გივი ზალდასტანიშვილი
გივი სოლომონის ძე ზალდატანიშვილი (დ. 1 ნოემბერი, 1919, თბილისი — გ. 15 ოქტომბერი, 2007, თბილისი) — აშშ-ში მოღვაწე ქართველი ბიზნესმენი.
ბიოგრაფია
რედაქტირებაგივი ზალდასტანიშვილი დაიბადა თბილისში სოლომონ ზალდასტანიშვილისა და მარიამ ხირსელის ოჯახში. სოლომონი იყო საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ეროვნული არმიის პოლკოვნიკი, რომელიც მონაწილეობდა 1924 წლის აჯანყებაში. აჯანყების დამარცხების შემდეგ ოჯახი საფრანგეთში გადავიდა საცხოვრებლად. ჯერ სოლომონი წავიდა ემიგრაციაში, მოგვიანებით კი მეუღლეც შეუერთდა ბავშვებთან – გივისა და ოთართან ერთად.
ცხოვრება საფრანგეთში
რედაქტირებამშობლებმა გივი ფრანგულ სკოლაში შეიყვანეს. 1939 წელს ის საფრანგეთის საზღვაო ძალებში ჩაეწერა. დაწყების დღიდან მონაწილეობდა II მსოფლიო ომში.
1942-1946 წლებში გივი ზალდასტანიშვილი თავმჯდომარეობდა 1942 წელს შეიქმნილ პარიზის ქართველი ახალგაზრდების ასოციაციას, რომლის მიზანი იყო ქართული კულტურის, ენის, ისტორიის წარმოჩენა, ემიგრაციაში მყოფი ქართველების საქმიანი, შემოქმედებითი თუ პროფესიული უნარ-ჩვევების ხელშეწყობა.
1942 წელს გივი ზალდასტანიშვილმა დატოვა საფრანგეთის საზღვაო-სამხედრო ძალები და სწავლა დაიწყო პარიზში პოლიტიკურ მეცნიერებათა სკოლაში. პარალელურად 1944 წელს წარმატებით დაამთავრა სორბონის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი, 1945 წელს - ამავე უნივერსიტეტის იურისპრუდენციის ასპირანტურა. დიპლომის მიღებისთანავე დაიწყო ადვოკატობა.
ცხოვრება და მოღვაწეობა ამერიკის შეერთებულ შტატებში
რედაქტირება1946 წელს გივის ძმა ოთარი აშშ-ში გადავიდა საცხოვრებლად და ჰარვარდის უნივერსიტეტის სტუდენტი გახდა. მისი დაჟინებული თხოვნით 1947 წლის დასაწყისში ძმაც და დედაც ამერიკაში გადავიდნენ. გივიმაც შეძლო ჰარვარდის უნივერსიტეტში ჩაბარება. 1951 წელს მიიღო ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრის ხარისხი. იგი წლების განმავლობაში იყო ჰარვარდის უნივერსიტეტის მმართველობის წევრი.
1951 წელს გივი ზალდასტანიშვილმა საცალო–სავაჭრო ფირმა "Federated Department Stores"-ში დაიწყო მუშაობა ჯერ უბრალო მუშად, შემდეგ კი – შესყიდვების განყოფილების მენეჯერად. 1962-1980 წლებში იყო ბოსტონში ავეჯის მაღაზია "The Finishing Touch"-ის მფლობელი და პრეზიდენტი. 1980 წლიდან იყო ბოსტონში მარკეტინგული ფირმის "Zaldastani Consulting, Inc." პრეზიდენტი. 1976 წლიდან ხელმძღვანელობდა საინჟინრო-საკონსულტაციო ფირმას "Zaldastani Assiociates".
გივი ზალდასტანიშვილი აქტიურად იყო ჩართული საზოგადოებრივ საქმიანობაში. ამერიკაში ჩასვლისთანავე დაიწყო ურთიერთობა აშშ-ის ქართველი ახალგაზრდობის ასოციაციასთან, რომლის პრეზიდენტიც 1966 წელს თავადვე გახდა. აქტიურად მონაწილეობდა რადიოსადგურ "ამერიკის ხმის" დაარსებაში, მაგრამ იქ დიდხანს არ უმუშავია.
1951 წლიდან რედაქტორობდა ინგლისურენოვან პერიოდულ გამოცემა "The voice of free Georgia"-ს ("თავისუფალი საქართველოს ხმა"). 1953 წლიდან რედაქტორი ალექსანდრე ცომაია გახდა, გივიმ კი სარედაქციო კოლეგიის წევრად გააგრძელა მუშაობა.
1955 წელს გივიმ ალექსანდრე ცომაიასთან, დიმიტრი სინჯიკაშვილთან (სინდიკელი), ს. კაიშაურთან, და გ. ლოლუასთან ერთად ნიუ-იორკში დააარსა გაზეთი "ქართული აზრი", სადაც გივი და ოთარი მუდმივად აქვეყნებდნენ წერილებს. 1974 წლიდან გივი გაზეთის სარედაქციო კოლეგიის წევრი ხდება.
1970 წელს მონაწილეობს პარიზში ქართულენოვანი ჟურნალის "ივერიის" გამოცემაში, რომლის რედაქტორი და სარედაქციო კოლეგიის წევრი იყო 1990 წლამდე.
განსაკუთრებული აქტიურობით გამოირჩევა გივი ზალდასტანიშვილის მოღვაწეობა ამერიკის ქართველთა სათვისტომოში, რომლის წევრიც 1957 წლის 24 ნოემბერს გახდა. 60-იან წლებში ნიკიტა ხრუშჩოვისა და მისი მთავრობის მიერ საქართველოსთვის გამოცხადებული მტრული დამოკიდებულების პერიოდში ამერიკის ქართული სათვისტომო დიდი აქტიურობით იწყებს ამერიკის პოლიტიკურ წრეებთან თანამშრომლობას და პოლიტიკურ ცხოვრებაში მონაწილეობას. 1960 წელს გივი ზალდასტანიშვილმა გიორგი ნაკაშიძესთან ერთად აშშ-ის კონგრესის კომიტეტში ჩვენება-მოხსენება მისცა საქართველოში ნიკიტა ხრუშჩოვის მიერ ჩადენილ დანაშაულთა შესახებ. ამ პერიოდიდან გივი ზალდასტანიშვილიც ერთვება ამერიკის პოლიტიკურ საქმიანობაში, მისი სიმპათიები თავიდანვე რესპუბლიკელთა მხარეს გადაიხარა. ის შევიდა რესპუბლიკურ პარტიაში და პრეზიდენტის კანდიდატობის დამხმარე ჯგუფის წევრიც გახდა.
დაბრუნება საქართველოში
რედაქტირებაგივი ზალდასტანიშვილი საქართველოში 62 წლიანი განშორების შემდეგ 1986 წელს დაბრუნდა. 1988 წელს კი მეორედ მეუღლესთან მიშლენ დე'ბიევასთან ერთად ესტუმრა სამშობლოს. ამის შემდეგ მისი ვიზიტები სულ უფრო ხშირი გახდა.
საქართველოს ეკონომიკური განვითარების ხელშესაწყობად ძმებმა ზალდასტანიშვილებმა ჯონ მალხაზ და ოთარ შალიკაშვილებთან ერთად დააარსეს საზოგადოება "Georgian coaster departament".
გივი ზალდასტანიშვილს დიდი წვლილი მიუძღვის 1997 წელს საქართველოს ეროვნული არქივის სამშობლოში დაბრუნების საქმეში. საქართველოს პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ ოთარ და გივი ზალდასტანიშვილებს, საქართველოდან 1921 წელს გატანილი სახელმწიფო არქივის მოვლისა და დაცვისათვის, საქართველოში ბიზნესის განვითარებაში შეტანილი წვლილისათვის საქართველოს საპატიო მოქალაქის წოდება მიანიჭა 1997 წელს.
2001 წელს გივი ზალდასტანიშვილმა ამერიკელ პედაგოგ დონალდ თომასთან ერთად თბილისში დააარსა ამერიკული აკადემია. 2004 წელს საბოლოოდ დაბრუნდა საქართველოში და უკანასკნელი წლები სამშობლოში გაატარა.
ოჯახი
რედაქტირებაგივი ზალდასტანიშვილის პირველი მეუღლე მერედეტ ფაუერი იყო, რომელთანაც სამი შვილი – თამარი, ნიკოლოზი და ნინო შეეძინა. მან მეორედ იქორწინა ფრანგული წარმოშობის ბელგიელი ქალბატონ მიშლენ დე'ბიევასთან.
ლიტერატურა
რედაქტირება- ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 3, თბ., 2014. — გვ. 302.