გრიგოლი (გურია-სამეგრელოს ეპისკოპოსი)

გრიგოლი (ერისკაცობაში — გიორგი ელიზბარის ძე დადიანი) (დ. 1824, სოფ. ქვიშხორი, ქუთაისის გუბერნია, — გ. 12 ოქტომბერი, 1907, მარტვილი) — ქართველი სასულიერო მოღვაწე.

სწავლობდა ღვთისმშობლის მონასტერში ნახარებაოში (ახლანდ. ქ. მარტვილი), შემდეგ სამეგრელოს სამაზრო სასულიერო სასწავლებელში და თბილისის სასულიერო სემინარიაში. 1845 წელს მორჩილად გაამწესეს, 1849 წელს კი ბერად აღიკვეცა. 1850 წლის იანვარში თავისივე თხოვნით თბილისის ფერისცვალების მონასტერში გადაიყვანეს, 1852 წელს კი ეგზარქოსმა ისიდორემ მღვდელმონაზვნად აკურთხა. 1857 წლის ნოემბერში გრიგოლი სოხუმის საკათედრო ტაძრის მღვდელმონაზვნად გაამწესეს, 1858–1862 წლებში — ბიჭვინთის, შემდეგ აბჟუას ოლქის მთავარხუცესი იყო; 1862 წელს კი სოხუმის საკათედრო ტაძრის იღუმენად დანიშნეს.

1875 წელს გრიგოლი საქართველო-იმერეთის სინოდალური კანტორის წევრად აირჩიეს, 1879 წლის 28 ივლისიდან დავით-გარეჯის მონასტრის წინამძღვარი გახდა. 1886 წელს, რუსეთის სინოდის გადაწყვეტილებით, ეპისკოპოსის ხარისხი მიანიჭეს და გურია-სამეგრელოს ეპისკოპოსად აკურთხეს. ეპარქიაში სასულიერო განათლების სრულყოფის მიზნით სოფელ ბანძაში გახსნა ორწლიანი სამრევლო სკოლა. გრიგოლ ეპისკოპოსი წინ აღუდგა რუსეთის რეაქციულ პოლიტიკას, რომელიც მიზნად ისახავდა საქართველოსგან სამეგრელოს ჩამოშორებას. კავკასიის სასწავლო ოლქის ზედამხედველის იანოვსკის მითითებით მეგრულად ითარგმნა ლოცვები, ასევე განზრახული იყო სკოლებში მეგრულად სწავლების შემოღება. გრიგოლმა რამდენიმე სხდომა ჩაატარა ამ განზრახვის წინააღმდეგ, იქაურ სამღვდელოებას და საზოგადოებას განუმარტავდა ამ პოლიტიკის მზაკვრობას. ხელისუფლებამ განზრახვა სისრულეში ვერ მოიყვანა, მაგრამ გრიგოლი არასაიმედო პიროვნებად მიიჩნია, 1898 წელს ეპარქია ჩამოართვა და საცხოვრებლად თავდაპირველად გელათის, შემდეგ კი მარტვილის მონასტერი მიუჩინა. დაკრძალულია ჭყონდიდის დღევანდელ საკათედრო ტაძარში.

ლიტერატურა

რედაქტირება