კამა (მდინარე)
კამა[1] (რუს. Кама < უდმ. кам — „მდინარე“, „დინება“) — მდინარე რუსეთის ევროპულ ნაწილში, უდმურტეთში, კიროვის ოლქში, პერმის მხარეში, ბაშკირეთსა და თათრეთში; ვოლგის მარცხენა და ყველაზე დიდი შენაკადი. სიგრძე 1805 კმ, აუზის ფართობი 507 ათ. კმ². სათავეს იღებს ზემო კამის მაღლობზე. ძირითადად მიედინება მაღალი ვოლგისპირეთის მაღლობებს შორის, ფართო და ადგილ-ადგილ შევიწროებულ ხეობაში. ზემო წელზე კალაპოტი არამდგრადი და დაკლაკნილია, ჭალაში ნამდინარევებია. მდინარე ვიშერის შეერთების შემდეგ კამა წყალუხვი ხდება, კალაპოტში ჩნდება კუნძულები, მეჩეჩები და ჩქერები. ქვემო წელზე მიედინება ფართო (15 კმ-მდე) ხეობაში, კალაპოტის სიგანე 450–1200 მეტრია, იყოფა ტოტებად. ჩაედინება კუიბიშევის წყალსაცავის კამის ყურეში. ჩამონადენი მნიშვნელოვან მანძილზე დარეგულირებულია კამის, ვოტკინსკისა და ნიჟნეკამსკის ჰესებით, რომლებითაც შექმნილია წყალსაცავები. კამის აუზში დაახლ 75 ათასი მდინარეა, რომელთაგან თითქმის 95% სიგრძით 10 კმ-ზე პატარაა. მდინარის ქსელის სიხშირე უდიდეს მნიშვნელობას აღწევს (0,7–0,8 კმ/კმ²) აუზის უფრო მეტად ტენიან, ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში, სამხრეთ-დასავლეთში 0,3–0,4 კმ/კმ²-ია. ძირითადი შენაკადებია: ვიშერა, იაივა, კოსვა, ჩუსოვაია, ბელაია, იკი (მარცხენა); ინვა, ობვა, იჟი, ვიატკა (მარჯვენა).[2]
კამა რუს. Кама | |
---|---|
კამა პერმში | |
ეტიმოლოგია | უდმ. кам — „მდინარე“, „დინება“ |
ქვეყანა | რუსეთი |
ტერიტორიული ერთეულები | უდმურტეთი, კიროვის ოლქი, პერმის მხარე, ბაშკირეთი, თათრეთი |
ქალაქები | სოლიკამსკი, ბერეზნიკი, პერმი, კრასნოკამსკი, სარაპული, ნაბერეჟნიე-ჩელნი, ჩისტოპოლი |
მარჯვენა შენაკადები | ინვა, ობვა, იჟი, ვიატკა |
მარცხენა შენაკადები | ვიშერა, იაივა, კოსვა, ჩუსოვაია, ბელაია, იკი |
სათავე |
ზემო კამის მაღლობი 58°11′42″ ჩ. გ. 53°45′15″ ა. გ. / 58.19500° ჩ. გ. 53.75417° ა. გ. |
სათავის სიმაღლე | 335 მ |
შესართავი |
კუიბიშევის წყალსაცავი 55°21′50″ ჩ. გ. 49°59′52″ ა. გ. / 55.36389° ჩ. გ. 49.99778° ა. გ. |
შესართავის სიმაღლე | 36 მ |
სიგრძე | 1805 კმ |
აუზის ფართობი | 507 ათ. კმ² |
მდინარის სისტემა | → ვოლგა → კასპიის ზღვა |
წყალსაცავი | კამის, ვოტკინსკის, ნიჟნეკამსკის |
წყლის ხარჯი (მინ.) | 1780 მ³/წმ |
წყლის ხარჯი (საშ.) | 2770 მ³/წმ |
წყლის ხარჯი (მაქს.) | 4100 მ³/წმ |
— სათავე, — შესართავი | |
კამა ვიკისაწყობში |
იკვებება უპირატესად თოვლის წყლით (წლიური ჩამონადენის დაახლ. 60%), მიწისქვეშა წყლებზე მოდის 25% წილი, წვიმისაზე — 15%. გაზაფხულის წყალდიდობა მარტ – ივნისში იცის. კამის, ბელაიის და ვიატკის წყალდიდობების დამთხვევის დროს შეიმჩნევა წყლის დონის მკვეთრი მატება (15 მ-მდე). საშუალო წლიური ხარჯი ქალაქ პერმთან 1600 მ³/წმ, შესართავში 2770 მ³/წმ (უდიდესი — 4100 მ³/წმ, უმცირესი — 1780 მ³/წმ), ჩამონადენის საშუალო მრავალწლიური მოცულობა 87,4 კმ³/წ. იყინება ხანგრძლივად, თან ახლავს შიდაწყლოვანი ყინულის წარმოქმნა და შემოდგომის ყინულსვლა (10–20 დღე). გაძვიფულია ნოემბრის დასაწყისიდან ზემოთში, ნოემბრის ბოლოდან ქვემოთში, გრძელდება აპრილამდე. გაზაფხულის ყინულსვლა 2–3 დღიდან 10–15 დღემდეა. კამის აუზში წელიწადში იღებენ 5,5 კმ³ წყალს, რომლის 85% აიღება ზედაპირული წყალსატევებიდან. მინიმალური მოხმარება შეიმჩნევა აუზის წარმოებით უფრო ნაკლებად განვითარებულ ჩრდილოეთ ნაწილში (პერმის მხარე და კიროვის ოლქი).[2]
ხე-ტყის ტივებად შეუკრავად დაცურება კამასა და შენაკადებზე ხორციელდება ზემო წელზე დაბა კერჩევსკიმდე (შესართავიდან 966 კმ), ქვემოთ რეგულარული ნაოსნობაა. ძირითადი ქალაქები და პორტებია (დინების მიხედვით): სოლიკამსკი, ბერეზნიკი, პერმი, კრასნოკამსკი, სარაპული, ნაბერეჟნიე-ჩელნი, ჩისტოპოლი. პერმიდან რეგულარული სამგზავრო რეისები სრულდება მოსკოვამდე, ნიჟნი-ნოვგოროდამდე, ასტრახანამდე, უფამდე. მდინარის ლამაზი ნაპირები მრავალ ტურისტს იზიდავს. პოპულარულია საწყლოსნო, საცხენოსნო, საფეხმავლო და სათხილამურო მარშრუტები.[2]
კამის აუზისათვის დამახასიათებელია სპილენძისა და რკინის მომატებული ფონური შემცველობა. დაბალი ჩამონადენის პერიოდში კამისა და ვოტკინსკის წყალსაცავებში შეიმჩნევა წყალში გახსნილი ჟანგბადის დეფიციტი. მდინარე ყველაზე მეტად დაბინძურებულია ქალაქ სოლიკამსკთან, ბერეზნიკისთან და პერმთან (ძირითადი დამაბინძურებელი ნივთიერებებია: ფენოლები, ლითონების ნაერთები, ნავთობპროდუქტები). წყლის ხარისხის კომპლექსური შეფასება დაბინძურების დონის სტაბილიზაციაზე მიუთითებს.[2]
სქოლიო
რედაქტირება- ↑ საბჭოთა კავშირის გეოგრაფიული სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი, თბ., 1987. — გვ. 95.
- ↑ 2.0 2.1 2.2 2.3 Зайцева И. С. Кама // Большая российская энциклопедия. т. 12. — М., 2008. — стр. 578.