საბჭოთა ოკუპაციის მუზეუმი

საბჭოთა ოკუპაციის მუზეუმისაქართველოს ეროვნული მუზეუმის შემადგენლობაში შემავალი ერთ-ერთი მუზეუმი, რომელიც დაარსდა 2006 წლის 26 მაისს, თბილისში. მუზეუმი დაფუძნდა საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის და პარლამენტის წევრის ნიკოლოზ რურუას ინიციატივით. მუზეუმში დაცულია დამოუკიდებელი საქართველოს ბოლშევიკური რუსეთის მიერ ოკუპაცია-ანექსიისა (1921 წლის თებერვალი-მარტი) და ანტისაოკუპაციო, ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის (1921-1990) ისტორიის ამსახველი მნიშვნელოვანი დოკუმენტური და ფოტომასალა, აგრეთვე, აღნიშნული მოძრაობის თვალსაჩინო მოღვაწეთა მემორიალური ნივთები და მათ მოღვაწეობასთან დაკავშირებული მასალა. ამასთან, მნიშვნელოვანია 1920-იან-1940-იანი წლების "წითელი ტერორის" დროს დახვრეტილ და გადასახლებულ მამულიშვილთა სიები, ქართული ეკლესიის და სასულიერო მოღვაწეთა სასტიკი დევნის შესახებ დოკუმენტური მასალა და ა.შ. აღსანიშნავია იმ ვაგონებიდან ერთ-ერთი, რომლებშიც 1924 წელს შორაპანში დახვრიტეს აღნიშნული წლის აგვისტოს ეროვნული აჯანყების მონაწილენი. მუზეუმის დარბაზში წარმოდგენილია, აგრეთვე, ინსტალაციები და ციხის 6 კარი.

საბჭოთა ოკუპაციის მუზეუმი

საბჭოთა ოკუპაციის მუზეუმი (თბილისი)
41°41′44″ ჩ. გ. 44°48′01″ ა. გ. / 41.6958000° ჩ. გ. 44.8004000° ა. გ. / 41.6958000; 44.8004000
დაარსდა 26 მაისი, 2006
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
დამაარსებლები ნიკოლოზ რურუა
მდებარეობა თბილისი
სტატუსი სახელმწიფო
ექსპონატი 3000
კლასიფიკაცია ისტორიული
კურატორი ლევან ურუშაძე
ოფიციალური საიტი http://museum.ge/?lang_id=ENG
Map
საბჭოთა ოკუპაციის მუზეუმის პლაკატი (2006)

მუზეუმის დიზაინის ავტორები არიან ხათუნა ოჩიაური, გიორგი ჯაოშვილი, ირაკლი ზაუტაშვილი და დავით ცხადაძე.

ციხის კარები

ამჟამად ექსპოზიცია მოიცავს 3000-ზე მეტ ექსპონატს. ექსპოზიცია აღჭურვილია 8 მონიტორით, რომლებიც პერიოდების მიხედვით გადმოსცემს ანტისაოკუპაციო მოძრაობასთან დაკავშირებულ დოკუმენტურ კადრებს. გარდა ამისა, მუზეუმში დაცულია სხვა დიდძალი მასალა, რომლის საფუძველზეც იქმნება მუზეუმის საარქივო ფონდი. მუზეუმში წარმოდგენილი საარქივო და ფოტო მასალა მოპოვებულ იქნა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საარქივო სამსახურის ყოფ. "უშიშროების კომიტეტის" (სუკ-ის) საარქივო ფონდიდან, ყოფ. "პარტარქივიდან", საქართველოს ეროვნული არქივის ახალი და უახლესი ისტორიისა და საისტორიო სახელმწიფო არქივებიდან, კინო-ფოტო-ფონო დოკუმენტების სახელმწიფო არქივიდან, საქართველოს პარლამენტის ილია ჭავჭავაძის სახელობის ეროვნული ბიბლიოთეკის საარქივო ფონდიდან, ეროვნული არქივის სხვა ფონდებიდან და არაერთი კერძო არქივიდან. ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობასთან და ამ მოძრაობის მოღვაწეებთან დაკავშირებული დოკუმენტების, ფოტოებისა და მემორიალური ნივთების მოძიება პერმანენტულ ხასიათს ატარებს.

ცალკე აღნიშვნის ღირსია მუზეუმში შემუშავებული საგანმანათლებლო პროგრამა, რომელიც ეძღვნება საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ცალკეულ მნიშვნელოვან მოვლენებს და ქვეყნის სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობისთვის მებრძოლ გმირებს. მუზეუმის ეგიდით დაგეგმილია თემატური კრებულების გამოცემა. 2007 წელს მუზეუმმა ქართულ და ინგლისურ ენებზე გამოსცა აშშ-ის კონგრესის მიერ 1954 წელს მომზადებული სპეციალური ანგარიში "კომუნისტური გადატრიალება და საქართველოს ოკუპაცია".

მუზეუმის ექსპონატი

მუზეუმის ეგიდით ტარდება თემატური სამეცნიერო სესიები. მუზეუმი აქტიურად თანამშრომლობს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრთან, ტელეკომპანია "საქართველო"–სთან და სხვა ორგანიზაციებთან.

მუზეუმთან შექმნილია საქართველოს ეროვნულ–განმათავისუფლებელი მოძრაობის ისტორიის არქივი, რომლის შევსება–სრულყოფას აქვს პერმანენტული ხასიათი.

2006–2008 წლებში მუზეუმს განაგებდა დავით ცხადაძე.

იხილეთ აგრეთვე რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება