ვიქტორ გოცირიძე

(გადამისამართდა გვერდიდან გოცირიძე, ვიქტორ)
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ გოცირიძე.

ვიქტორ დავითის ძე გოცირიძე (დ. 2 აპრილი, [ძვ. სტ. 20 მარტი] 1910, სოფ. ხოტევი, ახლანდელი ამბროლაურის მუნიციპალიტეტი, — გ. 22 მარტი, 1995, თბილისი) — ქართველი ინჟინერ-გვირაბმშენებელი, საქართველოს დამსახურებული ინჟინერი (1961), საპატიო რკინიგზელი (1944), სოციალისტური შრომის გმირი (1980), თბილისის საპატიო მოქალაქე (1988). ინჟინერ ილარიონ გოცირიძის ძმა.

1934 დაამთავრა მოსკოვის საგზაო-საავტომობილო ინსტიტუტი. 1934–1937 წლებში მუშაობდა მოსკოვის მეტროპოლიტენის მშენებლობაზე შახტის ცვლის ინჟინრად, ხოლო შემდეგ – ცვლის უფროსად. 1937–1941 წლებში — თბილისის საქალაქო საბჭოს აღმასკომის სახალხო განათლების განყოფილებაში მთავარ ინჟინრად; 1941–1946 წლებში — ამიერკავკასიის ფრონტის შტაბის სამხედრო მიმოსვლების უფროსის თანაშემწედ; 1946–1952 წლებში — ამიერკავკასიის რკინიგზის სამგზავრო სამსახურის უფროსის მოადგილედ, შემდეგ — ამავე სამსახურის უფროსად. 1952 წლიდან იყო „თბილმეტრომშენის“ სამმართველოს უფროსის მოადგილე, ხოლო 1957–1987 წლებში — სამმართველოს უცვლელი უფროსი, 1987 წლიდან (პენსიაზე გასვლის შემდეგ) – ამავე სამმართველოს მთავარი სპეციალისტი.

ვიქტორ გოცირიძე ითვლება თბილისის მეტროპოლიტენის ერთ-ერთ დამაარსებლად. მის სახელთან არის დაკავშირებული თბილისის მეტროპოლიტენის 27 კილომეტრიანი ხაზისა და 21 სადგურის მშენებლობა. დიდი ღვაწლი მიუძღვის აგრეთვე მრავალი საგზაო და სარკინიგზო გვირაბის (როგორც საქართველოში, ისე სამხრეთ და ჩრდილოეთ კავკასიის რესპუბლიკებში), სოფლის მეურნეობის დანიშნულების რიგი მსხვილი ობიექტების, რკინიგზის ვაგზლების (სოხუმი, გაგრა, სოჭი, ტუაფსე, ბორჯომი), ახმეტა–ომალოს საავტომობილო გზის, კოსმოსური სხივების მაღალმთიანი სადგურის (ცხრაწყარო) მშენებლობაში, ახალი ათონის კარსტული მღვიმის კეთილმოწყობაში (1977; მიენიჭა სსრკ სახელმწიფო პრემია, სხვებთან ერთად). ხელმძღვანელობდა აგრეთვე თბილისის რკინიგზის ვაგზლის, ფიზიკის ინსტიტუტის, რესპუბლიკის მოედნისა და მეტეხის გვირაბის მშენებლობას; მონაწილეობდა თბილისისა და ერევნის სარეკონსტრუქციო სამუშაოებში და სხვ.

მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები, მ. შ. საბრძოლო ორდენები და მედლები. 1995–2006 წლებში ვიქტორ გოცირიძის სახელობის იყო მეტროპოლიტენის სადგური „დელისი“, 2011 წლიდან კი მისი სახელი ეწოდა მეტროს სადგურ „ელექტროდეპოს“.

ლიტერატურა

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება