იაპონური მითოლოგია
იაპონური მითოლოგია შენახულია VIII საუკუნე საუკუნის დასაწყისის ორ დიდ კოლექციაში კოჯიკი (ჩანაწერები იძველესი მოვლენების შესახებ) და ნიჰონგი (იაპონიის წერილობითი ქრონიკები). ამის გამო უძველესი მითოლოგიის რეკონსტრუქცია რთულდება, რადგან ამ შრომებს განსაკუთრებული სტატუსი ჰქონდათ არა მხოლოდ შინტოს რელიგიაში, არამედ ქვეყნის იდეოლოგიაშიც. ეს ნაწარმოებები ეძღვნება იაპონელი იმპერატორების ღვთიური წარმოშობისა და იაპონიის კუნძულებისა და ხალხის უნიკალურობის დამტკიცებას. თანამედროვე ეთნოლოგიამ დაამტკიცა იაპონელი ხალხის შერეული წარმოშობა (პოლინეზიური და აღმოსავლეთ აზიის მატერიკული), რაც იაპონურ მითოლოგიაზე სხვადასხვა კულტურის გავლენას გულისხმობს.
კამის ცნება
რედაქტირებაროგორც ამ ყველაზე ადრეულ იაპონურ ხელნაწერებში და „კამის გზაშია“ გადმოცემული (კამი-ნი-მიჩი, ან სინტო), აქცენტი კეთდება კამიზე ანუ სულებზე. ტერმინს ბევრად უფრო ფართო მნიშვნელობა აქვს ვიდრე „ღმერთია“, მაგრამ კამის კონცეფცია ძალზე იდუმალია. მოტოორი ნორინაგა (1730-1801), მნიშვნელოვანი ფიგურა სინტოს თანამედროვე აღდგენაში, წერდა, რომ ცნება კამი მოიცავდა არა მარტო ღმერთებს, არამედ ადამიანებსაც (განსაკუთრებით იმპერატორებს), ბუნებრივ საგნებს და „ყველაფერს, რაც ჩვეულებრივს მიღმაა და რომელიც აღმატებულ ძალაუფლებას ფლობდა, ან შიშის ზარს სცემდა“. ის ამბობდა, რომ კამის ახასიათებს როგორც ძლიერი ბოროტება, ისე განსაკუთრებული სიკეთე. კამის რაოდენობა განუსაზღვრელია და ამბები მათ შესახებ - მითები, აუცილებლად რელიგიური შინაარსის არ არის.
იაპონელები აღმერთებდნენ ბუნების ძალებს, რადგან გრძნობდნენ, რომ ეს ძალები უფრო ძლიერი იყო, ვიდრე ადამიანები და კამის სახელით თაყვანს სცემდნენ მათ. ყველაფერს რაც ჩვეულებრივის ფარგლებს ცდებოდა, ან არსებას, რომელიც აღმატებულ ძალას ფლობდა, კამის სახელი ერქმეოდა ადამიანების, მაღალი მთების, მაღალი ხეების, ფრინველების, ცხოველების, მცენარეების, ზღვებისა და ა.შ. ჩათვლით. კამი ეწოდება წმინდა იმპერატორის შემდეგ თაობასაც.
კამის ადამიანის მსგავსი სხეული, ადამიანებისათვის დამახასიათებელი თვისებები და დეფექტები აქვს. კამის სიკვდილის შემდეგ მისი სული სიცოცხლეს აგრძელებს. ზოგჯერ მისი სული სხეულს ტოვებს და ცალკე ობიექტის ფორმას იღებს.
სინტოისტური მითოლოგია
რედაქტირებაშესაძლოა გაჩნდეს კითხვა, მართლა სჯეროდათ თუ არა უძველეს იაპონელებს რომ სამყაროში ყველა ადამიანი კამისგან გაჩნდა, თუ ეს მხოლოდ იაპონელებს და იაპონიის კუნძულებზე მცხოვრებთ ეხებოდათ. პრაქტიკულად, რა თქმა უნდა, იმ დროისათვის, როდესაც სინტო იქმნებოდა, არავის ეგონა, რომ რაიმე სხვა ქვეყანა ან ხალხი არსებობდა. მოგვიანებით XVIII-XIX საუკუნეების ეროვნული აღორძინების დროს, ცნება იაპონიის განსაკუთრებული და უნიკალური სტატუსის შესახებ კოკუგაკის მომხრეებმა ამ მითებიდან აიღეს. იმპერიის დასაწყისში უბრალო ადამიანების რელიგიას, ისევე, როგორც ჩრდილოეთ აზიის უმეტეს ნაწილში შამანიზმის სახეობა წარმოადგენდა და მედიუმების საშუალებით ხორციელდებოდა, რომლებიც სულებთან კონტაქრში შედიოდნენ და სულებსა და ფიზიკურ სამყაროს შორის ინფორმაციას ცვლიდნენ. იაპონური მითოლოგია ხშირად მოგვითხრობს სულებთან ურთიერთობაზე სიზმარში ან ექსტაზური ტრანსის დროს.
ბუდიზმის შემოსვლა
რედაქტირებამალევე მას შემდეგ, რაც კამის მითოლოგია ჩამოყალიბდა და დაიწერა, როგორც ორიგინალურმა ინდურმა ბუდიზმმა ჩინეთში ცვლილება განიცადა, ასევე იაპონურმა ბუდიზმმა შემდგომი გარდაქმნა განიცადა იაპონური ფორმების შესაბამისად, რამაც ახალი ბუდისტური მითოლოგიის შექმნა განაპირობა. ეს პროცესი, ნაწილობრივ, ადრე არსებული კამის ბუდებთან, ბოდჰისატვებთან და იაპონური ბუდისტური სექტების დამაარსებლწბთან იდენტიფიკაციას ითვალისწინებდა.
ადეულ ლიტერატურაში, განსაკუთრებით კი ისეთ ნაწარმოებებში, როგორიცაა პოეზიის ანთოლოგია „მანიოშუ“, გვხვდება მითოლოგიური შინაარსის ზეპირსიტყვიერი გადმოცემები, რომლებიც შედარებით გვიან აღმოჩენილ გადმოცემებს შეესაბამება და შესაძლოა უფრო ადრინდელი იყოს, ვიდრე იმპერიული იდეოლოგია და ბუდისტურ გადმოცემებთან მსგავსების მცდელობა. რიტუალები დღესასწაულები, ხალხური წეს-ჩვეულებები, ანდაზები და პოპულარული გამონათქვამები ასევე იძლევა გასაღებს იმ მითების ამოსახსნელად, რომლებიც სინტოსა და ბუდიზმის თეოლოგებმა დაკარგეს. მითების გამოგონება ამჟამადაც გრძელდება. იმას, რასაც იაპონელები ახალ რელიგიებს უწოდებენ, ხშირად ერთვის ახალი მითები მათი წარმოშობის, დამაარსებლებისა და განსაკუთრებული ძალების შესახებ. იაპონელი ხალხი თავისი ეკლექტური მანერით, საკუთარი მიზნებისთვის ხშირად ითვისებს სხვა ტრადიციების რელიგიურ მითოლოგიას.
მითი შექმნის შესახებ
რედაქტირებაიაპონელების აზრით, ჩვენთვის ცნობილი სამყაროს შექმნაში წვლილი კამის მიუძღვის. კოჯიკში ნათქვამია, რომ თავიდან მხოლოდ ზეცის ცენტრის კამი არსებობდა, შემდეგ კი შობისა და ზრდის კამი გაჩნდა. და-ძმა კამი, მამრი იზანაგი და მდედრი იზანამი, წარმოადგენდნენ ღმერთების მერვე წყვილს, რომელიც ქაოსიდან ზეცისა და მიწის შექმნის შემდეგ გაჩნდა. იზანაგისა და იზანამის იაპონიის კუნძულების შექმნა უბრძანეს. ისინი გვერდიგვერდ დადგნენ „ზეცის მოლივლივე ხიდზე“, ღვთიურად მორთული შუბი ოკეანეში ჩაუშვეს და მორევა დაიწყეს. როდესც წყალმა შესქელება დაიწყო, შუბი ამოიღეს და მისი წვეტიდან ჩამოღვენთილი წვეთები პირველ მყარ მიწად - კუნძულად იქცა.
შემდეგ ეს ორი ღმერთი კუნძულზე დაეშვა და ღვთაებრივი სვეტი და უმშვენიერესი სასახლე ააგო. იზანამი და იზანაგი სვეტს გარს უვლიდნენ, სანამ ერთმანეთს არ შეხვდნენ. მათ ერთმანეთის სხეულები დაათვალიერეს და მიხვდნენ, რომ ერთმანეთს შეეფერებოდნენ. მათი კავშირის პირველი შედეგი იყო უსახო არსება, სახელად „წურბელის შვილი“, რომელიც წყვილმა ქაფურის ხის ნავში ჩასვა და ზღვაში მიატოვა. იზანაგისა და იზანამის ღმერთებმა უთხრეს,რომ ასეთი ნაშიერი იმის გამო გაუჩნდათ, რომ მათი საქორწინო რიტუალის დროს პირველად იზანამიმ დაილაპარაკა. წყვილმა კიდევ ერთხელ შემოუარა სვეტს, რის შემდეგაც იშვა იაპონიის რვა დიდი კუნძული და კუდევ ერთი დიდი კამი, მზის ქალღმერთი ამატერასუ, რომელიც მათი უსაყვარლესი შვილი იყო და ის კიბით მაღლა აგზავნეს, რომ ცაში თავისი ადგილი დაეკავებინა. შემდეგი იყო მთვარის ღმერთი ცუკიიომი და ისიც ცაში გაგზავნეს, როგორც მზის ღმერთის მეუღლე. შემდეგ მოდიოდა სუსანოო, ბოროტი და უზნეო ღმერთი, რომელიც იმის გამო, რომ ყველაფერსანგრევდა და ხმაურობდა, განდევნეს და ქარიშხლის ღმერთად იქცა.
იზანამის სიკვდილი და იზანაგის ჯოჯოხეთში ჩასვლა
რედაქტირებაცეცხლის ღმეთზე მშობიარობისას იზანამი დაიწვა და მოკვდა, მაგრამ სიკვდილამდე წყლის, მიწისა და სამოთხის ღმერთების დაბადება მოასწრო, რომელთაც ერთობლივად უნდა გაეკონტროლებინათ ცეცხლის ღმერთი და სამყარო განადგურებისგან გადაერჩინათ. სასოწარკვეთილი იზანაგი იომის (მკვდართა) ქვეყანაში წავიდა, რათა იზანამი დაებრუნებბინა მაგრამ ამაოდ. იზანამიმ იზანაგის უთხრა, მისთვის არ შეეხედა მაგრამ იზანაგიმ მისი სურვილის საწინააღმდეგოდ, თავისი ხის სავარცხელს კბილი მოტეხა, აანთო და ქალს შეხედა. იზანაგი შესძრა შეცვლილი იზანამის დანახვამ. გაბრაზებულმა იზანამიმ რვა ქალის სული შექმნა, რომლებიც იზანაგის სამყაროს დასალიერამდე დაედევნენ. იზანაგიმ იბანავა და ასე განიწმინდა მკვდართა სამყაროს ჭუჭყისგან, ხოლო იმ წყლიდან, რომელშიც იბანავა, მრავალი კამი წარმოიშვა, მათ შორის ამატერასუ, ცუკიიომი და სუსანოო.
ამატერასუ და სუსანოო
რედაქტირებაამატერასუს და სუსანოოს ქარიშხლიანი ურთიერთობა ჰქონდათ. სუსანოოს სიამოვნებას ანიჭებდა თავის დის მიერ შექმნილის განადგურება. გაზაფხულზე მან დაანგრია კედლები, რომლებიც ქალღმერთის ბრინჯის ყანების ირგვლივ იყო აგებული, მოსავლის აღების დროს კი შექმნა „ციური რუხი კვიცები“ და მინდვრებში გაუშვა. მან სარწყავი არხები ამოავსო და პირველი ხალხის დღესასწაულისთვის აგებული ტაძრები ექსკრემენტებით აავსო. ქარიშხალმა მთელი მოსავალიც გაანადგურა. სასოწარკვეთილი ამატერასუ ზეცის კლდის გამოქვაბულში დაიმალა და შესასვლელი ლოდით ამოქოლა. ამის გამო სამყარო წყვდიამა მოიცვა. და-ძმის ეს კონფლიქტი განმარტავს სეზონების ცვლას გაზაფხულიდან ზაფხულში, შემოდგომასა და ზამთარში. ამატერასუ გარეთ ხეზე დაკიდებული სამკაულებისა და სარკის დანახვაზე გამოვიდა, თან მისი ცნობისმოყვარეობა კამის ველურმა და უხამსმა ცეკვამ გამოიწვია, ამატერასუ დაიყოლიეს რომ გამოსულიყო და სამყარო კიდევ ერთხელ გაანათა მზის სხივებმა.
ბუდისტური მითოლოგია
რედაქტირებაროდესაც იაპონიაში ბუდიზმი შევიდა, ის კამის დიდად არ დაპირისპირებია, მაგრამ ბუდისტურ მოძღვრებაში ასიმილაციას შეეცადა. მაგალითად, არსებობს გადმოცემა იმის შესახებ, რომ ძვ. წ. 742 წელს იმპერატორმა შომუმ სიზმარში თვით ამატერასუ ნახა, რომელმაც უთხრა: „ეს კამის ქვეყანაა და ადამიანებმა მათ თაყვანი უნდა სცენ, მაგრამ მზის ბორბალი დაინიჩი ნიორაი არის. ვაიროკანა (გაბრწყინება) ჭეშმარიტი ბუნებაა. თუკი გონიერი არსება ამ ლოგიკას ჩასწვდება, ბუდიზმს აღიარებს“. ეს ციტატა გვამცნობს ჭეშმარიტ იაპონელ ბუდას, დაინიჩის (ინდური ვაიროკანა) და მას მზესთან აიგივებს, რითაც სინტოს ბუდიზმს უკავშირებს და უმორჩილებს. თუმცა მას კამის საბოლოო განადგურება არ სურს. ტემმუ, იმპერატორი, რომელმაც იაპონიაში პირველად დაუჭირა მხარი ბუდიზმს, ბუდა სუტრას (ოქროსფერი სინათილ სუტრა) გავლენას განიცდიდა, როლის მიხედვითაც ბუდა ოთხ ღმერთ მეფეს ავალებს, რომ დაიცვან ნებისმიერი მეფე ან სამეფო, რომელიც მის სწავლებას აღიარებს. ეს ღმერთი მეფეები ასევე ცნობილნი არიან, როგორც ოთხი მიართულების მცველები, ბუდისტური კანონის დამცველი ოთხი ზეციური მეფე. ისინი ხშირად აღიქმებიან, როგორც საკურთხევლის კუთხეებშ მდგომი. საზარლად მომზირალნი და ზოგჯერ თავზე ცეცხლოვანი შარავანდედით, ისინი ხშირად პატარა არსებებს ტენკოკის აბიჯებდნენ. მათ ახასიათებდნენ, როგორც ბუდას სამფლობელოს მცველ მეომრებს.
იაპონური მუდიზმის ყველაზე მნიშვნელოვანი ტექსტია ლოტოსის სუტრა. ის ბუდისტური სამყაროს სასწაულებრივ არსებებს და შეხედულებებს აღწერს, რმელთა შესახებ საკიამუნიმ სვავების მწვერვალიდან გაამჟღვნა, სანამ ნირვანაშ შევიდოდა. ის ყველასთვის ხელმისაწვდომია და შეცავს როგორც რთულ, მეტაფიზიკურ ცნებებს, ისე მარტივ, რწმენაზე დაფუძნებულ პრაქტიკას, რომელიც ყველას აძლევს საშუალებას, რომ განათლებას მიაღწიოს. თუმცა სწორედ მასში შემავალი მითოლოგიური ელემენტები და მოთხრობები ახდენდა იაპონელებზე ყველაზე დიდ შთაბეჭდილებას და ამიტომ იაპონური ბუდიზმის „სახარება“ ეწოდა. მაგალითად, მიმდევრებს აღუწერენ უზარმაზარი სტუპას (ბუდისტური სასახლე-ტაძარი) არაჩვეულებრივ სურათს. ის შვიდი სახის ძვირფასი ქვებიდანაა აშენებული და ცაშა ატყორცნილი, ის ყოველგვარი საყრდენის გარეშე ლივლივებს. შედგება მილიონობით მღვიმისებური ოთახისგან და მილიარდობით ძვირფასი ქვის ბურთით არის შემკული. მთელ სასახლეში უნაზესი მუსიკა იღვრება და გაისმის ხმა, რომელიც ბუდას დიდებაზე მეტყველებს.
ამიდა
რედაქტირებაამიდას, მხსნელი ბუდას, მითოლოგია იაპონური მითოლოგიის კიდევ ერთი მთავარი ელემენტია. მასში წარმოდგენილია წმინდა მიწა - „ლოტოსის ბედნიერების მიწა“, ერთგვარი სამოთხე, რომელიც სისავსის შეგრძნებას იწვევს და ავსებულია ბუდას ჭვრეტის ბედნიერებით, რაც ყველა გრძნობას აკმაყოფილებს. ამ მიწას ამიდა მართავს, რომელიც კანნონთან (ჩინური ბოდისატვას იაპონური ვერსია, გუან-ინი) ერთად იაპონიის ყველა ტაძარშია წარმოდგენილი. „წმინდა მიწის ბუდიზმი“ თავის მიმდევრებს დაწვრილებით მოუთხრობდა, აგრეთვე, ჯოჯოხეთის შესახებ, რომელიც განკუთვნილი იყო მკვლელების, ყასბებისა და ხორცის მჭამელებისათვის.
ეს აზრი კიდევ უფრო ვრცლად არის განვითარებული „წმინდა მიწის სუტრაში“. ისინი, ვინც წმინდა მიწას მიაღწევენ, გადარჩებიან არა მარტო ჯოჯოხეთს, არამედ ყოველგვარ ტანჯვას და ხელახლა დაბადებას. „წმინდა მიწა“ სავსეა არაჩვეულებრივი სურნელით, ყვავილებითა და ხილით. ამ ბაღში არ არის ქვები და გორაკები, მაგრამ სავსეა ტკბილსურნელოვანი ნაკადულებით, რომლებზედაც ყვავილები დაცურავს. წყალი ადამიანის სურვილის შესაბამისი ტემპერატურისა და ამ არაჩვეულებრივ ადგილას მშვიდი მუსიკა ისმის.
ძენ ბუდისტური მიოლოგია
რედაქტირებაძენ ბუდიზმმა დარუმას (ბოდჰიდჰარმას) ირგვლივ მნიშვნელოვანი მითოლოგია და იკონოგრაფია შექმნა. სავარაუდოდ, ის ითვლება ბუდიზმის ჩინური ჩანის სკოლის ფუძემდებლად, საიდანაც წარმოიშვა სახელი „ძენ“. კიდევ უფრო ადრინდელია ძენის დაარსების ისტორია, რომელშც მოთხრობილია იმის შესახებ თუ როგორ გაიღიმა ბუდას ერთადერთმა მოსწავლემ, მაჰაკასიაპამ, იმის საჩვენებლად, რომ გაიგო, როდესაც ბუდამ ხელშ ყვავილი დაიკავა. შემდეგ მოდის მოთხრობები ინდოელი და ჩინელი ძენ პატრიარქების თანმიმდევრობის შესახებ და ბოლოს იაპონელი მასწავლებლების შესახებ. ყველაზე ცნობილია ამბავი მეევსე პატრიარქის - ჩინელი ბერის ჰუინენგის, ძენის ნამდვილი დამაარსებლის შესახებ. ეს ღარიბი კაცი იყო სამხრეთ ჩინეთიდან, რომელიც დასავლეთისკენ გაემართა განსხივოსნების საძიებლად ცნობილ მასწავლებელთან, მეხუთე პატრიარქთან - ჰონგრენთან. ის სამზარეულოში აიყვანეს სამუშაოდ, მაგრამ მისი თვისებები მხოლოდ ჰონგრენმა ამოიცნო. მომაკვდავმა მასწავლებელმა გამოაცხადა, რომ მისი მემკვიდრე ის გახდებოდა, ვინც ყველაზე უკეთ დაწერდა ლექსს ბუდიზმის არსის შესახებ. ბერთაგან რჩეულმა დაწერა გონების სარკის გაპრიალებაზე, რათა რეალობა აესახა. შუა ღამისას ჰუინენგმა გაიღვიძა და მონასტრის კედელზე ორი ლექსი დაწერა. მათში ნათქვამი იყო, რომ არავითარი სარკე არ არსებობდა, რომ ბუდა ბუნება ყველაფერშია და მხოლოდ ელოდება, რომ ვინმემ აღმოაჩინოს, ასე რომ, არავითარი გაპრიალება საჭირო არაა. ასეთი იყო ძენის ისტორია, გადმოცემული მოთხრობის ფორმით.
კიდევ ერთ ცნობილ ამბავს მოგვითხრობს ბავშვ ბერზე, ტოიოზე, რომელიც გამოიცნობს მისი მასწავლებლის, მოკურაის გამოცანას „ რა არის ცალი ხელით ტაშის შემოკვრის ხმა?“. თავიდან მან ივარაუდა, რომ ეს გეიშების კვარტლიდან მომავალი მუსიკის ხმა იყო; შემდეგ - წყლის წვეთების ხმაური; შემდეგ - ქარის ჩურჩლი; შემდეგ - ჭოტის კივილი; ბოლოს კი - ჭრიჭინას ხმა, მაგრამ მასწავლებელმა ყველა პასუხი უარყო. მაშინ ბიჭმა „სატორის“ - გაბრწყინებას მიაღწია და მიხვდა, რომ ეს იყო „უხმო ხმა“ და რომ ყველა ხმა ილიზორული იყო.
ძენის სოტოს სკოლის დამაარსებელმა დოგენმა ძენის მასწავლებლების გამონთქვამებისა და მოთხრობების კრებული გადათარგმნა და კომენტარები გაუკეთა. ასეთი მოთხრობებისთვის მითების წოდება საკამათოა. ზოგ შემთხვევას სინამდვილეში ჰქონდა ადგილი. ისინი გაკვეთილებს დიდი და გაბრწყინებული მასწავლებლების სიტყვებისა და მოქმედებების მაგალითზე იძლევიან.
ასეთი ამბების აზრი მათ კომენტარებშია მოცემული. ზოგი ამბობს, რომ ნანქუანს სინამდვილეში კატა არ მოუკლავს, რადგან მკვლელობა ბუდისტებისთვის უცხოა. ზოგის აზრით კი მოკლა, რათა ეს გაკვეთილი ყოფილიყო. მაგრამ კომენტარები ერთმანეთისგან ძალიან განსხვავდება. რაში მდგომარეობდა გაკვეთილი: არ იკამათოთ, სიკვდილი და სიცოცხლე ერთმანეთთან არის დაკავშირებული, ვიფიქროთ იმაზე რაც მნიშვნელოვანია, დანარჩენები მიუთითებენ მოქმედებაზე, უეცარ ძალადობრივ აქტზე, რომელიც გაბრწყინებას იწვევს და მსგავსია იმისა, რომელსაც ძენი მიმართავს, როდესაც მედიტაციის პროცესში მყოფ ბერებს წინამძღოლი მოულოდნელად ჯოხს არტყამს.
ხალხური მითოლოგია
რედაქტირებაიაპონიაში უამრავი სხვადასხვა კულტია, რომელიც სახელმწიფო რელიგიის - სინტოს ნაწილს არ წარმოადგენს და უძველეს წერილებს არ ეყრდნობა. მეცნიერმა ჯინჰერბერტმა აღწერა „კამიფიკაციის“ პროცესი, რომლის შედეგადაც ადამიანები, რომლებიც სიცოცხლის განმავლობაში რაიმე განსაკუთრებული ძალით გამოირჩეოდნენ, სიკვდილის შემდეგ თაყვანისცემის ობიექტები ხდებოდნენ. ამ პერსონაჟთაგან ზოგიერთი აშკარად ისტორიულია, ზოგი კი მითების მიერ შექმნილი.
გადმოცემები უჯი-გამის, ანუ კლანებისა და ოჯახების წინაპართა კამის, აგრეთვე, განსაზღვრული პროფესიების მფარველი კამის შესახებ აშკარად მითებიდან არის ნასესხები. მაგალითდ, ამბობენ, რომ სუმოს მოწიდავეთ მფარველი, ნომინო-სუკუნე თავის მშობლიურ სოფელშიარაჩვეულებრივი ღონით იყო განთქმული. ის მეფის სასახლეში მიიყვანეს, რათა შეჯიბრებოდა დიდ ფალავანს, რომელიც ერთი დარტყმით მოკლა. მას მაღალი თანამდებობა მისცეს და დაევალა ადამიანთა მსხვერპლშეწირვის გაუქმება.
წვიმის ღმერთები
რედაქტირებაწვიმას თავისი განსაკუთრებული ღმერთები ჰყავდა, მაგალითად, ღმერთი ტაკა-ოკამი, რომელიც მთაში ცხოვრობს და კურა-ოკამი, რომელიც ველებზე ცხოვრობს და როგორც წვიმის, ისე თოვლის მოყვანა შეუძლია. იძუმოს პროვინციის აღწერილობაში წერია, რომ კამინაბის მთის დასავლეთით ღმერთის აჯი-სუკი-ტაკა-ჰიკონეს ცოლმა შვა ღმერთი ტაკ-ცუ-ჰიკო და ურჩია წვიმის ღმერთების პატივისცემის ნიშნად, ტაძარი აეშენებინა.
მთის ღმერთები
რედაქტირებამრავალი იაპონური სექტა თაყვანს სცემს წმინდა მთა ფუჯის, როგორც კამის. ამ მთის შესახებ მდიდარი და რთული მითოლოგიური მასალა არსებობს. ამბობენ, რომ ის დედამიწის ღერძს და ცის და მიწის წყაროს წარმოადგენს. არსებობს გადმოცემა, რომ ფუჯი ძვ. წ. III საუკუნე საუკუნეში მიწიდან სასწაულებრივად ამოვიდა. ლეგენდა მოგვითხრობს, როგორ შეიტყუა ერთხელ იმპერატორი კრატერში ქალღმერთმა ფუჯიმ, რის შემდეგაც ის აღარავის უნახავს.
ზღვისა და მდინარის ღმერთები
რედაქტირებაიაპონიის მდინარეთა უმეტესობას საკუთარი კამი ჰყავს, რომელთაც პატივს სცემენ და რომლებისაც ეშინიათ წყალდიდობების გამო. საშინელ ჯუჯა ღმერთს კაპპას ადამიანთა დახრჩობაშც სდებდნენ ბრალს, მაგრამ ადამიანებს მისი რისხვის თვიდან აცილება შეუძლიათ თვის დაკვრით, რაც მას აიძულებს საპასუხოდ თვითონაც დაუკრას თავი, ამას კი წყალდიდობა მოჰყვება, რომელსაც მისი თავის ქალიდან გადმოღვრილი წყალი იწვევს. ბევრ შადრევანს წყლის საკუთარი ქალღმერთი ჰყავს, რომლებზეც ლეგენდებია შექმნილი და თვისი ტაძრები აქვთ. არსებობს რამდენიმე ზღვის ღმერთიც, რომლებიც მაშინ შეიქმნენ, როდესაც იზანაგი სიკვდილის უწმინდურებისგან განიბანებოდა. ასეთი ღმერთებია ზღვის ფსკერის, შუა წყლებისა და წყლის ზედაპირის ღმერთები.
მიწისძვრის ღმერთები
რედაქტირებამიწისძვრები ზოგჯერ ნაი-ნო-კამის, მიწისძვრის ღმერთს, ზოგჯერ კი გიგანტურ თევზს, ნამაძუს მიეწერება, რომელსაც მოიწის ქვეშ გლიცინიის ტოტები აკავებს მანამ, სანამ გათავისუფლდება. ამბობენ,რომ მისი მოძრაობა, როდესაც თავის დახსნას ცდილობს, მიწისძვრას იწვევს.
ქარის ღმერთები
რედაქტირებაქარის ღმერთ შინა-ცუ-ჰიკო იზანაგის სუნთქვიდან დაიბადა, როდესაც მან შეუბერა ნისლს, რომელიც დედამიწას ფარავდა. სინამდვილეში ქარის მრავალი ღმერთი არსებობს, რომელთაგან ზოგი ნაზ ნიავს იწვევს, ზოგიც კი დამანგრეველ სტიქიას. მეთევზეებს სწამთ, რომ ტაიფუნის ღმერთს ჰაია-ჯის ქარი ზურგზე მოკიდებულ ჩანთაში უდევს.
ჭექა ქუხილის ღმერთები
რედაქტირებაძალზე საინტერესო მითები არსებობს „ჭექა-ქუხილის ხეებთან“ დაკავშირებით, რომელთაც ელვისაგან ჭექა-ქუხილის ღმერთი კამი-ნარი იცავს. „ნიჰონგის ერთ მითში მოთხრობილია იმპერატორის ფლოტის ასაშენებლად ტყის გაჩეხვის შესახებ. კაჰაბენო-ომი - მოხელე, რომელიც ამ პროცესს ხელმძღვანელობდა, არ დაემორჩილა ჭექა ქუხილის ღმერთს, რომელმაც ტყის გაჩეხვის შეწყვეტა უბრძანა, რადგან ხეები მას ეკუთვნოდა. მიუხედავად კოკისპირული წვიმისა, ჭექა-ქუხილისა და ელვისა, მოხელეს მუშაობა არ შეუწყვეტია და საბოლოოდ, თევზად ქცეულმა ჭექა-ქუხილის ღმერთმა ის დაწვა. არსებობს კიდევ ერთი მსგავსი ლეგენდა, რომელშიც მოთხრობილია დედოფალ საიმეის დასჯის შესახებ, რომელმაც საკრალური ხეები საკუთარი „მორების სასახლის“ ასაშენებლად მოჭრა.
ბევრგან თაყვანს სცემენ შემზარავი ფორმის კლდეებს, როგორც კამის. მათ შორის აღსანიშნავია ერთი, როგორც ქვა, რომელიც იმპერატორ ქალს, ჯინგოს (170-269) მუცელზე ედო, რათა მშობიარობა დაეყოვნებინა, სანამ თავისი მტრების - კორეელების წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციას არ დაასრულებდა.
დრაკონები და გველები
რედაქტირებაძველ იაპონიაში ხალხს გველ-ღმერთის, ოროჩის სწამდა, რომელიც მთების უმაღლეს მწვერვალებზე ცხოვრობდა. ბუდისტურ რელიგიაში მოთხრობილია დრაკონი ღმერთის - რიუჯინის შესახებ, რომელიც ღრუბლებს, წვიმასა და წყალს მართავდა. არსებობდა აგრეთვე დრაკონი იასჰა - ერთ-ერთი დემონ-ღმერთთაგანი, რომელიც ბუდიზმს მფარველობდა. ყველა ამ ღმერთს დიდი პირი, ბასრი ეშვები, წვეტიანი რქები და ყოვლისმხედველი თვალები ჰქონდა.
იაპონურ ფოლკლორში გვხვდება ლეგენდები ადამიანებზე, რომლებიც თავიანთი ბოროტებისა და მავნე ჩვევების გამო სიკვდილის შემდეგ გველებად იქცევიან. მამაკაცი გველად იმის გამო იქცევა, რომ თავის სურვილებს ვერ იკმაყოფილებს, ქალები კი გველებთან იმის გამო ასოცირდებიან, რომ თავიანთი საყვარლების მიმართ ულმობლები და მესაკუთრეები არიან. გველი ყოველთვის ბოროტების სიმბოლოდ არ განიხილებოდა, არამედ უსაზღვრო სიყვარულსაც უკავშირდებოდა. დიდი ხნის, წინ კეიჩოს ხანაში, მუსაშის პროვინციაში ცხოვრობდა ულამაზესი გოგონა, სახელად სენჯუ. ის შეუყვარდა ბერბიჭა იახიროს, რომელიც უამრავ სასიყვარულო ბარათს უგზავნიდა, მაგრამ გოგონა არ პასუხობდა. ბოლოს იახირო დარდისგან მოკვდა და გოგონა სხვას გაჰყვა ცოლად. ქორწინების მეორე დილას წყვილი ოთახიდან არ გამოვიდა და როდესაც ქალის დედა ოთახში შევიდა აღმოაჩინა, რომ სიძე მკვდარი იყო, ხოლო ცოლის თვალებიდან გველი მოძვრებოდა. სოფლელების აზრით გველი გულგატეხილი იახირო იყო.
გველები და დრაკონები ბუნებასთან ასოცირდებიან. მათ ბუნევრივი კატასტროფები, განსაკუთრებით კი გამანადრგურებელი წყალდიდობები უკავშირდება. არსებობს რწმენა, რომ ქარიშხლის შემდეგ წყალი მათ თავიანთი ბუნაგიდან გამოდევნის. იაპონურ მითოლოგიაში ოთხი ტიპის დრაკონი არსებობს: ზეციური დრაკნები, რომლებიც ღმერთების სასახლეებს დარაჯობენ; მიწის დრაკონები, რომლებიც მდინარეების მიმართულებას განსაზღვრავენ და დრაკონები, რომლებიც მიწის მთელ სიმდიდრეს განაგებენ.
ჯოჯოხეთი და დემონები
რედაქტირებაჯოჯოხეთი, ანუ ჯიროკუ მიწის ქვეშ მდებარეობს და რვა ყინულოვან ნაწილად იყოფა. ჯიგოკუს მმართველი და მკვდრების მსაჯულია ემმა-ო. მას ჩინურ ღმერთთან ინლოუ ვინგთან აიგივებენ, ის წარმოშობილია ინდური სიკდილის ღმერთის - იამასგან. ჯიგოკუში იმმა-ო 18 სარდლითა და ათასობით ჯარისკაცით არის გარშემორტყმული. გარდა ამისა მისი ცხენების თავებს საშინელი დემონები იცავენ. ერთი გადმოცემის მიხედვით სიკვდილი იწყება უდაბურ, ცარიელ დაბლობზე მოგზაურობით. ლეგენდის მეორე ვერსიის მიხედვით, მკვდრებს მოგზაურობისას ჯოჯოხეთის არსებები დარაჯობენ.
ჯიგოკუს შესასვლელშ არის მთა, რომელზეც გრდავლილები უნდა აცოცდნენ. მღის მეორე ფერდობზე ჩამოდის მდინარე, რომელზე გადასვლაც სამ ადგილას შეიძლება ერთია თავთხელი ფონი მათთვის, ვისაც მხოლოდ უმნიშვნელო ცოდვები აქვს ჩადენილი. მეორეა ხიდი, რომელზედაც მხოლოდ კარგ ადამიანებს შეუძლიათ გადასვლა, მესამე კი საშინელი დინებაა, რომელიც სავსეა ურჩხულებით და რომელიც მძიმე ცოდვებით დამძმებულმა ადამიანება დიდი ბრძოლით უნდა გადაკვეთონ. მესამე გადასასვლელის მეორე მხარეს საშინელი მოხუცი ქალი თავის მსხვერპლს აშიშვლებს, შემდეგ კი ის ჯიგოკუს მცველებს ემმა-ოსთან მიჰყავს, რომელიც განიკითხავს მხოლოდ კაცებს, მისი და კი ქალების ბედს წყვეტს. ღმერთი რამდენიმე თავს შორის ზის, ჯადოსნურ სარკეშ კი ცოდვილის წარსული დანაშაულები აისახება. ამის შემდეგ ემმა-ო ადამიანის ცოდვებს განსჯის და შემდეგ ჯიგოკუს შესაბამის ნაწილში გზავნის. მიცვალებულტა სულების გადარჩენა ბოსატსუს, ანუ ბოდჰისატვას იაპონური ფორმის საშუალებით შეუძლიათ.
ონი
რედაქტირებაგიგანტური რქიანი დემონები, რომლებიც იაპონიაში ჩინეთიდან ბუდიზმის შესვლასთნ ერთად შევიდნენ და ბუდისტი ღვთისმსახურები მათ განსადევნად ყოველწლიურ რიტუალებს ატარებდნენ. ონი შიძლებოდა სხვადასხვა ფერისა ყოფილიყო და ხელებზე და ფეხებზე სამ-სამი თითი, ზოგ შემთხვევაში კი სამი თვალი ჰქონდა. ჩვეულებრივ ისინი სასტიკები და გარყვნილები იყვნენ და ზეციდან ეტლებით ჩემოდიოდნენ, რათა მომაკვდავი ადამიანების სულები მოეპარათ. ერთ ლეგენდაში მოთხრობილია, როგორ გაათავისუფლა ცეროდენა გმირმა მომოტარომ ონის მიერ მოტაცებული ახალგაზრდა გოგონები.
ჯიგოკუს ონებს ცოდვილები ემმა-ოსთან მიჰყავთ და როგორც ამბობენ, სნეულებაც და სიკვდილიც მათი შექმნილია.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- Kojiki, Records of Ancient Matters: Yamato-Takeru Slays the Kumaso Brothers დაარქივებული 2008-10-30 საიტზე Wayback Machine.
- Romance stories from old Japan, pre-1919—Free to read and full text search.
- A Multilingual Electronic Text Collection of Folk Tales for Casual Users Using Off-the-Shelf Browsers
ლიტერატურა
რედაქტირება- მითოლოგია, მითები და ლეგენდები, „საქართველოს მაცნე“, 2003.