ოთარ ზალდასტანიშვილი

სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ზალდასტანიშვილი.

ოთარ ზალდასტანიშვილი, ოთარ ზალდასტანი (ინგლ. Othar Zaldastani; დ. 10 აგვისტო, 1922, ქ. თელავი, — გ. 9 აგვისტო, 2005, ბოსტონი, აშშ) — ამერიკის შეერთებული შტატებში ქართველი ინჟინერ-მშენებელი, ბიზნესმენი, მეცენატი. დოქტორი (1946), პროფესორი (1947).

დაიბადა სამხედრო და საზოგადო მოღვაწის სოლომონ ზალდასტანიშვილისა და მარიამ ხირსელის ოჯახში. 1925 წელს დედასთან და ძმასთან — გივისთან ერთად ემიგრაციაში გაემგზავრა საფრანგეთში, მამასთან.[1] 1945 წელს დაამთავრა პარიზის გზებისა და ხიდების სამშენებლო ინსტიტუტი. 1946 წლიდან მუშაობდა ჰარვარდის უნივერსიტეტში. 1947–50 წლებში იყო მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტისა და ჰარვარდის უნივერსიტეტის პროფესორი. 1948 წელს საცხოვრებლად გადავიდა ბოსტონში და კონსულტანტად დაიწყო მუშაობა ფირმაში „Nichols & Norton“.[2] 1952 წლიდან იყო სამშენებლო კორპორაცია „Nichols, Norton & Zaldastani“-ის პარტნიორი, 1956 წელს გახდა აშშ-ის მოქალაქე. 1964–89 წლებში ბოსტონში იყო „Zaldastani Association“-ის პრეზიდენტი, ხოლო 1989–97 წლებში — თავმჯდომარე.[3] პარალელურად 1961 წლიდან ლექციებს კითხულობდა ჰარვარდის უნივერსიტეტში სამშენებლო მექანიკაში. იმავდროულად მიიწვიეს აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ფლოტის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში წყალქვეშა გემების დინამიკის საკითხებთან დაკავშირებულ კვლევით სამუშაოებზე. მოგვიანებით სამუშაოდ მიიწვია საბრძოლო თვითმფრინავების ავიაკონსტრუქტორმა — ალექსანდრე ქართველმა.[4]

ზალდასტანიშვილის ავტორობით და მონაწილეობით აშენებულია 1000-ზე მეტი სამშენებლო ობიექტი (ბოსტონის აეროპორტი, ბოსტონის ერთ-ერთი მთავარი მოედანი და სტადიონი, დუბაის მახლობლად არქიტექტურული კომპლექსი პალმ-ჯუმეირა — პალმის ფორმის 200 ხელოვნურ კუნძულზე შექმნილი ნაგებობების ანსამბლი, რომლის მშენებლობაში გამოყენებულია ზალდასტანიშვილის მიერ დამუშავებული ზღვაში ხელოვნური ნიადაგის შექმნის პრინციპი და სხვა). მიღებული აქვს მრავალი ნაციონალური ჯილდო და პრემია, როგორც ამერიკის ერთ-ერთ საუკეთესო ინჟინერს. 1958–65 წლებში ზალდასტანიშვილი იყო „ქართველთა საზოგადოების“ პრეზიდენტი, აგრეთვე საქართველო-ამერიკის მეგობრების საზოგადოების დირექტორი. 1997 წელს მიენიჭა საქართველოს საპატიო მოქალაქეობა საქართველოდან 1921 წელს გატანილი ეროვნული არქივის მოვლისა და საქართველოში ბიზნესის განვითარებისათვის. 2013 წელს ზალდასტანიშვილის არქივი გადაეცა საქართველოს ეროვნულ ბიბლიოთეკას.[2] 1963 წლის 22 ივნისს იქორწინა ელიზაბეთ რეილი ბეილიზე. წყვილს სამი შვილი შეეძინა: ელიზაბეთი, ენი და ალექსანდერი.[1]

ლიტერატურა

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. 1.0 1.1 Othar Zaldastani | Georgian Association
  2. 2.0 2.1 ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 3, თბ., 2014. — გვ. 302.
  3. დაუშვილი რ., ქართველი მრეწველები და გამომგონებლები ამერიკაში, თბ., 2002.
  4. დაუშვილი რ., ქართული ემიგრაცია 1921–34 წლებში, თბ., 2007.