დიმიტრი სინჯიკაშვილი
დიმიტრი (მიტო) ალექსანდრეს ძე სინჯიკაშვილი, დიმიტრი სინდიკელი (ინგლ. Dimitri Sindikeli), (დ. 1907, სოფ. ვაქირი, ახლანდ. სიღნაღის მუნიციპალიტეტი, – გ. 26 ივნისი, 1976, ნიუ-იორკი) — ქართველი პოლიტიკური ემიგრანტი.
სასკოლო განათლება სიღნაღსა და თბილისში მიიღო. 1920-იანი წლების დასაწყისში უფროს ძმასთან, ვანოსთან ერთად იყო ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრი და მონაწილეობდა ანტისაბჭოთა გამათავისუფლებელ საქმიანობაში. 1924 წლის აგვისტოს აჯანყების დროს ვანო დახვრიტეს, დიმიტრი კი ემიგრაციაში, საფრანგეთში წავიდა. იყო საქართველოს ეროვნულ–დემოკრატიული პარტიის ახალგაზრდების საზღვარგარეთული პერიოდული გამოცემის „ახალი ივერიის“ ერთ–ერთი რედაქტორი და ხელმძღვანელი (გამოდიოდა 1927-39 წლებში). მეორე მსოფლიო ომის დროს დიმიტრი სინჯიკაშვილი გაწვეული იყო ფრანგულ ჯარში; ტყვედ ჩავარდა და გერმანული არმიის „ქართულ ლეგიონს“ შეუერთდა. ომის შემდეგ იტალიაში ცხოვრობდა, საბოლოოდ კი ამერიკის შეერთებულ შტატებში გადავიდა. 1955 წელს ნიუ–ორკში ქართული სტამბა დააარსა და გამოსცემდა დიდი ფორმატის ყოველთვიურ გაზეთს „ქართული აზრი“ (გამოდიოდა 1974 წლამდე). სტამბაში ასევე დაიბეჭდა გაზეთი „ქართველი ერი“, ჟურნალი „კრებული“ და არაერთი ქართული წიგნი. სინჯიკაშვილი ასევე იყო ქართული ემიგრაციის ინგლისურენოვანი ჟურნალის, The Voice of Free Georgia-ის („თავისუფალი საქართველოს ხმა“) სარედაქციო კოლეგიის წევრი. გარდაიცვალა ნიუ-იორკში, 1976 წელს. დაკრძალულია ლევილის სასაფლაოზე.
ლიტერატურარედაქტირება
- შარაძე, გურამ. ჟურნალი „ახალი ივერია“ // ქართული ემიგრანტული ჟურნალისტიკის ისტორია : ტ. 2 / გ. შარაძე. - თბ., 2001. - გვ.510-655.
- დაუშვილი, რუსუდან. ამერიკაში ქართული ემიგრაციის ისტორიიდან : ქართული სტამბა და გამოცემები ამერიკაში // ქართული ემიგრაცია ამერიკაში / რუსუდან დაუშვილი. - თბილისი, 2014. - გვ. 71-76
რესურსები ინტერნეტშირედაქტირება
- დიმიტრი სინჯიკაშვილი. ქართველები უცხოეთში: ბიოგრაფიები და მოღვაწეობა (საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა)
- „ქართული აზრი“, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა