ფილიპე გოგიჩაიშვილი

ქართველი ექიმი, მწერალი, ეკონომისტი, პუბლიცისტი და კრიტიკოსი
(გადამისამართდა გვერდიდან გოგიჩაიშვილი, ფილიპე)
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ გოგიჩაიშვილი.

ფილიპე გაბრიელის ძე გოგიჩაიშვილი (დ. 20 იანვარი, 1872, ლანჩხუთი — გ. 29 მარტი, 1950, თბილისი) — ქართველი ეკონომისტი, პუბლიცისტი.

ფილიპე გოგიჩაიშვილი
დაბადების თარიღი 20 იანვარი, 1872(1872-01-20)
დაბადების ადგილი ლანჩხუთი, ქუთაისის გუბერნია, რუსეთის იმპერია
გარდაცვალების თარიღი 29 მარტი, 1950(1950-03-29) (78 წლის)
გარდაცვალების ადგილი თბილისი
საქმიანობა ექიმი, მთარგმნელი, ეკონომისტი, პუბლიცისტი და კრიტიკოსი
მოქალაქეობა რუსეთის იმპერია
 საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა
 სსრკ
ალმა-მატერი ლაიფციგის უნივერსიტეტი და მოსკოვის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტი
ჯილდოები საქართველოს სსრ-ის მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე

ბიოგრაფია

რედაქტირება

დაიბადა 1872 წლის 20 იანვარს ლანჩხუთში. 1880-87 წლებში სწავლობდა ოზურგეთის სასულიერო სასწავლებელში, 1894 წელს დაამთავრა თბილისის მე-2 გიმნაზია, 1899 წელს მოსკოვის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტი. 1892 წლიდან ეწეოდა სამეცნიერო პუბლიცისტურ მოღვაწეობას. 1900 წლიდან მუშაობდა ექიმად სოფელ დიდ ჯიხაიშსა და გორისაში, შემდეგ — ქუთაისში. სიღარიბის მიუხედავად, ფილიპე გოგიჩაიშვილმა საწადელს მაინც მიაღწია და 25 წლისა სასწავლებლად გერმანიაში წავიდა. უფროსი მეგობრის, პეტრე უმიკაშვილის დახმარებით, ხელს დავით სარაჯიშვილი უმართავდა. 1901 წელს დაამთავრა ლაიფციგის უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტის ეკონომიური განყოფილება. მიიღო ფილოსოფიის დოქტორის ხარისხი შრომისათვის „ხელოსნობა საქართველოში“.

იყო „მესამე დასის“ წევრი, „ალიონელი“, 1902 წლიდან ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის წევრი, 1905 წლიდან თანამშრომლობდა ჟურნალ „მოგზაურში“, 1905-1906 წლებში რედაქტორობდა გაზეთ „ივერიას“. 1906 წელს იყო პირველი სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატი ქუთაისის გუბერნიიდან, 1907 წლიდან სამუშაოდ გადავიდა თბილისში, 1909-1910 წლებში თანამშრომლობდა ჟურნალ „ერთან.“ მხარს უჭერდა საქართველოს ავტონომიას. 1910 წელს დააპატიმრეს და ერთი წელი მეტეხის ციხეში იმყოფებოდა. 1903-1913 წლებში იყო თბილისის საქალაქო სათათბიროს ხელმძღვანელი, კავკასიის სოფლის მეურნეობის საზოგადოების სტატისტიკური ბიუროს ხელმძღვანელი, 1914-1916 წლებში იყო სრულად რუსეთის საერობო კავშირის რწმუნებული ამიერკავკასიაში, 1917-1918 წლებში კახეთის რკინიგზის გამგეობის თავმჯდომარე,

საქართველოს პირველი რესპუბლიკის პერიოდში იყო რესპუბლიკის სახელმწიფო კონტროლიორი. 1918 წლიდან კითხულობდა პოლიტეკონომიის, ფინანსების, სტატისტიკის და ეკონომიკური აზრის ისტორიის კურსებს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. 1945-1950 წლებში მუშაობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ეკონომიკის ინსტიტუტში.

შემოქმედება

რედაქტირება

გოგიჩაიშვილის მეცნიერული ნაშრომები ძირითადად საქართველოსა და ამიერკავკასიის სოციალურ-ეკონომიური ცხოვრების საკითხებს ეხება. ქართულად თარგმნა პოლიტიკური ეკონომიკის კლასიკოსთა ნაშრომები, მათ შორის კარლ მარქსის „კაპიტალის“ I ტომი (1930); „ფილოსოფიის სიღატაკე“ (1931); „პოლიტიკური ეკონომიის კრიტიკისათვის (1932); „კაპიტალის“ II-III ტომები (1932-1934); „კომუნისტური პარტიის მანიფესტი“ (1940); დ. რიკარდოს „პოლიტიკური ეკონომიისა და დაბეგვრის საფუძვლები“ (1937); ა. სმითის „გამოკვლევა ხალხთა სიმდიდრის ბუნებისა და მიზეზების შესახებ“ ტომი I (1938).

გოგიჩაიშვილს დიდი წვლილი მიუძღვის ქართულ ფოლკლორისტიკაშიც. 1904 წელს ანდერძით მიიღო პეტრე უმიკაშვილის მიერ შეკრებილი ქართული ფოლკლორის ნიმუშთა უმდიდრესი კოლექცია, რომლის ნაწილი ვრცელი წინასიტყვაობით გამოაქვეყნა 1905 წელს („სახალხო ლექსები“). 1937 წელს გოგიჩაიშვილმა გამოსცა ამ კოლექციის პოეტური ნაწილი („ხალხური სიტყვიერება~ ტომი I).

აღსანიშნავია მისი პიესები: „ქოხში“ (1905), „წამხდარი სისხლი“ (1905), რომანი-ქრონიკა „სამი დროება“ (1931), კრიტიკული წერილები ნოდარ ბარათაშვილის, რაფიელ ერისთავის, მ. გურულის, დავით კლდიაშვილის და სხვათა შესახებ.

ბიბლიოგრაფია

რედაქტირება
  • წერილები, მოგონებები (ავტორი). - თბილისი, თბილ. უნ-ტის გამ-ბა და სტ., 1993. - 216გვ. - ISBN 5-511-00559-2
  • ხელოსნობა საქართველოში განსაკუთრებით წარმოების პრიმიტიული ფორმების გათვალისწინებით (ავტორი). - თბილისი, თბილ. უნ-ტის გამ-ბა, 1976. - 215 გვ.
  • რჩეული ნაწერები, პ. გუგუშვილის რედ. ტ I, თბილისი, 1974

ლიტერატურა

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება