ვლადიმერ ჭავჭანიძის სახელობის კიბერნეტიკის ინსტიტუტი
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვლადიმერ ჭავჭანიძის სახელობის კიბერნეტიკის ინსტიტუტი — საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დაქვემდებარებაში არსებული სამეცნიერო და კვლევითი ინსტიტუტი, რომელიც თავდაპირველად შეიქმნა 1960 წლის 3 ოქტომბერს საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს #690 განკარგულების თანახმად. [2]
ვლადიმერ ჭავჭანიძის სახელობის კიბერნეტიკის ინსტიტუტი | |
---|---|
კიბერნეტიკის ინსტიტუტის შენობა | |
შეიქმნა | 3 ოქტომბერი, 1960 |
ტიპი | სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი |
მდებარეობა | ზურაბ ანჯაფარიძის ქუჩა 5, თბილისი 0186, საქართველო |
დირექტორი | თამაზ სულაბერიძე [1] |
cybernetics.ge |
ინსტიტუტში კვლევები სხვადასხვა განყოფილებებში მიმდინარეობს, როგორებიცაა: მათემატიკური კიბერნეტიკის, სახეთა ამოცნობის გამოყენებითი სისტემების, ბიოკიბერნეტიკული სისტემების, სტოქასტური ანალიზისა და მათემატიკური მოდელირების, გამოთვლითი ტექნიკის ელემენტებისა და ნანომასალების, კოჰერენტული ოპტიკისა და ელექტრონიკისა და ოპტიკურად მართვადი ანიზოტროპული სისტემების განყოფილებები. დაწესებულებაში ასევე არსებობს ოპტიკურ-ქიმიური კვლევებისა და ინფორმაციის ჰოლოგრაფიული ჩაწერისა და დამუშავების ლაბორატორიები.[2]
ისტორია
რედაქტირებავლადიმერ ჭავჭანიძის სახელობის კიბერნეტიკის ინსტიტუტი თავდაპირველად დაარსდა 1960 წლის 3 ოქტომბერს, საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს N690 დადგენილების შესაბამისად. დაწესებულებას თავდაპირველად „საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის კიბერნეტიკის ინსტიტუტი“ ეწოდებოდა. საქართველოს მთავრობის N58 დადგენილების თანახმად, რომელიც 2006 წლის 16 მარტს მიიღეს, დაწესებულება საჯარო სამართლის იურიდიული პირი გახდა და მას „სსიპ კიბერნეტიკის ინსტიტუტი“ ეწოდა. ინსტიტუტს დამაარსებლის, აკამდემიკოსი ვლადიმერ ჭავჭანიძის სახელი 2010 წლის 2 მარტის N61 დადგენილების თანახმად ეწოდა.[2]
დაწესებულება საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტრუქტურულ ერთეულად 2010 წლის 9 ივლისს, საქართველოს მთავრობის N185 დადგენილების საფუძველზე გამოცხადდა.[2]
ინსტიტუტის კვლევები
რედაქტირებამათემატიკური კიბერნეტიკის განყოფილება
რედაქტირებამათემატიკური კიბერნეტიკის განყოფილებაში სამი სახის კვლევები იწარმოება, ესენია: ფაზილოგიკის ალგებრუილი ანალიზი, კვანტური გამოთვლების ანალიზური და სირთულის თეორია და სახეთა ამოცნობის სისტემის შემუშავება.
ფაზილოგიკის ალგებრული ანალიზისას აღწერენ თავისუფალ ალგებრებს, ასევე ახასიათებენ პროექციულ ალგებრებს ალგებრების მრავალსახეობაში. ეს ყოველივე საშუალებას იძლევა ამოიხსნას უნიფიკაციის პრობლემები, რომლებიც თეორემების ავტომატურ დამტკიცებებში (კომპიუტერის საშუალებით) მნიშვნელოვან როლს ასრულებს.
კვანტური გამოთვლების ანალიზური და სირთულის თეორიის ძირითადი კვლევები დაწესებულებაში კომპლექსური ანალიზის ფუნდამენტური პრობლემების შესასწავლად მიმდინარეობდა. გამოთვლების შედეგად რიმანის სფეროზე ფუქსის ტიპის განტოლებათა სისტემის მონოდრომიის წარმოდგენის მკვრივობის საკმარისი პირობა დადასტურდა, ასევე დამტკიცდა, ის რომ წრეწირში ჩახაზვადი კონფიგურაციები ორიენტირებული ოთხკუთხედის ფართობის კრიტიკული წერტილებია. კვლევის შედეგად გამოითვალა კომპლექსური მრავალნაირობის მოდულების სივრცის ეილერის მახასიათებელი.
მათემატიკური კიბერნეტიკის განყოფილების ერთ-ერთ მიზანს სახის ამოცნობის ისეთი სისტემის შემუშავება წარმოადგენს, რომლის ფუნქციონირებაც სახეთა (ობიექტების) ფიზიკურ არსზე, ბუნებასა და მათი მახასიათებელი პარამეტრების რაოდენობაზე არ იქნება დამოკიდებული. ეს სისტემა გამოიყენება გეოფიზიკაში, ეკოლოგიაში, მედიცინაში, ბიოლოგიაში, სამხედრო საქმეებში.
სახეთა ამოცნობის გამოყენებითი სისტემების განყოფილება
რედაქტირება1970 წლიდან დაწესებულება საბჭოთა კავშირის მასშტაბით სამეცნიერო-საკვლევ პროექტებში ერთ-ერთი წამყვანის პოზიციას იკავებდა. კვლევები ეხებოდა ისეთ საკითხებს, როგორიცაა ადამიანი-ოპერატორის (კოსმონავტის, პილოტისა და ა.შ.) ფსიქოლოგიური და ფიზიოლოგიური მდგომარეობის დიაგნოსტიკა მათი ბიოელექტრული პოტენციალების მეშვეობით, ასევე სამგანზომილებიანი ობიექტების ამოცნობა მათი ჰოლოგრაფიული წინასწარი გარდაქმნის გამოყენებით. კვლევები დამატებით მოიცავდა წიაღისეულის წინასწარ პროგნოზირებას გეოქიმიური, გეოფიზიკური და კოსმოსური ინფორმაციის გამოყენებით.
სახეთა ამოცნობის გამოყენებითი სისტემების განყოფილებაში საერთაშორისო გრანტების, ასევე მეცნიერებისა და ტექნოლოგიების საერთაშორისო ცენტრის დახმარებით შემუშავადა ჩაის მკრეფი მაღალი ეფექტურობის რობოტული სისტემა.
კიბერნეტიკის ინსტიტუტის ამ განყოფილებაში ასევე შემუშავდა ციფრული გამოსახულების სეგმენტაციის მეთოდი.
სტოქასტური ანალიზისა და მათემატიკური მოდელირების განყოფილება
რედაქტირებაკიბერნეტიკის ინსტიტუტის სტოქასტური ანალიზისა და მათემატიკური მოდელირების განყოფილება მუშაობს: სტოქასტური პროცესებისა და სისტემების ანალიზის, შემთხვევით პროცესთა აპროქსიმაციის, მართვისა და მოდელირების, ასევე ინტერპოლაციისა და ექსტრაპოლაციის საკითხებზე.
ბიოკიბერნეტიკული სისტემების განყოფილება
რედაქტირებაინსტიტუტის ეს განყოფილება კვლევებს ორი მიმართულებით აწარმოებს.
პირველი ესაა ნეირონების მიერ ინფორმაციის გადამუშავება და შენახვა გარე ელექტრომაგნიტური ველების ზემოქმედების პირობებში. ამ კვლევას ხშირად „ელექტრომაგნიტურ სმოგსაც“ კი უწოდებენ. კვლევების შედეგად დადგინდა, რომ მობილური ტელეფონის ელექტრომაგნიტური ველი ნეირონის მიერ ინფორმაციის შენახვის უნარს აქვეითებს.
ინსტიტუტში კვლევა მიმდინარეობს დელფინების შესახებაც, სადაც ამ არსებების ექო-სიგნალებს სწავლობენ და მათ ბიო-მიმეთიკური ანალოგის კომპიუტერულ მოდელირებას ცდილობენ.
კოჰერენტული ოპტიკისა და ელექტრონიკის განყოფილება
რედაქტირებავლადიმერ ჭავჭანიძის სახელობის კიბერნეტიკის ინსტიტუტის ამ განყოფილებაში ცდილობენ შექმნან სიმსივნეს დიაგნოსტიკის ისეთი მეთოდები, რომლებიც დაფუძნებული იქნება ბიოლოგიური ქსოვილის საეჭვო უბნების ვიზუალურ დაკვირვებაზე. კვლევის მიზეზს წარმოადგენს ის ფაქტორი, რომ კიბოს დიაგნოსტიკა იწვევს ბიოქსოვილის სერიოზულ დაზიანებას, ასევე მოითხოვს ადამიანური, მატერიალური და დროის რესურების ძალიან დიდ დანახარჯს.[3]
კოჰერენტული ოპტიკისა და ელექტრონიკის განყოფილებაში კვლევები ასევე მიმდინარეობს მოლეკულების სინათლით მართვადი აგრეგაციების შესახებ ორგანულ ნაერთებში. დაწესებულებაში მუშაობენ იმაზე, რომ საინფორმაციო ტექნოლოგიებში, ფოტოგრაფიაში, სინათლის გამომსხივებლებსა და სხვა მსგავსი ტიპის მოწყობილობებში გამოიყენებოდეს მოლეკულების აგრეგაციები.
ოპტიკურად მართვადი ანიზოტროპული სისტემების განყოფილება
რედაქტირებაამ განყოფილების ერთ-ერთ კვლევას: „თერმულად და ოპტიკურად სტიმულირებული ლუმინესცენცია დასხივებულ ნახევარგამტარულ ნანოსტრუქტურებში“ წარმოადგენს. ეს კვლევის პროგრამა მოიცავს: ნახევრადგამტარული ნანოსტრუქტურების დამზადებას, მათი საშუალებით თხელი ფირებისა და სტრუქტურების შექმნას, დასხივებას რენტგენული, გამა და ულტრაიისფერი გამოსხივებებით და მიღებული ნიმუშების კვლევას.
განყოფილებაში მუშაობენ ბოჭკოვანი მიღებასა და კვლევებზე, ასევე ქოლესტერული თხევად კრისტალურ სტრუქტურებსა და პოლიმერში ინკორპორირებული მეტალური ნანონაწილაკებისა და ორგანული საღებავების კომპოზიციებზე.
გამოთვლითი ტექნიკის ელემენტებისა და ნანომასალების განყოფილება
რედაქტირებაგამოთვლითი ტექნიკის ელემენტებისა და ნანომასალების განყოფილება ორი სახის კვლევებს აწარმოებს.
პირველი ესაა მასალების ზომების ნანომეტრებამდე შემცირება, რაც, თავის მხრივ, სრულიად ახალი, უნიკალური თვისებების გაჩენას იწვევს და დამატებით ახალ პრინციპებზე მომუშავე ხელსაწყოების შექმნის საშუალებას იძლევა. მსგავსი სახის ნანოხელსაწყოები უკვე გამოიყენება ბიომედიცინაში, მეცნიერებასა და ტექნიკაში.
ასევე მიმდინარეობს კვლევა ზედენადი ჰელიუმით შევსებულ ფოროვან გარემოში აკუსტიკური ტალღების გავრცელების შესახებ.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- კიბერნეტიკის ინსტიტუტის ახალგაზრდა მეცნიერის - ირაკლი ჩაგანავას მონათხრობი, მეცნიერება კაპიტანია, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
- ოფიციალური ვებ-გვერდი
- ვლადიმერ ჭავჭანიძის სახელობის კიბერნეტიკის ინსტიტუტი, მეცნიერება კაპიტანია, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
- საჯარო სამართლის იურიდიული პირის – კიბერნეტიკის ინსტიტუტის დროებითი წესდების დამტკიცების შესახებ საქართველოს საკანონმდებლო მაცნე
- საჯარო სამართლის იურიდიული პირის – კიბერნეტიკის ინსტიტუტის წესდების დამტკიცების შესახებ საქართველოს საკანონმდებლო მაცნე
სქოლიო
რედაქტირება- ↑ [https://cybernetics.ge სსიპ საქართველოს ტექნიკური უნიერსიტეტის ვლადიმერ ჭავჭანიძის სახელობის კიბერნეტიკის ინსტიტუტი], ინსტიტუტის პერსონალი
- ↑ 2.0 2.1 2.2 2.3 ინფორმაცია კიბერნეტიკის ინსტიტუტის შესახებ, დაწესებულების ოფიციალური ვებ-გვერდი
- ↑ ვლადიმერ ჭავჭანიძის სახელობის კიბერნეტიკის ინსტიტუტი, მეცნიერება კაპიტანია, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, Youtube-ზე