გიორგი ნაკაშიძე (პოლიტიკური მოღვაწე)

ქართველი პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწე

გიორგი (გოგი) ნაკაშიძე (დ. 25 ივლისი, 1894, ოზურგეთი ― გ. 18 აპრილი, 1990, ნიუ-იორკი) ― ქართველი პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწე, სოციალ-ფედერალისტი, ფილოლოგი, პრაღისა და ჰაიდელბერგის უნივერსიტეტების დოქტორი იურისპრუდენციაში. ემიგრაციაში ყოფნისას ეწეოდა სამეცნიერო, ლიტერატურულ და მთარგმნელობით საქმიანობას.

ბიოგრაფია

რედაქტირება

გიორგი ნაკაშიძე დაიბადა ოზურგეთში. დაწყებითი განათლება ქუთაისის სათავადაზნაურო გიმნაზიაში მიიღო. შემდეგ 1922 წლის დეკემბრამდე თბილისის სახელწიფო უნივერსიტეტში სწავლობდა. იყო სახალხო გვარდიის წევრი. 1921 წლის თებერვალში მისი მეთაურობით შექმნილი მოხალისეთა სტუდენტური რაზმი იბრძოდა თბილისის მისადგომებთან. 1922 წელს დააპატიმრეს და მეტეხის ციხეში ჩასვეს. გერმანიაში საქართველოს ელჩმა, ვლადიმერ ახმეტელმა, ევროპის პოლიტიკური წრეების დახმარებით, საბჭოთა ხელისუფლება აიძულა 62 პოლიტპატიმრისათვის, მათ შორის გიორგი ნაკაშიძისთვის, გერმანიაში წასვლის უფლება მიეცა.

1922 წლის ბოლოს გიორგი ნაკაშიძე უკვე გერმანიაში იყო. ევროპაში სწავლობდა ჯერ ჰაიდელბერგის, შემდეგ - პრაღის უნივერსიტეტში.

1930-იან წლებში ხელმძღვანელობდა ბერლინის უნივერსიტეტის ქართული ენისა და ლიტერატურის კათედრას.

1933 წელს ვარშავის უნივერსიტეტში მიიწვიეს, სადაც პოლონეთის მთავრობის გადაწყვეტილებით შეიქმნა ქართული ენის ლექორატი. 1934 წელს ვარშავაში ქართულმა კომიტეტმა შექმნა ახალგაზრდული კავშირი, რომლის მიზანი იყო ქართული ენის შემსწავლელი კურსების შექმნა ბავშვებისა და უფროსებისათვის. გიორგი ნაკაშიძე ყოველ შაბათ-კვირას ლექციებს კითხულობდა ქართულ ლიტერატურაზე. პარალელურად აქტიურად თანამშრომლობდა ქართულ ემიგრანტულ პერიოდიკასთან, ასევე ევროპულ გამოცემებთან.

1926 წელს შეიქმნა ბოლშევიკების მიერ დაპყრობილი ხალხების განთავისუფლების ლიგა. ამ ორგანიზაციაში, რომელსაც "პრომეთეს ლიგას" ეძახდნენ, გაწევრიანებულნი იყვნენ აზერბაიჯაელები, ჩრდილო კავკასიელები, ქართველები, დნეპრისპირა უკრაინელები, დონისა და ყუბანის კაზაკები და სხვ. ლიგის ცენტრალურ ადგილს წარმოადგენდა ვარშავა, სადაც განთავსებული იყო "პრომეთეს კლუბი". 1933-1939 წლებში გიორგი ნაკაშიძე იყო ამ კლუბის თავმჯდომარე.[1]

1937 წელი ემიგრაციაში შოთა რუსთაველის წლად გამოცხადდა, ვარშავაში ზეიმით აღნიშნეს რუსთაველის იუბილე, რომლის საორგანიზაციო კრებას გიორგი ნაკაშიძე ხელმძღვანელობდა. მან პოლონეთის აკადემიაში წაიკითხა მოხსენება "შოთა რუსთაველი და საქართველო". დიდი დახმარება გაუწია პოლონელ იუზეფ ლობოდოვსკის "ვეფხისტყაოსნის" თარგმნაში.

გიორგი ნაკაშიძე კავკასიის კომიტეტთან ერთად ცდილობდა პატიმრობიდან დაეხსნა გრიგოლ ფერაძე, თუმცა უშედეგოდ. 1944 წელს როდესაც ბოლშევიკები პოლონეთს მიუახლოვდნენ გიორგი ნაკაშიძემ მოახერხა და გერმანელებისგან მიიღო ნებართვა პოლონეთში მყოფი ქართველების გერმანიაში გადაყვანის შესახებ და ამით ქართველთა ერთი ნაწილის გადარჩენა შეძლო.

II მსოფლიო ომის დამთავრების შემდეგ გიორგი ნაკაშიძე მეუღლესთან ერთად მიუნხენში ცხოვრობდა. იგი იყო კავკასიელთა წარმომადგენელი 1946 წელს მიუნხენში შექმნილ ლტოლვილთა კომიტეტში. მოგვიანებით არგენტინაში გადავიდა საცხოვრებლად, მეუღლის გარდაცვალების შემდეგ კი ამერიკაში დამკვიდრდა.

1948 წელს მიიწვიეს ჰარვარდის უნივერსიტეტში ლექციების წასაკითხად. 1960-66 წლებში ნიუ-იორკის კოლუმბიის უნივერსიტეტში ასწავლიდა ქართულ ენას. შემდეგ კი 1973 წლამდე ვაშინგტონში, ამერიკის კათოლიკურ უნივერსიტეტში, ეწეოდა ქართველოლოგიურ და კავკასიოლოგიურ სამეცნიერო მოღვაწეობას.

1960 წელს გიორგი ნაკაშიძემ გივი ზალდასტანიშვილთან ერთად აშშ-ის კონგრესის კომიტეტში ჩვენება-მოხსენება მისცა საქართველოში ნიკიტა ხრუშჩოვის მიერ ჩადენილ დანაშაულთა შესახებ. განსაკუთრებით აღინიშნა 1956 წლის მარტის მოვლენები. აშშ კონგრესის წარმომადგენელთა პალატის ე.წ. "არაამერიკულ მოქმედებათა კომიტეტმა" გამოსცა წიგნაკი – "The Crimes of Khrushchev" (ხრუშჩოვის ბოროტმოქმედებანი).

1974-1978 წლებში გიორგი ნაკაშიძე ჰარვარდის უნივერსიტეტში მიწვევით მუშაობდა დამოუკიდებელი საქართველოს მთავრობის არქივის დამუშავებასა და კატალოგიზაციაზე. მან ჩაატარა არქივის კლასიფიკაცია და ინგლისურ ენაზე შეადგინა სრული კატალოგი.

გიორგი ნაკაშიძე სრულყოფილად ფლობდა გერმანულ, ინგლისურ, პოლონურ, რუსულ, ჩეხურ, უკრაინულ და სხვა სლავურ ენებს. მან თარგმნა და ინგლისურ ენაზე გამოსცა ნოდარ დუმბაძის "მზიანი ღამე".

სიცოცხლის ბოლო წლები გიორგი ნაკაშიძემ ცნობილი ემიგრანტის ალექსანდრე ცომაიას მეუღლის, ელზა მდივნის (დედით ნაკაშიძე) მზრუნველობის ქვეშ გაატარა და 1990 წლის 18 აპრილს გარდაიცვალა ნიუ-იორკში. ამერიკის ქართულმა სათვისტომომ გიორგი ნაკაშიძე ნიუ-იორკის მახლობლად დაკრძალა.

1990 წლის ზაფხულში ამერიკაში გასტროლებზე იმყოფებოდა ანსამბლი "რუსთავი". მის ხელმძღვანელს დაუკავშირდნენ იქ მცხოვრები ქართველები და გადასცეს გიორგი ნაკაშიძის პირადი არქივი, რომელიც საქართველოს ლიტერატურისა და ხელოვნების სახელმწიფო არქივს გადაეცა.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. ვოჟნიაკი, ა., ვარშავის ქართული ემიგრაცია // ქართული ემიგრაცია N2. - თბილისი, 2014. - გვ. 55.