ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

გრუტ-აილენდი (ინგლ. Groote Eylandt) — კარპენტარიის ყურის უდიდესი კუნძული ჩრდილო-აღმოსავლეთ ავსტრალიაში. ეკუთვნის ენინტილიაკვას ხალხს და წარმოადგენს არნემ-ლენდის აბორიგენთა რეზერვაციას. ეს სახელი 1644 წელს კუნძულს უწოდა ნიდერლანდელმა მოგზაურმა აბელ ტასმანმა და ითარგმნება ნიდერლანდურიდან, როგორც «დიდი კუნძული».

გრუტ-აილენდი
მშობ. სახელი: ინგლ. Groote Eylandt

კუნძული კოსმოსიდან, 1989 წ.
გეოგრაფია
14°00′ ს. გ. 136°53′ ა. გ. / 14.000° ს. გ. 136.883° ა. გ. / -14.000; 136.883 (Groote Eylandt)
მდებარეობა კარპენტარიის ყურე
კოორდინატები კოორდინატები: განედი არ არის მითითებული
კუნძულთა რაოდენობა 1
ფართობი 2326,1 კმ²
სიგრძე 60 კმ
სიგანე 50 კმ
უმაღლესი წერტილი 219 მ
ჩრდილოეთი ტერიტორია
დემოგრაფია
მოსახლეობა 1539 (2007)
სიმჭიდროვე 0,662 ად. /კმ²

გეოგრაფია

რედაქტირება

კუნძული გრუტ-აილენდი მდებარეობს 50 კმ-ში ჩრდილოეთი ტერიტორიის მატერიკული ნაწილიდან, კერძოდ, ნახევარკუნძულ არნემ-ლენდიდან, ასევე 630 კმ-ში ქალაქ დარვინიდან. კუნძულის სიგრძე აღმოსავლეთიდან დასავლეთისაკენ 50 კმ-ია, ხოლო სიგანე ჩრდილოეთიდან სამხრეთისაკენ 60 კმ. საერთო ფართობი — 2326,1[1] კმ². კუნძული დაბლობია, საშუალო სიმაღლე ზღვის დონიდან — 15 მ. გრუტ-აილენდის უმაღლესი წერტილია — მთა სენტრალ-ჰილი (219 მ).

კუნძულის კლიმატი ტროპიკულია ცხელი, ტენიანი ზაფხულით და ხშირი ჭექა-ქუხილით. გრუტ-აილენდი გამოირჩევა ორი სეზონით — ქარის ზეგავლენით მშრალი, რომელიც ქრის სამხრეთ-აღმოსავლეთიდან, და წვიმიანი სეზონი მუსონების მოქმედებით. კუნძულზე წვიმიანი სეზონი გრძელდება ნოემბრიდან აპრილამდე. წლის ამ დროის საშუალო ტემპერატურაა — 25—38 °C. გვალვის პერიოდი გრძელდება მაისიდან ოქტომბრამდე. წლის ამ დროის ტემპერატურაა — 10—30 °C. წლის საშუალო ნალექების რაოდენობაა — დაახლოებით 1177 მმ.

გრუტ-აილენდის მცენარეულობა ავსტრალიის ამ ნაწილისათვის ტიპიურია: სავანა და მეჩხერი ტყე, მანგროს ტყეები, პანდანუსი, თუთის ხეები. კუნძულზე ბინადრობს ძუძუმწოვართა 14 სახეობა, ქვეწარმავლების 39 სახეობა და ფრინველთა დაახლოებით 83 სახეობა. სანაპირო წყლები ძალიან მდიდარია თევზებით, ზღვის გველებით, კუებით.

ათასწლეულობის განმავლობაში კუნძული დასახლებული იყო აბორიგენებით, რომლებიც მოვიდნენ გრუტ-აილენდზე არნემ-ლენდის ნახევარკუნძულიდან. კუნძულზე მეჩხერად დასახლებულები, ისინი თავს ირჩენდნენ ნადირობით და მზა პროდუქტის მოპოვებით.

ევროპელებმა კუნძული პირველად შენიშნეს 1624 წელს, როდესაც ნიდერლანდურმა გემმა «არნემმა», რომელსაც მეთაურობდა ვილემ კოლსტერდტი მიცურდა კარპენტარიის ყურის დასავლეთ სანაპიროსთან. მაგრამ კუნძულმა თავისი დასახელება «გრუტ-აილენდი» მიიღო მხოლოდ 1644 წელს აბელ ტასმანის მოგზაურობის დროს. 1803 წელს კუნძულის გარშემო ჩაიარა ავსტრალიის ერთ-ერთი ცნობილი მკვლევარის მეთიუ ფლინდერსის გემმა. ევროპელები არ ყოფილან პირველი უცხოელები, რომლებიც იმყოფებოდნენ გრუტ-აილენდის კუნძულის წყლებთან სიახლოვეს. მრავალი ასწლეულების განმავლობაში აქ თევზაობდნენ ინდონეზიელები (ძირითადად ტრეპანგზე). როგორც წესი ისინი აქ მოცურდებოდნენ დეკემბერში ჩრდილო-დასავლეთ მუსონების დროს და მიდიოდნენ აპრილ-მაისში სამხრეთ-აღმოსავლეთის ქარის დროს. მიუხედავად ამისა, ინდონეზიელმა ტომებმა ვერ შეძლეს მნიშვნელოვანი გავლენა მოეხდინათ აბორიგენთა კულტურაზე და ენაზე.

XIX საუკუნის განმავლობაში კუნძულს ყურადღება სავსებით არ ექცეოდა, მაგრამ XX საუკუნეში მოხდა საფუძვლიანი ცვლილებები ადგილობრივი მოსახლეობის ცხოვრებაში: გრუტ-აილენდზე გამოჩნდნენ პირველი მისიონერები, სამხედრო პერსონალი და მეშახტეები.

კუნძულზე პირველი რელიგიური მისია დაარსდა 1921 წელს დასახლებაში ემერალდ-რივერი ანგლიკანური ეკლესიის მისიონერთა საზოგადოების წევრების მიერ. შემდგომში, 1943 წელს, მისია გადავიდა ანგურუკუში მას შემდეგ, რაც ავსტრალიის სამხედრო საჰაერო ძალები ავსტრალიის ჩრდილოეთ ნაწილის თავდაცვის მიზნით დაეუფლა ასაფრენ-დასაჯდომ ზოლს. 1950-იან წლებამდე გრუტ-აილენდის მოსახლეობის დიდი რაოდენობა ცხოვრობდა კუნძულის დასავლეთ ნაწილში მდებარე დასახლება ანგურუკუში. მისია აგრძელებდა მოქმედებას 1979 წლამდე, როდესაც ანგურუკუ გახდა აბორიგენთა თვითმმართველი საქალაქო საბჭო (ინგლ. Aboriginal Town Council).

1938 წელს გრუტ-აილენდის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში გამოჩნდა ავიაკომპანია Qantas Airways-ის გასამართი სადგური ჰიდროთვითმფრინავისათვის. მის სიახლოვეს დაარსდა დასახლება უმპაკუმპა (ან პორტ-ლანგდონი), სადაც გადასახლდა მოსახლეობის დიდი ნაწილი გრუტ-აილენდის აღმოსავლეთ სანაპიროებიდან. მეორე მსოფლიო ომის დროს გასამართი სადგური გახდა ავსტრალიის სამხედრო საჰაერო ძალების კონტროლირებადი ტერიტორია და მას შემდეგ აღარასოდეს არ უმოქმედია.

კუნძულის ეკონომიკა კარდინალურად შეცვალა ანგურუგუს გვერდით მანგანუმის საბადოს გახსნამ. მეთიუ ფლინდერსმა 1803 წელს კუნძულის გამოკვლევის დროს აღნიშნა მასზე რკინის ჰიდროქსიდისა და კვარცის არსებობა. მანგანუმის საბადო აღმოჩნდა გეოლოგების მიერ ჯერ კიდევ 1907 წელს, მაგრამ, 1955 წლამდე არც ერთი კომერციული ორგანიზაცია არ იღებდა თავის თავზე გრუტ-აილენდზე მანგანუმის დაზვერვითი სამუშაოების ჩატარებაზე. 1960—1963 წლების მოლაპარაკებების შემდეგ მიღწეულ იქნა შეთანხმება BHP Billiton-ს კომპანიასა და ანგლიკანური ეკლესიის მისიონერთა საზოგადოების წევრებს შორის, რომელმაც გადაწყვიტა ადგილობრივი მოსახლეობის პერიოდული კომპენსაციის ზომა კუნძულზე მანგანუმის მოპოვების უფლების სანაცვლოდ. 1964 წელს მანგანუმის მოპოვების უფლება გადაეცა BHP Billiton-ს შვილობილ კომპანიას — Gemco-ს (Groote Eylandt Mining Company). მანგანუმის მადნის პირველი ტვირთი გაიგზავნა უკვე 1966 წელს. დღეისათვის ეს მადანი ძირითადად ექსპორტირებულია იაპონიაში და ამერიკის შეერთებული შტატებში. მისი მოპოვების რაოდენობა შეადგენს დაახლოებით 2 მილიონ ტონას წელიწადში (დაახლოებით 10 % საერთო მსოფლიო მოპოვებიდან[2]).

მოსახლეობა

რედაქტირება

2001 წლის მოსახლეობის აღწერის დროს კუნძულზე ცხოვრობდა 2426 ადამიანი, ანუ ჩრდილოეთი ტერიტორიის მოსახლეობის 1,1 %. 1996 წელს მოსახლეობის ზრდის მაჩვენებელი დაეცა 5,1 %-ზე. მაგრამ მკვიდრი მოსახლეობის რაოდენობა გაიზარდა 9,1 %-ით 1996 წლის აღწერასთან შედარებით და 23,9 %-ით 1991 წლის მაჩვენებელზე.

2001 წელს მოსახლეობის 48 % ძირითადად ცხოვრობდა კუნძულის დასახლებულ პუნქტში — ანგურუკუში, ხოლო 23 % — უმპაკუმპაში.

კუნძულზე ოთხი ძირითადი დასახლებაა: ალიანკულა, ანგურუკუ, მილიაკპურა და უმპაკუმპა. მეშახტეთა დასახლებას ჰქვია ალიანკულა და მდებარეობს გრუტ-აილენდის ჩრდილო-დასავლეთ სანაპიროზე.

თვითმმართველობა

რედაქტირება

კუნძულზე მოქმედებს სამი საქალაქო საბჭო: ანგურუკუში, უმპაკუმპაში და მილიაკპურაში.

1976 წელს აბორიგენთა მიწაზე უფლებების შესახებ კანონის მიღების შემდეგ კუნძული გრუტ-აილენდი გახდა აბორიგენთა საკუთრება. ამიტომ კუნძულზე ყოფნა ანინდილიაკვას მიწის საბჭოს ნებართვის გარეშე უკანონოა.

ეკონომიკა

რედაქტირება

2006 წლის მარტში შრომისუნარიანი მოსახლეობის რიცხვი შეადგენდა 926 ადამიანს, მათ შორის 786 ადამიანი იყო დასაქმებული, 140 ადამიანი — უმუშევარი. კუნძულზე უმუშევრობის დონე შეადგენს 15,1 %-ს.

კუნძულზე მრეწველობის ძირითადი დარგია — სამთო მრეწველობა (მანგანუმის მოპოვება), რომელშიც 2001 წელს დაკავებული იყო გრუტ-აილენდის შრომისუნარიანი მოსახლეობის 30 %. მოსახლეობის 19 % მუშაობს მართვის აპარატში, 10 % — განათლების სფეროში, 5 % — ჯანმრთელობის დაცვაში და კომუნალურ სამსახურში. 2001 წელს კუნძულზე ხელფასის დონე 45 %-ით მეტი იყო, ვიდრე ჩრდილოეთ ტერიტორიაზე.

გრუტ-აილენდზე საავტომობილო გზების სიგრძე ასფალტის საფარით ქალაქების გარეთ შეადგენს მხოლოდ 20 კმ-ს (2001 წელი).

  1. Islands of Australia. UN SYSTEM-WIDE EARTHWATCH Web Site. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-03-29. ციტირების თარიღი: 29 იანვარი 2009.
  2. http://walkabout.com.au/locations/NTGrooteEylandt.shtml დაარქივებული 2007-06-25 საიტზე Wayback Machine. Groote Eylandt (including Angurugu, Alyangula and Umbakumba)
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/გრუტ-აილენდი“-დან