თამარ ნიკოლოზის ასული ლომოური (დ. 28 სექტემბერი, 1883, გორი, — გ. 1965) — პირველი ქართველი ისტორიკოსი ქალი, ნუმიზმატიკური მეცნიერების ერთ-ერთი ფუძემდებელი საქართველოში. წამყვანი როლი შეასრულა საქართველოს ეროვნული მუზეუმის ნუმიზმატიკური კოლექციის შექმნის, ინვენტარიზაციისა და სისტემატიზაციის, ახალი ქართული ნუმიზმატიკური ტერმინოლოგიის დახვეწის, შუა საუკუნეების ქართული და საქართველოს ტერიტორიაზე აღმოჩენილი უცხოური (სასანური, არაბული, სელჩუკური, მონღოლური) მონეტების და ახლო აღმოსავლეთთან საქართველოს სავაჭრო და მონეტარული კავშირების შესწავლის საქმეში.

თამარ ლომოური
დაბ. თარიღი 28 სექტემბერი, 1883
დაბ. ადგილი გორი
გარდ. თარიღი 1965
ალმა-მატერი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
სამეცნიერო სფერო ისტორიკოსი, ნუმიზმატი

ბიოგრაფია

რედაქტირება

თამარ ლომოური დაიბადა 1883 წელს გორში (იმხანად რუსეთის იმპერიის ტფილისის გუბერნიის ნაწილი) მწერალ ნიკო ლომოურის და სოფიო ხუდადოვის ოჯახში. სწავლობდა გორის პროგიმნაზიასა და თბილისის ქალთა გიმნაზიაში, შემდეგ მასწავლებლობდა თბილისსა და გორში. 1906-1910 წლებში სწავლობდა სანქტ-პეტერბურგის (ბესტუჟევის) ქალთა უმაღლესი კურსების ისტორიულ-ფილოლოგიურ განყოფილებაზე. სამშობლოში დაბრუნების შემდეგ თბილისის გიმნაზიაში ასწავლიდა რუსულ ენასა და ისტორიას. 1922 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი. 1924 წლიდან იყო იმავე უნივერსიტეტის ნუმიზმატიკის კაბინეტის გამგე, 1932 წლიდან — დოცენტი. 1931 წელს უნივერსიტეტის ნუმიზმატიკური კაბინეტის მონეტები და ინვენტარი საქართველოს სახელმწიფო მუზეუმს გადაეცა და მის ბაზაზე აკადემიკოს გიორგი ჩუბინაშვილის ინიციატივით დაარსდა ნუმიზმატიკის განყოფილება, ლომოური კი ჯერ უფროს მეცნიერ-თანამშრომლად, შემდეგ კი — ნუმიზმატიკის კაბინეტის გამგედ დაინიშნა და მუზეუმში 1952 წლამდე მუშაობდა. ამ პერიოდში ლომოურის თაოსნობით მუზეუმის ნუმიზმატიკურ განყოფილებაში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მონეტების გარდა თავი მოიყარა საქართველოს საისტორიო და ეთნოგრაფიული საზოგადოების და ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კოლექციებმა.[1]

თამარ ლომოურს დიდი წვლილი მიუძღვის საქართველოს სხვადასხვა სამეცნიერო დაწესებულებებში დაცული ნუმიზმატიკური მასალის ინვენტარიზაციის, კლასიფიციკაციისა და კატალოგიზაციის საქმეში, ახალი ქართული ნუმიზმატიკური ტერმინოლოგიის შექმნაში. ქართულ ისტორიოგრაფიაში პირველმა შეისწავლა საქართველოს ტერიტორიაზე აღმოჩენილი სასანური და არაბული მონეტების მიმოქცევა და მისი გეოგრაფიული არეალი, ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებთან სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობებისა და სავაჭრო-სატრანზიტო გზების საკითხი, რამდენიმე ათეული მანამდე უცნობი არაბული დირჰემის ნიმუშები და საქართველოში გავრცელებული ჯუჩიდური მონეტები, ასევე აღწერა საქართველოში აღმოჩენილი სელჩუკური და მონღოლური მონეტების განძები. გამოიკვლია რუსთაველის ეპოქის ქართული მონეტები, შეისწავლა რამდენიმე მნიშვნელოვანი ისტორიული საკითხი: ვახტანგ III-ის ტახტზე ასვლის თარიღი (1298-1299), XIII-XIV საუკუნეების ახალციხეში ზარაფხანის არსებობა, XV საუკუნეში დასავლეთ საქართველოში ქართული მონეტების მოჭრის ფაქტი და სხვ. მასვე ეკუთვნის მოსაზრება შუა საუკუნეებში საქართველოს მთიანეთში — ჟინვანში, სტეფანწმინდაში — ზარაფხანის არსებობის შესახებ. აკადემიკოს ნიკოლოზ ბერძენიშვილთან ერთად გამოაქვეყნა ვახუშტი ბატონიშვილის „საქართველოს გეოგრაფია“, აგრეთვე დავით და ბაგრატ ბატონიშვილების საისტორიო თხზულებათა კრიტიკული გამოცემა. ლომოური ასევე იყო „ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონის“ მთავარი რედაქციის წევრი და რეცენზენტი. თამარ ლომოური 1965 წელს გარდაიცვალა.[1]

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ფული შოთა რუსთაველის ეპოქაში, კრ.: შოთა რუსთაველის ეპოქის მატერიალური კულტურა, თბ. 1938.
  • XIII საუკუნის ქართული ფულის საკითხთა გამო. „საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის მოამბე“ 1940. ტ. 10.
  • ქოდალასგანძი, „საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის მოამბე“ 1947. ტ.14.
  • დავით XII-ის და ვახტანგ III-ის ფულები. „საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის მოამბე“ 1948. ტ. 15.
  • ფულის მიმოქცევის ისტორიისათვის შუა საუკუნეების საქართველოში = On the history of monetary circulation in medieval Georgia : სტატიები (ავტორი). — თბილისი, არტანუჯი, 2005. — 155 გვ. — ISBN: 99940-11-93-6.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. 1.0 1.1 თამარ ნიკოლოზის ასული ლომოური : [ნუმიზმატიკური მეცნიერების ფუძემდებელი. 1883-1965] / გ. დუნდუა // ძეგლის მეგობარი. — თბილისი, 1970. — N23. — გვ.72-75.