გიორგი მრევლიშვილი

ქართველი მეცნიერი, პედაგოგი, ფიზიკოსი, მკვლევარი, პროფესორი.
(გადამისამართდა გვერდიდან გია მრევლიშვილი)
ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

გიორგი მრევლიშვილი (დ. 30 ნოემბერი, 1938, თბილისი — გ. 2008) — ქართველი მეცნიერი, პედაგოგი, ფიზიკოსი, მკვლევარი, პროფესორი.

გიორგი მრევლიშვილი
დაბ. თარიღი 30 ნოემბერი, 1938(1938-11-30)
დაბ. ადგილი თბილისი
გარდ. თარიღი 2008
მოქალაქეობა  სსრკ
 საქართველო
საქმიანობა პედაგოგი და ფიზიკოსი
ალმა-მატერი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

ბიოგრაფია

რედაქტირება

1956 წელს ჩაირიცხა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტზე, რომელიც დაამთავრა 1961 წელს სპეციალობით დაბალი ტემპერატურების ფიზიკა.

სამეცნიერო-კვლევითი მუშაობა დაიწყო სტუდენტობის დროს, პეტრე პრივალოვის (მსოფლიოში ცნობილი ბიოფიზიკოსი, ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის პროფესორი, აშშ) კალორიმეტრიულ ლაბორატორიაში. უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ მუშაობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ფიზიკის ინსტიტუტის ბიოფიზიკის განყოფილების კალორიმეტრიულ ლაბორატორიაში ელეფთერ ანდრონიკაშვილის ხელმძღვანელობით. ელეფთერ ანდრონიკაშვილმა გიორგი მრევლიშვილს დაავალა პეტრე პრივალოვთან ერთად შეესწავლა ბიოლოგიური ობიექტების დაპალტემპერატურული თვისებები. კვლევა დაიწყეს ყინული-წყალი ფაზური გადასვლის ტემპერატურული უბნით, რამაც ისინი ბიოლოგიურ ობიექტებში წყლის ფიზიკური მდგომარეობის დადგენის ახალ მეთოდამდე მიიყვანა. ეს მეთოდი მსოფლიოში ცნობილია, როგორც ჰიდრატაციის კვლევის კალორიმეტრიული მეთოდი (პრივალოვ-მრევლიშვილის მეთოდი) და შესულია თითქმის ყველა ბიოპოლიმერების ფიზიკა-ქიმიის ცნობილ მიმოხილვით შრომასა და მონოგრაფიაში. გიორგი მრევლიშვილი ხელმძღვანელობდა ბიოპოლიმერების ფიზიკის განყოფილებას, მან შეასრულა რამდენიმე ფუნდამენტური კვლევა ბიოფიზიკის დარგში. მსოფლიოში პირველად დადგენილი მოვლენა (დაპალტემპერატურული კალორიმეტრიის საშუალებით) — წყლის ფიზიკური მდგომარეობის ცვლილება ავთვისებიან სიმსივნეებში, კიბოს ქსოვილებსა და უჯრედებში ნორმალურ ქსოვილებთან შედარებით. სსრკ მეცნიერებათა აკადემიის ჟურნალში გამოქვეყნებულ ამ სამეცნიერო კვლევას რეკომენდაცია მისცა ცნობილმა ონკოლოგმა, აკადემიკოსმა ლ. შაბადიმ. ეს მოვლენა შემდეგ ამერიკელმა მეცნიერებმა ბირთვულ-მაგნიტური რეზონანსის მეთოდით დაამტკიცეს, რაც გახდა საფუძველი თანამედროვე უზუსტესი, არაინვაზიური დიაგნოსტიკური მეთოდის შექმნის, რომელიც ცნობილია ბირთვული მაგნიტური ტომოგრაფიის სახელწოდებით. გიორგი მრევლიშვილი და აკადემიკოსი ლევან ბუიშვილი ატარებდნენ ერთობლივ შრომებს ბირთვულ-მაგნიტური რელაქსაციას ბიოლოგიურ ობიექტებში და დაბალ ტემპერატურებზე ბიოპოლიმერების სითბური თავისებურებების (მაგალითად „ბოზონური პიკი“) აღწერას. გიორგი მრევლიშვილს ხშირად იწვევდნენ სიმპოზიუმებსა და კონფერენციებზე ევროპის, აშშ-სა და იაპონიის უნივერსიტეტებსა და სამეცნიერო ცენტრებში. 1984 წელს რუსულ ენაზე გამოიცა მისი მონოგრაფია „ბიოლოგიური მაკრომოლეკულების დაბალტემპერატურული კალორიმეტრია“ (თბილისი, მეცნიერება, 1984), ეს ნაშრომი ითარგმნა იაპონურ ენაზე და გამოიცა ოკაიდოს უნივერსიტეტის გამომცემლობაში 1994 წელს. ავტორი მიწვეული იყო წიგნის პრეზენტაციასა და იაპონიის ნაციონალურ კონფერენციაზე კალორიმეტრიაში. გიორგი მრევლიშვილი 1982 წლიდან იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაკრომოლეკულური ფიზიკის კათედრის გამგე. მისი უშუალო ინიციატივით 1999 წელს ფიზიკის ფაკულტეტზე გაიხსნა ახალი სპეციალობა — „სამედიცინო დიაგნოსტიკის ფიზიკური საფუძვლები“. 1999 წლიდან პორტუგალიის მეცნიერებათა და ტექნოლოგიების სამინისტროს მიერ გამოყოფილი ევროკავშირის გრანტის საფუძველზე, გიორგი მრევლიშვილი მისივე შედგენილი პროგრამის მიხედვით, ეწეოდა სამეცნიერო მოღვაწეობას პორტუს უნივერსიტეტის ქიმიის ფაკულტეტზე ბიოლოგიური კალორიმეტრიის განვითარებისათვის პორტუგალიაში. უკვე ჩატარებული ერთობლივი კვლევის შედეგები მის მიერ მოხსენიებულია გერმანიის (მიუნსტერის უნივერსიტეტი), ინგლისის (უელსის უნივერსიტეტი, ლონდონის უნივერსიტეტის კოლეჯი, სტრუქრურული ბიოლოგიის განყოფილება), იტალიის (გენუა, ნაციონალური კონფერენცია კალორიმეტრიაში). სადოქტორო დისერტაცია დაიცვა 1981 წელს მოსკოვის მიხეილ ლომონოსოვის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში ბიოფიზიკის სპეციალობით ფიზიკა-მათემატიკის სამეცნიერო ხარისხის მოსაპოვებლად. 1992-1998 წლებში იყო ჯორჯ სოროსის ფონდის პროფესორის საპატიო სახელის მფლობელი. არის ცნობილი ქართველი მწერლისა და საზოგადო მოღვაწის მიხეილ მრევლიშვილის შვილი, ცნობილი ქართველი რეჟისორისა და თეატრალური მოღვაწის ალექსანდრე (სანდრო) მრევლიშვილის ძმა.

ჯილდოები

რედაქტირება

ბიბლიოგრაფია

რედაქტირება
  • ბიოპოლიმერების ფიზიკა (რჩეული თავები): სახელმძღვ. ფიზიკის ფაკ. ბიოფიზიკის სპეც. სტუდ., თბ., თბილ. უნ-ტის გამ-ბა, 1999, გვ. 180

ლიტერატურა

რედაქტირება
  • კახეთის გამოჩენილი ადამიანები, ოთარ ნაცარაშვილი, თბ., 2001, გვ. 145

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება