ნესტორ ესებუა
ნესტორ ესებუა (დ. 1864, სოფელი სორტა, ახლანდელი სენაკის მუნიციპალიტეტი, — გ. 7 აგვისტო, 1931, იქვე) — ქართველი ფალავანი. 1882-1883 წლებში ბათუმში მუშაობდა მტვირთავად. საჭიდაო ასპარეზზე გამოვიდა 1885 წელს.[1]
ნესტორ ესებუა | |
პირადი ინფორმაცია | |
---|---|
ეროვნება | ქართველი |
დაბ. თარიღი | 1864 |
დაბ. ადგილი | სორტა, ახლანდელი სენაკის მუნიციპალიტეტი |
გარდ. თარიღი | 7 აგვისტო, 1931 |
გარდ. ადგილი | სორტა, ახლანდელი სენაკის მუნიციპალიტეტი |
სახეობა | ქართული ჭიდაობა |
განსაკუთრებული პოპულარობა მოუპოვა კულა გლდანელთან შეხვედრებმა. ისინი რამდენიმეჯერ შეხვდნენ ერთმანეთს და ყველა ამ შეხვედრიდან გამარჯვება დარჩა ნესტორ ესებუას. მათი ყველაზე გახმაურებული ჭიდაობა შედგა 1886 წლის 1 აგვისტოს თბილისში, „იტალიელების ბაღში“. დიდი წარმატებით გამოდიოდა საქართველოს, რუსეთისა და საზღვარგარეთის (პარიზი, სტამბოლი) ქალაქებში. სხვადასხვა დროს დამარცხებული ჰყავს საქართველოსა და უცხოეთის არაერთი სახელოვანი მოჭიდავე, მათ შორის: კულა გლდანელი, კლემენს ბული, გეორგ ლურიხი, ივანე პოდუბნი, სარი სულეიმანი, ყაზბეგ გარა, ემილ ფორი და სხვები. წარმატებით გამოვიდა პეტერბურგის, თეირანის, სტამბოლისა და ბრიუსელის დიდ ტურნირებში.[2]
პერსონალურად იყო მიწვეული პარიზის საერთაშორისო გამოფენის გახსნასთან დაკავშირებით გამართულ შეჯიბრებაში, რომელშიც მსოფლიოს 300-მდე საუკეთესო მოჭიდავე მონაწილეობდა. დაამარცხა 10 მეტოქე, რისთვისაც ჯილდოდ გადასცეს 1000 ფრანკი და ოქროს ჟეტონი. აღიარებული იყო სახალხო მოჭიდავედ. ქართული პრესა დიდ ადგილს უთმობდა ესებუას ჭიდაობას. აკაკი წერეთელმა ესებუას და კულა გლდანელს პოემა „ჭიდაობა“ (1888) უძღვნა. ესებუა ქართული ჭიდაობის ტრადიციული სკოლის შესანიშნავი წარმომადგენელი იყო; დიდ ძალასთან ერთად სისწრაფე და რაინდული მანერაც ჰქონდა. იშვიათი ოსტატობით ასრულებდა კისრულს, ჩოქელას, შუა სარმას, გარეკაურსა და სხვა ილეთებს. წლების მანძილზე ეწეოდა ქართული ჭიდაობის პოპულარიზაციას. ზრუნავდა ახალგაზრდა სპორტსმენთა გამოვლენასა და აღრდაზე.[2]
მრავალი წარმატებული ჭიდაობის შემდეგ ნესტორ ესებუამ საჭიდაო არენაზე გასვლა შეწყვიტა და ხელი მწვრთნელობას მიჰყო. ის სხვადასხვა დროს ჭიდაობებს აწყობდა სამტრედიაში, სურამში, ჭიათურაში, ქუთაისში, ზესტაფონში და სხვაგან. გამოირჩეოდა ასევე ქველმოქმედებით; 1919 წელს ჭიდაობიდან აღებული ფულიდან 400 მანეთი შესწირა სენაკის სკოლის მშენებლობას. ფულით ეხმარებოდა წითელი ჯვრის საზოგადოებას.[3]
ერთხელ, როდესაც ის მშობლიურ სოფელ სორტაში მიდიოდა, მოულოდნელად, მოსახვევში ეტლი გადაუბრუნდა და სხეული დაუზიანდა. იგი ორი თვის ავადმყოფობის შემდეგ, 1931 წლის 7 აგვისტოს, 67 წლის ასაკში გარდაიცვალა.
ლიტერატურა
რედაქტირება- ბარნოვი ა., ჭიდაობა ძველ თბილისში, თბ., 1967.
- გეგენავა დ., ორი ფალავანი, თბ., 1967.
- ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 3, თბ., 2014. — გვ. 99.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 4, თბ., 1979. — გვ. 212.
- ↑ 2.0 2.1 ნესტორ ესებუა — საქართველოს ოლიმპიელთა კლუბი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-03-27. ციტირების თარიღი: 2021-04-29.
- ↑ თემო სახურია „ჭიდაობს ნესტორ ესებუა“[მკვდარი ბმული]