ვანათის მაცხოვრის ეკლესია
ვანათის მაცხოვრის ეკლესია — არქიტექტურის ძეგლი, საკულტო ნაგებობა ერედვის მუნიციპალიტეტის სოფელ ვანათში. აგებულია X საუკუნეში.
ეკლესია ნაგებია რიყის ქვით, წყობის ზოგიერთ რიგში ქართული აგურია გამოყენებული. ფასადების კუთხეები ამოყვანილია თლილი ქვის კვადრებით.
დარბაზული ეკლესია გეგმით სწორკუთხედს წარმოადგენს, აღმოსავლეთით ნახევარწრიული აბსიდით, რომლის ცენტრში თაღოვანი სარკმელია. ჩრდილოეთით და სამხრეთით მაღალი (220სმ) თაღოვანი, ღრმა ნახევარწრიული ნიშებია, რომლებსაც დატანებული აქვს თაღოვანი სარკმლები. ნახევარსფერულ კონქს თლილი ქვის ჰორიზონტალური სარტყელი აქვს. სატრიუმფო თაღი აბსიდის მხრებს ეყრდნობა. საკურთხევლის წინ შემორჩენილია ქვის კანკელის ფრაგმენტები. ეკლესიის კამარა ნახევარცილინდრულია. კამარის საბრჯენი, ცენტრალური თაღი სამსაფეხურიანი პილასტრების იმპოსტებს ეყრდნობა, დასავლეთის თაღი კი კედლის შვერილებს. პილასტრების საშუალებით გრძივი კედლები ორ ტოლ ნაწილად იყოფა. კედლის თაღები პილასტრების პირველ საფეხურს ებჯინება.
ინტერიერი ნათდება აღმოსავლეთის სამი, დასავლეთის და სამხრეთის თითო თაღოვანი სარკმლით. კედლები შელესილი იყო მოსახატად. ჩრდილოეთი არქიტრავული შესასვლელი ამოშენებულია. სამხრეთი შესასვლელი თაღოვანია, რომელსაც ტიმპანის ქვა აქვს.
ეკლესიის ყველა ფასადი სადაა. კარნიზი მარტივპროფილიანია. საბურავად გამოყენებულია კრამიტი. ტექ. მდგ. 1982 წ.
ეკლესიის კამარა ჩამონგრეულია. დასავლეთი კედლის ცენტრში ღრმა ბზარია; იატაკი აყრილია; დაზიანებულია საბურავი.
ლიტერატურა
რედაქტირება- შიდა ქართლი, პატარა და დიდი ლიახვის ხეობების არქიტექტურული მემკვიდრეობა, ტ. I, თბ., 2002, გვ. 70-71
- Меписашвили Р., Цинцадзе В., "Памятники нагорного характера" (Ванати). В кн.:"Архитектура нагорной части исторической провинции Грузии - Шида-Картли", Тб., 1975, стр. 99.