გრიგოლ ფერაძე (დ. 31 აგვისტო, 1899 — გ. 6 დეკემბერი, 1942) — ქართველი თეოლოგი, ისტორიკოსი, არქიმანდრიტი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი. საქართველოს მართლმადიდებლურმა ეკლესიამ წმინდანად შერაცხა 1995 წელს. 2013 წელს 26 სექტემბერს საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა საქართველოს ეროვნული გმირის წოდება მიანიჭა.[1]

არქიმანდრიტი
გრიგოლ ფერაძე
დაბადების სახელი გრიგოლ ფერაძე
დაბადების თარიღი 31 აგვისტო, 1899
ბაკურციხე
გარდაცვალების თარიღი 6 დეკემბერი, 1942
ოსვენციმის საკონცენტრაციო ბანაკი
პროფესია ქართველი თეოლოგი, ისტორიკოსი, არქიმანდრიტი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.
ჯილდოები საქართველოს ეროვნული გმირის ორდენი

ბიოგრაფია

რედაქტირება
 
გრიგოლ ფერაძის ეკლესია-მუზეუმი ბაკურციხეში

მამა გრიგოლი დაიბადა 1899 წლის 31 აგვისტოს სოფ. ბაკურციხეში (გურჯაანი), მღვდლის, რომანოზ ფერაძის ოჯახში. დედა – მარიამ სამადალაშვილი აგრეთვე მოძღვრის ქალიშვილი იყო. მათ სამი ვაჟი ჰყავდათ: უფროსი არჩილი, შუათანა გრიგოლი და უმცროსი - ვასილი. საერთოდ მათი გვარი სამღვდელო ყოფილა. ამის შესახებ მამა გრიგოლი თავის ერთ-ერთ მოთხრობაში გადმოგვცემს, რომ მისი წინაპრები მწყემსები იყვნენ, მაგრამ ერთ დილით, უდაბნო ადგილას, სადაც ორი მწყემსი დარაჯობდა თავის ფარას, გაისმა ზარების სასწაული ხმა და ამ მელოდიის ბგერებში ერთ-ერთ მწყემსს ეუწყა, რომ მისი შთამომავლები უნდა ქცეულიყვნენ ადამიანური სულის მწყემსებად. „ამ დროიდან იწყება ახალი ჟამი ჩვენი ოჯახის ცხოვრებაში. ცხვრის მწყემსები სულთა მწყემსებად გადაიქცნენ. ჩვენ, ბავშვებს, ზამთარში საღამოობით გვიყვებოდნენ იმ ბედნიერ მწყემსებზე - ჩვენს წინაპარსა და მის მეგობარზე“.

გრიგოლი რომ წამოიზარდა, სასულიერო სასწავლებელში მიაბარეს, შემდეგ კი სწავლა თბილისის სასულიერო სემინარიაში გააგრძელა. გრიგოლი საუკეთესო იყო სემინარიის კურსდამთავრებულთაგან და ამიტომაც საკათოლიკოსო საბჭომ პროფესორ კეკელიძის შუამდგომლობით მიმართა გენერალ ფონ კრესს გრიგოლ ფერაძისთვის რომელიმე გერმანულ თეოლოგიურ ფაკულტეტზე სტიპენდიის დანიშვნის თაობაზე (მისი რუსეთში გაგზავნა ბოლშევიზმის გამო შეუძლებელი იყო). ფონ კრესი საკათოლიკოსო საბჭოს ოფიციალურ მიმართვას შეჰპირდა, მაგრამ იმჟამად გერმანიაშიც რევოლუციური ქაოსი სუფევდა და ეს გეგმა ჩაიშალა.

გრიგოლმა თბილისის უნივერსიტეტის სიბრძნისმეტყველების განყოფილებაზე (მაშინ ფაკულტეტები ჯერ არ იყო) გააგრძელა სწავლა, პარალელურად კი სოფელ ხანდაკის სკოლაში მასწავლებლობდა. ამასობაში გრიგოლს „სამხედრო ბეგარის“ დრომაც მოუწია და იძულებული გახდა დროებით შეეწყვიტა სწავლა. ეს უმძიმესი პერიოდი იყო ჩვენი ქვეყნისათვის. სამივე ძმა იბრძოდა მე-11 არმიის წინააღმდეგ. საქართველოს ანექსიის შემდეგ, ჯარიდან დაბრუნებულს დაპატიმრება ემუქრებოდა, ამიტომ კორნელი კეკელიძემ სოფელ მანავში გააგზავნა მასწავლებლად.

1921 წელს, გელათში გამართულ მესამე საეკლესიო კრებაზე გრიგოლი გარე კახეთის სამღვდელოების წარმომადგენელი იყო, იქ მიტროპოლიტ ნაზარის და დეკანოზ კორნელი კეკელიძის შუამდგომლობით მისი ევროპაში სასწავლებლად გამგზავრების საკითხი გადაწყდა. გრიგოლის უცხოეთში გამგზავრებით კათოლიკოსიც ყოფილა დაინტერესებული. „მახსენდება უკანასკნელი აღდგომის დღესასწაული სამშობლოდან გამომგზავრებამდე“ - წერს გრიგოლი. ეს იყო 1921 წლის 1 მაისი, ლოცვას აღავლენდა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ლეონიდე, წირვის დამთავრებისას, როცა პატრიარქი ტაძრიდან გამოვიდა, შეჩერდა, მან ჩემი ორივე ხელი აიღო და მამობრივი მზრუნველობით წარმოთქვა მრავალგზის: განეშორე, იხსენი შენი სიჭაბუკე! შევიგრძენი მამა-შვილური მზრუნველობა, სიმწარე, ტკივილი და სევდაც“. საკათოლიკოსო საბჭომ, უწმიდესმა და უნეტარესმა ამბროსიმ, კორნელი კეკელიძემ და ივანე ჯავახიშვილმა 1921 წლის ნოემბრის დამდეგს სრულფასოვანი თეოლოგიური განათლების მისაღებად გრიგოლი არტურ ლაისტის დახმარებით ბერლინში გაგზავნეს. მას დაენიშნა „დოქტორ ლეპ სიუს დოიჩე ორიენტ-მისიონის“ სტიპენდია.

გერმანიაში ბერლინის უნივერსტეტში თეოლოგიას და აღმოსავლურ ენებს სწავლობდა, შემდეგ კი ბონის უნივერსიტეტში ფილოსოფიის ფაკულტეტზე გადავიდა და ნაშრომისათვის, რომელიც საქართველოს მონასტრებს შეეხებოდა, ფილოსოფიის დოქტორის ხარისხი მიიღო. მოკლე ხანში მან 12–ზე მეტი ენა ისწავლა, მათ შორის ძველებრაული, ძველბერძნული, სირიული, არაბული, კოპტური და ძველსომხური ენები. მოგვიანებით ლათინურსა და თანამედროვე ენებს - ინგლისურს და ფრანგულს სწავლობს. ამათ გარდა, იცოდა გერმანული, რუსული და ძველსლავური.

ამასობაში საქართველოში კომუნისტური წეს-წყობილება დამყარდა და უცხოეთში მცხოვრებ ქართველებს სამშობლოსაკენ გზა შეეკრათ. მათ საქართველოში დაბრუნებაზე ოცნებაც კი აღარ შეეძლოთ. გრიგოლი ინგლისში გაემგზავრა და იქ სამეცნიერო მუშაობას შეუდგა. ეცნობოდა ბრიტანეთის მუზეუმსა და ოქსფორდის უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში დაცულ უძველეს ხელნაწერებსა და მასალებს. მალე იგი მიიწვიეს ბონში, რათა ლექციები წაეკითხა ქართულ და სომხურ ლიტერატურაზე, ერთი წლის შემდეგ კი ოქსფორდში შესთავაზეს ქართული ეკლესიის ისტორიის საკითხების შესახებ ლექციების წაკითხვა. 1926-1927 წლებში მონაწილეობდა ვენისა და ლოზანის დიდ ეკუმენურ კრებებში.[2]

1930 წლის შობის დღეებში მძიმედ დაავადდა. სიკვდილის პირას მისულს ხილვა ჰქონდა, რომ უფლისთვის ბოლომდე უნდა მიეძღვნა თავი და 1931 წლის 18 აპრილს, ჯერ სრულიად ახალგაზრდა, მაგრამ უკვე პატივდებული მეცნიერი ლონდონის წმინდა სოფიის ბერძნულ საკათედრო ტაძარში ბერად აღიკვეცა. 19 აპრილს იქვე ეკურთხა დიაკვნად, ხოლო 25 მაისს პარიზის წმიდა სტეფანეს ბერძნულ საკათედრო ტაძარში მღვდლად ხელდებენ და მის მიერვე დაარსებულ წმინდა ნინოს სახელობის ქართულ ეკლესიაში ამწესებენ წინამძღვრად. ამ დროიდან მოყოლებული მეორე მსოფლიო ომის დაწყებამდე, იგი დაუღალავად იღვწოდა პარიზის ქართული ეკლესიისთვის და ეს საქმე თავისი ცხოვრების უმნიშვნელოვანეს ამოცანად მიაჩნდა. მისი ხელმძღვანელობით შეიქმნა და გამოიცემოდა ჟურნალი „ჯვარი ვაზისა“. მამა გრიგოლმა შეადგინა ქართული ეკლესიის წესი, რომლის თანახმადაც ამ ტაძარში მხოლოდ ქართველ მღვდელმსახურებს უნდა ემსახურათ და აუცილებლად ქართულ ენაზე. ამ სამრევლოს ჩამოყალიბება ძალიან დიდი საქმე იყო, რადგან იგი ერთადერთ ნუგეშს წარმოადგენდა სამშობლოდან გადმოხვეწილი და სამშობლოს უიმედოდ მონატრებული ქართველობისათვის.

 
გრიგოლ ფერაძის საფოსტო მარკა, 2022.

რამდენიმე ხნის შემდეგ მამა გრიგოლ ფერაძე პოლონეთში, ვარშავაში მიიწვიეს მართლმადიდებლური სასულიერო სკოლის დირექტორად. იგი მოხსენებებს კითხულობდა სამეცნიერო კონფერენციებსა და ევროპის სხვადასხვა სამეცნიერო ცენტრებში. მთელ თავის სახსრებს ახმარდა სხვადასხვა ქვეყნების მუზეუმებსა თუ ბიბლიოთეკებში დაცულ ქართულ ხელნაწერთა მოძიებსა და შესწავლას და ამ მხრივ დიდი შრომაც გასწია. საქართველოში კი, იშვიათი გამონაკლისების გარდა, არავინ არაფერი იცოდა მისი ნაშრომებისა და მოღვაწეობის შესახებ. არავინ იცოდა ისიც, რომ ექვთიმე თაყაიშვილის მიერ საფრანგეთში გახიზნული ქართული საუნჯეც გრიგოლ ფერაძის წყალობით გადაურჩა განადგურებას. მეორე მსოფლიო ომის დროს, როცა ფაშისტებმა თითქმის მთელი ევროპა დაიპყრეს, შეიტყვეს, საფრანგეთის ერთ-ერთ ბანკში ერთი პატარა ქვეყნის დიდი ქონება ინახებაო. ამ ქონების შესაფასებლად მათ გრიგოლ ფერაძე მიიწვიეს, როგორც ცნობილი მეცნიერი და ექსპერტი.

ფაშისტები ხალხს სასტიკად ექცეოდნენ, აწამებდნენ, ხოცავდნენ, განსაკუთრებით კი ებრაელებს დევნიდნენ. მამა გრიგოლი ხშირად იფარებდა ასეთ ადამიანებს, თავშესაფარსა და საზრდოს უნაწილებდა, რისთვისაც შეიპყრეს და ციხეში ჩასვეს, შემდეგ კი ოსვენციმის ბანაკში გადაიყვანეს. იგი იქვე აღესრულა. როგორც მასთან ერთად მყოფი პატიმრები იგონებენ, მამა გრიგოლთან ერთად ბანაკში ერთი მრავალშვილიანი ებრაელი ყოფილა, რომელსაც ფაშისტებმა გაზის კამერაში გაგუდვა გადაუწყვიტეს. მამა გრიგოლს შებრალებია ეს კაცი, მისი სასჯელი თვითონ აუღია თავზე და მის მაგივრად შესულა გაზის კამერაში.

რამდენიმე წლის წინ საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდმა განიხილა მამა გრიგოლის მოღვაწეობა და ქრისტიანობისათვის, სამშობლოსათვის და მოყვასისათვის თავგანწირული არქიმანდრიტი წმინდანთა დასში შერაცხა. გრიგოლ ფერაძეს ეწოდა მღვდელმოწამე გრიგოლი.

გრიგოლ ფერაძის მნიშვნელოვანი სამეცნიერო ნაშრომები

რედაქტირება
  • Die Anfänge des Mönchtums in Georgien.- "Zeitschrift für Kirchengeschichte", 47, Heft 1, Stuttgart, 1928, pp. 34–75 (გერმანულად)
  • L'activité littéraire des moines géorgiens au monastère d'Iviron au mont Athos.- "Revue d'histoire ecclésiastique", 23, Fasc. 3, Paris, 1927, pp. 530–539 (ფრანგულად)
  • Über das georgische Mönchtum.- "Internationale Kirchliche Zeitschrift", 34, Heft 3, Bern, 1926, pp. 152–168 (გერმანულად)
  • Die Probleme der ältesten Kirchengeschichte Georgiens.- "Oriens Christianus", 29, Bd. 7, Wiesbaden, 1932, pp. 153–171 (გერმანულად)
  • Zur vorbyzantinischen Liturgie Georgiens.- "Le Museon", 42, Fasc. 2, Louvain, 1929, pp. 90–99 (გერმანულად)
  • Les Monuments liturgiques prébyzantins en langue géorgienne.- "Le Museon", 45, Fasc. 4, Louvain, 1932, pp. 255–272 (ფრანგულად)
  • The Liturgy of Saint Peter.- "Kyrios", 2, Fasc. 3, 1937, pp. 260–262 (ინგლისურად)
  • An Account of the Georgian Monks and Monasteries in Palestine as revealed in the Writings of Nongeorgian Pilgrims.- "Georgica", 2, Vol. 4-5, London, 1937, pp. 181–246 (ინგლისურად)
  • Über die Georgischen Handschriften in Österreich.- "Wiener Zeitschrift für die Kunde des Morgenlandes", 47, Heft 3-4, Wien, 1940, pp. 219–232 (გერმანულად)
  • Im Dienste der Georgischen Kultur.- "Aus der Welt des Ostens", Königsberg, 1940, pp. 30–50 (გერმანულად)

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Victor Nozadze. "Grigol Peradze".- Georgian journal "Mamuli", Buenos-Aires, No 5, 1952
  • Tamar Dularidze. About the life and death of Grigol Peradze.- "Russkaia Misl", New York, 13-19.VII, 1995 (In Russian)
  • "Artanuji" (The Georgian historical scientific journal), Tbilisi, No 11, 2003 (Special issue: Grigol Peradze), 120 pp (In Georgian)
  • David Kolbaia (editor) "St. Grigol (Peradze) works nr 1, in: Pro Georgia Journal of Kartvelological Studies nr 13, 200.
  • Irakli Jinjolava: The Ecumenical Vocation of the Orthodox Church According to the Georgian Theologian and Saint Priest-Martyr Grigol Peradze. In: Ostkirchliche Studien 65 (2016) S. 237-270.
  • Irakli Jinjolava: A Portrait of Grigol Peradze Against the Background of the Ecumenical Vocation in the Orthodox Church. In: Pro Georgia, 2019, t. 29, s. 287-291.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება