ევგენ ღვალაძე

ქართველი ადვოკატი, პუბლიცისტი, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწე

ევგენ (გენო) ღვალაძე (დ. 13 მაისი, 1900, სვერი, ჭიათურის მუნიციპალიტეტი ― გ. 15 ოქტომბერი, 1937, თბილისი) — ქართველი ადვოკატი, პუბლიცისტი, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს 1921-1937 წლების ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის (1918–1921) „თეთრი გიორგის ჯვრის“ კავალერი (1921, თებერვალი).

ევგენ ღვალაძე
ფსევდონიმი/ები გ.
გენო
დაბადების თარიღი 13 მაისი, 1900
დაბადების ადგილი სვერი
გარდაცვალების თარიღი 15 ოქტომბერი, 1937
გარდაცვალების ადგილი თბილისი
მოქალაქეობა {{{link alias-s}}} დროშა რუსეთის იმპერია
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დროშა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა
საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
განათლება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
ეროვნება ქართველი
რელიგია მართლმადიდებელი
პარტია ეროვნული ერთობის დარაზმულობა „თეთრი გიორგი“
ძირითადი იდეები ნაციონალიზმი
საქმიანობა პუბლიცისტი, ადვოკატი
მამა არტემ ღვალაძე
დედა ნატალია ბიწაძე
მეუღლე/ები თამარ ღვალაძე
შვილ(ებ)ი ლონდა ღვალაძე-ჭაბუკიანი
ლატავრა ღვალაძე
გურანდა ღვალაძე
ნოდარ ღვალაძე
ჯილდოები საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის „თეთრი გიორგის ჯვარი“

ბიოგრაფია

რედაქტირება

დაიბადა ზემო იმერეთის სოფელ სვერში (ჭიათურის მუნიციპალიტეტი) წმ. გიორგის ორდენის კავალერის, კავალერიის გადამდგარი ოფიცრის, მანგანუმის მრეწველის არტემ ღვალაძის (1862-1918) ოჯახში. აღსანიშნავია, რომ იგი იყო იმერეთის მეფის დავით II-ის ასულის, - ატატო ბაგრატიონის ჩამომავალი.

განათლება

რედაქტირება

1917 წელს ევგენ ღვალაძემ დაასრულა ჭიათურის სამოქალაქო სასწავლებელი (სადაც მას ასწავლიდნენ ცნობილი პედაგოგები და საზოგადო მოღვაწეები ივანე გომელაური და ნიკო ჯაყელი), ხოლო 1920 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან არსებული, სრული გიმნაზიის უფლებით მოქმედი „საერთო განათლების კურსები“, რომელიც მისი დირექტორის, პროფესორ შალვა ნუცუბიძის პატივსაცემად „ნუცუბიძის კურსები“-ს სახელწოდებით იყო ცნობილი. აქ ე. ღვალაძეს ასწავლიდნენ ვასილ ბარნოვი (ბარნაველი), ალექსანდრე მდივანი, შალვა ნუცუბიძე, გიორგი ახვლედიანი, დიმიტრი უზნაძე, გიგო ნათაძე, ალექსანდრე ნეიმანი და სხვა მოღვაწენი. 1926 წელს გენო ღვალაძემ დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის (თსუ) სოციალურ-ეკონომიკური ფაკულტეტის სოციალური (იურიდიული) განყოფილება (თსუ-ის იურისტთა პირველი გამოშვება). იგი ითვლებოდა გამოჩენილი მეცნიერ-იურისტისა და საზოგადო მოღვაწის, პროფესორ ლუარსაბ ანდრონიკაშვილის ერთ-ერთ უახლოეს მოწაფედ. 1928 წელს მან დაასრულა აღნიშნული ფაკულტეტის ეკონომიკური განყოფილებაც.

1917-1921 წლები

რედაქტირება

1917 წელს, ჭიათურის სამოქალაქო სასწავლებლის დასრულებისთანავე, გენო ღვალაძე გახდა საქართველოს სოციალ-დემოკრატიული (მენშევიკური) პარტიის წევრი და ამ პარტიაში ირიცხებოდა 1923 წლის ჩათვლით. მას განსაკუთრებით ახლო ურთიერთობა ჰქონდა პარტიის ერთ-ერთ ლიდერთან, ცნობილ პოლიტიკურ მოღვაწესთან სეით დევდარიანთან (რომელიც კომუნისტებმა დახვრიტეს 1937 წელს). 1921-1923 ღვალაძე იყო ხსენებული პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაციის („ახალგაზრდა მარქსისტები“) იატაკქვეშა ანტიბოლშევიკური ცენტრალური კომიტეტის წევრი და თბილისის კომიტეტის მდივანი.

1920 წლის ივლისში, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან არსებული გიმნაზიის, - „ნუცუბიძის კურსები“-ს დამთავრებისთანავე, მან ლეიტენანტის სამხედრო წოდებით სამსახური დაიწყო საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ეროვნულ არმიაში. 1921 წლის თებერვალ-მარტში პორუჩიკი ევგენ ღვალაძე აქტიურად მონაწილეობდა ბოლშევიკური რუსეთის მე-11 წითელი საოკუპაციო არმიის წინააღმდეგ კოჯორ-ტაბახმელას ცნობილ ბრძოლებში და ბათუმის ომში, რომლის დროსაც გენერალ გიორგი მაზნიაშვილის დივიზიის მიერ ბათუმი და აჭარის მნიშვნელოვანი ნაწილი გაწმენდილ იქნა თურქული სამხედრო შენაერთებისგან. აღსანიშნავია, რომ მე–11 არმიის წინააღმდეგ ბრძოლისას გამოჩენილი მამაცობისათვის 1921 წლის თებერვალში, ეროვნული არმიის სხვა ოფიცრებთან ერთად, ღვალაძეს ფრონტის ხაზზე გადაეცა „თეთრი გიორგის ჯვარი“.

1921-1937 წლები

რედაქტირება

ბოლოშევიკური რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაცია-ანექსიის შემდეგ ევგენ ღვალაძე თბილისში დაბრუნდა და აქტიურად ჩაება ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობაში. 1922 წლის 26 მაისს იგი იყო თბილისში საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი მრავალათასიანი მშვიდობიანი მანიფესტაციის ერთ-ერთი მთავარი ორგანიზატორი. იმავე დღეს, მანიფესტაციის სხვა ორგანიზატორებთან ერთად იგი დაპატიმრებულ იქნა ბოლშევიკური „საგანგებო კომისიის“ (ე.წ. „ჩეკა“) მიერ. თვენახევრის მანძილზე იგი იმყოფებოდა მეტეხის ციხეში და ხსენებულ აქციაზე დაპატიმრებულ სხვა პოლიტიკურ პატიმრებთან ერთად იქნა გათავისუფლებული მეტეხის ციხესთან მათი გათავისუფლების მოთხოვნით ჩატარებული ხალხმრავალი მიტინგების შედეგად. 1922 წლის 26 მაისის მანიფესტაცია იყო პირველი მნიშვნელოვანი ანტისაბჭოთა აქცია, რომელმაც სერიოზული ბიძგი მისცა შემდგომ ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობას.

1922 წლის სექტემბრიდან 1924 წლის 29 აგვისტოს ჩათვლით გენო ღვალაძე იყო საქართველოს არალეგალური ინტერპარტიული პარიტეტული კომიტეტის (იგივე საქართველოს დამოუკიდებლობის კომიტეტი) რწმუნებული კახეთის მხარეში და მჭიდრო ურთიერთობა ჰქონდა პოლკოვნიკ ქაქუცა (ქაიხოსრო) ჩოლოყაშვილის „შეფიცულთა რაზმთან“. იგი აქტიურად მონაწილეობდა 1924 წლის აგვისტოს საყოველთაო-სახალხო ამბოხების მომზადებაში. აღნიშნული ამბოხების სისხლში ჩახშობისთანავე მთელ საქართველოში დაიწყო მის მონაწილეთა დაპატიმრებები. იმავე წლის 5 სექტემბერს „ჩეკა“-მ დააპატიმრა ევგენ ღვალაძეც. იგი მეტეხის ციხეში იმყოფებოდა 1925 წლის მარტამდე, როდესაც ცნობილ ქართველ მოღვაწეთა ჯგუფმა (გრიგოლ რობაქიძე, შალვა ნუცუბიძე და სხვანი) მოითხოვა პატიმრობიდან კონსტანტინე გამსახურდიას, ევგენ ღვალაძის და სხვათა გათავისუფლება.

1924 წელს ქართული პოლიტიკური ემიგრაციის გამოჩენილ მოღვაწეთა თაოსნობით საფრანგეთში შეიქმნა ეროვნულ-პატრიოტული პოლიტიკური ორგანიზაცია: ეროვნული ერთობის დარაზმულობა „თეთრი გიორგი“. 1925 წლიდან „თეთრი გიორგი“-ს ლიდერები იყვნენ გენერალი ლეო კერესელიძე და პროფესორი მიხეილ წერეთელი. 1926 წლიდან 1937 წლის 9 აგვისტომდე (მის ხელახალ დაპატიმრებამდე) ევგენ ღვალაძე იყო ამ ორგანიზაციის წევრი და საქართველოში მისი პირველი კონსპირაციული ჯგუფის ხელმძღვანელი.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ, 1926-1932 წლებში იგი იყო საქართველოს დამცველთა (ადვოკატთა) კოლეგიის წევრი და ეწეოდა ნაყოფიერ საადვოკატო მოღვაწეობას. 1932 წელს პროტესტის ნიშნად დატოვა ადვოკატთა კოლეგია და თავი დაანება ამ დარგში მოღვაწეობას. 1932-1935 წლებში იგი იყო ამიერკავკასიის რკინიგზის მთავარი სამშენებლო სამმართველოს („ზაკჟელდორსტროი“) საფინანსო-ეკონომიკური განყოფილების უფროსის მოადგილე.

1935 წელს დაიწყო რეპრესიების ახალი ტალღა. დააპატიმრეს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის რამდენიმე ცნობილი მოღვაწე, მათ შორის ღვალაძის ახლო ნათესავი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი ალექსანდრე წერეთელი. გენო ღვალაძემ დატოვა თბილისი და თანამოაზრეთა ჯგუფთან ერთად ქ. გორში გადავიდა. 1935-1937 წლებში იგი იყო ერთ-ერთი სამრეწველო ორგანიზაციის მთავარი ბუღალტერი და გორის სამასწავლებლო ინსტიტუტის ლექტორი.

გარდა ყოველივე ზემოთქმულისა, ევგენ ღვალაძე იყო ეროვნული ხასიათის 70-მდე ნარკვევის, პუბლიცისტური წერილის და 30–ზე მეტი ლექსის ავტორი. ეს წერილები და ლექსები ქვეყნდებოდა 1916-1926 წლების ქართულ პერიოდულ პრესაში. მისი რამდენიმე საყურადღებო წერილი ფსევდონიმებით („გ.“, „გენო“ და სხვ.) გამოქვეყნდა ქართულ ემიგრანტულ პერიოდიკაში. იყო საქართველოს აკადემიურ მწერალთა ასოციაციის წევრი. მას ეკუთვნოდა რომანი „დიმიტრია ბლაჟა ანუ „რომანი ნაგლეჯებში“, რომლის ხელნაწერის კონფისკაცია მოახდინა საქართველოს სსრ „შინსახკომმა“ 1937 წელს (ამჟამად თხზულება დაკარგულია).

1937 წლის 9 აგვისტოს იგი კვლავ დააპატიმრეს. იმავე წლის 5 ოქტომბერს „შინსახკომის“ ე.წ. „დიდმა სამეულმა“ მას მიუსაჯა დახვრეტა. განაჩენი შესრულდა იმავე წლის 15 ოქტომბერს, თბილისში, დღევანდელი ვაკის პარკის ტერიტორიაზე.

სიკდვილის შემდგომ

რედაქტირება

2009 წლის 4 ნოემბერს ჭიათურის რაიონის საკრებულოს გადაწყვეტილებით, ევგენ ღვალაძის სახელი მიენიჭა ქ. ჭიათურის ერთ–ერთ ქუჩას. 2010 წლის 13 ივნისს, ევგენ ღვალაძის დაბადებიდან 110–ე წლისთავთან დაკავშირებით, აღნიშნულ ქუჩაზე გაიხსნა მემორიალური დაფა, ხოლო ჭიათურის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში კი – მისი მემორიალური სტენდი. 2012 წლის 27 იანვარს, თბილისის საკრებულოს გადაწყვეტილებით, ევგენ ღვალაძის სახელი მიენიჭა თბილისის გლდანი-ნაძალადევის რ-ნის ერთ-ერთ ქუჩას. მის შესახებ მასალა წარმოდგენილია თბილისში, საბჭოთა ოკუპაციის მუზეუმის მუდმივ ექსპოზიციაში, საქართველოს ეროვნულ არქივსა და საქართველოს შს სამინისტროს საარქივო სამმართველოს ყოფ. „სუკ“-ის ფონდში.

ევგენ ღვალაძის მეუღლე, - თამარ ღვალაძე (1902-1986) იყო თვალსაჩინო მკვლევარი-ბიბლიოგრაფი და პედაგოგი, საქართველოს კულტურის დამსახურებული მოღვაწე. მეცნიერებისა და კულტურის სხვადასხვა დარგში ნაყოფიერ მოღვაწეობას ეწევიან მათი შვილები: თვალსაჩინო თეატრმცოდნე და პედაგოგი ლონდა ღვალაძე-ჭაბუკიანი, ცნობილი ფილოლოგი-არაბისტი, დოცენტი ლატავრა ღვალაძე და ცნობილი ბოტანიკოსი, პროფესორი გურანდა ღვალაძე. ვაჟი, თვალსაჩინო ინჟინერ-გეოლოგი ნოდარ ღვალაძე გარდაიცვალა 1992 წელს.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ქ. ნუცუბიძე. შალვა ნუცუბიძე, თბილისი, 1988, გვ. 70-71.
  • გრ. რუხაია. ამაგდარი ადამიანი (ევგენ ღვალაძე).- გაზ. „სახალხო განათლება“, N 22, 1990.
  • ნატა ჩხეიძე. არდავიწყება ღვაწლისა.- ჟ. „მნათობი“, N 12, 1990.
  • თ. ნაკაშიძე. ქართული მეცნიერული ბიბლიოგრაფიის მოჭირნახულე (თამარ კუცია-ღვალაძე), თბილისი, 1992, გვ. 7, 10, 17.
  • გ. გოქაძე. გავიხსენოთ კოჯრის ბრძოლების მონაწილე, ქაქუცა ჩოლოყაშვილის თანამოაზრე, ოცდაჩვიდმეტში დახვრეტილი მამულიშვილი.- გაზ. „ახალი ერა“, N 24, 2000.
  • ლ. ბიწაძე. არდავიწყება მოყვრისა, ქუთაისი, 2004, გვ. 179-180.
  • ღვაწლის დაფასება (ჭიათურის მუნიციპალური საკრებულოს განკარგულება N 39 ქ. ჭიათურაში საბჭოს ქუჩისათვის ევგენ (გენო) ღვალაძის სახელის მინიჭების შესახებ).- გაზ. „ჭიათურა“, 20 ნოემბერი 2009 წ., N 12 (13349), გვ. 5.
  • ლევან ზ. ურუშაძე. სამშობლოს თავისუფლებისთვის ბრძოლაში დაფერფლილი სიცოცხლე. – გაზ. „ქართული უნივერსიტეტი“, თბილისი, NN 65–66, 2010.