ახალგაზრდა მარქსისტები

ისინი დახვრიტეს ბოლშევიკებმა რადგან ახალგაზრდა ბოლშევიკებს მენშევიკები მეთაურობდნენ

„ახალგაზრდა მარქსისტები“საქართველოს სოციალურ-დემოკრატიული პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაცია. ორგანიზაცია 95-96%-ს საშუალო ფენებიდან გამოსული ახალგაზრდობა და მოსწავლეები შეადგენდნენ. იგი აერთიანებდა 4500-მდე წევრს. ჩატარდა 4 კონფერენცია (I - 1916 წლის დეკემბერი, II - 1917 წლის მარტი, III - 1918, IV - 1920 წლის მარტი). „ახალგაზრდა მარქსისტების“ ორგანო იყო ყოველკვირეული ჟურნალი „ახალი კვალი“ (1918-1921).

შეიქმნა „მარქსისტ მოსწავლეთა კავშირის “ სახელწოდებით, ქალაქ ქუთაისის მე-5 სწავლებელში, 90 მოსწავლის ბაზაზე შეიქმნა. ორგანიზაციამ ჰექტოგრაფიული წესით ჟურნალის „ჩვენი მიზანი“ რამდენიმე ნომერი დაბეჭდა. მანვე შეიმუშავა ორგანიზაციის წესდება და სამეცადინო გეგმა. მარქსისტ მოსწავლეთა კავშირის პირველმა კონფერენციამ 1912-1916 წლებში შექმნილი ახალგაზრდების მარქსისტ მოსწავლეთა კავშირები გააერთიანა და მას „ამიერკავკასიის მარქსისტ-მოსწავლეთა კავშირი“ უწოდა. მან დაამტკიცა ამ ორგანიზაციის წესდებაც.

1917 წლის მარტში მეორე კონფერენციაზე ორგანიზაციის შიგნით ფრაქციულობა და ბოლშევიკებთან თანამშრომლობა მიუღებლად იქნა მიჩნეული. იმავდროულად, ორგანიზაციას ოფიციალურად „ამიერკავკასიის ახალგაზრდა მარქსისტთა ორგანიზაცია“ უწოდეს. ამ კონფერენცის მუშაობაში 16 ორგანიზაციის 39 დელეგატი მონაწილეობდა საქართველოს ყველა რეგიონიდან. წარმოდგენილი დელეგატებიდან 38 ქართველი და 1 რუსი იყო. მუშაობა ქართულ ენაზე მიმდინარეობდა. კონფერენციაში მხოლოდ ქართველები მონაწილეობდნენ და ორგანიზაციისთვის ამიერკავკასიის სახელის მიკუთვნება ფორმალურ ხასიათს ატარებდა. მეორე კონფერენციის მსვლელობაში ორგანიზაციაში მემარჯვენე და მემარცხენე მიმდინარეობები გამოიკვეთა. ეს ფაქტი შემდეგში საფუძვლად დაედო ბოლშევიკურად განწყობილი ახალგაზრდების ცალკე გამოყოფას იმავე წლის აგვისტოში. 1918 წლის იანვრის მონაცემებით, ახალგაზრდა მარქსისტთა ორგანიზაციები საქართველოს მრავალ რეგიონსა და ქალაქში შეიქმნა. ორგანიზაციის წევრთა რაოდენობა (მოსწავლე, სტუდენტი და მუშა ახალგაზრდობა) 2300 კაცს შეადგენდა. მიუხედავად ამისა, ორგანიზაციები ერთმანეთისაგან დაქსაქსულად მოქმედებდნენ, ამიტომ მათი გაერთიანება დადგა დღის წესრიგში. ამ მიმართულებით პირველი ნაბიჯი ქუთაისის ახალგაზრდა მარქსისტთა ორგანიზაციებმა გადადგეს. საქართველოს ახალგაზრდა მარქსისტთა ორგანიზაციების გაერთიანების საქმეში გარდამტეხი როლი ამიერკავკასიის ახალგაზრდა მარქსისტთა ორგანიზაციების მეორე თავისუფალმა კონფერენციამ შეასრულა. ახალგაზრდების ამ ფორუმს 44 დელეგატი ესწრებოდა. ფორუმი, ცენტრალური კომიტეტის სახელით, ა. მექანარიშვილმა გახსნა. კონფერენციის თავმჯდომარედ ს. მიხეილიძე აირჩიეს, მოადგილედ ვ. ნუცუბიძე. კონფერენციამ ორგანიზაციის სახელწოდების შეცვლის შესახებ იმსჯელა და, მიღებული დადგენილებით, ამიერკავკასიის ახალგაზრდა მარქსისტთა ორგანიზაციას საქართველოს ახალგაზრდა მარქსისტთა ორგანიზაცია ეწოდა. 1919 წლის 29 ნოემბერს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მუშაობა დაიწყო საქართველოს ახალგაზრდა მარქსისტთა ორგანიზაციის მეორე თავისუფალმა კონფერენციამ. დაესწრო 41 დელეგატი, სხდომა ახალგაზრდა მარქსისტთა ორგანიზაციის ცენტრალური კომიტეტის თავმჯდომარემ სოსო მიხეილიძემ გახსნა. დაამტკიცეს ორგანიზაციის ცენტრალური კომიტეტის შემადგენლობა (მ. ჩაჩუა, მ. კვატაშიძე, ა. თარაიანი, დათიკო ლომთაძე, დ. ყიასაშვილი, მ. დუდუჩავა, დავით ორაგველიძე, კ. ჭავჭანიძე, ვალერი ნუცუბიძე.). ახალგაზრდა მარქსისტთა ორგანიზაციის ცენტრალური კომიტეტის თავმჯდომარედ დათიკო ლომთაძე იქნა არჩეული, ხოლო მოადგილეებად, დ. ორაგველიძე და დ. ყიასაშვილი. ჟურნალი „ახალი კვალის“ სარედაქციო კოლეგიის შემადგენლობაში შევიდნენ: მ. ჩაჩუა, შ. დუდუჩავა, დ. ყიასაშვილი, მ. კვატაშიძე, მ. ჩოგოვაძე. იმავე კონფერენციამ საქართველოს ახალგაზრდა მარქსისტთა ორგანიზაციის წესდება დაამტკიცა, რითაც განსაზღვრა ორგანიზაციის სტრუქტურა და წევრთა უფლება-მოვალეობები. საქართველოს ახალგაზრდა მარქსისტთა ორგანიზაციის მესამე კონფერენციის (1920 წლის მარტი) მონაცემებით, ორგანიზაცია 5000 -ზე მეტ წევრს აერთიანებდა. საქართველოს ახალგაზრდა მარქსისტთა მეოთხე კონფერენციის (1921 წლის იანვარი) მონაცემებით, მის რიგებში მუშა, გლეხი, მოსწავლე და სტუდენტი ახალგაზრდების 6000 წარმომადგენელი იყო გაერთიანებული. 1921 წლის თებერვლის უმძიმეს პერიოდში საქართველოს ახალგაზრდა მარქსისტთა ორგანიზაციამ წევრთა მობილიზაცია გამოაცხადა და სამშობლოს დამცველთა რიგებში ჩააყენა.

საქართველოს საბჭოთა ოკუპაციის შემდეგ შემდეგ „ახალგაზრდა მარქსისტების“ ორგანიზაცია ეწეოდა ანტისაბჭოურ აგიტაციას, გამოსცემდა არალეგალურ ფურცლებსა და სხვა მასალებს. 1923 წლის 28 ოქტომბერს „ახალგაზრდა მარქსისტების“ სალიკვიდაციო ყრილობამ საბჭოთა ხელისუფლების იძულებით მიიღო რეზოლუცია ორგანიზაციის თვითლიკვიდაციის შესახებ.

ყრილობის შემდეგ „ახალგაზრდა მარქსისტების“ მცირე ნაწილი საქართველოს კომკავშირის რიგებში შევიდა, მეორე კი - ბოლშევიკური საოკუპაციო რეჟიმის წინააღმდეგ აქტიურ იატაკქვეშა საქმიანობას განაგრძობდა 1930-იანი წლების დამდეგამდე. ორგანიზაციამ დიდი მსხვერპლი გაიღო 1924 წლის აგვისტოს აჯანყებაში.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ვადაჭკორია შ., საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918–1921) : ენციკლოპედია-ლექსიკონი, თბ.: უნივერსიტეტის გამომცემლობა, 2018. — გვ. 45-46.
  • დევდარიანი გ., ნარკვევები საქართველოს კომკავშირის ისტორიიდან, ტფ., 1931;
  • მისივე, საქართველოს კომკავშირის სათავეებთან, ტფ., 1927;
  • საქართველოს კომკავშირის ისტორია, თბ., 1968;
  • თეთვაძე შ., ქსე, ტ. 2, გვ. 81, თბ., 1977;
  • მისივე, ენციკლოპედია "საქართველო", ტ. I, 1997, გვ. 277