დასავლური მახრჩობელა

დასავლური მახრჩობელა (ლათ. Eryx jaculus) — უშხამო გველი მახრჩობელასებრთა ოჯახისა. სიგრძეში 70 სმ-ს აღწევს. გავრცელებულია ჩრდილო-აღმოსავლეთ აფრიკაში, ახლო აღმოსავლეთში, წინა და მცირე აზიაში, აღმოსავლეთით ვრცელდება ირანამდე, ჩრდილოეთით ბალკანეთის ნახევარკუნძულს, ცენტრალურ და აღმოსავლეთ ამიერკავკასიას და დაღესტანს აღწევს. გვხვდება საქართველოს აღმოსავლეთ ნაწილშიქვემო ქართლში, გარეკახეთში, შირაქში. თბილისის მიდამოებში გვხვდება ქსეროფიტულ ბიოტოპებში — ველებსა და ნახევრად უდაბნოში, სადაც ქვები და მღრღნელთა სოროებია. იკვებება ძირითადად წვრილი ხერხემლიანებით (მცირე ზომის მღრღნელებით, ფრინველებით, ხვლიკებით), რომლებსაც სხეულზე შემოეხვევა და ახრჩობს. ცოცხალმშობია, ივლის-აგვისტოში შობს 10–20 ნაშიერს. მათი სიგრძე 14 სმ-ს აღწევს. საქართველოში ამჟამად უმნიშვნელო რაოდენობითაა.[1] შეტანილია „საქართველოს წითელ ნუსხაში“.[2]

დასავლური მახრჩობელა

მეცნიერული კლასიფიკაცია
ლათინური სახელი
Eryx jaculus (Linnaeus, 1758)
სინონიმები
  • Anguis jaculus (Linnaeus, 1758)
დაცვის სტატუსი
საჭიროებს ზრუნვას
ყველაზე ნაკლები საფრთხის ქვეშ
IUCN 3.1 Least Concern : 157244
  1. მუსხელიშვილი თ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, თბ., 2012. — გვ. 330.
  2. საქართველოს „წითელი ნუსხის“ დამტკიცების შესახებ. საკანონმდებლო მაცნე. matsne.gov.ge (2 მაისი, 2006). ციტირების თარიღი: 30 აგვისტო, 2020.