იოანე იალღუზიძე

საქართველოში მოღვაწე ოსი პოეტი, პედაგოგი და საზოგადო მოღვაწე

იოანე გიორგის ძე იალღუზიძე (ნამდვილი გვარი გაბარათი; დ. 1775, სოფ. ზალდა, ახლანდ. ქურთის მუნიციპალიტეტი — გ. 5 (17) აგვისტო1830, თბილისი) — ოსი პოეტი, პედაგოგი და საზოგადო მოღვაწე.

იოანე იალღუზიძე
დაბადების თარიღი 1775
დაბადების ადგილი ზალდა
გარდაცვალების თარიღი 5 (17) აგვისტო, 1830
გარდაცვალების ადგილი თბილისი
საქმიანობა პოეტი, პედაგოგი და საზოგადო მოღვაწე
მოქალაქეობა ქართლ-კახეთის სამეფო
რუსეთის იმპერია
ალმა-მატერი დავითგარეჯა და თბილისის სასულიერო სემინარია

ბიოგრაფია

რედაქტირება

დაიბადა აზნაურის ოჯახში. სასულიერო განათლება მიიღო ერეკლე II-ისა და გიორგი XII-ის კარზე. ერეკლე II-ის შუამდგომლობით მიაბარეს დავითგარეჯის მონასტერში, სადაც მღვდელ იოანე ქარუმიძის დახმარებით შეუსწავლია ფილოსოფია და ქართული მწიგნობრობა. შემდეგ სწავლა განაგრძო თბილისის სასულიერო სემინარიაში. საზოგადო საქმიანობა დაიწყო გადამწერობით (2-ჯერ გადაუწერია ვეფხისტყაოსანი). 1815–1821 წლებში თბილისში, ოსეთის სასულიერო კომისიაში მუშაობდა თარჯიმნად. კარგად ფლობდა ქართულ, ოსურ და რუსულ ენებს. ქართულიდან ოსურად თარგმნიდა სასულიერო წიგნებს („საცისკრონი ლოცვანი“ — 1820, „გამოკრებილი კურთხევანი“ — 1824, უთარგმნია ოთხთავი, რომელიც დაცულია სამი ხელნაწერის სახით. ეს ხელნაწერები დაცულია თბილისში (პირველი ვარიანტი), პეტერბურგსა (ჩასწორებული) და მოსკოვში (სასტამბოდ გამზადებული). ასევე უთარგმნია „კატეხიზმო“, „ღვთისმსახურება“, დაცულია ხელნაწერი). 1820 წლიდან თბილისის სასულიერო სემინარიაში ოს ბავშვებს ასწავლიდა რუსულ და ქართულ ენებს. 1820 წელს ქართული გრაფიკის (როგორც ნუსხა-ხუცურის, ისე მხედრულის) საფუძველზე შეადგინა ოსური ანბანი, ხოლო 1821 წელს — პირველი საანბანო წიგნი ოსურ ენაზე. მისი გარდაცვალების შემდეგ ქართული ანბანი ცარიზმის რუსიფიკატორული რეჟიმის შედეგად რუსული ანბანით შეიცვალა.

იოანე იალღუზიძე გარდაიცვალა 1830 წლის 5 აგვისტოს, თბილისში ქოლერის ეპიდემიის დროს.

შემოქმედება

რედაქტირება

მისი პოეტური შემოქმედებიდან აღსანიშნავია პატრიოტული პოემა „ალღუზიანი“ (1885, ქართულ ენაზე), რომელშიც მოთხრობილია მეფე ალღუზის საგმირო საქმეები.[1]

იოანე იალღუზიძეს გადაუწერია სულხან-საბა ორბელიანის „სიტყვის კონა“, შოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსანი“, დავრიშიანი“, „მირიანი“, თეიმურაზ II-ის „სარკე თქმულთა“ და სხვ.

იოანეს ეკუთვნის პირველი ოსური ხელნაწერი, რომელიც 1802 წლით იყო დათარიღებული წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ფონდში (А, № 5136). ეს ხელნაწერი მცირეა ზომით სულ 80 სტრიქონია. შესრულებულია სამ ენაზე რუსულ, ქართულ და ოსურ ენებზე. ესაა ოფიციალური დოკუმენტი სოფელ ვანათში სასამართლოს დაწესების შესახებ. ორიგინალი რუსული ტექსტია, ქართული და ოსური მისგან თარგმნილია. ოსური ტექსტი შესრულებულია ქართული გრაფიკით. ხელნაწერი საფუძვლიანად შეისწავლა გ. ახვლედიანმა. მან დადგინა, რომ ჩვენამდე მოღწეული პირველი ოსური ხელნაწერი იოანე იალღუზიძეს ეკუთვნის.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ახვლედიანი გ., ოსური ენის ისტორიისათვის, „ტფილისის უნივერსიტეტის მოამბე“, ტ. 5, თბ., 1925
  • თედეევი ო., ქართული ოთხთავის ოსური თარგმანის ისტორიისათვის, ტ. 108 „თსუ შრომები“, თბ., 1964
  • Гукаев Дз. А., О жизни и деятельности Ивана Ялгузидзе «Известия Юго-Осетинского научно-исследовательского института», 1955

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 5, თბ., 1980. — გვ. 45.