ვინფრიდ გეორგ ზებალდი

ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

ვინფრიდ გეორგ მაქს ზებალდი ( დ. 18 მაისი, 1944, ვერტახი, ალგოი, გერმანია - გ. 14 დეკემბერი, 2001, ნორფოლკი, ინგლისი) — გერმანელი მწერალი და ლიტერატურის მკვლევარი. ჰაინრიხ ბიოლის, იოზეფ ბრაიტბახის და ჰაინრიხ ჰაინეს სახელობის ჯილდოების მფლობელი.

ვინფრიდ გეორგ ზებალდი
გერმ. W. G. Sebald
დაბადების თარიღი 18 მაისი, 1944(1944-05-18)[1] [2] [3] [4] [5] [6] [7]
დაბადების ადგილი ვერტახი[8]
გარდაცვალების თარიღი 14 დეკემბერი, 2001(2001-12-14)[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] (57 წლის)
გარდაცვალების ადგილი ნორფოლკი
საქმიანობა მწერალი[6] , პროფესორი, ფოტოგრაფი, ლიტერატურათმცოდნე[6] და ავტორი
ენა გერმანული ენა
მოქალაქეობა  გერმანია
ალმა-მატერი ფრაიბურგის უნივერსიტეტი და ფრიბურგის უნივერსიტეტი
Magnum opus Vertigo, The Rings of Saturn, Austerlitz, Putrid Homeland: Essays on Literature და On the Natural History of Destruction
ჯილდოები ჰაინრიხ ბიოლის პრემია, Joseph-Breitbach-Preis, ქალაქ ბრემენის ლიტერატურული პრემია, Berliner Literaturpreis და იოჰანეს ბობროვსკის მედალი
საიტი wgsebald.de

ის, რომ ვინფრიდ გეორგ მაქს ზებალდს საზოგადოება ვ. გ. ზებალდად იცნობს, იმას უკავშირდება, რომ მან მისთვის დარქმეული სახელები ვინფრიდი და გეორგი უარყო. ვინფრიდს სულაც ცალსახად ნაცისტური სულისკვეთების მატარებელ სახელად მიიჩნევდა. ოჯახის წევრებს და მეგობრებს იგი თხოვდა, რომ მისთვის „მაქსით“ მიემართათ.

ბიოგრაფია

რედაქტირება

ვ. გ. ზებალდის მშობლები იყვნენ როზა ზებალდი ( ქალიშვილობაში ენგელჰოფერი) და გეორგ ზებალდი. მწერალი სამი შვილიდან შუათანა იყო. იგი პატარა ქალაქ ვერტახში იზრდებოდა. მისი უფროსი და გერტრუდი 1941 წელს დაიბადა, ხოლო უმცროსი და ბეატე 1951 წელს. მამა, რაიხის რკინიგზის კონცერნის თანამშრომელი, წარმოშობით ბავარიის ტყიდან იყო, ის დაეუფლა ზეინკლის ხელობას, 1929 წელს რაიხსვერის რიგებში გაწევრიანდა და ვერმახტის რიგებში ჰაუპტმანის წოდებამდე დაწინაურდა. 1947 წლამდე ის საფრანგეთის სამეკავშირეო ძალების სამხედრო ტყვეობაში იმყოფებოდა. 50-იანი წლების შუიდან ის ბუნდესვერში მსახურობდა. ზებალდს ყველაზე მჭიდრო და ინტენსიური სულიერი ნათესაობა ჰქონდა ბაბუასთან, დედის მამასთან, რომელიც ვერტახში პოლიციის მოხელედ მსახურობდა.

1954 წლიდან მოყოლებული ზებალდი ჯერ იმენშტადტში მდებარე მარია შტერნის სახელობის გიმნაზიაში სწავლობდა, შემდეგ კი ობერსტდორფში გადაინაცვლა, სადაც 1963 წელს საშუალო განათლების დამადასტურებელი ატესტატი აიღო. სამხედრო სავალდებულო სამსახურიდან ის ჯანმრთელობის მიზეზით იქნა გათავისუფლებული, რის შემდეგაც მან ფრაიბურგის ალბერტ-ლუდვიგის უნივერსიტეტში გერმანისტიკისა და ანგლისტიკის შესწავლა დაიწყო. ამის შემდეგ ზებალდმა სწავლა ფრიბურგის უნივერსიტეტში გააგრძელა, სადაც 1966 წელს მაგისტრის ხარისხი მიიღო. იმავე წელს ის ინგლისში გადავიდა საცხოვრებლად მის მეგობარ ქალთან ერთად, რომელსაც სკოლის დამამთავრებელი კლასებიდან იცნობდა და ხვდებოდა. 1976 წელს მან ნორვიჩის მახლობლად პორინგლანდში შეიძინა ვიქტორიანული ეპოქის დროინდელი ადგილობრივი მღვდლის რეზიდენცია, სადაც მეუღლესთან და ქალიშვილ ანასთან ერთად დასახლდა. მან ხშირი უხეში ბუჩქნარისგან გაწმინდა ტერიტორია, რომელზეც ყვავილების ბაღი გააშენა.

მომდევნო წლებში ზებალდი მანჩესტერის უნივერსიტეტში ლექციებს კითხულობდა. 1986 წელს მან დოცენტის ხარისხი მოიპოვა ჰამბურგის უნივერსიტეტში ნაშრომით „ საშინელების აღწერა – ავსტრიული ლიტერატურის შესახებ შტიფტერიდან პეტერ ჰანდკემდე “. 1988 წელს ის აღმოსავლეთ ინგლისის უნივერსიტეტში ახალი გერმანული ლიტერატურის პროფესორი გახდა.

1996 წლიდან მოყოლებული გერმანიის ენისა და პოეზიის აკადემიის წევრი იყო. ცხოვრების ბოლო პერიოდამდე იგი განსაკუთრებულ ძალისხმევას და მონდომებას ახმარდა დიდ ბრიტანეთში უცხოური გერმანისტიკის სპეციალობის განვითარების ხელშეწყობას და ინგლისურენოვანი სივრცის ფარგლებში გერმანულენოვანი სამყაროს ლიტერატურის ნაწარმოებების მიზანმიმართულ გავრცელებას. სიცოცხლის მიწურულს ის აღიარებული და მოთხოვნადი მომხსენებელი იყო კულტურულ ცხოვრებაში ჩართული გავლენიანი ინსტიტუციების მიერ. ის განუწყვეტელი შეუსვენებელი მუშაობისთვის იყო განწირული, როგორც მან თავად დაწერა 2001 წელს ნაცნობისთვის გაგზავნილ წერილში, რადგან მას მუდმივად ერთი ღონისძიებიდან მეორეზე უწევდა სიარული და მონაწილეობა.

ზებალდი თავისი საცხოვრებელი ადგილის სიახლოვეს მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაიღუპა 2001 წლის 14 დეკემბერს. გრძელ მოსახვევში მოძრაობისას ის კუთვნილი ავტომობილით საპირისპირო მიმართულებიდან მომავალ ბენზინმზიდს შეეჯახა. მისმა ქალიშვილმა, რომელიც გვერდით ეჯდა, მსუბუქი დაზიანებები მიიღო. გარდაცვალების მიზეზის გამოკვლევის შედეგად დადგინდა, რომ ინფარქტის შედეგად, ზებალდმა მანქანის მართვის უნარი დაკარგა. მისი საფლავი მდებარეობს ნორვიჩის სამხრეთით, ფრემინგჰემ ერლში მდებარე წმინდა ენდრიუს სახელობის სასაფლაოზე.

შემოქმედება

რედაქტირება

ზებალდის ბევრი ნაშრომი მელანქოლიური სულისკვეთებით არის გამსჭვალული. ხაზგასმულია მოგონებებისა და მეხსიერების მნიშვნელობა. ზებალდი ყურადღებას უთმობს ტრავმირებულ ადამიანებს: სხვა ქვეყნებში გადახვეწილებს, რომლებმაც, ისევე, როგორც მთხრობელმა (რომელიც ზებალდს მოგვაგონებს) სამშობლო დატოვეს და ახალი საყრდენი წერტილის მიგნებას უცხო მხარეში ცდილობენ. გერმანულ-ებრაული ურთიერთობების თავისებურებები ზებალდისთვის ერთ-ერთი მთავარი თემაა. ის ჯერ კიდევ ახალგაზრდობაში აღშფოთებული იყო მეორე მსოფლიო ომის დროს მომხდარი თავზარდამცემი მოვლენებისა და ჰოლოკოსტის შესახებ მამების თაობის დუმილის გამო. მოგვიანებით მან ასევე შეურიგებელი პოზიცია დაიკავა იმ დუმილის წინააღმდეგ, რომელიც მოკავშირეთა თვითმფრინავების მიერ გერმანული ქალაქების ყოვლისმომცველი დაბომბვის შესახებ იყო გამეფებული.

ზებალდის ლიტერატურული მოღვაწეობა 1980-იანი წლების მიწურულიდან იწყება. „ბუნების მიხედვით. უმარტივესი ლექსი“ არის ზებალდის პირველი ლიტერატურული ნამუშევარი. პირველი ორი ნაწილი ეხება მხატვარ მათიას გრიუნევალდსა და წარმოშობით ვინდსჰაიმელ ექიმსა და ბუნებისმეტყველების მკვლევარს გეორგ ვილჰელმ შტელერს. მესამე ნაწილის მოქმედება ვერტახში ვითარდება. ძირითადი შინაარსობრივი ლაიტმოტივი არის კაცობრიობის წინაშე მდგარი ეგზისტენციალური საკითხები და თავად მწერლის ბიოგრაფიული თავისებურებები.

„თავბრუსხვევა. გრძნობები“. ერთმანეთთან მჭიდროდ დაკავშირებულ ოთხ მოთხრობაში მოგზაურობების შესახებ ზებალდი კაფკას, სტენდალსა და კაზანოვაზე წერს. „ემიგრანტები. ოთხი გრძელი მოთხრობა“ (1992) შეიცავს ოთხი პიროვნების, ნაწილობრივ ავთენტურ მოვლენებზე დაყრდნობილ, ამბავს. „სატურნის რგოლები“ 1995 წელს შექმნილი ნაწარმოებია. ნაწარმოების თემას წარმოადგენს ინგლისის აღმოსავლეთი სანაპიროს გასწვრივ ექვსდღიანი მოგზაურობა, რომელიც სხვადასხვაგვარად არის დაკავშირებული მრავალფეროვან ისტორიულ მოვლენებთან და მთხრობელის ბიოგრაფიის გარკვეულ ეპიზოდებთან. არამხატვრულ ნაწარმოებში „საჰაერო ომი და ლიტერატურა“ ზებალდი საყვედურობს ომისშემდგომ გერმანულენოვან ლიტერატურას, რომ საჰაერო ომის ფურცელზე სრულფასოვნად გადატანის და სათანადო სიმწვავით წარმოჩინების ამოცანას თავი ვერ გაართვა და ამას როგორც ესთეტიკური, ასევე ზნეობრივი თვალსაზრისით ჩავარდნად მიიჩნევს. რომანი „აუსტერლიცი“ ზებალდის შედევრად არის მიჩნეული. მასში მოთხრობილია ჟაკ აუსტერლიცის მიერ საკუთარი წარმომავლობის ძიება. 2015 წელს ბი-ბი-სის მიერ ეს რომანი 2000-დან 2014 წლამდე გამოცემულ 20 უმნიშვნელოვანეს წიგნს შორის დასახელდა. „კამპო სანტო“ (2003) შეიცავს პროზაული ნაწარმოებების ნაწყვეტებს და სამომხსენებლო გამოსვლებს მის მიერ დატოვებული მასალებიდან. ლექსების კრებული „ ხმელეთისა და წყლის შესახებ“ ( 2008 წელი) შეიცავს 1964-იდან 2001 წლამდე შექმნილ ლირიკას. მანამდე უკვე გამოქვეყნებული ტექსტების გარდა მასში თხუთმეტი მანამდე დაუბეჭდავი ლექსიც შედის.

ზებალდი ქართულად

რედაქტირება

ქართულად ზებალდის ორი წიგნია ნათარგმნი. „ემიგრანტები“ მწერლის პირველი ნაწარმოები იყო, რომელიც 2017 წელს გამოიცა სერიაში „დიოგენეს ბიბლიოთეკა“ (მთარგმნელი მაია ბადრიძე, გამომცემლობა „დიოგენე“). 2022 წელს იმავე სერიაში რომან „აუსტერლიცის“ თარგმანი გამოიცა (მთარგმნელი მაია ბადრიძე).

  1. 1.0 1.1 Bibliothèque nationale de France BnF authorities: პლატფორმა ღია მონაცემები — 2011.
  2. 2.0 2.1 Encyclopædia Britannica
  3. 3.0 3.1 SNAC — 2010.
  4. 4.0 4.1 ბროკჰაუზის ენციკლოპედია
  5. 5.0 5.1 Kritisches Lexikon der Gegenwartsliteratur / Hrsg.: H. L. Arnold, H. Korte — 1978.
  6. 6.0 6.1 6.2 6.3 The Fine Art Archive — 2003.
  7. 7.0 7.1 Munzinger Personen
  8. Deutsche Nationalbibliothek Record #119310007 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.