ალექსანდრე ცომაია
ალექსანდრე ვასილის ძე ცომაია (დ. 1907, ქუთაისი, — გ. 1956, ნიუ იორკი) — ქართველი პუბლიცისტი, ანტი-საბჭოთა პოლიტიკური ემიგრაციის მოღვაწე.
სწავლობდა ხაშურის გიმნაზიასა და თბილისის უნივერსიტეტში. 1922 წ. თებერვალში მონაწილეობდა საქართველოს გასაბჭოების წლისთავთან დაკავშირებულ საპროტესტო გამოსვლებში, რის გამოც დაპატიმრებული იყო. 1924 წ. აგვისტოში შეუერთდა აჯანყებულებს სენაკში. აჯანყების დამარცხების შემდეგ ემიგრაციაში გაემგზავრა. ცხოვრობდა საფრანგეთსა და გერმანიაში, სადაც თანამშრომლობდა ეროვნულ-დემოკრატიული მიმართულების ქართულ ემიგრანტულ პრესაში („ახალი ივერია“, „ქართველი ერი“). ბერლინში გამომავალ ჟურნალ „ქართველი ერში“ დაიბეჭდა მისი ნაშრომი „დიდი ილია“. მეორე მსოფლიო ომის დროს ვერმახტის ქართული ლეგიონის შემადგენლობაში იბრძოდა კავკასიის მისადგომებთან. ომის შემდეგ ამერიკის შეერთებულ შტატებში გადასახლდა. აქვე მისი რედაქტორობით გამოდიოდა ჟურნალი „თავისუფალი საქართველოს ხმა“. მისი პუბლიცისტური წერილების ძირითადი ნაწილი რუსულ-ქართულ ურთიერთობებსა და საბჭოთა რეჟიმის მიერ საქართველოში განხორციელებულ რეპრესიებს ეხება. ცოლად ჰყავდა ქართველი პოლიტიკური მოღვაწის, სიმონ მდივანის ასული ელისაბედი. გარდაიცვალა ნიუ-იორკში.
ლიტერატურა
რედაქტირება- ცომაია, გურამ. "ჩეკისტებმა თოფის კონდახებით იქამდე მირტყეს, სანამ გრძნობა არ დავკარგე": ვინ იყო ალექსანდრე ცომაია: ინტერვიუ / გურამ ცომაია ; ესაუბრა არჩილ ნოზაძე // გუმბათი. - თბილისი, 2009. - 22-28 ივნისი. - N24(88). - გვ.41-42 ელ. ვერსია[მკვდარი ბმული]