ერეკლე ტატიშვილი
ერეკლე ტატიშვილი (დ. 28 აგვისტო, 1884, გორი — გ. 1 თებერვალი, 1946, თბილისი) — ქართველი ლიტერატურათმცოდნე, მთარგმნელი, საერთაშორისო სამართლის სპეციალისტი, დასავლური ენებისა და ლიტერატურის სწავლების ერთ-ერთი პიონერი საქართველოში, ქართული კულტურის მოღვაწე, ერუდიტი და პოლიტოლოგი.[1]
ერეკლე ტატიშვილი | |
---|---|
დაბადების თარიღი |
28 აგვისტო, 1884 გორი, რუსეთის იმპერია |
გარდაცვალების თარიღი |
1 თებერვალი, 1946 (61 წლის) თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ |
დაკრძალულია | ვაკის სასაფლაო |
ეროვნება | ქართველები |
მოქალაქეობა |
რუსეთის იმპერია საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა სსრკ |
ალმა-მატერი |
ლაიფციგის უნივერსიტეტი მონპელიეს უნივერსიტეტი |
საქმიანობა |
|
ბიოგრაფია
რედაქტირებაერეკლე ტატიშვილი დაიბადა 1884 წლის 28 აგვისტოს. დაწყებითი განათლება მიიღო გორში, შემდეგ — ელიზავეტპოლის გიმნაზიაში. 1904–1906 წლებში სწავლობდა ლაიფციგის უნივერსიტეტში. ბრუნდება კურსის დაუმთავრებულად. ორჯერ აპატიმრებენ (გორსა და პეტერბურგში) ანარქისტული მოღვაწეობის გამო. თანამშრომლობდა ანარქისტულ გაზეთებშიც „მუშა“ და „ხმა“. პატიმრობიდან განთავისუფლების შემდეგ იძულებული გახდა ემიგრაციაში წასულიყო, ჯერ თურქეთში, შემდეგ კი — ევროპაში. 1909–1911 წლებში მონპელიეს უნივერსიტეტში სწავლობდა იურისპოდენციას, 1913 წელს დაამთავრა პარიზის პოლიტიკურ მეცნიერებათა უმაღლეს სკოლა საერთაშორისო სამართლის სპეციალობით. მიემგზავრება ლონდონში ჟურნალისტიკის შესასწავლად.[2]
პირველი მსოფლიო ომის პერიოდში ცხოვრობდა თედო სახოკიას სახლში ბრიუსელში. ქართულ კოლონიასთან ერთად მიემგზავრება სტამბოლში, სადაც წმინდა იოსების კოლეჯში ასწავლიდა ფრანგულ ენასა და ბუნებისმეტყველებას. სამშობლოში დაბრუნების შემდეგ, 1918 წლიდან ჯერ გორის ვაჟთა გიმნაზიაში, შემდეგ კი — თბილისის ვაჟთა ქართულ გიმნაზიაში ასწავლიდა გერმანულ ენას.
მცირე ხნით კვლავ უბრუნდება პოლიტიკურ მოღვაწეობას: 1920–1921 წლებში იყო საგარეო საქმეთა სამინისტროს პოლიტიკური განყოფილების გამგე, მერე – ამავე სამინისტროს დირექტორი, მაგრამ ვერ მოურიგდა მენშევიკურ მთავრობას. მალაევე მიატოვა სამინისტროს დირექტორის პოსტი. 1921–1923 წლებში ასწავლიდა ვაჟთა მესამე ტექნიკუმში (ყოფილი ქართული გიმნაზია).[3]
საქართველოს ეროვნული დამოუკიდებლობის დაკარგვის შემდეგ ერეკლე ტატიშვილი 1922 წელს სხვა ქართველებთან ერთად გახდა ახლად დაარსებული ქართულ მწერალთა აკადემიური ასოციაციის წევრი. აქტიურად თანამშრომლობდა ამ ასოციაციის ჟურნალ-გაზეთებში: „ილიონი“, „საქართველოს სამრეკლო“[3] (რედაქტორი: კონსტანტინე გამსახურდია), „პოეზიის დღე“ (რედაქტორი: ვახტანგ კოტეტიშვილი) „კავკასიონი“ და „ახალი კავკასიონი“ (რედაქტორი: პავლე ინგოროყვა), გამოაქვეყნა ლიტერატურულ–ფილოსოფიური ესეები და ერთი მათგანიც, ედგარ ალან პოს ლექსი პროზად „სიჩუმე“ (მეორე თრგმანი პოს ნოველისა „შავი კატა“ „კავკასიონის“ გამოცემის შეწყვეტის გამო აღარ დაბეჭდილა და მოგვიანებით პავლე ინგოროყვას არქივში აღმოჩნდა). „საქართველოს სამრეკლოს“ რედაქციაში საერთაშორისო მიმოხილვის განყოფილება ებარა, მაგრამ გაზეთის გამოცემა პირველი ნომრის გამოსვლისთანავე შეწყდა.
1923 წელს ივანე ჯავახიშვილმა მიიწვია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საერთაშორისო საჯარო და კერძო სამართლის ლექტორად, 1927 წლიდან კი ასწავლიდა უცხო ენებსა და ლიტერატურასაც.[3]
1931 წელს ხელისუფლებამ დაარბია და საბოლოოდ დაშალა ქართველ მწერალთა აკადემიური ასოციაცია და სხვებთან ერთად ერეკლე ტატიშვილიც გარიცხეს საქართველოს მწერალთა კავშირიდან (17 მაისის სხდომაზე).
1935 წელს დააარსა უნივერსიტეტში უცხო ენათა კათედრა (დღევანდელ დასავლურ ენათა და ლიტერატურის ფაკულტეტის წინამორბედი) და იყო მისი პირველი გამგე. სამეცნიერო ხარისხი ოფიციალურად არ დაუცავს, მაგრამ უნივერსიტეტის სამეცნიერო საბჭომ გამორჩეული პედაგოგიური მოღვაწეობისათვის მაინც მიანიჭა ჯერ დოცენტის, შემდგომ კი პროფესორის წოდება.
რეპრესიებს ვერც სიცოცხლის ბოლოს გადაურჩა, ჩამოართვეს საერთაშორისო სამართლისა და საზღვარგარეთის ისტორიის კურსი. 1941 წლის 23 ივნისს დააპატიმრეს და ორ წელიწადზე მეტხანს დაჰყო თბილისის საპატიმროში.
პატიმრობიდან გათავისუფლების შემდეგ კვლავ უნივერსიტეტს დაუბრუნდა და უცხო ენების სწავლების გარდა ხელი მოჰკიდა აღმოსავლეთის დიპლომატიის ისტორიის კურსს ახლად დაარსებულ აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტზე (1945 წელი).
მას მერე დიდხანს აღარ უცოცხლია. გარდაიცვალა 1946 წლის 1 თებერვალს.[4] დაკრძალულია ვაკის სასაფლაოზე.
ერეკლე ტატიშვილმა გერმანულიდან თარგმნა ფრიდრიხ ნიცშეს „ასე იტყოდა ზარატუსტრა“. აგრეთვე თარგმნილი ჰქონია ჩარლზ დარვინის „სახეობათა წარმოშობა“, მაგრამ გამოსაცემად გამზადებული წიგნი გაურკვეველ ვითარებაში სტამბაში დაკარგულა. თარგმნა რამდენიმე პიესაც, თავისი დისწულის რეჟისორ გიორგი ჟურულის თხოვნით: ფრიდრიხ შილერის „ვერაგობა და სიყვარული“[5] (პირველად დაიდგა 1935 წელს), ბერნარდ შოუს „კეისარი და კლეოპატრა“, რომლის დადგმაც ვეღარ მოხერხდა, დაბეჭდვით კი საკმაოდ მოგვიანებით დაიბეჭდა, ოღონდ სრულად, განსხვავებით შილერის პიესისგან, რომლისაც მხოლოდ სამონტაჟო ტექსტი აღმოჩნდა და გამოქვეყნებისას მისმა მოსწავლეებმა შეავსეს. რაც შეეხება მაქსიმ გორკის „ეგორ ბულიჩოვს“, მისი თარგმნის დედანი ჯერჯერობით მიუკვლეველია.
2016 წლის 31 მარტს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა ერეკლე ტატიშვილის ხსოვნის საღამო. საღამოზე წარმოდგენილი იყო ერეკლე ტატიშვილისადმი მიძღვნილი დოკუმენტური ფილმი „კაცი – ფასკუნჯი“. ხსოვნის საღამო ერეკლე ტატიშვილის გარდაცვალებიდან 70 წლის იუბილეს მიეძღვნა.[6]
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 9, თბ., 1985. — გვ. 664.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- ერეკლე ტატიშვილი — საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი
- ერეკლე ტატიშვილი — ბურუსი — BURUSI
სქოლიო
რედაქტირება- ↑ ერეკლე ტატიშვილი. საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი. ციტირების თარიღი: 12 ივნისი, 2019.
- ↑ საბჭოთა კავშირში აკრძალული ფილმები და წიგნები. Marketer.ge (28 მარტი, 2019). ციტირების თარიღი: 24 ივნისი, 2019.
- ↑ 3.0 3.1 3.2 ერეკლე ტატიშვილის ბიოგრაფია. Mastsavlebeli.ge (7 მარტი, 2013). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-06-23. ციტირების თარიღი: 24 ივნისი, 2019.
- ↑ 15 ცნობილი ადამიანი, ვინც გორსა და გორის მუნიციპალიტეტში დაიბადა - II ნაწილი. „რადიომოზაიკა“ (4 თებერვალი, 2019). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-06-23. ციტირების თარიღი: 24 ივნისი, 2019.
- ↑ ვერაგობა და სიყვარული. მარჯანიშვილის თეატრის ოფიციალური საიტი. ციტირების თარიღი: 12 ივნისი, 2019.
- ↑ ერეკლე ტატიშვილის ხსოვნის საღამო თსუ-ში. old.1tv.ge (31 მარტი, 2016). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2023-04-06. ციტირების თარიღი: 12 ივნისი, 2019.