ვანათი (ერედვის მუნიციპალიტეტი)

(გადამისამართდა გვერდიდან ვანათი (გორის მუნიციპალიტეტი))
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ვანათი.

ვანათისოფელი საქართველოში, ერედვის მუნიციპალიტეტში, ვანათის ტერიტორიული ორგანოს ცენტრი (ვანათი, საცხენეთი).

სოფელი
ვანათი

ვანათის ციხე
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
სპეციალური ერთეული სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული
მუნიციპალიტეტი ერედვის მუნიციპალიტეტი
კოორდინატები 42°17′13″ ჩ. გ. 44°03′12″ ა. გ. / 42.28694° ჩ. გ. 44.05333° ა. გ. / 42.28694; 44.05333
ცენტრის სიმაღლე 1000
ვანათი (ერედვის მუნიციპალიტეტი) — საქართველო
ვანათი (ერედვის მუნიციპალიტეტი)
ვანათი (ერედვის მუნიციპალიტეტი) — სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული
ვანათი (ერედვის მუნიციპალიტეტი)
ვანათი (ერედვის მუნიციპალიტეტი) — ერედვის მუნიციპალიტეტი
ვანათი (ერედვის მუნიციპალიტეტი)

ვანათი მდებარეობს გუდისის ქედის სამხრეთ კალთაზე, მდინარე პატარა ლიახვის მარჯვენა ნაპირას, ზღვის დონიდან 1000 მ-ზე. ერედვიდან დაშორებულია 7 კმ-ით, ცხინვალიდან — 15 კმ-ით. ამჟამად რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიაზეა.

ვანათი წერილობით წყაროებში პირველად XIV საუკუნეში მცხეთის საკათალიკოსო მამულების სიაში იხსენიება. გვიან შუა საუკუნეებში შედიოდა ქსნის საერისთავოში. აქედან ყოფილან წამოსულები არაგვის ერისთავები. სოფლის მახლობლად, მდ. პატარა ლიახვის მარცხენა ნაპირას, მაღალ მთაზე აღმართული ციხესიმაგრე მნიშვნელოვან სტრატეგიულ პუნქტს წარმოადგენდა, კონტროლს უწევდა ქსნის საერისთავოს მთიან ნაწილს. ზოგიერთი წყაროს (სეხნია ჩხეიძე) ცნობით, ციხე 1731 წელს ოსმალებს დაურბევიათ და ნაწილობრივ დაუნგრევიათ. ქართლის აჯანყების დროს ვანათის ციხეში გამაგრებული გივი ამილახვარი და შანშე ქსნის ერისთავი ებრძოდნენ სპარსელთა ჯარს. 1746 წელს ვანათთან იყო დაბანაკებული თეიმურაზ II ამბოხებული ოსების წინააღმდეგ ლაშქრობის დროს. XVIII საუკუნის ბოლოს ვანათი სახაზინო სოფელი იყო, რუსეთის იმპერიის და საქართველოს პირველი რესპუბლიკის პერიოდში გორის მაზრაში შედიოდა. 1908 წელს სოფელში ცხოვრობდა 416 ადამიანი, ქართველები.[1]

1922 წელს საბჭოთა ხელისუფლებამ ვანათი ახალშექმნილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქს (ცხინვალის რაიონი) შეუერთა. იმ დროისთვის სოფელში 432 ქართველი და 48 ოსი ცხოვრობდა. საბჭოთა პერიოში ვანათი სასოფლო საბჭოს ცენტრი იყო (სოფლები: გუჩმასთა, დიდხევი, ზემო სარაბუკი, თლიაყანა, კოხათი, მარმაზეთი, ორტევი, საცხენეთი, ქვემო სარაბუკი, ღორტევი, ძიყი, წყალწმინდა, ჯოჯიანი). სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის გაუქმების (1990) შემდეგ გორის რაიონის, 2006 წლიდან — ერედვის მუნიციპალიტეტის შემადგენლობაშია. რუსეთ-საქართველოს 2008 წლის აგვისტოს ომამდე სოფელზე საქართველოს იურისდიქცია ვრცელდებოდა. 2002 წლის აღწერით სოფელში 361 მცხოვრები იყო (ქართველები 87 %). 2008 წლის აგვისტოდან ვანათი ოკუპირებულია რუსეთის მიერ. ქართული ტოპონიმიკის შეცვლის კამპანიის ფარგლებში ოსურმა ადმინისტრაციამ სოფელს უანათი (ოს. Уанат) უწოდა.

ვანათის მიდამოებში, მდ. პატარა ლიახვის მარცხენა ნაპირზე, ბრინჯაოს ხანის ნამოსახლარი გორის ადგილას შემორჩენილია ვანათის ციხის ნანგრევები. მის ჩრდილოეთ მხარეს, კლდეში ნაკვეთი გამოქვაბულებია. სოფელში დგას მოწითალო ტუფითა და შირიმით ნაგები X საუკუნის დარბაზული ეკლესია (8,8 X 5,4 მ). ინტერიერში შემორჩენილია მოხატულობის ფრაგმენტები. სოფლის მახლობლად, გორაკზე მდგარა ღვთისმშობლის ეკლესიაც, რომელიც ამჟამად სრულიად დანგრეულია.

ლიტერატურა

რედაქტირება
  1. Кавказскій календарь на 1910 годъ, Тифлись, 1909, стр. 211.