიძე, კოსტა მაისურაძე, ვანო აბულაძე (კამბეჩუა), სანდრო კანდელაკი, ალექსანდრე კახნიაშვილი (შაშო ვერელი), მიხა ქურხული, იოსებ ცერაძე და სხვები.
წესები
რედაქტირებაქართული ჭიდაობის ფანდები პირობითად შეიძლება დაიყოს 8 ჯგუფად:
სარმა ისეთი მოქმედებაა, როცა ფეხის მოდება ხდება, მოწინააღმდეგე, თავის ფეხს შეუყოფს მოწინააღმდეგებს ფეხებშუა; ქუსლითა და წვივის უკანა ნაწილს მოსდებს მოწინააღმდეგის წვივის უკანა ნაწილს და ფეხით თავისკენ ეწევა, ხელებით კი უბიძგებს მოწინააღმდეგეს. არის სარმის სხვადასხვა ვარიანტები: ამოსმული შუასარმა, ქუსლური, გარესარმა, განგამოკრული შუა სარმა, გამოკრული შუასარმა და ა.შ.
კაურის დროს მოჭიდავე ერთ ხელს ჩაჰკიდებს ჩოხის ყურში, მეორე ხელს გადაუტარებს მხარზე და ჩაავლებს ქამარში, ფეხს კი შეყოფს მოწინააღმდეგის ფეხებშუა, შემოხვევს, ფეხისა და თეძოს ბიძგებით მაღლა ასწევს მოწინააღმდეგეს და გამოჰყავს წონასწორობიდან, თავისკენ მიიზიდავს და აგდებს გულაღმა. კაურებიც სხვადასხვა სახისაა: მკლაური გარე კაური, მუხლქვეშა შუა კაური, ჩაკეტილი შუა კაური და ა.შ.
ცერულის დროს მოჭიდავე ფეხის ტერფის წინა ნაწილით მოწინააღმდეგეს გარედან აწვება წვივზე, მხრებთან ჩავლებული ერთი ხელით მიიზიდავს, ხოლო მეორეთი განიზიდავს წონასწორობიდან გამოსულ მოწინააღმდეგეს. ცერულსაც გააჩნია თავისი ვარიანტები: ცერული მხართეძოს დაჭერით, ცერული მხრებში ხელის ჩავლებით და სხვ. ღოჯური ისეთი მოქმედებაა, როცა მოჭიდავე ხელებს შემოხვევს მოწინააღმდეგეს წელზე, თავისკენ მიიზიდავს, აიტაცებს და ტანის მარცხნივ ან მარჯვნივ შემობრუნებით გულაღმა აგდებს სარბიელზე. ღოჯურის სახეებია: წინა ღოჯური, უკანა ღოჯური, გვერდითი ღოჯური
მოგვერდის დროს მოჭიდავე ხელს ავლებს მოწინააღმდეგეს ქამარსა და ჩოხის ყურში, ერთი ფეხი წინ უდგას მეორე უკან, წონასწორობას გადაიტანს წინა ფეხზე, მუხლებში ოდნავ მოიხრება, შემობრუნდება, გვერდს შეაცურებს მოწინააღმდეგის მუცლის ქვეშ, უბიძგებს მუცლის არეში. მუხლებით გაიმართება, მოწინააღმდეგეს გადმოიტანს და აგდებს. მოგვერდის სახეებია: მოკლე მოგვერდი, მკლავჩაკეტილი მოგვერდი, ღრმა მოგვერდი, გრძელი მოგვერდი და ა.შ.
თეძოს ჩატარებისას მოჭიდავე მოწინააღმდეგეს ხელს ავლებს ჩოხასა და ქამარში, წონასწორობას გადაიტანს წინა ფეხზე, უკანა ფეხს გადადგამს მოწინააღმდეგის ფეხებშუა, მუხლებში ოდნავ მოიხრება, თეძოს მიაყრდნობს მოწინააღმდეგის ბარძაყსა და მუცლის არეს, თეძოს უბიძგებს. მუხლებში გაიმართება, ხელით მოიზიდავს და თეძოზე გადმოტარებით აგდებს გულაღმა. თეძოსაც გააჩნია თავისი ვარიანტები: ორმხრივი თეძო, ხელმოხვეული თეძო, შებრუნებული თეძო და ა.შ.
კისრულის ჩატარებისას მოჭიდავე ხელს ავლებს მოწინააღმდეგეს ჩოხაში და ცრუ მოძრაობით გამოიყვანს წონასწორობიდან, სწრაფად შებრუნდება, მხრებს და წელს შეუცურებს მუცელსა და მხრებთან, მუხლებში გაიმართება და მოწინააღმდეგეს მოიკიდებს ზურგზე, წინ დაიხრება, კისერზე გადმოტარებით აგდებს ძირს.
ბრუნების ჩატარებისას მოჭიდავე მოწინააღმდეგეს თეძოზე ან შუაკაურზე მყოფს აწევს მაღლა ხელებით და ფეხით, აგდებს გულაღმა უკან. ბრუნების სხვადასხვა სახისაა: გარეკაურის ბრუნი, ხელგადავლებული შუაკაურის ბრუნი და ა.შ.
ქართული ჭიდაობისთვის დამახასიათებელია რაინდული სული, კატეგორიულად მიუღებელია სარბიელიდან გაქცევა, დაცემულთან ჭიდაობა, მოწინააღმდეგის განზრახ დაშავების მცდელობა. ქართული ჭიდაობა პირდაპირია, ხელი ხელს ებრძვის, ფეხი-ფეხს, თეძო-თეძოს. აქ გამორიცხულია მიპარვა, ან მზაკვრული მოქმედება. მოჭიდავენი ჭიდაობის დაწყებისას მუდამ ერთმანეთის პირისპირ უნდა იდგნენ, თუკი ჭიდაობის პროცესისას რომელიმე დაეცემა, დაუშვებელია მასზე მიწოლა ან გადაგორება, მეორე მოშორებით ელოდება მის წამოდგომას, შემდეგ კვლავ დაეჭიდებიან.
ჩაცმულობა
რედაქტირებაქართულ საჭიდაო ტანსაცმელს თავიდან შეადგენდა მუქი ფერის მკლავებიან (იდაყვებამდე) საჭიდაო ჩოხას, რომელიც მკერდთან გახსნილი იყო ჩავლების გაიოლების მიზნით, ქვედა ბოლოები კი დაშვებული. შემოვლებული სარტყელი, რომელიც ხშირ შემთხვევაში მტკიცე მატერიის იყო. გრძელი და სრული შარვალი, რომელიც მჭიდროდ არ იყო შემოტმასნილი ფეხებზე, რათა მოჭიდავეს მოძრაობის მეტი საშუალება ჰქონოდა, თუმცა მუხლს ქვევით წვივებზე, რათა ფეხით ფანდის ჩატარებისთვის ხელი არ შეეშალა მჭიდროდ იყო დახვეული ლეკვერთხები. ჭიდაობდნენ ფეხშიშველი.
მოგვიანებით, საჭიდაო ჩოხას მკლავები დაუმოკლეს მხრებამდე, რამაც ქართული ჭიდაობის ზოგიერთი ფანდის გაქრობა გამოიწვია (ჩოხის მკლავებში ჩავლებით). თუმცა შარვლის სიგრძე იგივე რჩებოდა. 1935 წელს მიღებულ ,,ქართული ჭიდაობის შეჯიბრების წესებში” ხაზგასმულია, რომ საჭიდაო შარვალი არის გრძელი (ბანდაჟით). თუმცა მოგვიანებით რატომღაც გრძელი შარვალი ,,თათრულ გადმონაშთად” მიიჩნიეს და მოჭიდავეები რათა უფრო დამგვანებოდნენ ქართველებს, საჭიდაო შარვლად შემოიღეს მოკლე ტრუსები. მოგვიანებით ისედაც დამოკლებული ჩოხა კიდევ უფრო დაამოკლეს და დღესაც ჩოხის ასეთი ვარიანტია ხმარებაში.
ქართული ჭიდაობის კუთხური ნაირსახეობები
რედაქტირებადღევანდელი ქართული ჭიდაობის ძირითად ღერძს წარმოადგენს ქართლ-კახური ჭიდაობა, თუმცა ის გამდიდრებულია სხვადასხვა კუთხური ჭიდაობის ილეთებით, რომლებიც მე-19 საუკუნეში მრავლად ვრცელდებოდა საქართველოს სხვადასხვა რაიონებიდან ჩამოსული ძლიერი ფალავნების მეშვეობით. ქართული ეროვნული სპორტული სახეობების მკვლევარი პროფესორი ვასილ ელაშვილი აღნიშნავს: "როდესაც ამ ფიზიკური ვარჯიშის შესწავლა დაიწყო, ხალხში უკვე არსებობდა ჭიდაობის ორგანიზაციის ჩამოყალიბებული სისტემა. თითოეულ რაიონს, ასე განსაჯეთ, ხშირად ცალკეულ სოფლებსაც კი თავისი ლოკალურად ჩამოყალიბებული წესები ჰქონდათ."
როდესაც მე-20 საუკუნის დასაწყისში ქართული ჭიდაობის სისტემატიზება დაიწყო ამორჩეულ იქნა მთელი რიგი ილეთები, რისი სინთეზის საფუძველზე შეიქმნა დღევანდელი ქართული ჭიდაობა, რომელიც ჩამოყალიბდა როგორც სპორტის სახე. ჯერ კიდევ ვასილ ელაშვილი შენიშნავდა გასული საუკუნის 70-იან წლებში: "რესპუბლიკის სხვადასხვა კუთხეში, განსაკუთრებით მთიანეთში, შემონახულია ჭიდაობის სხვადასხვა ვარიანტები, რომლებიც საშუალებას გვაძლევს ვიფიქროთ, რომ დღევანდელი ქართული ჭიდაობა მისი სინთეზი და განვითარების საფეხურიაო".
თუ არ ჩავთვლით ვასილ ელაშვილის მშრალ ცნობებს, კუთხური ნაირსახეობების შესწავლას მთელი ამ ხნის მანძილზე არანაირი ყურადღება არ ექცეოდა, სანამ გასული საუკუნის 90-იან წლებში ქართული ეროვნული საბრძოლო სახეობების კვლევის მესვეურის კახაბერ ზარნაძის თაოსნობით არ მოხდა ჭიდაობის შემორჩენილი სახეობების შეკრება.
დღესდღეობით ქართული კუთხური ჭიდაობის სახეები ილეთების აღწერილობისა თუ ტერმინების სახით 23 ერთეულამდე აღწევს და მოიცავს ძალზედ სპეციფიურ და საინტერესო სახეებს, როგორიცაა: იმერული "საბეჭურიდან ჭიდაობა", სვანური "ლიბრგიელ" ქამარში ჩავლებით ჭიდაობა, მისი მსგავსი რაჭული "ბეჭ და ბეჭ ჭიდაობა", სვანური "ლიბუნძგვალ" (ჯგუფური ჭიდაობა), ხევსურული "მოშ და მოშ" (ფეხის გარეშე) და "მუქასრისა" (ფეხსაც ხმარობენ), რაჭული "ღოჯური" (ღოჯური ჩაჭიდებით), მეგრული "რკინება", გურული "ჭედობა", ქიზიყური "მკლავმობმით", აჭარული "მატეკრობა", მთიულური "იღლიღორა", ასევე საქართველოს თითქმის ყველა კუთხეში მეტ-ნაკლებად გავრცელებული "მაჯურა" (გამარჯობის თქმისას ხელის ჩაკიდების პოზიციიდან ჭიდაობა), "მკერდაობა" (ხელების გამოუყენებლად), "ცალხელა" (მხოლოდ ერთი ხელის გამოყენებით), თვალახვეული ჭიდაობა და ა.შ. აღნიშნული ჭიდაობის სახეები ავითარებდა კონკრეტულ თვისებას და ძალზედ ეფექტიანი იყო მეომრის ფიზიკური მომზადების საქმეში, მაგალითად "ცალხელა" ჭიდაობა ხელში დაჭრილი მეომრის ჭიდაობას განასახიერებდა, ხოლო "მკერდაობა" ხელებშეკრულისას და ა.შ.
ქართული ჭიდაობა და ჭიდაობის სხვა სახეები
რედაქტირებაჭიდაობა სამბოს ერთ-ერთი მესაძირკვლე ვასილი ოშეპკოვი დიდ ყურადღებას უთმობდა ქართულ ჭიდაობას, ამისათვის სპეციალურად იწვევდა ქართული ჭიდაობის მცოდნეებს და საქართველოდან ქართული ჭიდაობის ილეთების ფოტოსურათებიც კი გამოაგზავნინა. მისი მოწაფე ანატოლი ხარლამპიევი კი საგანგებო მისიით საქართველოშიც იმყოფებოდა, რათა შეეკრიბა ქართული ჭიდაობის საუკეთესო ილეთები, ელემენტები. აღნიშნული კვლევები მკაცრად გასაიდუმლოებული იყო და სახელმწიფო უშიშროების ორგანოების ზედამხედველობით ტარდებოდა[1].
1938 წლის 16 ნოემბერს საბჭოთა კავშირის ფიზიკური კულტურისა და სპორტის კომიტეტმა გამოსცა ბრძანება #633 "თავისუფალი სტილით ჭიდაობის განვითარების შესახებ[ (ასე ეწოდებოდა სამბოს თავიდან), აღნიშნული ბრძანებაში ჩამოთვლილია ჭიდაობის სახეები, რომელთა ილეთებიც საფუძვლად დაედო ახლადდაარსებულ სახეობას. ჩამონათვალი იწყება ქართული ჭიდაობით. საბოლოოდ ქართული ჭიდაობის თითქმის ყველა ფანდი სამბოს არსენალში აღმოჩნდა[2].
1940 წელს გამოცემულ ,,სამბოს” სახელმძღვანელოში ავტორი ვ. ვოლკოვი წინასწიტყვაობაში აღნიშნავს, რომ ,,ქართული ჭიდაობა საუკეთესოა თავისი ტექნიკითა და უბრალოებით”, იქვე ნათქვამია, რომ ქართულ ჭიდაობაში ,,ფეხის ფანდების დამუშავება უკეთესია, ვიდრე იაპონურ ძიუდოში”, ავტორი შენიშნავს ასევე ქართული ჭიდაობის უპირატესობას თავისუფალ ჭიდაობასთან შედარებითაც; ,,რაც არ უნდა განვითარებული უნდა იყოს თავისუფალი ჭიდაობა სპორტული თვალსაზრისით, ის გდების ტექნიკით ჩამორჩება ისეთ შესანიშნავ ეროვნულ სახეობას, როგორიც ჩოხიანი ქართული ჭიდაობაა”[3].
60-იან წლებიდან იაპონური ჭიდაობა ძიუდო იქცა პოპულარულ სპორტის სახედ. ქართველი სპორტსმენების წარმატებამ დიდი ყურადღება მიიპყრო და საბოლოოდ ძიუდომაც ბევრი ისესხა ქართული ჭიდაობისგან. იაპონელებმა ქართული ჭიდაობის კარგი მცოდნე ბიძინა მაზიაშვილი საგანგებოდ მიიწვიეს იაპონიაში, სადაც ის რამდენიმე თვის განმავლობაში ატარებდა ქართული ჭიდაობის მასტერკლასებს, აღნიშნულს კი ფირზე იღებდნენ. იაპონიაში დააარსეს ქართული ჭიდაობის სექციაც[4].
ქართული ჭიდაობის უნივერსალურობაზე მეტყველებს ის ფაქტიც, რომ საქართველოდან გამოსული თითქმის ყველა ოლიმპიური, საკავშირო, ევროპისა თუ მსოფლიო ჩემპიონი ჭიდაობის სხვადასხვა სახეში, სწორედ ქართული ჭიდაობიდან მოდიოდნენ, ქართული ჭიდაობა იყო მათი საფუძველი. ქართული ჭიდაობიდან იყვნენ ვახტანგ ბალავაძე, დავით ციმაკურიძე, არსენ მეკოკიშვილი, გურამ საღარაძე, მირიან ცალქალამანიძე, გივი კარტოზია, ანზორ კიკნაძე, შოთა ჩოჩიშვილი და სხვები, რომლებმაც არაერთი შეხვედრა მოიგეს ქართული ჭიდაობის ილეთებით და უმაღლეს ტიტულებს დაეუფლნენ.
საბჭოთა კავშირის ძიუდოისტთა ნაკრების მწვრთნელი ანდრეი ანდრეევი საგანგებოდ აღნიშნავდა, რომ ,,ქართველ ძიუდოისტთა წარმატებათა პირველწყარო სწორედ ქართული ჭიდაობაა”. საბჭოთა კავშირის მოჭიდავეთა ნაკრების ხერხემალს ხომ ქართველი მოჭიდავეები შეადგენდნენ. ოლიმპიური და მსოფლიო ჩემპიონი იაპონელი ისანო ინაკუმა განმარტავდა, რომ ,,როცა ყველა არაიაპონელისათვის ძიუდო უცხო ხილი იყო, მიკვირდა რომ ქართველებთან ჭიდაობა გაცილებით ძნელი იყო. მერე როცა მათ დავუახლოვდი და დავუმეგობრდი კიდეც, ბევრი რამ ნათელი გახდა. გავიგე, რომ ქართველებს ჭიდაობის თავიანთი ეროვნული სახეობა აქვთ, რომლის მრავალი ხერხი წარმატებით გამოიყენება ძიუდოში…პირადად მე ქართული ჭიდაობისგან მრავალი ფანდი ვისესხე” ასევე მსოფლიოსა და ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი შოძის სასახარა, რომელიც საქართველოში სტუმრობისას სოფელ მეჯვრისხევში მიუწვევიათ და უნახავს, თუ როგორ ჭიდაობდნენ პატარა ბავშვები ყოველგვარი მწვრთნელის გარეშე, განუცხადებია, რომ ,,ამის შემდეგ გასაგებია, თუ რატომ არიან ქართველი ფალავნები ასე ძლიერები. ქართველი ჭიდაობისა და ანბანის შესწავლას, ალბათ ერთდროულად იწყებსო” ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი ჭიდაობაში, ასევე მსოფლიო ჩემპიონი სამბოში ლევან თედიაშვილის თქმით ,,საერთაშორისო სარბიელზე მოპოვებულ ჩემს წარმატებებს რაინდულ ქართულ ჭიდაობას ვუმადლი” ოლიმპიური ჩემპიონის შოთა ჩოჩიშვილის თქმით: ,,მოჭიდავე, რომელიც კარგად ფლობს ქართულ ჭიდაობას, უკვე 90 პროცენტით ძიუდოისტია” სამბისტმა ჯემალ მჭედლიშვილმა, რომელმაც მოიგო საკავშირო, ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონატები, მოგვიანებით განაცხადა, რომ როცა სარბიელზე გადიოდა სამბოში არაფერი გაეგებოდა და ვინაიდან ქართული ჭიდაობის მოჭიდავე იყო, ამიტომ იმედს ქართული ჭიდაობაზე ამყარებდა, შედეგმაც არ დააყოვნა.
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებალიტერატურა
რედაქტირება- ბარნოვი, ა., ჭიდაობა ძველ თბილისში, თბ. 1967
- ბარჯაძე, გ., ქართული ჭიდაობა, თბ. 2008
- ბარჯაძე, გ. საქართველოს მოჭიდავე ფალავნები, თბ. 2002
- ბარჯაძე, გ., ქართული ჭიდაობა, თბ. 2008;
- საქართველოს ზნეობანი / არჩილი. დღისა და ღამის გაბაასება / თეიმურაზ II [ბოლოსიტყვ. და ლექსიკონი ლ. მენაბდესი]. - თბ. : საბჭ. საქართველო, 1976.
- კარპლინი პლანო -ისტორია მონღოლებისა, რომელთაც ჩვენ თათრებს ვუწოდებთ : წიგნი 1 და მე-2 / თარგმნილი გერონტი ქიქოძის მიერ // მასალები საქართველოსა და კავკასიის ისტორიისათვის. - თბილისი, 1942. - გვ.1-72. - (ნაკვ.2)
- გაზეთი ,,დროება” 1882 #202
- გაზეთი ,,ივერია” 1888 #169, 12 აგვისტო
- გაზეთი ,,ივერია” 1888 #192, 6 სექტემბერი
- მაისურაძე , ს., ქართული ჭიდაობა, თბ. 1984.
- ელაშვილი ვ., ქართული ჭიდაობა, თბ. 1975
- ბალავაძე, ვ., ქართული ჭიდაობა, თბ. 1968.
- თომაშვილი, ი., ქართული ჭიდაობა, თბ. 1957.
- დიმოვი, ი., საქართველოს ფალავნები, თბ. 1987
- ცალქალამანიძე, მ., ქართული შუაკაურით, გაზ. ,,ახალგაზრდა კომუნისტი”, თბ. 1987, 17 დეკემბერი
- ბარჯაძე, გ. საქართველოს მოჭიდავე ფალავნები, თბ. 2002
- დადიანი, ა., ქართული ჭიდაობიდან მოვდივართ, ჟ. ,,ცისკარი”, თბ. 1984, #6, გვ.155-157
- ქართული ჭიდაობის შეჯიბრების წესები, საქართველოს ფიზკულტურის უმაღლესი საბჭო, თბ, 1935.
- სვანელი,ი. ქართული ჭიდაობის სახელმძღვანელო, თბ, 1940.
- ქართული ჭიდაობის მადლი (საუბარი ვლ. ანდრეევთან, ი. ინაკუმასთან, შ. სასახარასთან, ლ. თედიაშვილთან), გაზ. ,,ლელო”, თბ. 1979, 25 მარტი
- ჩოჩიშვილი, გ., ღირსია დამოუკიდებლად ვითარდებოდეს, გაზ. ,,ლელო”, თბ. 1990, 4 მარტი
- ვასილ ელაშვილი, ქართული ჭიდაობა, თბ. 1975
- გაზეთი ლელო. 1957წელი , 17 ოქტომბერი
- გაზეთი ,,საქართველო“ #7, 2002 წელი, 2 ივლისი
სქოლიო
რედაქტირება- ↑ М.Лукашев "Сотворение самбо“, 2003 Москва
- ↑ О развитии борьбы вольного стиля
- ↑ Волков В.П. Курс самозащиты без оружия Самбо[მკვდარი ბმული]
- ↑ მაზიაშვილი, ბ., იაპონიაში ქართულს ჭიდაობენ, გაზ. ,,ლელო”, თბ. 1990, 20 ოქტომბერი