თბილმეტრომშენი
„თბილმეტრომშენი“ — შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება. ჩამოყალიბდა 1999 წელს სახაზინო სსაწარმოს „თბილმეტრომშენის“ ბაზაზე. 1951 წელს შეიქმნა ქართველ მეტრომშენთა მძლავრი სამმართველო „თბილმეტრომშენი“, რასაც 1959 წელს ეწოდა „თბილგვირაბმშენი“.
ისტორია
რედაქტირება1999 წლიდან დაარსდა ფირმა „მეტრომშენი“ რაც 1995 წელს სახაზინო საწარმოდ გადაკეთდა. „თბილმეტრომშენს“ აქვს მძლავრი ინდუსტრიული და დამხმარე მეურნეობის ბაზა (თავისი რკინისგზის ჩიხებით და საწყობით). მასში შედის 9 ორგანიზაცია: 3 მიწისქვეშა მშენებლობის, სამრეწველო და სამოქალაქო მშენებლობის, სპეც. მრავალპროფილიანი სამონტაჟო, სამშ. - სარემონტო, საწარმოო-ტექნოლოგიური კომპლექტაციის, მექანიზაციისა და ტრანსპორტის საწარმო, რკინაბეტონისა და ლითონკონსტრუციების ქარხანა. ეს ორგანიზაციები ასრულებენ როგორც სპეციფიკურ მისწისქვეშა, ისე საერთო სამშენებლო და სამონტაჟო სამუშაოებს. „თბილმეტრომშენმა“ ამ ხნის განმავლობაში ააშენა თბილისის მეტროპოლიტენის 55 კმ სიგრძის ხაზი თავისი 22 სადგურით. მეტროპოლიტენის პირველი ხაზის 6 სადგურის მშენებლობა დამთავრდა 1966 წლის 11 იანვარს, გაიხსნა სადგურები: „დიდუბე“, „ელექტროდეპო“, „ნაძალადევი“, „ვაგზლის მოედანი -1“, „მარჯანიშვილის მოედანი“ და „შოთა რუსთაველის მოედანი“. 1967 წელს მეტრომშენებლებმა ჩააბარეს კიდევ 3 სადგური: „თავისუფლების მოედანი“, „ავლაბარი“ და „300 არაგველი“; 1971 -2 სადგური: „ისანი“ და „სამგორი“; 1979 -5 სადგური: „ვაგზლის მოედანი -2“, „აკაკი წერეთლის პროსპექტი“, „პოლიტექნიკური ინსტიტუტი“, „სამედიცინო ინსტიტუტი“ და „ვ. გოცირიძე“ (ყოფილი „დელისი“). 1985 წელს გაიხსნა 3 სადგური: „ღრმაღელე“, „დ. გურამიშვილი“, „ვარკეთილი“, 1989 წელს კი -: „დ. სარაჯიშვილი“ და „ახმეტელის თეატრი“. 2000 წლის მარტში დამთავრდა სადგურ „ვაჟა-ფშავალას“ მშენებლობა, 2017 წელს გაიხსნა მეტროსადგური „უნივერსიტეტი“. „თბილმეტრომშენმა“ თავისი საქმიანობის 50 წლის მანძილზე ააგო აგრეთვე სხვადასხვა დანიშნულების სტრატეგიული და რთული საინჟინრო ნაგებობები როგორც ჩვენს ქვეყანაში, ისე მის ფარგლებს გარეთ. მათ შორისაა: 10,2 კმ სიგრძის 28 სარკინიგზო გვირაბი, აქედან ზესტაფონ-ჭიათურის რკინიგზის ხაზზე 24 გვირაბი (7 კმ), მცხეთის (1,02 კმ), შორაპნის (1,71 კმ), მწვანე კონცხის (0,11 კმ) და ორდუბადის (სომხეთი, 0,37 კმ) გვირაბები; ასევე ავტოსაგზაო გვირაბი რიკოთის (1,75 კმ) და როკის (3,74 კმ) უღელტეხილებზე; თბილისში - მეტეხის 2 გვირაბი (1,76 კმ); საქართველოს სამხრეთ გზაზე - 5 გვირაბი (1,2 კმ) და სხვ. „თბილმეტრომშენმა“ ააგო 8 ჰიდროტექნიკური გვირაბი (9,5 კმ). მათ შორის: მარტყოფის (0,8 კმ), ტირიფონის (1,74 კმ), ტაშისკარის (3,26 კმ), წებელდის (0,63 კმ), ლამისყანის (0,87 კმ), დებედის (2 კმ), ალგეთის (0,55 კმ), ნადარბაზევის (0,27 კმ) და სხვა. ასევე მიწისქვეშა საცავის კომპლექსები - ღვინის (ყვარელი), ხილისა (სკრა), და ბოსტნეულის (ხელვაჩაური); განახორციელა უნიკალური მიწისქვეშა ნაგებობის - ახალი ათონის მღვიმის რეკონსტრუქცია და კეთილმოწყობა, რისთვისაც 1977 წელს „თბილმეტრომშენის“ მშენებელთა და მეცნერ-მკვლევართა ჯგუფს (ვ. გოცირიძე, გ. ჯაყელი, გ. ციმინტია, ზ. ტატაშიძე, შ. ყიფიანი, ე. მამულია, ი. კოჟუხოვი, რ. რიჯინაშვილი და სხვა) მიენიჭა საქართველოს სახელმწიფოს პრემია.
„თბილმეტრომშენმა“ მაღალმთიან უღელტეხილზე - ცხრაწყაროზე ააგო (ზღვის დონიდან 2462 მ) კოსმოსური სხივების ლაბორატორია უმძიმესი მაგნიტის (1100 ტონა) დამონტაჟებით. ააშენა მეფრინველეობის, მეცხოველეობის ფერმები, თბილისის მტკვრის სანაპიროს საყრდენი კედლები, საცხოვრებელი და სოციალურ-კულტურული დანიშნულების ობიექტები, მოქმედ სარკინიგზო და საავტომობილო გზებზე ზვავსაწინააღმდეგო და სხვა დამცავი საინჟინრო ნაგებობები, სამოქალაქო თავდაცვის ობიექტები და სხვა. „თბილმეტრომშენი“ მონაწილეობდა აგრეთვე ქალაქ სამსუნის (თურქეთი) მეტროპოლიტენის წინასაპროექტო დოკუმენტაციის შედგენაში, მოსკოვსა და ეკატერინბურგში მეტროპოლიტენსი ობიექტების მშენებლობაში, „თბილმეტრომშენმა“ ურთულესი 7 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების მიწისქვეშა სამუშაოები შეასრულა მოსკოვში - მიწისქვეშა სივრცე შეაერთა „მანეჟის მოედანზე“ მიწისქვეშა სავაჭრო-სარეკრეაციო ცენტრთან და მოქმედ მეტროპოლიტენის ხაზთან. მეტროპოლიტენისა და სხვა ობიექტეის მშენებლობისას დაინერგა მრავალი ტექნოლოგიური სიახლე: მექანიკური ფარით და წნეხილი მონოლითური ბეტონის გვირაბის სამაგრი; მოძრავი ტროტუარი; მიწისქვეშა აგრესიული და თერმული წყლების საწინააღმდეგოდ სულფატმედეგი ცემენტის ხსნარის ინიექცია; მთლიანსექციური გვირაბის სამაგრი; გვირაბგამყვანი კომბაინი; ნაშხეფბეტონის დამტანი კომპლექსი; გრუნტების გაყინვისა და გრუნტის წყლების დონის ხელოვნურად დაწევის სპეციალური მეთოდები; მეტროპოლიტენის მიწისქვეშა სადგურის მთლიანად გადახურვა რკინაბეტონის 21 რვა მალიანი თაღით. მეტრომშენებელთა პირველი ბირთვის წარმომადგენლები იყვნენ: გ. ნასიძე, ვ. გოცირიძე, ა. ყურაშვილი, ი. მაჭავარიანი, გ. აირაპეტოვი, ბ. ფაჩულია, ა. ბრეგვაძე, გ. ბარაბაძე, ლ. ლიასკე, ნ. კოშკაძე, ლ. ბექაია, გ. ყიფიანი, ლ. დეკანოზიშვილი, კ. კილაძე, გ. ციმინტია, ა. სოსელია, მ. ღონღაძე, ვ. ბერიტაშვილი, ი. ბაინდუროვა, ა. ხუციშვილი, ო. მეხრიშვილი, ო. კიკნაძე, ბ. შალიკაშვილი, ი. ბიწაძე, რ. ჭელიძე, ს. ჭურაძე, ვ. შენგელია, გ. ჭაბუკიანი, მ. სალაყაია, შ. ნიჟარაძე, ნ. ჩაჩხიანი, და სხვა. 1952-1957 წლებში „თბილმეტრომშენის“ პირველი ხელმძღვანელი იყო პროფესიონალი მეტრომშენებელი გიორგი ნასიძე. 1957-1987 წლებში „თბილმეტრომშენს“ ხელმძღვანელობდა თბილისის მეტროპოლიტენის მშენებლობის ერთ-ერთი ფუძემდებელი, თბილისში გვირაბმშენებლობის განვითარების მესვეური ვ. გოცირიძე. 1988-1997 წლებში „თბილმეტრომშენს“ სათავეში ჩაუდგა სამთო ინჟინერი უშანგი გოჯიაშვილი. 1997 წლიდან 2000 წლის 13 მაისამდე საწარმოს ხელმძღვანელობდა ბ. სონღულაშვილი. 2000 წლიდან „თბილმეტრომშენის“ გენერალური დირექტორია რ. გვენეტაძე.
ლიტერატურა
რედაქტირება- ენციკლოპედია თბილისი, თბ., 2002, გვ. 533