კულა გლდანელი (ნამდვილი სახელი და გვარია: ივანე ბეროს ძე ყირიმელაშვილი; დ. 1858, სოფელი გლდანი — გ. 1934, თბილისი) — ქართველი ფალავანი. ერთ-ერთი უძლიერესი ფალავანი. როგორც მოჭიდავემ სახელი გაითქვა თბილისის უბნებში (ორთაჭალა, ფიქრისგორა, დიდუბე, ჩუღურეთი და სხვა). არაერთხელ დაამარცხა იმ დროისათვის ცნობილი ფალავნები, მათ შორის რენელი, თიანელი, ღაღაძე, გონგაძე და სხვები. პირველმა დააარსა თბილისში ეგრეთ წოდებული საჭიდაო წრე, სადაც თავს იყრიდნენ ამიერკავკასიის საუკეთესო ფალავნები. წლების მანძილზე ნესტორ ესებუასთან შეხვედრამდე, კულა გლდანელს საქართველოს დაუმარცხებელი ფალავნის სახელი ჰქონდა. იგი ღონიერი, მარდი და მოქნილი ათლეტი იყო, ქართული ჭიდაობის ნამდვილი ოსტატი. წარმატებით გამოდიოდა ამიერკავკასიისა და რუსეთის სხვადასხვა ქალაქში გამართულ ჩემპიონატებში. არაერთი ცნობილი ფალავანი გამოზარდა.

კულა გლდანელი

კულა გლდანელი
პირადი ინფორმაცია
ეროვნება ქართველი
დაბ. თარიღი 1858(1858)
დაბ. ადგილი სოფელი გლდანი
გარდ. თარიღი 1934(1934)
გარდ. ადგილი თბილისი
სახეობა ქართული ჭიდაობა

1883 წელს მეგობრების დახმარებით თიანეთში მოაწყო დიდი შეჯიბრება ქართულ ჭიდაობაში და შემოსული თანხა მთლიანად ვაჟა-ფშაველას გადასცა, რამაც პოეტს საშუალება მისცა პეტერბურგში წასულიყო სწავლის გასაგრძელებლად. განსაკუთრებულ ინტერესს იწვევდა გლდანელისა და ნესტორ ესებუას პაექრობა, რასაც აკაკი წერეთელმა უძღვნა პოემა „გლდანელი და ესებუა“. 1925 წელს საზოგადოებრიობამ კულა გლდანელს იუბილე გადაუხადა.

გაზეთი დროება (N 202, 1882 წელი) კულა გლდანელზე წერდა:

ვიკიციტატა
„მშვენიერი თვალტანადია გლდანელი, ვიწრო ჩოხა შემოწურული, სწორედ გმირსა ჰგავს, როდესაც გამოვა მოედანზე. მისი ამაყი, დარწმუნებული სიარული, მედიდური მიხვრა-მოხვრა, განიერი და ძარღვიანი გულ-მკერდი, მართლაც სასიამოვნო სანახავია“

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება

ლიტერატურა

რედაქტირება
  • აბაშიძე ლ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, თბ., 1983. — გვ. 63.
  • ბარნოვი ა., ჭიდაობა ძველ თბილისში, თბ., 1967;
  • გეგენავა დ., ორი ფალავანი, თბ., 1967.